¹ბს-1008-965(კ-07) 26 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ე.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 1 ივნისს ნ. ე.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის _ ვ. ჩ.-ის მიმართ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ. ჩ.-მ უკანონოდ შეწყვიტა მოსარჩელის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩამდენი პირების შესახებ წარმოებული ¹6705034 და ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას ვ. ჩ.-ის მიერ დამუშავებულ და შექმნილ იქნა არასწორი საჯარო ინფორმაცია, რაც გაეგზავნა მოსარჩელეს შეტყობინებების სახით. ხსენებული შეტყობინებებით არ იყო განმარტებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლება და წესი. აღნიშნული ქმედებით პროკურორმა მოსარჩელეს წაართვა კანონით მინიჭებული უფლება, რის გამოც ამ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების უკანონოდ შეწყვეტა მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა მხოლოდ ვარაუდის დონეზე, აღნიშნულ გარემოებებზე მითითების შეუძლებლობის პირობებში. მოსარჩელეს პროკურორის მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობით მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო, რომ პირის უფლება, სასამართლოს საშუალებით მოეთხოვა ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოხელის მიერ არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისა და დამუშავებისათვის, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხე საჯარო დაწესებულებას ან საჯარო მოსამსახურეს.
მოსარჩელის განმარტებით, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის _ ვ. ჩ.-ის უკანონო ქმედებებით, რაც გამოიხატა ¹6705064 და ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ ამ საქმეთა მასალების გაცნობის, ანუ ინფორმაციის მიღების უფლების მისთვის წართმევაში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მოთხოვნები ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე, მე-17 მუხლის მოთხოვნები პიროვნების ღირსების შელახვის, და წამების დაუშვებლობაზე, რაც დასჯადი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე, 1443-ე, 153-ე, 167-ე, 332-ე, 338-ე მუხლებით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარჩელი წარმოდგენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს, ანუ საჯარო დაწესებულების ანდა საჯარო მოსამსახურის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისი სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ჩ.-ზე ¹6705034 და ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის შემდეგ არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნითა და დამუშავებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, გონივრულ ფარგლებში; ვ. ჩ.-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1141-ე, 1443-ე, 332-ე და 338-ე მუხლებით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ვ. ჩ.-მ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით. ნ. ე.-ს, რომელიც აღნიშნულ საქმეებზე დაიკითხა მოწმის სახით, შეუზღუდავად ჰქონდა უფლება, საქმიდან გადაეღო ასლები, გაეკეთებინა ამონაწერი და მიეღო მისთვის საჭირო ინფორმაცია, მაგრამ ასეთი მოთხოვნა მას არ წარუდგენია პროკურატურისათვის. ამასთან, მოსარჩელეს განემარტა ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, დრო და ადგილი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ე.-ს სარჩელი ვ. ჩ.-ის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამრთლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული იყო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ყველასათვის გარანტირებული იყო სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით. კომპენსაცია გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დაამტკიცებდა მისთვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილებოდა დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განისაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილი იყო ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის «გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოს (და არა ფიზიკური პირის) ვალდბულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იყო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ. ჩ.-ე, როგორც ფიზიკური პირი და მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმართული იყო ფიზიკური პირის _ ვ. ჩ.-ის წინააღმდეგ, ანუ სადავო სამართალურთიერთობაში მხარედ არ მონაწილეობდა ადმინისტრაციული ორგანო.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოთხოვნა, კერძოდ, რა სახის ქონებრივი და მორალური ზიანი განიცადა მან ვ. ჩ.-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით, რაში გამოიხატა მოალური ზიანი, ასევე _ განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. რაც შეეხებოდა მოთხოვნას ვ. ჩ.-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო არ იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, იგი არ ასრულებდა არც ბრალდების და არც დაცვის ფუნქციას. ამიტომ, აღნიშნული მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე.-მ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ნ. ე.-მ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოსამართლე ხ. ხ.-ის აცილების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ნ. ე.-ს შუამდგომლობა მოსამართლე ხ. ხ.-ის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ნ. ე.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისა და დამუშავებისათვის. იმავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიაყენებდა ზიანს, ვალდებული იყო აენაზღაურებინა მისთვის ეს ზიანი. ნ. ე.-მ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის დადგენილებები გაასაჩივრა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა, დადგენილებები დარჩა უცვლელი. ამდენად, არ დასტურდებოდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხებზე, ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებზედაც უნდა ემსჯელა და იმსჯელა სულ სხვა საკითხებსა და გარემოებებზე, რომლებზედაც არ უნდა ემსჯელა. სარჩელის (დავის) საგანს წარმოადგენს არა ის, თუ რამდენად სწორადაა ჩატარებული რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, სწორად იქნა თუ არა შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები და დაკმაყოფილდა თუ არა კასატორის საჩივრები, რომლებზედაც სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ¹6705034 და ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეებზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის (პროკურორ ვ. ჩ.-ის) მიერ სასამართლო სისტემის მოსამართლეებთან ერთად სოლიდარულად, თავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი და გაგზავნილი (გამოგზავნილი) არასწორი და უკანონო საჯარო ინფორმაციების ზიანის გამომწვევი ფაქტების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ნ. ე.-ს საჩივრის საფუძველზე, ¹6106837 და ¹6705034 სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარეობდა გამოძიება, ორივე საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება, დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გაეგზავნა ნ. ე.-ს და განემარტა გასაჩივრების უფლება და წესი, მაგრამ მათში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თუ ნ. ე.-ა წარმოადგენდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრულ იმ სუბიექტს, რომელსაც უნდა გაგზავნოდა სისხლის სამართლის საქმეთა შეწყვეტის შესახებ დადგენილებები, განმარტებოდა გასაჩივრების უფლება და წესი, რაც გამომდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლის დებულებებიდან, რატომ არ უნდა ეცნობებინა პროკურორს იმავე საპროცესო სუბიექტისათვის – ნ. ე.-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი დანარჩენი მისი უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა მასალების გაცნობის წესის წესახებ, და რა საპროცესო სტატუსით ეგზავნებოდა ნ. ე.-ს სისხლის სამართლის საქმეთა შეწყვეტის შესახებ დადგენილებები; რა უფლებამოსილება გააჩნდა პროკურორს, გაეგზავნა კასატორისათვის არასწორი ინფორმაციის შემცველი უკანონო საჯარო ინფორმაციები და არ შეეზღუდა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლით მინიჭებული უფლებები და რა უფლებამოსილება გააჩნიათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, არ იმსჯელონ იმ საკითხებზე, რომლებზედაც უნდა ემსჯელათ; სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად განიხილოს და შეაფასოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რისი უგულებელყოფითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე და 84-ე მუხლების პირველი პუნქტები კონსტიტუციისა და კანონისადმი მორჩილებასა და შესრულებაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 393-ე მუხლები და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების ნორმები და სასამართლო აქტის (განჩინების) სახით შეიქმნა ახალი უკანონო, არასწორი საჯარო ინფორმაცია, რომლითაც მას დამატებით ადგება მატერიალური და მორალური ზიანი.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაში, საერთოდ არაფერია ნათქვამი საქმეში არსებულ სამტრედიის რაიონული პროკურატურის 2007 წლის 4 ივნისის უკანონო საჯარო ინფორმაციაზე. აღნიშნულით მოსარჩელეს მოტყუებით ეცნობა, რომ ¹6705034 და ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეებზე სარგებლობდა რა მოწმის სტატუსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოწმისათვის საქმის მასალების გაცნობას არ ითვალისწინებდა; ასეთ შემთხვევაში რატომ გაეგზავნა მოწმის სტატუსის მქონე ნ. ე.-ს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ საკითხებზე საჯარო ინფორმაციების გასაგზავნ სუბიექტებს შორის მოწმის სტატუსის მქონე პირი არ სახელდება; სამტრედიის რაიონული პროკურატურის უკანონო საჯარო ინფორმაციებში სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის შესახებ რატომ არ აღინიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებები შედგენილი, ანუ შექმნილი იქნა მოწმის ნ. ე.-ს მიმართ და მას გაეგზავნა. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის საჩივრებს დასახელებულ დადგენილებებზე მოსართლეები შეაფასებდნენ, როგორც მოწმის საჩივრებს. პროკურორ ვ. ჩ.-ს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა, გაეგზავნა კასატორისათვის უკანონო საჯარო ინფორმაცია და წაერთმია მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლით მინიჭებული უფლება, გასცნობოდა ¹675034 და ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შემდეგ საქმეთა მასალებს, მაშინ, როცა ვ. ჩ.-ის მიერ დამუშავებული სხვა უკანონო საჯარო ინფორმაციების მიხედვით კასატორს, როგორც მხარეს, გააჩნდა სხვა საქმეებზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებათა გასაჩივრების უფლება. ან როგორ უნდა ყოფილიყო მოწმე ან მხარე ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც იგი საერთოდ არ ყოფილა დაკითხული არც მოწმედ, არც სხვა სტატუსით, შესაბამისად, არ არსებობდა ამ საქმეზე პროკურორის მიერ კასატორისათვის საჯარო ინფორმაციის გაგზავნის კანონიერი საფუძველი. პროკურორმა თავისი უკანონო, არასწორი საჯარო ინფორმაციით აიძულა მოსარჩელე, გაესაჩივრებინა ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეზე უკანონო საჯარო ინფორმაციის შინაარსის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ უკანონო საჯარო ინფორმაციების შექმნითა და გამოგზავნის შედეგად სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის _ ვ. ჩ.-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის მიყენებას, მაშინ, როცა ასეთი სახის ქმედების გამო, საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე, 207-ე და 208-ე მუხლები. სამტრედიის რაიონული პროკურატურა და პროკურორი ვ. ჩ.-ე ვალდებულნი არიან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე, 998-ე და 1005-ე მუხლების შესაბამისად აუნაზღაურონ ზიანი.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხებზე, რომლებზედაც უნდა ემსჯელა, ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ განიხილა და შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, 44-ე და 34-ე მუხლების პირველი პუნქტები კონსტიტუციისა და კანონისადმი მორჩილებასა და შესრულებაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 393-ე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების ნორმები, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო სასამართლო აქტის (განჩინების) სახით შექმნილი კიდევ ერთი უკანონო საჯარო ინფორმაცია, რომლითაც კასატორს დამატებით ადგება მატერიალური და მორალური ზიანი.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ¹6705034 და ¹6106837 სისხლის სამართლის საქმეებზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებების სახით გაგზავნილ საჯარო ინფორმაციების უკანონო შინაარსზე, კერძოდ, საჯარო ინფორმაციაში მითითებულია, რომ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული წინასწარი გამოძიება, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული ბადებს შეკითხვას, როგორ იქნა დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე სისხლის სამართლის კანონით არარსებული ქმედების ნიშნით და როგორ იქნა წარმოებული (შექმნილი და განხილული) საჯარო ინფორმაციების ერთობლიობით საქმე გამოძიების მიერ, ასევე რატომ იქნა მიღებული მოტყუებით დაკითხვის ინფორმაცია კასატორისგან ¹6705034 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო ¹6106387 სისხლის სამართლის საქმეზე თავად კასატორი დაკითხული არ ყოფილა.
კასატორი განმარტავს, რომ ჯერ პროკურატურის, ხოლო შემდგომ სასამართლოების მიერ ადგილი ჰქონდა კასატორის მიმართ თრეფიკინგის, წამების, რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტების მიჩქმალვას, ერთმანეთის საწინააღმდეგო საჯარო ინფორმაციათა დამუშავებას, შექმნას და გადაგზავნას, რამაც გამოიწვია როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანი. სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გამოეკვლია ყოველმხრივად, სრულად, ობიექტურად და მიეცა მათთვის სწორი და არა მიკერძოებული სუბიექტური შეფასება. სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების თანახმად, უნდა გამოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია, ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც არ განხორციელებულა და რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო სასამართლო აქტის (განჩინების) სახით ახალი უკანონო, არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნა, რომლითაც კასატორმა უკვე მერამდენედ განიცადა მორალური ტანჯვა, დამცირება და მიადგა ზიანი.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს წინაშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუქტის შესაბამისად, დააყენა მოსამართლე ხ. ხ.-ის აცილების საკითხი, რაც მოსამართლეთა მიერ არ იქნა გაზიარებული. აცილების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოსამართლე ხ. ხ.-ის მეუღლე გ. კ.-ი ნ. ე.-ს მიმართ უკანონოდ წარმოებულ ¹4102938 სისხლის სამართლის საქმეში დაიკითხა მოწმის სახით. აღნიშნული გარემოება სამართლებრივადაა დაკავშირებული მოცემულ საქმესთან, რის გამოც მოსამართლე ხ. ხ.-ი საქმეზე ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განხილვისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა, ან არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 393-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე, 207-208-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე, 998-ე და 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, მე-17, მე-19, 38-ე, 39-ე, 44-ე, 45-ე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე, 1421-ე., 1431-ე, 1441-ე, 1443-ე, 167-ე, 332-ე, 338-ე, 369-ე და 376-ე მუხლები, რამაც გამოიწვია საქმეზე უკანონო განჩინების მიღება და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, სრულად ექვემდებარება გაუქმებას.
კასატორის მტკიცებით საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტის მიხედვით, რადგამ მტკიცების ტვირთი არ დაკისრებია მოპასუხეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმება საქმის განხილვისაგან მოსამართლე ხ. ხ.-ის აცილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი. მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 26 დეკემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინებების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.