Facebook Twitter
საქმე №ას-668-2023 14 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ხ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – ს.ბ–ძე, მ.ო–ი, ნ.ო–ი, დ.ო–ი, შპს „ი–ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი


1. სს „პ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ხ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“), ს.ბ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მ.ო–ის, ნ.ო–ის, დ.ო–ისა და შპს „ი–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე კომპანია“)(შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების, ასევე, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
2. შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. FW11.474 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების, ჯამში - 3 958 150.55 ლარის, გადახდა. თანხების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები.
3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში 3 958 150,55 ლარის ნაცვლად მიეთითა 395 815,55 ლარი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით დ.ო–ის, მ.ო–ისა და ნ.ო–ის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხეების, ასევე, მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.1. რამდენადაც სარჩელი აღძრული იყო იურიდიული პირის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წინააღმდეგ, მოპასუხეებისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნისა და ჩაბარების უზრუნველყოფა ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით, სსსკ-ის 183-ე მუხლის მიხედვით, დაევალა მოსარჩელეს;
9.2. საქმეში მოთავსებული სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გზავნილით დადგენილია, რომ შესაგებლის წარმოდგენისათვის მოპასუხეებს განესაზღვრათ 10 (ათი) დღიანი ვადა. ამავე გზავნილით, სასამართლომ მოპასუხეებს განუმარტა, რომ ამ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით, გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტომი 1; ს.ფ. 78);
9.3. 2018 წლის 22 ნოემბერს სარჩელი თანდართული მასალებით საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარდათ პირველ მოპასუხესა და მოპასუხე კომპანიას; 2018 წლის 28 ივლისს გზავნილი პირადად ჩაბარდა მოპასუხე ს.ბ–ძეს, ხოლო 2018 წლის 21 თებერვალს მ.ო–ს - დ.ო–ისა და ნ.ო–ისათვის გაგზავნილი სარჩელი თანდართული მასალებით 2018 წლის 21 თებერვალს ჩაიბარა ოჯახის წევრმა (შვილი) ს.ო–მა;
9.4. მოპასუხეებს სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენიათ;
9.5. 2018 წლის 12 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოში წარადგინა განცხადება, თანდართული საფოსტო უკუგზავნილებით და იშუამდგომლა სასამართლო გზავნილის ჩაბარების მიზნით, პოლიციის ჩართვის ან საჯარო შეტყობინების გამოყენების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხეებს ნ., მ. და დ.ო–ებს ჩაბარდათ სარჩელი თანდართული მასალებით, ხოლო ლ.ხ–ძეს, შპს „ი–ო“-სა და ს.ბ–ძეს არაერთხელ გაეგზავნათ სასამართლო გზავნილი, თუმცა მათთვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება ვერ მოხერხდა. განცხადებას ერთვის უკუგზავნილები, რომლითაც დგინდება, რომ პირველ, მეორე მოპასუხესა და მოპასუხე კომპანიას, არაერთხელ გაგზავნის მიუხედავად, ვერ ჩაბარდათ გზავნილი, ვინაიდან უკუგზავნილების თანახმად, მხარისთვის ცნობილ მისამართებზე, მოპასუხეები ვერ მოიძებნენ;
9.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაავალა სასამართლო გზავნილის პირველი და მეორე მოპასუხისათვის ჩაბარება (ტომი 1; ს.ფ. 98-100); თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაავალა სასამართლო გზავნილის მეორე მოპასუხისათვის, როგორც მოპასუხე კომპანიის დირექტორისათვის ჩაბარება (ტომი 1; ს.ფ. 101-103);
9.7. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო პირველი მოპასუხისა და მოპასუხე კომპანიისათვის სარჩელის ჩაბარება, ვინაიდან მითითებულ მისამართებზე (შპს „ი–ო“-ს შემთხვევაში - თბილისი, ........ და ლ.ხ–ძის შემთხვევაში, ქ. თბილისი, ..........) მოპასუხეთა მოძიება ვერ მოხერხდა (ტომი1; ს.ფ. 104-113); რაც შეეხება მოპასუხე ს.ბ–ძეს (შპს ,,ი–ო’’-ს დირექტორი’’) გზავნილი ჩაბარდა პირადად 2018 წლის 28 ივლისს;
9.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეებს, შპს „ი–ო“-ს და ლ.ხ–ძეს, საჯარო შეტყობინებით ეცნობათ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების თაობაზე.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 2321 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები [1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას].
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის, მოპასუხე კომპანიისა და მეორე მოპასუხის პრეტენზია, რომ სასამართლოს მხრიდან საჯარო შეტყობინების გამოყენებამდე არ იყო ამოწურული გზავნილის ჩაბარებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მეორე მოპასუხისათვის, რომელიც ასევე არის მოპასუხე კომპანიის დირექტორი, ცნობილი იყო სასამართლოში საქმისწარმოების თაობაზე. მას შესაგებელი არც თავისი და არც კომპანიის სახელით არ წარუდგენია. შესაგებელი არც იმ მოპასუხეებს წარუდგენიათ, რომლებსაც სასამართლო გზავნილები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-73-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო თავად წყვეტს საკითხს იმის თაობაზე, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელირება, რომ სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა სასამართლო გზავნილის ჩაბარების კონკრეტული ღონისძიება (ტელეფონის მეშვეობით სასამართლო გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარება), განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც იურიდიული პირის დირექტორისათვის, ისევე როგორც, სხვა თანამოპასუხეებისათვის ცნობილი იყო ბანკის სარჩელის გამო, მათ მიმართ სასამართლოში მიმდინარე დავის არსებობის თაობაზე.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ/სასამართლომ მოპასუხეებისათვის (აპელანტებისათვის) სასამართლო გზავნილის ჩაბარების მიზნით, არაერთხელ გამოიყენა გზავნილის ჩაბარების საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა საშუალება - საცხოვრებელ მისამართზე სასამართლო გზავნილის გაგზავნა, პოლიციისათვის გზავნილის ჩაბარების დავალება, თუმცა ვერ უზრუნველყო მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩაბარების უზრუნველყოფა.
15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპების გათვალისწინებით, მართებულად იქნა გამოყენებული სასამართლო გზავნილის ჩაბარების ალტერნატიული გზა - საჯარო შეტყობინების გავრცელება. მხარეს კი, სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რაც მითითებული ქმედების მიზანშეუწონლობას დაადასტურებდა.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდათ, ხოლო მათ შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენიათ, სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.
17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარემ ვერ გასწია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რამდენადაც ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს და ვერც ამავე კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოებაზე მიუთითა.
18. დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას იღებს გადაწყვეტილებას.
19. სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე იყო ყველა კანონისმიერი წინაპირობა.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
21. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ ძირითად საფუძვლებზე:
21.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ქართულ ინსტიტუტზე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე გახარია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც დაადგინა, რომ მოსამართლეს აქვს იმაზე მეტი გულისხმიერების ვალდებულება, გამონახოს ყველა შესაძლო გზა მხარის ინფორმირებისათვის, ვიდრე ამას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისადმი მხოლოდ ფორმალური მიდგომა ითვალისწინებს;
21.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეულ მხარეს ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით (საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი იხ. ტ.2 , ს.ფ 209-210);
21.3. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა არ გამოიჩინეს არანაირი გულისხმიერება სადავო საქმის მიმართ. როგორც მოსარჩელისათვის, ისე სასამართლოსთვის ცნობილი იყო მოპასუხის/კასატორის მობილურის ნომერი, რომელსაც იგი წლების განმავლობაში მუდმივად იყენებს. მობილურის ნომერი მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართულ, 19.06.2012 წლის სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების პირველივე გვერდზე არის მითითებული; 2019 წლის 1 ოქტომბერს ამავე მობილურის ნომერზე საქმის განმხილველი მოსამართლის, ლ.ა–ის სხდომის მდივანი, უკავშირდება პირველ მოპასუხეს და ატყობინებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დანიშვნის თაობაზე. თუ მობილურის ნომრის საშუალებით შესაძლებელი იყო მხარესთან დაკავშირება სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რატომ არ შეიძლება სასამართლოს იგივე საშუალება გამოეყენებინა მოპასუხთვის სარჩელის ჩაბარებაზე ინფორმირებისთვის? მოცემულ საქმეზე, საქალაქო სასამართლოს გულისხმიერი დამოკიდებულების არ ქონის გამო, დაშვებული იქნა ისეთი შეცდომა, რომლითაც მხარეს, ფაქტობრივად, წაერთვა შესაძებლობა დაეცვა საკუთარი უფლებები და ინტერესები სასამართლოს წინაშე;
21.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება ცალსახად დაუშვებელი იყო, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;
21.5. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისთვის 3958150.55 ლარის დაკისრება, თუმცა სარჩელში არ არის მითითებული შესაბამისი მტკიცებულება ან ფაქტობრივი გარემოება, რაც გახდებოდა მოპასუხეებისთვის ზემოაღნიშნული თანხის სრულად დაკისრების საფუძველი. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ძირითად მოვალეს - ნ.ო–ს მოსარჩელის წინაშე ჯამური დავალიანება შეადგენს 395815.55 ლარს. დავალიანების იგივე ოდენობაა მითითებული საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 31 იანვარს სს „პ.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით. დავალაინების ეს ოდენობა დგინდება მხარეთა შორის არსებული სასესხო ხელშეკრულებებითაც. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მიერ დაყანებულ მოთხოვნას მოპასუხეებისთვის 3958150.55 ლარის დაკისრების თაობაზე;
21.6. მოცემულ შემთხვევაში, პირველ მოპასუხესთან 2012 წლის 19 ივნისის გაფორმებული ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას და შესაბამისად, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებშიც კი; საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №ას-1172-2018, 08.02.19 თავდებობის ხელშეკრულება, სადაც მითითებული არ იყო თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი ბათილად ცნო. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობის განუსაზღვრელობა წარმოადგენს ასეთი თავდებობის ხელშკერულების ბათილობის საფუძველს (იხ. მაგ. სუსგ №ას-530-2019 04 ოქტომბერი 2019 წელი, სუსგ №ას-720-689-2014 29 ივლისი 2014 წელი);
21.7. პირველ მოპასუხესთან და სხვა თავდებებთან გაფორმებული ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, წარმოადგენს, ზუსტად იდენტურ, სტანდარტულ ხელშეკრულებას, რომელსაც ბანკი წლების განმავლობაში იყენებდა სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებაში (და ყველა მსგავს ხელშეკრულებებში) მითითებული არ არის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი, რის ფარგლებშიც თავდებს დაეკისრებოდა კრედიტორის წინაშე პასუხისმგებლობა. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული არაა თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა, იგი უცილოდ ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ცალსახაა რომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე ლ.ხ–ძის ნაწილში;
21.8. მოსარჩელეს პირველი მოპასუხისათვის საერთოდ არ უცნობებია, რომ ძირითადმა მოვალემ გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას და მას ერიცხებოდა ჯარიმები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი კასატორისათვის გაგზავნილი (არათუ ჩაბარებული) შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ძირითადი მოვალე აღარ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. შესაბამისად, ლ.ხ–ძისთვის ვალდებულების ვადაგადაცილების გამო დამდგრი ზიანისა და ჯარიმის გადახდის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა;
21.9. კასატორი ასევე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და უთითებს პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკაზე (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 217-218), ხოლო ხელშეკრულების სტანდარტული პირობებზე მითითებით თავდებობის ხელშეკრულებას ხდის სადავოდ (იხ. ტ.2, ს.ფ. 218-221);
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი


23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმება.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.
29. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი, მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
31. შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
32. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლის წარუდგენლობასთან დაკავშირებით კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება და ფორმალური მიდგომით, არასწორად მიიჩნია საჯარო გამოქვეყნების გზით შეტყობინება პირველი მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებად.
33. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დეტალურად ადგენს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის გადაცემის წესს. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ (სსსკ-ის 183-ე მუხლი) მოპასუხის ჯეროვან ინფორმირებას კანონმდებელი მოსარჩელეს ავალდებულებას. მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მოსარჩელეებს მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (სსსკ-ის 184.1 მუხლი). ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
34. ზემოაღნიშნული ვალდებულების პარალელურად, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ მოპასუხეთა ინფორმირების წესი, რომელთაც ვერ ბარდებათ შეტყობინება (სარჩელი) ან მათი მისამართი უცნობია. კერძოდ, სსსკ-ის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
35. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ შეასრულა სსსკ-ის 183-ე მუხლით მასზე დაკისრებული ვალდებულება, თუმცა მოპასუხეთა ნაწილისთვის, მათ შორის, კასატორისათვის, მაინც ვერ უზრუნველყო სარჩელისა და თანდართული დოკუმენტის ჩაბარება, მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვა მოსარჩელემ მოპასუხეთა დარჩენილი ნაწილის ინფორმირების მიზნით, პოლიციის ჩართვა ან საჯარო შეტყობინების გამოყენება (იხ. წინამდებარე განჩინების 9.1 პუნქტი). თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 13 მარტის განჩინებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს დაავალა სასამართლო გზავნილის პირველი და მეორე მოპასუხისათვის, ასევე, მეორე მოპასუხისათვის, როგორც მოპასუხე კომპანიის დირექტორისათვის ჩაბარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო პირველი მოპასუხისა და მოპასუხე კომპანიისათვის სარჩელის ჩაბარება, ვინაიდან მითითებულ მისამართებზე მოპასუხეთა მოძიება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს (კომპანიის დირექტორს) გზავნილი პირადად ჩაბარდა 2018 წლის 28 ივლისს. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით პირველ მოპასუხესა და მოპასუხე კომპანიას საჯარო შეტყობინებით აცნობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების თაობაზე.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება მოპასუხეთა ინფორმირების მიზნით.
37. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელი აღიძრა 2018 წლის 1 თებერვალს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე წლის 4 დეკემბერს მიიღო. შესაბამისად, თითქმის ათი თვის განმავლობაში ცდილობდა როგორც მოსარჩელე, ისე სასამართლო სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეთა დარჩენილი ნაწილისათვის ჩაბარებას.
38. საქართველოს უზენაესი სასამართლო სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნას, მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. სწორედ, მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და შემდგომში მისი ძალაში დატოვება მართლზომიერია.
39. უდავოა ის გარემოება, რომ არც ერთ მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით და სავსებით სწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, აქვე საგულისხმოა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, რამდენადაც შესაგებლის შეუტანლობის გამო, კანონის ძალით, დადგენილად მიიჩნევა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულება და წარმოშობილია ვალდებულება, რომელიც არ დაფარულა.
40. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ასევე ვერ მიუთითა ამავე კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე, რისი მტკიცების ტვირთიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ მას ეკისრებოდა.
41. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია სარჩელის უსაფუძვლობას უკავშირდება. კერძოდ, იგი განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ის არგუმენტები რაც კასატორს მითითებული აქვს საკასაციო საჩივარში (იხ. წინამდებარე განჩინების 21.7-21.9 პუნქტები) წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს.
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის შესაბამისობა ევროკონვენციის მე-6 მუხლთან თუკი ამგვარი წარმოებისას სასამართლოები განკარგავენ მხარის ინფორმირების ყველა საკანონმდებლო რესურს (მრავალთა შორის იხ. მაგ: ECHR: GAKHARIA v. GEORGIA, საჩივარი N 30459/13), მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი რესურსი სასამართლოს მხრიდან ამოწურულია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნის უშუალო მოვალეს სამართალწარმოების შესახებ ეცნობა, თუმცა არც მას წარუდგენია შესაგებელი, ასევე ცნობილი იყო ნ.ბ–თვის (მოპასუხე კომაპნიის დირექტორი) სამართალეწარმოების მიმდინარეობის შესახებ. ამდენად, საკასაციო საჩივარში გადმოცემული გარემოებები არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ საქმე №ას-854-854-2018, 01.04.2020; №ას-560-2022, 29 დეკემბერი 2022 წელი); კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი.
45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2023წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 6 000 ლარის 70% – 4 200 ლარი.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა


1. ლ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.ხ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შ. მ–ძის (პ/ნ ........) მიერ 17.07.2023წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 6 000 ლარის 70% – 4 200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე



მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი



თეა ძიმისტარაშვილი