Facebook Twitter
საქმე №ს-126-2024 15 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – მ.ა–ი (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჩ–ძე (მოპასუხე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ა–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ჩ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 16 500 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის მითითებით, 2021 წლის 15 სექტემბერს მხარეებს შორის წერილობითი ფორმით გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა 16500 აშშ დოლარი. მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია (იხ. სარჩელი, ს.ფ.2-4).

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, ბრალდებულის - მოპასუხის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით. საქმე დაკავშირებული იყო სოფელ ...... მიმდინარე მშენებლობასთან. სულ მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვდა 29 000 აშშ დოლარსა და 16 500 აშშ დოლარს. იგი ამ მოთხოვნებს ჰყოფდა ორ ნაწილად - სისხლის სამართლის საქმეში მითითებულ 29 000 აშშ დოლარად და ე.წ. სამოქალაქო საქმეში განცდილ ზიანად - 16 500 აშშ დოლარად, რასთან დაკავშირებითაც 2021 წლის 15 სექტემბერს შედგა ვალის აღიარების შეთანხმება. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა მოსარჩელისათვის 16 500 აშშ დოლარი. რადგან ორივე თანხა აღიარებულია მოსარჩელის მიერ, მოპასუხე ამ თანხას 45 500 აშშ დოლარს სადავოდ არ ხდის. აქვე დაზუსტებულია, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული 45 500 აშშ დოლარის გარდა, მოპასუხისგან არასდროს არაფერს მოითხოვდა და არც შეიძლება მოეთხოვა, რადგან მათ შორის სხვა ურთიერთობა, გარდა სოფელ ...... წარმოებული მშენებლობისა, დამყარებული არ ყოფილა. აღნიშნული თანხა მოსარჩელეს აუნაზღაურდა და სადავო შეიძლება გახდეს მხოლოდ 500 აშშ დოლარი, კერძოდ, მოპასუხემ გადასცა მოსარჩელის წარმომადგენელს 45 000 აშშ დოლარი, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ხელწერილი. გარდა ამისა, 2021 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელემ შეადგინა განცხადება, რომლითაც აღიარა, რომ მოპასუხემ აანაზღაურა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული მისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც შეადგენდა 29 000 აშშ დოლარს. გაუგებრობას ქმნის ერთადერთი გარემოება - 2021 წლის 15 სექტემბრის ხელწერილის ტექსტში მოსარჩელის წარმომადგენელმა ერთპიროვნულად, ხელწერილის მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ ჩაამატა, რომ მის მიერ მიღებული თანხა არ მოიცავს ვალის აღიარების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალს. ლოგიკურად ეს შეიძლება აიხსნას ერთადერთი გარემოებით - სულ თანხა უნდა ყოფილიყო 45 500 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც მოპასუხემ მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა 45 000 აშშ დოლარი. ამიტომ მოსარჩელეს შეუძლია, მოითხოვოს მაქსიმალურად 500 აშშ დოლარი.
4. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მიღებული თანხა არ მოიცავს ვალის აღიარების შეთანხმებას, არცერთ შემთხევაში არ წარმოადგენს ვალის აღიარებას და არ წარმოშობს ახალ ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ხელწერილში გაკეთებული ჩამატებისა, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას მოპასუხისგან ეკუთვნოდა უფრო მეტი ოდენობის თანხა, ვიდრე მიიღო. აღნიშნულს კი მოსარჩელე ვერ ამტკიცებს. (იხ. შესაგებელი; პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების პ.2. ს.ფ.112-113).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16500 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შეფასების საგანს წარმოადგენს, 45 000 აშშ დოლარის გარდა, მხარეთა შორის დამატებით 16 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლომ, სამართლებრივი შეფასების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნია, ყურადღება გაემახვილებინა საქმეში არსებულ არაერთ მტკიცებულებაზე და მათი შეჯამების შედეგად განესაზღვრა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი ხასიათი.
9. 2017 წლის 13 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ........... მდებარე ბინის განკარგვის მინდობილობა 1 თვის ვადით.
10. 2017 წლის 13 ნოემბერს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ.თბილისში, ........ მდებარე 40.15 კვ.მ №76 ბინის (შემდგომ - სადავო ბინა), როგორც ნასყიდობის საგნის ღირებულება, განსაზღვრულია 29 000 აშშ დოლარით ეკვივალენტი ლარით.
11. 2020 წლის 19 თებერვლით დათარიღებული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ მითითებულია შემდეგი: 2017 წლის 13 ნოემბერს აშშ-ს მოქალაქე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მის საკუთრებაში არსებული სადავო ბინის განკარგვის მინდობილობა 1 თვის ვადით. 2017 წლის 13 ნოემბერს მოპასუხემ მოპასუხის კუთვნილი სადავო ბინა მიჰყიდა ბ.შ–ას (შემდგომ - მესამე პირს) 29 000 აშშ დოლარად. ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულადი თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუცია და არც მოსარჩელისა და მისი დის საბანკო ანგარიშზე შეუტანია. მან თანხა სრულად გამოიყენა პირადი მიზნებისთვის. ამდენად, მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს მიადგა 76 555 ლარის (29 000 აშშ დოლარის) დიდი ოდენობის ზიანი.
12. 2021 წლის 9 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის სახელზე ბრალდებულ მოპასუხის მიერ მიმართული განცხადებით დგინდება შემდეგი: „მზად ვარ მთლიანად ავანაზღაურო დაზარალებულისათვის მიყენებული ზარალი 29 000 აშშ დოლარი“.
13. 2021 წლის 15 სექტემბერს, ერთი მხრივ, მოსარჩელისა და, მეორე მხრივ, მოპასუხის შორის დაიდო ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება, სადაც მითითებულია შემდეგი: „მოპასუხე დღეიდან ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს 16500 აშშ დოლარი. პირველ პუნქტში მითითებული ვალის საფუძველი წარმოშობილია იმ გარემოებით, რომ მოსარჩელემ სოფელ ...... მისი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, მოპასუხეს გადასცა ფულადი თანხები, თუმცა მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული სახლის აშენების ვალდებულება. მხარეები ვადასტურებთ, რომ გარდა წინამდებარე შეთანხმებისა, მოსარჩელემ, დღეის რიცხვს, ასევე შეადგინა განცხადება/ხელწერილი, რომელში მითითებული „ზიანი“ არ მოიცავს წინამდებარე შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებულ თანხას“.
14. 2021 წლის 15 სექტემბერს, ნოტარიუსის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადასტურდა მოსარჩელის განცხადება შემდეგი შინაარსით: „მე, მოსარჩელე ვადასტურებ, რომ დაზარალებულად ვარ ცნობილი სისხლის სამართლის №092041018003 საქმეზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, ბრალდებულ მოპასუხის მიერ ჩემ მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ, ბრალდებულ მოპასუხეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, მათ შორის არასაპატიმრო სასჯელზე. შესაბამისად, თანახმა ვარ მოპასუხის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ასევე, ვადასტურებ, რომ მოპასუხემ აანაზღაურა ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული ჩემთვის მოყენებული ზიანი".
15. 2021 წლის 15 სექტემბრით დათარიღებულ ხელწერილში მითითებულია შემდეგი: „მე, ლ.ხ–ძე (შემდგომ - მოსარჩელის წარმომადგენელი) ვადასტურებ, რომ მოპასუხემ პ.ნ .......... მოსარჩელის გადასაცემად გადმომცა 45 000 აშშ დოლარი 2021 წლის 15 სექტემბერს. აღნიშნული თანხა არ მოიცავს სამოქალაქო ვალს გათვალისწინებულს ვალის აღიარების შეთანხმებით (15.09.2021). წინამდებარე ხელწერილს ვადასტურებთ ხელმოწერით - მოსარჩელის წარმომადგენელი, მოპასუხე."
16. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტი მოპასუხემ დაადასტურა, რომ ტექსტი „აღნიშნული თანხა არ მოიცავს სამოქალაქო ვალს გათვალისწინებულს ვალის აღიარების შეთანხმებით (15.09.2021)“ გაკეთდა დამატებითი მინაწერის სახით და მისი მხრიდან სადავოდ არ გამხდარა, იგი ემსახურებოდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად დაზარალებულის - მოსარჩელის მხრიდან თანხმობის მიღებას, რაც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება 29 000 აშშ დოლარის წარმოშობის საფუძველი, კერძოდ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; მოპასუხის, როგორც ბრალდებულის მზაობა გადაიხადოს 29 000 აშშ დოლარი; დაზარალებული მოსარჩელის განცხადება, რომ მოპასუხემ აანაზღაურა ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული მისთვის მიყენებული ზიანი და, ამასთან, მოსარჩელეს (დაზარალებულს) დამატებით გადაუხადა 16 000 აშშ დოლარი, სულ - 45 000 აშშ დოლარი, რაც უდავო გარემოებას წარმოადგენს.
18. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - 45 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ კიდევ დამატებით 16500 აშშ დოლარს, მოსარჩელე აღნიშნულის წარმოშობის საფუძვლად მიუთითებდა ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებას, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული შეადგენს სოფელ ...... მისი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით გადაცემულ თანხას. სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რას შეადგენდა საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით გადახდილი 45 000 აშშ დოლარი მაშინ, როდესაც წერილობით დოკუმენტებში ზიანის და ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იყო 29 000 აშშ დოლარით, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 45 000 აშშ დოლარი შეადგენს უძრავი ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას და ვინაიდან მოპასუხემ გაასხვისა თბილისში არსებული უძრავი ქონება 29 000 აშშ დოლარად, დარჩენილი ზიანი შეადგენდა 16 000 აშშ დოლარს და აღნიშნულმა განაპირობა ხელწერილში 45 000 აშშ დოლარის მითითება.
19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განმარტება არ გაიზიარა, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს განისაზღვრა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. სსსკ-ის 30920 მუხლი კი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას, შესაძლებელია, შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ საპროცესო შეთანხმების დროს გადახდილი 45 000 აშშ დოლარიდან 29 000 აშშ დოლარი არ იყო სამყოფი უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების განსაზღვრისთვის, ხოლო დამატებით გადახდილი 16 000 აშშ დოლარი (სულ - 45 000 აშშ დოლარი) შეადგენდა სოფელ ...... მისი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით გადაცემულ თანხას, ამიტომ სამოქალაქო წარმოებით კიდევ მოთხოვნილი 16 500 აშშ დოლარი, რომელსაც მოსარჩელე განმარტავდა, როგორც თბილისში მდებარე უძრავი ქონების გასხვისების შედეგად დამდგარ ზიანს, ვინაიდან მისი საბაზრო ღირებულება აღემატებოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებში მითითებულ 29 000 აშშ დოლარს, ვერ დაუპირისპირდება სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს დოკუმენტებით განსაზღვრულ ზიანის ოდენობას იმაზე მითითებით, რომ მის მიერ არც სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გაცხადებულა ამის შესახებ და არც მიმდინარე სამოქალაქო საქმის განხილვის ფარგლებში ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებაში (ს.ფ.14), სანოტარო აქტში (ს.ფ.57) და ხელწერილში (ს.ფ.61) გაკეთებული ჩანაწერების წარმოშობის საფუძველს უტყუარად დაადასტურებდა. მეტიც, სანოტარო აქტში (ს.ფ.57) მოსარჩელემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა:,,...წინამდებარე განცხადებით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ, ბრალდებულ მოპასუხეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, მათ შორის არასაპატიმრო სასჯელზე. შესაბამისად, თანახმა ვარ, მოპასუხის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ასევე, ვადასტურებ, რომ მოპასუხემ აანაზღაურა ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული ჩემთვის მოყენებული ზიანი".
21. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადახდილი 45 000 აშშ დოლარი მოიცავდა როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დამდგარ ზიანს (რაზეც დაზარალებულს პრეტენზია არ განუცხადებია), ასევე, მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში სარჩელით მოთხოვნილ თანხის ოდენობასაც. ამდენად, მოპასუხის მიერ ზიანი ანაზღაურებულია სრულად და ვალის აღიარების შეთანხმებაც მომდინარეობს სწორედ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან უკვე გადახდილი 45 000 აშშ დოლარის ფარგლებში.


კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
23. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებანი, სსსკ-ის 105-ე მუხლის დარღვევით, არასწორად დაადგინა და შეაფასა, არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 30920 მუხლი, არითმეტიკული შეცდომებით დააჯამა თანხა.
24. კასატორის მითითებით, ვინაიდან მოპასუხემ არ გადაიხადა ვალის აღიარების შეთანხმებით გათვალისწინებული 16 500 აშშ დოლარი, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და აღნიშნული თანხის ანაზღაურების შესახებ, შესაბამისად, დავის საგანია არა 2021 წელს მოპასუხის მიერ გადახდილი ბინის - 45 000 აშშ დოლარის ღირებულების ანაზღაურება, არამედ 2021 წლის 15 სექტემბერს ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე 16500 აშშ დოლარის გადახდა.
25. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ, მოპასუხის მითითებით, ჯერ შედგა ხელწერილი, მინაწერის გარეშე და მან გადაიხადა 45 000 აშშ დოლარი, წავიდა, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოაბრუნა და ამ უკანასკნელმავე ჩაამატა წინადადება. აღნიშნულზე გვერდზე მდგომ ქალბატონს ცრემლი წამოუვიდა - „რას უშვებით ამ კაცსო“. გასაგებია მხარის პოზიცია, რომელიც გადასახდელის თავის არიდების მიზნით, სასამართლოს შეუძლია, მიაწოდოს ალტერნატიული ისტორია, თუმცა გაუგებარია სააპელაციო პალატის პოზიცია, რომლითაც ზემოთ მოყვანილი ისტორია მხოლოდ მხარის განმარტების საფუძველზე ჩათვალა დადასტურებულად, ხოლო მოწინააღმდეგე მხარესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მას დასახელებული ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. პალატამ ბრმად გაიზიარა აპელნატის მათემატიკური შეჯამების პრინციპი და დაასკვნა, რომ მას გადახდილი აქვს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ზიანი - 29 000 აშშ დოლარი და ...... სახლის აუშენებლობით ვალის აღიარების შეთანხმებით გათვალისწინებული 16500 აშშ დოლარი. ამიტომ შედგა 2021 წლის 15 სექტემბრის ხელწერილი 45 000 აშშ დოლარის გადახდაზე, მაგრამ 29 000+16500=45500 აშშ დოლარს. თუ აპელანტმა მოსარჩელეს აუნაზღაურა ზემოხსენებლი ქმედებებით მიყენებული ზიანი, მაშინ ხელწერილში რატომ არ არის დაფიქსირბული 45500 აშშ დოლარი ან თუ მოსარჩელემ აპელანტს აპატია 500 აშშ დოლარი, მაშინ ვალის აღიარების შეთანხმებაში რატომ დაფიქსირდა ვალის თანხად 16 000 აშშ დოლარი, 16500-ის ნაცვლად. რატომ აიასახა ხელწერილში, რომ აღნიშნული თანხა არ მოიცავს ვალის აღიარების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალს, ხოლო ვალის აღიარების შეთანხმებაში დაფიქსირდა, რომ ეს თანხა არ შედის აპელანტის მიერ ანაზღაურებულ ზიანის თანხაში. მითითებულ კითხვებს სააპელაციო პალატამ თავი აარიდა და მოიხმო სსსკ-ის 30920 მუხლი, რომელიც პრეიუდიციულად ჩათვალა.
26. კასატორმა მიიჩნია, მხარეთა შორის წერილობით შედგენილი გარიგებებით დასტურდება, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ვალის აღიარების შეთანხმება იურიდიულ ძალაშია, მოპასუხეს არ გადაუხდია 16500 აშშ დოლარი და მოსარჩელეს გააჩნია ლიგიტიმური უფლება, მოითხოვოს და მიიღოს კუთვნილი 16500 აშშ დოლარი.
27. ამავდროულად, კასატორმა იშუამდგომლა მის მიერ გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით კი საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


30. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.
32. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება.
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21;
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა), განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 341-ე მუხლის (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) საფუძველზე.
38. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
39. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად, რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 08 ნოემბერი, 2011წ.; №ას-392-371-2013, 08 ნოემბერი, 2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26 აპრილი, 2018წ.; №ას-758-2019, 22 ოქტომბერი, 2019 წ; №ას-87-2020, 18 ნოემბერი, 2021 წ; №ას-400-2020, 15 თებერვალი, 2022 წ; №ას-1210-2022, 01 მარტი, 2023 წ; №ას-26-2024, 15 აპრილი, 2024 წ).
41. ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11 ნოემბერი, 2013წ.). პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30 სექტემბერი, 2015წ.; №ას-226-213-2015, 18. მაისი, 2015 წ.).
42. ვალის აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისაგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს (იხ. დამატებით: Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §781, Rn. 2-6; ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.11.; შდრ: სუსგ №ას-1529-2022, 01 მარტი, 2023 წ., პ.52.).
43. ამდენად, კაუზალური აღიარების მიზანია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (შდრ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §781, ველი 2-2.; სუსგ №ას-153-2022, 01 თებერვალი, 2023 წ.).
44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
45. 2017 წლის 13 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ....... მდებარე ბინის განკარგვის მინდობილობა 1 თვის ვადით.
46. 2017 წლის 13 ნოემბერს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ.თბილისში, ....... მდებარე 40.15 კვ.მ №76 ბინის (შემდგომ - სადავო ბინა), როგორც ნასყიდობის საგნის ღირებულება, განსაზღვრულია 29 000 აშშ დოლარით ეკვივალენტი ლარით.
47. 2020 წლის 19 თებერვლით დათარიღებული სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ მითითებულია შემდეგი: 2017 წლის 13 ნოემბერს აშშ-ს მოქალაქე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მის საკუთრებაში არსებული სადავო ბინის განკარგვის მინდობილობა 1 თვის ვადით. 2017 წლის 13 ნოემბერს მოპასუხემ მოპასუხის კუთვნილი სადავო ბინა მიჰყიდა ბ.შ–ას (შემდგომ - მესამე პირს) 29 000 აშშ დოლარად. ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულადი თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუცია და არც მოსარჩელისა და მისი დის საბანკო ანგარიშზე შეუტანია. მან თანხა სრულად გამოიყენა პირადი მიზნებისთვის. ამდენად, მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს მიადგა 76 555 ლარის (29 000 აშშ დოლარის) დიდი ოდენობის ზიანი.
48. 2021 წლის 9 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის სახელზე ბრალდებულ მოპასუხის მიერ მიმართული განცხადებით დგინდება შემდეგი: „მზად ვარ მთლიანად ავანაზღაურო დაზარალებულისათვის მიყენებული ზარალი 29 000 აშშ დოლარი“.
49. 2021 წლის 15 სექტემბერს, ერთი მხრივ, მოსარჩელისა და, მეორე მხრივ, მოპასუხის შორის დაიდო ვალის აღიარების შესახებ შეთანხმება, სადაც მითითებულია შემდეგი: „მოპასუხე დღეიდან ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს 16500 აშშ დოლარი. პირველ პუნქტში მითითებული ვალის საფუძველი წარმოშობილია იმ გარემოებით, რომ მოსარჩელემ სოფელ ...... მისი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, მოპასუხეს გადასცა ფულადი თანხები, თუმცა მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული სახლის აშენების ვალდებულება. მხარეები ვადასტურებთ, რომ გარდა წინამდებარე შეთანხმებისა, მოსარჩელემ, დღეის რიცხვს, ასევე შეადგინა განცხადება/ხელწერილი, რომელში მითითებული „ზიანი“ არ მოიცავს წინამდებარე შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებულ თანხას“.
50. 2021 წლის 15 სექტემბერს, ნოტარიუსის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადასტურდა მოსარჩელის განცხადება შემდეგი შინაარსით: „მე, მოსარჩელე ვადასტურებ, რომ დაზარალებულად ვარ ცნობილი სისხლის სამართლის №092041018003 საქმეზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, ბრალდებულ მოპასუხის მიერ ჩემ მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ, ბრალდებულ მოპასუხეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, მათ შორის არასაპატიმრო სასჯელზე. შესაბამისად, თანახმა ვარ მოპასუხის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ასევე, ვადასტურებ, რომ მოპასუხემ აანაზღაურა ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული ჩემთვის მოყენებული ზიანი".
51. 2021 წლის 15 სექტემბრით დათარიღებულ ხელწერილში მითითებულია შემდეგი: „მე, ლ.ხ–ძე (შემდგომ - მოსარჩელის წარმომადგენელი) ვადასტურებ, რომ მოპასუხემ პ.ნ ..... მოსარჩელის გადასაცემად გადმომცა 45 000 აშშ დოლარი 2021 წლის 15 სექტემბერს. აღნიშნული თანხა არ მოიცავს სამოქალაქო ვალს გათვალისწინებულს ვალის აღიარების შეთანხმებით (15.09.2021). წინამდებარე ხელწერილს ვადასტურებთ ხელმოწერით - მოსარჩელის წარმომადგენელი, მოპასუხე".
52. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტი მოპასუხემ დაადასტურა, რომ ტექსტი „აღნიშნული თანხა არ მოიცავს სამოქალაქო ვალს გათვალისწინებულს ვალის აღიარების შეთანხმებით (15.09.2021)“ გაკეთდა დამატებითი მინაწერის სახით და მისი მხრიდან სადავოდ არ გამხდარა, იგი ემსახურებოდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად დაზარალებულის - მოსარჩელის მხრიდან თანხმობის მიღებას, რაც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
53. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ, მოპასუხის მითითებით, ჯერ შედგა ხელწერილი, მინაწერის გარეშე და მან გადაიხადა 45 000 აშშ დოლარი, წავიდა, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოაბრუნა და ამ უკანასკნელმავე ჩაამატა წინადადება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაუსაბუტებლად გაიზიარა აპელნატის მათემატიკური შეჯამების პრინციპი და დაასკვნა, რომ მას გადახდილი აქვს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ზიანი - 29 000 აშშ დოლარი და ...... სახლის აუშენებლობით ვალის აღიარების შეთანხმებით გათვალისწინებული 16500 აშშ დოლარი. ამიტომ შედგა 2021 წლის 15 სექტემბრის ხელწერილი 45 000 აშშ დოლარის გადახდაზე, მაგრამ 29 000+16500=45500 აშშ დოლარს. თუ აპელანტმა მოსარჩელეს აუნაზღაურა ზემოხსენებლი ქმედებებით მიყენებული ზიანი, მაშინ ხელწერილში რატომ არ არის დაფიქსირბული 45500 აშშ დოლარი ან თუ მოსარჩელემ აპელანტს აპატია 500 აშშ დოლარი, მაშინ ვალის აღიარების შეთანხმებაში რატომ დაფიქსირდა ვალის თანხად 16 000 აშშ დოლარი, 16500-ის ნაცვლად. რატომ აიასახა ხელწერილში, რომ აღნიშნული თანხა არ მოიცავს ვალის აღიარების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალს, ხოლო ვალის აღიარების შეთანხმებაში დაფიქსირდა, რომ ეს თანხა არ შედის აპელანტის მიერ ანაზღაურებულ ზიანის თანხაში. მითითებულ კითხვებს სააპელაციო პალატამ თავი აარიდა და მოიხმო სსსკ-ის 30920 მუხლი, რომელიც პრეიუდიციულად ჩათვალა. კასატორმა მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წერილობით შედგენილი გარიგებებით დასტურდება, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ვალის აღიარების შეთანხმება იურიდიულ ძალაშია, მოპასუხეს არ გადაუხდია 16500 აშშ დოლარი და მოსარჩელეს გააჩნია ლიგიტიმური უფლება, მოითხოვოს და მიიღოს კუთვნილი 16500 აშშ დოლარი. ( იხ. საკასაციო საჩივარი).
54. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს. შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს. სსსკ-ის მე–4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
57. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4 I-ელ მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს თავის მხრივ შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას. ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. სასამართლო ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.
59. “მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.
61. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
62. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება.
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
64. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
65. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
67. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.
68. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე.
69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების (გამომრიცხავი ნორმების) შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს.
70. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
71. საქმეზე დადგენილია, მოპასუხემ შესაგებლში მიუთითა, რომ მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, ბრალდებულის - მოპასუხის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით. საქმე დაკავშირებული იყო სოფელ ...... მიმდინარე მშენებლობასთან. სულ მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვდა 29 000 აშშ დოლარსა და 16 500 აშშ დოლარს. იგი ამ მოთხოვნებს ჰყოფდა ორ ნაწილად - სისხლის სამართლის საქმეში მითითებულ 29 000 აშშ დოლარად და ე.წ. სამოქალაქო საქმეში განცდილ ზიანად - 16 500 აშშ დოლარად, რასთან დაკავშირებითაც 2021 წლის 15 სექტემბერს შედგა ვალის აღიარების შეთანხმება. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა მოსარჩელისათვის 16 500 აშშ დოლარი. რადგან ორივე თანხა აღიარებულია მოსარჩელის მიერ, მოპასუხე ამ თანხას 45 500 აშშ დოლარს სადავოდ არ ხდის. აქვე დაზუსტებულია, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული 45 500 აშშ დოლარის გარდა, მოპასუხისგან არასდროს არაფერს მოითხოვდა და არც შეიძლება მოეთხოვა, რადგან მათ შორის სხვა ურთიერთობა, გარდა სოფელ ...... წარმოებული მშენებლობისა, დამყარებული არ ყოფილა. აღნიშნული თანხა მოსარჩელეს აუნაზღაურდა და სადავო შეიძლება გახდეს მხოლოდ 500 აშშ დოლარი, კერძოდ, მოპასუხემ გადასცა მოსარჩელის წარმომადგენელს 45 000 აშშ დოლარი, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ხელწერილი. გარდა ამისა, 2021 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელემ შეადგინა განცხადება, რომლითაც აღიარა, რომ მოპასუხემ აანაზღაურა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული მისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც შეადგენდა 29 000 აშშ დოლარს. გაუგებრობას ქმნის ერთადერთი გარემოება - 2021 წლის 15 სექტემბრის ხელწერილის ტექსტში მოსარჩელის წარმომადგენელმა ერთპიროვნულად, ხელწერილის მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ ჩაამატა, რომ მის მიერ მიღებული თანხა არ მოიცავს ვალის აღიარების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალს. ლოგიკურად ეს შეიძლება აიხსნას ერთადერთი გარემოებით - სულ თანხა უნდა ყოფილიყო 45 500 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც მოპასუხემ მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა 45 000 აშშ დოლარი. ამიტომ მოსარჩელეს შეუძლია, მოითხოვოს მაქსიმალურად 500 აშშ დოლარი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მიღებული თანხა არ მოიცავს ვალის აღიარების შეთანხმებას, არცერთ შემთხევაში არ წარმოადგენს ვალის აღიარებას და არ წარმოშობს ახალ ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ხელწერილში გაკეთებული ჩამატებისა, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას მოპასუხისგან ეკუთვნოდა უფრო მეტი ოდენობის თანხა, ვიდრე მიიღო. აღნიშნულს კი მოსარჩელე ვერ ამტკიცებს (იხ. შესაგებელი; პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების პ.2. ს.ფ.112-113).
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
73. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
74. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში განთავსებულ 2021 წლის 15 სექტემბრის ვალის აღიარების შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმების პირველი პუნქტის მიხედვით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს მოსარჩელეს 16500 ( თექვსმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი. იმავე შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, პირველ პუნქტში მითითებული ვალის საფუძველი წარმოშობილია იმ გარემოებით, რომ მოსარჩელემ სოფელ ...... საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით მოპასუხეს გადასცა ფულადი თანხები, თუმცა მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული სახლის აშენების ვალდებულება (იხ. ს.ფ.14).
75. საკასაციო პალატას მიაჩნია, აღნიშნული დოკუმენტიდან დგინდება, რომ იგი არა ახალი ხელშეკრულება, არამედ სხვა, უკვე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენაა, ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას არ წარმოშობს და უკვე არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალს ეხება (შდრ: სუსგ №ას-26-2024, 15 აპრილი, 2024 წ. პ.79).
76. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში განთავსებულ 2021 წლის 15 სექტემბერის სანოტარო აქტს, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადასტურდა მოსარჩელის განცხადება შემდეგი შინაარსით: „მე, მოსარჩელე ვადასტურებ, რომ დაზარალებულად ვარ ცნობილი სისხლის სამართლის №092041018003 საქმეზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, ბრალდებულ მოპასუხის მიერ ჩემ მიმართ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ, ბრალდებულ მოპასუხეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, მათ შორის არასაპატიმრო სასჯელზე. შესაბამისად, თანახმა ვარ მოპასუხის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ასევე, ვადასტურებ, რომ მოპასუხემ აანაზღაურა ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული ჩემთვის მოყენებული ზიანი" (იხ. ს.ფ.58).
77. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმის მასალებში განთავსებულ 2021 წლის 15 სექტემბრით დათარიღებულ ხელწერილში მითითებულია შემდეგი: „მე, ლ.ხ–ძე (შემდგომ - მოსარჩელის წარმომადგენელი) ვადასტურებ, რომ მოპასუხემ პ.ნ .......... მოსარჩელისათვის გადასაცემად გადმომცა 45 000 აშშ დოლარი 2021 წლის 15 სექტემბერს. აღნიშნული თანხა არ მოიცავს სამოქალაქო ვალს გათვალისწინებულს ვალის აღიარების შეთანხმებით (15.09.2021). წინამდებარე ხელწერილს ვადასტურებთ ხელმოწერით - მოსარჩელის წარმომადგენელი, მოპასუხე".( იხ.ს.ფ.60).
78. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტი მოპასუხემ დაადასტურა, რომ ტექსტი „აღნიშნული თანხა არ მოიცავს სამოქალაქო ვალს გათვალისწინებულს ვალის აღიარების შეთანხმებით (15.09.2021)“ გაკეთდა დამატებითი მინაწერის სახით და მისი მხრიდან სადავოდ არ გამხდარა, იგი ემსახურებოდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად დაზარალებულის - მოსარჩელის მხრიდან თანხმობის მიღებას, რაც მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.(იხ.ს.ფ.207).
79. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება 29 000 აშშ დოლარის წარმოშობის საფუძველი, კერძოდ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; მოპასუხის, როგორც ბრალდებულის მზაობა გადაიხადოს 29 000 აშშ დოლარი; დაზარალებული მოსარჩელის განცხადება, რომ მოპასუხემ აანაზღაურა ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული მისთვის მიყენებული ზიანი და, ამასთან, მოსარჩელეს (დაზარალებულს) დამატებით გადაუხადა 16 000 აშშ დოლარი, სულ - 45 000 აშშ დოლარი, რაც უდავო გარემოებას წარმოადგენს.
80. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 45 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ კიდევ დამატებით 16500 აშშ დოლარის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლად, მოსარჩელე მიუთითებს ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებას, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული შეადგენს სოფელ ...... მისი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით გადაცემულ თანხას. სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რას შეადგენდა საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით გადახდილი 45 000 აშშ დოლარი მაშინ, როდესაც წერილობით დოკუმენტებში ზიანის და ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იყო 29 000 აშშ დოლარით, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 45 000 აშშ დოლარი შეადგენს უძრავი ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას და ვინაიდან მოპასუხემ გაასხვისა თბილისში არსებული უძრავი ქონება 29 000 აშშ დოლარად, დარჩენილი ზიანი შეადგენდა 16 000 აშშ დოლარს და აღნიშნულმა განაპირობა ხელწერილში 45 000 აშშ დოლარის მითითება.
81. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განმარტება არ გაიზიარა, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს განისაზღვრა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ საპროცესო შეთანხმების დროს გადახდილი 45 000 აშშ დოლარიდან 29 000 აშშ დოლარი არ იყო სამყოფი უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების განსაზღვრისთვის, ამიტომ სამოქალაქო წარმოებით კიდევ მოთხოვნილი 16 000 აშშ დოლარი, რომელსაც მოსარჩელე განმარტავდა, როგორც თბილისში მდებარე უძრავი ქონების გასხვისების შედეგად დამდგარ ზიანს, ვინაიდან მისი საბაზრო ღირებულება აღემატებოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებში მითითებულ 29 000 აშშ დოლარს, ვერ დაუპირისპირდება სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს დოკუმენტებით განსაზღვრულ ზიანის ოდენობას იმაზე მითითებით, რომ მის მიერ არც სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გაცხადებულა ამის შესახებ და არც მიმდინარე სამოქალაქო საქმის განხილვის ფარგლებში ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებაში (ს.ფ.14), სანოტარო აქტში (ს.ფ.57) და ხელწერილში (ს.ფ.61) გაკეთებული ჩანაწერების წარმოშობის საფუძველს უტყუარად დაადასტურებდა. მეტიც, სანოტარო აქტში (ს.ფ.57) მოსარჩელემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა:,,...წინამდებარე განცხადებით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ, ბრალდებულ მოპასუხეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, მათ შორის არასაპატიმრო სასჯელზე. შესაბამისად, თანახმა ვარ, მოპასუხის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ასევე, ვადასტურებ, რომ მოპასუხემ აანაზღაურა ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული ჩემთვის მოყენებული ზიანი".
82. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადახდილი 45 000 აშშ დოლარი მოიცავდა როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დამდგარ ზიანს (რაზეც დაზარალებულს პრეტენზია არ განუცხადებია), ასევე, მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში სარჩელით მოთხოვნილ თანხის ოდენობასაც. ამდენად, ვალის აღიარების შეთანხმებაც მომდინარეობს სწორედ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან უკვე გადახდილი 45 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
83. თუმცა საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მიერ 16500 აშშ დოლარი სრულადაა ანაზღაურებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
84. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპზე - დისპოზიციურობაზე, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ-ები: №ას-1028-2021, 01 ივლისი, 2022; №ას-1293-2022, 18 იანვარი, 2023 წ.).
86. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 83-ე მუხლებით რეგლამენტირებულია მხარეთა უმნიშვნელოვანესი საპროცესო უფლებები. ხსენებული მუხლები განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომლებშიც ვლინდება მხარის ნება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას: პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების მიხედვით; თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა; მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ჩამოთვლილთაგან უმეტესი ნაწილი მიმართულია მოსარჩელის უფლებებისაკენ, თუმცა პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო საპროცესო სამართალი ანალოგიურ პირობებს უქმნის მოპასუხეს და ადგენს მის უფლებას, შეთანხმების შემთხვევაში, დავა დაასრულოს მორიგებით, მას ასევე შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ ცნობა შეუქცევადია და მას გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ №ას-64-58-2015, 8 აპრილი, 2015 წელი).
87. საქმის მასალებში განთავსებული შესაგებლის, მოპასუხის განმარტების (იხ. ს.ფ. 103-105, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის( იხ. ს.ფ.113) საფუძველზე, სააკსაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 500 აშშ დოლარის ოდენობით.
88. შესაბამისად, კასატორის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
89. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მოპასუხეს დაეკისროს 500 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით ექვივალენტი ლარი) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.


საკასაციო პალატის მიერ საპროცესო ხარჯების განაწილება:

1. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2021 წლის 19 ოქტომბერს 1551.30 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ( იხ.ს.ფ.20) - 46.54 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 28 დეკემბერს 2220.1 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ( იხ.ს.ფ.220) – 66.60 ლარი, სულ - 113.14 ლარი, ხოლო მოსარჩელეს კი უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე მოპასუხის მიერ 2023 წლის 15 მარტს 1707 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ( იხ.ს.ფ.147) 1656 ლარის გადახდა.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით, 53.1 და 53.3 მუხლით, მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. მ.ა–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.ა–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ა.ჩ–ძეს მ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს 500 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით ექვივალენტი ლარი) გადახდა;
5. ა.ჩ–ძეს მ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟიდან 113.14 ლარის გადახდა;
6. მ.ა–ის ა.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1656 ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი



მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი



მირანდა ერემაძე