Facebook Twitter
ბს-1046-997(კ-06) 5 ივლისი, 2007წ.
თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე



საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ი. წ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის გამო ოჯახისათვის ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. წ-მ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ერთჯერადი კომპენსაციის სახით 10 წლის ხელფასის მისი ოჯახის სასარგებლოდ ანაზღაურება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
ი. წ-ა 2001 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. ყ-თან, რომელიც მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ....ის მე-.... განყოფილების უფროს პატრულ-ინსპექტორად. 2005 წლის 13 თებერვალს 9.00 საათიდან 14 თებერვლის 9.00 საათამდე ვ. ყ-ი იმყოფებოდა განწესში პასუხისმგებელ მორიგედ. დაახლოებით 22.00 საათზე იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცუდად, რის გამოც პატრულ-ინსპექტორების მიერ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა.
2005 წლის 22 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31.6-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების მის ოჯახზე გავრცელება, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა 10 წლის ხელფასის ოდენობით.
2005 წლის 22 ივლისს მოსარჩელეს ეცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ვ. ყ-ი გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის შედეგად, რის გამოც “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია მის ოჯახზე არ გაიცემოდა. მოსარჩელე არ დაეთანხმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღნიშნულ დასკვნას, ვინაიდან მისი მეუღლე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ხოლო “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებდა გარდაცვლილის ოჯახზე სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ერთჯერადი კომპენსაციის გაცემას 10 წლის ხელფასის ოდენობით (ს.ფ. 2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (ს.ფ. 28-29).
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვ. ყ-ის გარდაცვალება ვერ განიხილებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევად, რადგან სიკვდილი დადგა დამოუკიდებელი მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და არა ფუნქციონალური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. გარდაცვალების მიზეზი არ იყო პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი არ განმარტავდა, კონკრეტულად, თუ რა ითვლებოდა პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულად აღიარების საფუძვლად, ამიტომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 27.1-ე მუხლის თანახმად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამართლის ანალოგია. მოცემულ შემთხვევაში ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლის ნორმას წარმოადგენდა საქართველოს კანონი “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ”. აღნიშნული კანონის 46-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს უნდა განესაზღვრა შრომით დასახიჩრებასთან, ფრონტზე ყოფნასთან და სხვა გარემოებებთან მარჩენალის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირის არსებობა, გარდაცვლილის ოჯახზე კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გასავრცელებლად, პენსიის დასანიშნად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად (ს.ფ. 67-68).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. წ-ა-ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ... განყოფილების მიერ გაცემული ¹... გარდაცვალების მოწმობით დგინდებოდა ვ. ყ-ის გარდაცვალების მიზეზი _ გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31.6-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლეოდა ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ვ. ყ-ი ცუდად გახდა სამუშაო საათების დროს, მაგრამ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და მისი გარდაცვალება არ ყოფილა დაკავშირებული აღნიშნულთან (ს.ფ. 72-73).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. წ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გასაცემად საჭირო იყო ორი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის არსებობა: პოლიციის თანამშრომლის დაღუპვა და მისი გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. აღნიშნული ნორმის განმარტებისას, პოლიციის სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ იგულისმებოდა პოლიციელის სიცოცხლის მხოლოდ ძალადობრივი ხელყოფა. სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული, თუ რა გახდა 30 წლის ახალგაზრდა კაცის ცუდად გახდომისა და დაღუპვის მიზეზი. სასამართლო ვალდებული იყო გამოერკვია, უხდებოდა თუ არა ვ. ყ-ს ზენორმატიული სამსახურის შესრულება, შეიძლებოდა თუ არა მისი ავადობის გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო ხშირი სტრესები, რაც პოლიციელის სამსახურის თანმდევი მოვლენა იყო (ს.ფ. 78-81).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. წ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. წ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის სახით მისი გარდაცვლილი მეუღლის ვ. ყ-ის 10 წლის ხელფასის ოდენობის თანხის გაცემა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის თებერვალში ბოლომდე დაკომპლექტებული არ იყო ვ. ყ-ის სამსახური თანამშრომლებით, საპატრულო პოლიცია ახალი ჩამოყალიბებული იყო და 61 თანამშრომლის ნაცვლად მუშაობდა 45-47 თანამშრომელი. აღნიშნულის გამო პოლიციელებს უწევდათ დაძაბული მუშაობა. 3 ცვლას ებარა 170 კილომეტრი გზის კონტროლი. ერთ-ერთი ცვლის უფროსი იყო ვ. ყ-ი, რომელსაც ებარა ტერიტორია ...დან ...ის საზღვრამდე. მას ყოველდღიურად ეწევდა მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში (რიგითი პატრულის თანამშრომლები მუშაობდნენ სამ დღეში ერთხელ, ხოლო ცვლის უფროსები _ ყოველდღიურად). აღნიშნული გამოწვეული იყო აგრეთვე იმ დროს არსებული დიდთოვლობით, რაც თანამშრომელთა დამატებით ძალისხმევას მოითხოვდა. ვ. ყ-ი 2004 წლის დეკემბერსა და 2005 წლის იანვარ-თებერვალში მუშაობდა გაძლიერებულ რეჟიმში. სახლში იგი 1-2 საათით თუ მიდიოდა, სხვა დროს კი სამუშაოს არ ტოვებდა და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საქმის მასალებით დასტურდებოდა და ამას არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უარყოფდა, რომ ვ. ყ-მა გაიარა მკაცრი სამედიცინო შემოწმება და როდესაც მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში, იგი იყო სრულიად ჯანმრთელი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ ვ. ყ-ის გარდაცვალება დაკავშირებული არ იყო მის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, რომ იგი ცუდად გახდა სამუშაო საათების დროს, მაგრამ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. საქალაქო სასამართლოს ეს მოსაზრება სრულიად წინააღმდეგობრივი იყო, რადგან არ შეიძლებოდა პოლიციელს, მით უფრო, ცვლის უფროსს, რომელიც ზენორმატიულად ასრულებდა სამუშაოს, რაც საქმის მასალებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა, არ შეესრულებინა სამსახურებრივი მოვალეობა სამუშაო საათებში _ საკუთარ სამუშაო უბანზე ყოფნის დროს.
სააპელაციო სასამართლომ არც ის მოსაზრება გაიზიარა, რომ “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31.6-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გავრცელდეს გარდაცვლილის ოჯახზე, თუ პოლიციელის სიკვდილი გამოწვეული იქნებოდა სამსახურებრივი მოვალეობის დროს ჩადენილი ძალადობრივი აქტით. კანონის ამგვარი განმარტება ძალზე ვიწრო იყო, კანონი პირდაპირ მიუთითებდა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ეძლეოდა ფულადი დახმარება 10 წლის ხელფასის ოდენობით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა კიდეც ადგილი. თუკი ადგილი ექნებოდა ისეთ შემთხვევას, რომ პოლიციელი ავტომობილით დამნაშავის დევნის დროს დაუძლეველი შემთხვევის შედეგად დაკარგავს მართვის სადავეს, მანქანა გადავარდება ხევში და იგი დაიღუპება, ცხადია, ასეთ შემთხვევაში დაღუპულის ოჯახზე უნდა გავრცელდეს “პოლიციის შესახებ” კანონის 31.6 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი. არ არის აუცილებელი, მხოლოდ ძალადობრივი აქტის შედეგად დაღუპვის შემთხვევაში მიეცეს დაღუპულის ოჯახს კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში ვ. ყ-ის გარდაცვალება გამოწვეული იყო გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, რომელიც გამოწვეული იყო უაღრესად დაძაბული სამუშაო გრაფიკით, წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველი იყო, თუ რითი გარდაიცვალა 30 წლის ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცი. სწორედ ზენორმატიულმა სამუშაომ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მუდმივმა სტრესმა და გადაღლილობამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის შერყევა და, საბოლოოდ, სიკვდილიც.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის 31.6 მუხლი ვიწროდ არ უნდა განიმარტოს და პოლიციელის დაღუპვაში არ უნდა იგულისხმებოდეს მხოლოდ ძალადობრივი აქტის შედეგად დამდგარი სიკვდილი. პირი, რომელიც თავდაუზოგავად, ხანგრძლივი დროის მანძილზე ზენორმატიულად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას და შესაბამისად, ჯანმრთელობაშერყეული გარდაიცვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მისი ოჯახი ისევე იმსახურებს სოციალური სახის შეღავათებს (ერთჯერად კომპენსაციას), როგორც იმ პირის ოჯახი, რომელიც ერთჯერადად ჩაიდენს გმირობას და სიცოცხლის ფასად თავს დადებს დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლაში (ს.ფ. 142-147).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
ვ. ყ-ის გარდაცვალება ვერ ჩაითვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევად, რადგან სიკვდილი დადგა დამოუკიდებელი მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. გარდაცვალების მიზეზი არ არის პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი არ განმარტავს, კონკრეტულად, თუ რა ითვლება პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულად აღიარების საფუძვლად, ამიტომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 27.1-ე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სამართლის ანალოგია. მოცემულ შემთხვევაში ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლის ნორმას წარმოადგენს საქართველოს კანონი “სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ”. აღნიშნული კანონის 46-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიურომ უნდა განსაზღვროს შრომით დასახიჩრებასთან, ფრონტზე ყოფნასთან და სხვა გარემოებებთან მარჩენალის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირის არსებობა, გარდაცვლილის ოჯახზე კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გასავრცელებლად, პენსიის დასანიშნად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების შემდეგ საკუთარი ინიციატივით გამოითხოვა იმერეთის საპარტულო პოლიციიდან გარდაცვლილი ვ. ყ-ის სამუშაო გრაფიკი და მისი უშუალო უფროსის ბრძანებები, რომლებითაც ვ. ყ-ი ასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს. იმერეთის საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი პასუხების თანახმად დადგინდა, რომ ვ. ყ-ი მორიგეობდა 3 დღეში ერთხელ და მის უშუალო უფროსს მითითებული ბრძანებები არ გაუცია. აქედან გამომდინარე, საქმეში არსებული დოკუმენტალური მტკიცებულებებითაც არ დგინდებოდა, რომ ზენორმატიულმა სამუშაომ და მუდმივმა სტრესმა გამოიწვია ვ. ყ-ის ჯანმრთელობის შერყევა და საბოლოოდ, მისი სიკვდილი. სასამართლომ სრულიად უგულებელყო წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია და არ დაინტერესებულა სპეციალისტების მოსაზრებით, თუ რამდენად შესაძლებელია, თუნდაც გადატვირთული მუშაობის შედეგად და ასეთ ხანმოკლე პერიოდში განვითარდეს ისეთი დაავადება, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, მით უმეტეს, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი მაგალითის ინტერპრეტაციას, რომ თუ პოლიციელი დამნაშავეს მისდევს და დაუძლეველი შემთხვევის შედეგად დაკარგა მართვის სადავე, მანქანა გადავარდა ხევში, ამ შემთხვევაშიც უნდა მიეცეს დაღუპულის ოჯახს კომპენსაცია და არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ძალადობრივი აქტის შედეგად დაღუპვის შემთხვევაში გაიცეს აღნიშნული კომპენსაცია. კასატორს მიაჩნია, რომ ეს სულ სხვა შემთხვევაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში პოლიციელის დაღუპვა პირდაპირ და უშუალო კავშირშია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა სამოქმედო პერიმეტრის გაკონტროლება და დანაშაულთან ბრძოლა. ვ. ყ-ი კი გარდაიცვალა მოსასვენებელ ოთახში მისი შესვლიდან 2 საათის შემდეგ, რაც დასტურდებოდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლეულ გენერალური ინსპექციის მასალებში. რაც შეეხებოდა სამსახურებრივ საათებში გარდაცვალებას, უამრავი კონტრმაგალითის მოყვანა შეიძლებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელი შეიძლება გარდაიცვალოს სამსახურებრივ საათებში, მაგრამ ეს ფაქტი სრულიადაც არ იყოს დაკავშირებული მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2005 წლის 3 ივნისის დასკვნა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა კომპენსაციის გაცემაზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ადმინისტრაციულ აქტად უნდა ჩაითვალოს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2005 წლის 11 ივლისის ¹9/27-1306 წერილი, რომლის თანახმად მოსარჩელის თხოვნა კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დარღვეული იყო სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა (ს.ფ. 154-157).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის პირველი წინადადების თანახმად: “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით”. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის სწორად შეფარდებისა და სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებით გამოწვეული პოლიციელის დაღუპვის შემთხვევის სწორად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია პოლიციელის მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და პოლიციელის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრიობის პირდაპირი, უშუალო ჯაჭვის არსებობა: პოლიციელის გარდაცვალება გამოწვეული უნდა იყოს სწორედ იმის შედეგად, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ან ასეთ მოვალეობას ასრულებდა. გარდაიცვალა თუ არა პოლიციელი სამუშაო ადგილას ან სამუშაო საათების დროს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამდენად, ზემოაღნიშნული 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნა საფუძვლიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და პოლიციელის გარდაცვალებას შორის.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვ. ყ-ი გარდაიცვალა სამუშაო საათებში, კერძოდ, მორიგეობის დროს. გარდაცვალების მიზეზად სამედიცინო დასკვნაში მითითებულია გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვ. ყ-ის დაავადების _ გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზს, რამაც მისი გარდაცვალება განაპირობა, წარმოადგენდა ზენორმატიული მუშაობა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, უაღრესად დაძაბული სამუშაო გრაფიკი, მუდმივი სტრესი და გადაღლილობა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, თუ არა ასეთი დაძაბული სამუშაო რეჟიმი, გაურკვეველი იყო, რამ გამოიწვია ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცის გარდაცვალება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიზეზობრივი კავშირის არსებობა ვ. ყ-ის გარდაცვალებასა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შორის არ არის დამაჯერებლად დადგენილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ, ფაქტობრივად, დადგენილია არა პირდაპირი, არამედ სავარაუდო მიზეზობრივი კავშირის არსებობა გარდაცვალების მიზეზსა და გარდაცვლილის სამუშაო რეჟიმს შორის, მაშინ როდესაც ასეთი სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე თითქმის ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდა უაღრესად დაძაბული სტრესული სიტუაციის პირობებში. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია არც ერთი კონკრეტული შემთხვევა, რაც მოწმობდა უაღრესაც დაძაბული სტრესული სიტუაციის არსებობას. მოწმეთა ჩვენებებში კი მითითებულია, რომ ვ. ყ-ის მთელი მუშაობის პერიოდში რაიმე მძაფრ შემთხვევას, რასაც არსებითად შეეძლო ემოქმედა მასზე, ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 105). გარდაცვალების დღეს, 13 თებერვალს, საქმის მასალებით თანახმად, მთელი დღის განმავლობაში ვ. ყ-ის სამოქმედო ტერიტორიაზე რაიმე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია (ს.ფ. 52-59). საქმის მასალების თანახმად, ვ. ყ-ი 13 თებერვალს დილიდანვე შეუძლოდ გრძნობდა თავს (ს.ფ. 83-86). ის გარემოება, რომ შეუძლოდ ყოფნის მიზეზი სწორედ ვ. ყ-ის სამუშაო იყო, არ არის სარწმუნოდ დადგენილი. ამასთან, საქმეში არსებული არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ ადასტურებს ვ. ყ-ისათვის ზენორმატიული მუშაობის დავალებას.
“პოლიციის შესახებ” კანონის თანახმად, პოლიციის სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, ზოგადად, პოლიციელის სამუშაო განუყრელადაა დაკავშირებული არანორმირებულ სამუშაო რეჟიმთან, მუდმივ სტრესთან და დაძებულ მუშაობასთან. იმავდროულად, ზოგადად, სტრესები ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი მოვლენაცაა. ის, რომ ვ. ყ-ს დაავადება განუვითარდა და გარდაიცვალა სწორედ სამუშაოს მიზეზით, არ არის სარწმუნოდ დადგენილი.
სააპელაციო სასამართლომ არ დაკითხა სპეციალისტი და არ გამოარკვია, გამოიწვევდა თუ არა ისეთი სამუშაო რეჟიმი, როგორიც ვ. ყ-ს ჰქონდა, არსებულ დაავადებას და საბოლოოდ, დამდგარ შედეგს. საქმეში არსებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემულია 2000 წელს და აღნიშნული ცნობის თანახმად, ვ. ყ-ი ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის შსს .... პოლიციის დეპარტამენტში და არა საპატრულო პოლიციაში სამუშაოდ (ს.ფ. 82). ასევე გასარკვევია, აღნიშნული სამედიცინო შემოწმება, რომლის საფუძველზეც დასკვნა გაიცა, მოიცავდა თუ არა გულ-სისხლძარღვთა სისტემის საფუძვლიან გამოკვლევას, რაც აღნიშნული დაავადების არსებობას თავის დროზე გამოავლენდა. საქმეში ასევე არ დევს ვ. ყ-ის სამუშაოზე დანიშვნის ბრძანება, რაც განსაზღვრავდა საპატრულო პოლიციაში ვ. ყ-ის მუშაობის ხანგრძლივობას.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არსებობდა თუ არა პირდაპირი კავშირი ვ. ყ-ის მიერ მის თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებასა და გარდაცვალებას შორის, რისთვისაც სააპელაციო სასამართლომ კონკრეტულად უნდა დაადგინოს ვ. ყ-ის სამუშაო რეჟიმი და გაითვალისწინოს შესაბამისი სპეციალისტების მოსაზრება, გამოიწვევდა თუ არა მხოლოდ ასეთი სამუშაო პირის დაავადებას და გარდაცვალებას.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცნობა და წერილი, რომლზეც კასატორი მიუთითებს, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამასთან, სარჩელი არ არის აღძრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების ან გამოცემის მოთხოვნით, რაზეც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-23-ე მუხლების თანახმად ხანდაზმულობის ერთთვიანი საპროცესო ვადა ვრცელდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.