ბს-1062-1015(კ-07) 29 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშეE
კასატორი (მოსარჩელე) _ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ი”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 დეკემბერს საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-მა” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისში, ...... ¹14-ში განთავსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე თავის, 930-940-ე მუხლების შესაბამისად, შეიქმნა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-ი”, რომელმაც განახორციელა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-სა” და შპს ,,თ-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება პროექტირებაზე, ხოლო შპს ,,დ-თან” _ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე. ქ. თბილისის არქმშენინსპექციამ 2003 წლის 24 ივნისს შპს ,,დ-ზე” გასცა მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ........ ¹14-ში საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-ის” მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ¹192 ნებართვა. ქ. თბილისის მთავარმა არქიტექტორმა 2003 წლის 27 ივნისს გასცა მშენებლობის ¹....... ნებართვა. საპროექტო დოკუმენტაცია აიკინძა და შესაბამისი წესით დამოწმდა ბეჭდით. მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ, შპს ,,დ-მა” დაიწყო მშენებლობა ქ. თბილისში, ...... ¹14-ში.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2004 წლის 14 აპრილს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა (შემდგომში _ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-ის” წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების: ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2002 წლის 2 დეკემბერს გაცემული პროექტის შეთანხმების ¹20/833 ბრძანებისა და 2003 წლის 27 ივნისის ¹....... მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სარჩელი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და მიმდინარე მშენებლობის დემონტაჟის შესახებ უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2003 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის შესაბამისად, ვადით _ 2004 წლის 31 დეკემბრამდე. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ 2004 წლის 14 აპრილს შეტანილი სარჩელის გამო, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, შეჩერებულ იქნა მშენებლობის ნებართვის მოქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ამხანაგობა ,,ო-მა” 2005 წლის 24 აგვისტოს (განმეორებით _ 2005 წლის 24 ოქტომბერს) განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹....... მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. აღნიშნულ განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლებოდა აღძრულიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. სარჩელი დასაშვები იყო თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ვინაიდან მოსარჩელის განცხადებაზე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა არანაირი რეაგირება არ მოახდინა, გავიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვადა, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. კანონიერი ინტერესების დასაცავად, მოსარჩელე იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსათვის.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღმდგარიყო თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად _ დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავდა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დართვოდა შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებდა ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, აღედგინა მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ იყო აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებდა მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგებოდა ან დარღვეული იყო მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებდა, გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმა არღვევდა კანონს, დარღვეული იყო მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹..... მშენებლობის ნებართვის ვადის რვა თვე-ნახევრით გაგრძელების თაობაზე (საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში 2004 წლის 14 აპრილს, ხოლო მშენებლობის ნებართვის ვადა იყო 2004 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ სასამართლოში საქმის წარმოებამ მოსარჩელეს დააკარგვინა რვა თვე-ნახევარი). ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების 21-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემი ან სხვა ორგანოს მიერ ამ აქტით განსაზღვრულ ვადებში ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობაზე განისაზღვრებოდა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით. ამ კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ბრალეული თანამდებობის პირის _ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის, ნ. ჩ-ის დაბალი თანრიგის თანამდებობაზე გადაყვანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 იანვრის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო მოსარჩელე ამხანაგობა “ო-ის” სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე; ამხანაგობა “ო-ის” სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნ. ჩ-ის, დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ დარჩა უმოძრაოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება (ს.ფ. 41).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ო-თვის” მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2003 წლის 27 ივნისს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოიპოვა ¹..... მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ნებართვის კანონიერება სადავოდ გახადა საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა, რომელმაც სასამართლოს მიმართა პროექტის შეთანხმების შესახებ ¹20/833 ბრძანებისა და 2003 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, 2004 წლის 19 მაისს სასამართლო განჩინების საფუძველზე, შეჩერდა მშენებლობის ნებართვის მოქმედება. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. იმავე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისთვის, 2005 წლის აგვისტოში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო ძალადაკარგული, ვინაიდან მშენებლობის ნებართვა წარმოადგენდა გარკვეული ვადით მინიჭებულ უფლებას და მისი მოქმედების ვადა ამოიწურა 2004 წლის 31 დეკემბერს. მშენებლობის ვადის აღდგენის შესახებ მოსარჩელემ მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს, რომელმაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აქტის გამოცემისთვის განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში არ გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მოთხოვნის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოუცემლობა წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს უარს აქტის გამოცემაზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოსთან დავის დაწყების საფუძველი იყო.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი აქტის გამოცემაზე უკანონო იყო და იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, იმავე კოდექსის 23-ე მუხლით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა იყო. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით, თუ მშენებლობა არ დასრულდებოდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეეძლო მიეღო ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ იყო, ნებართვა გაიცემოდა ნებართვის გაცემის მესამე ეტაპით დადგენილი წესით. ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრული იყო მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიები, რომლებსაც აწარმოებდა ადმინისტრაციული ორგანო. მესამე სტადია განსაზღვრავდა მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც სრულდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია კრებითი საექსპერტო დასკვნის მოქმედების შეჩერებისა და შემდგომ გაუქმების გამო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონიერების შესახებ. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მშენებლობის ვადის გაგრძელება. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა და საქმეში არსებული მასალებითაც დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვის შეჩერების საფუძველი გახდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობა. აღნიშნული დასტურდებოდა საქმეში არსებული არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის ¹16 ბრძანებით, რომლითაც შეჩერდა 2003 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვის მოქმედება მშენებლობის ნოლი ციკლის შემდგომი სამუშაოების ჩატარების ნაწილში. ამ ბრძანებას საფუძვლად დაედო შპს ,,სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს” მიერ ¹სე-81 კრებითი საექსპერტო დასკვნის მოქმედების შეჩერება. თავის მხრივ, ექსპერტიზის დასკვნის მოქმედების შეჩერების მიზეზი გახდა სასამართლო დავის მიმდინარეობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე აღარ არსებობდა ნებართვის შეჩერების საფუძველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სარჩელი მშენებლობის ნებართვისა და პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვა მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემულ იქნა კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით, თუ არ არსებობდა სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებდა კანონს, რომელიც აწესრიგებდა მსგავს ურთიერთობებს. იმავე კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებას არ საჭიროებდა ის ფაქტები, რომლებიც დადგენილი იყო ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეზე იგივე მხარეები მონაწილეობდნენ. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2003 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვა მიღებულ იქნა კანონით დადგენილი წესის დაცვით. მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მშენებლობის ნებართვის ძიებისას წარდგენილ იქნა ნებართვის მიღებისთვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მშენებლობის ნებართვის მიღებისთვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და თანმიმდევრობით განხორციელდა გარკვეული პროცედურები და გამოიცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ სანებართვო პროცედურები გრძელდებოდა შესაბამისი სტადიიდან, ამასთან, მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის განხორციელებული გარკვეული პროცედურები და გამოცემული აქტები ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მშენებლობის ვადის გაგრძელებისა და შესაბამისი ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი იყო უკანონო, ხოლო სარჩელი _ საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იყო იმდენად არასრული, რომ შეუძლებელი იყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუზუსტებია, რა წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნას _ მოპასუხისთვის იმის დავალება, რომ მას გაეგრძელებინა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა კიდევ რვა თვე-ნახევრის ვადით თუ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქალაქო სასამართლომ, სავარაუდოდ, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2006 წლის 2 მარტის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ვადის გაგრძელების ნაცვლად, მოითხოვა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში პირდაპირ იყო მითითებული, რომ მოპასუხეს _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალა, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-თვის” მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, რამდენად დასაშვები იყო ხსენებული სასარჩელო მოთხოვნა, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მეორე ნაწილში ნათლად იყო მითითებული, რომ სარჩელი იმ შემთხვევაში იყოEდასაშვები, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიმართვა მოპასუხისადმი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბუთებით ირკვეოდა, რომ მან მიმართა ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს ორჯერ, რათა მას გაეგრძელებინა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹..... მშენებლობის ნებართვის ვადა (ს.ფ. 2, 5-7, 12). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას, თუ ზემდგომი სასამართლო გამოავლენდა საქმის შეწყვეტის საფუძვლებს (სარჩელის დაუშვებლობის შემთხვევაში), მაშინ იგი ვალდებული იყო, საქმე განსახილველად დაებრუნებინა განსჯადი სასამართლოსათვის, ანუ მოცემულ შემთხვევაში _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა განეხილა (შეემოწმებინა) ხსენებული სარჩელის დასაშვებობის საკითხი. თუ მოსარჩელის მოთხოვნას საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვისაც წარმოადგენდა არა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არამედ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹....... მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება და სწორედ აღნიშნული მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ამ შემთხვევაშიც ხსენებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობდა მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესაძლებლობას (შეუძლებელი იყო კონკრეტულ სამართლებრივ ნორმაზე მითითებით, სასამართლოს დაევალებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვის გაგრძელება).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” სარჩელის მოთხოვნას თავდაპირველად წარმოადგენდა მშენებლობის ნებართვის ვადის რვა თვე-ნახევრით გაგრძელება და აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ტ. 2, ს.ფ. 3). საქალაქო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას სარჩელის მოთხოვნა ფორმულირებული იყო, როგორც მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება და აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ტ. 2, ს.ფ. 130-131). საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე “ო-ის” საბოლოო მოთხოვნად მითითებული იყო მშენებლობის ვადის გაგრძელება და “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურისათვის შესაბამისი ნებართვის გამოცემის დავალება (ტ. 2, ს.ფ. 143). სააპელაციო სასამართლომ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი, სარჩელი დასაშვები იყო, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სარჩელი, დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად, ხელახლა დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისადმი წარდგენილი განცხადებებით მოსარჩელე ითხოვდა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებას და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, რაზედაც არც ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი უარი არსებობდა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება არ იცნობდა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების ცნებას. იმ შემთხვევაში, თუკი მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადაში მშენებლობა ვერ დასრულდებოდა, აღნიშნული დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გათვალისწინებული იყო ნებართვის მფლობელზე ახალი ნებართვის გაცემა იმავე დადგენილების შესაბამისად. ამდენად, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის შემთხვევაში, აღნიშნული ნებართვის ვადაში დაუსრულებელი მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი იყო ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის გზით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი იყო სწორედ ის გარემოება, რომ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-მა” მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადაში ვერ მოასწრო მშენებლობის დასრულება და სჭირდებოდა ნებართვა მშენებლობის გასაგრძელებლად. სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იყო “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლი, რომელიც მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადაში მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა ახალი ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. მოსარჩელე სინამდვილეში თავიდანვე ითხოვდა მშენებლობის გასაგრძელებლად ახალი ნებართვის გაცემას დასახელებული დადგენილების მე-18 მუხლის შესაბამისად, მაგრამ ასეთი ახალი ნებართვის გაცემას უწოდებდა ნებართვის ვადის გაგრძელებას, რაც საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა. სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს განცხადებებით, რომელთა შინაარსიდან სრულიად გარკვევით დგინდებოდა, რომ განმცხადებლის მიზანი იყო მშენებლობის გასაგრძელებლად და დასამთავრებლად ნებართვის მიღება, რამდენადაც გაცემული ნებართვის ვადაში ვერ მოასწრო მშენებლობის დამთავრება (ტ. 2, ს.ფ. 5-7, 12). აღნიშნული განცხადებების თანახმად, განმცხადებლის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება, თუმცა აღნიშნულ განცხადებებშიც ნაცვლად მშენებლობის დასასრულებლად ნებართვის გაცემისა, განმცხადებელი იყენებდა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების ცნებას.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მოცემული განცხადებები უნდა შეფასებულიყო მათი შინაარსის მიხედვით და განხილულიყო, როგორც “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, მშენებლობის ვადის გასაგრძელებლად მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნა, რამდენადაც მითითებული ნორმა მშენებლობის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებდა ახალი ნებართვის გაცემის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” ზემოაღნიშნულ განცხადებებზე მოპასუხეს პასუხი არ გაუცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსადმი მოსარჩელის მიმართვის საქმეში არსებობა უნდა განხილულიყო, როგორც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი სავალდებულო პირობის _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის პირობა _ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რის გამოც არ არსებობდა ამ საფუძვლით სარჩელის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საჭიროება. ამდენად, კასატორის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ, ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. რაც შეეხებოდა კასატორის მოთხოვნას საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დავის არსებითად გადაწყვეტის გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ იგი მოკლებული იყო აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა საკასაციო სასამართლოს მიერ პროცესუალურად შეუძლებელი იყო, ვინაიდან საქმეზე ჯერ არ არსებობდა არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო საკასაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს წყვეტდა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შემდგომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ქალაქ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალა დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” განცხადებებთან დაკავშირებით, იმავე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, მაგრამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, რათა ამ უკანასკნელს გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო-თვის” მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად კი მითითებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 33-ე მუხლები, თუმცა სასამართლოს არ განუმარტავს, ამ კოდექსის 33-ე მუხლის რომელი ნაწილით იხელმძღვანელა. გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ საქალაქო სასამართლომ თავად მოაწესრიგა სადავო საკითხი, ანუ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით, როდესაც ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაავალა ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტის გამოცემა და ამავე დროს განუსაზღვრა მას აქტის შინაარსი (მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ). ცხადია, თუ სასამართლოს მიაჩნდა, რომ თავად უნდა მოეწესრიგებინა სადავო საკითხი, მაშინ მას ადმინისტრაციული ორგანოსათვის კი არ უნდა დაევალებინა კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, არამედ თავადვე (ფორმალური თვალსაზრისითაც) უნდა მიეღო გადაწყვეტილება ამხანაგობისათვის სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არამედ იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავად ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაევალებინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” განცხადებებთან დაკავშირებით. აქ იგულისხმებოდა მოსარჩელის ორი განცხადება ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიმართ, რათა ამ უკანასკნელს გაეგრძელებინა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვის ვადა (ს.ფ. 2; 5-7; 12). მოსარჩელემ მესამეჯერაც მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, მაგრამ აღნიშნული მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენდა, რადგან იგი სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2006 წლის 12 დეკემბერს იქნა წარდგენილი (ს.ფ. 185), ანუ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით და მე-6 მუხლით. შესაბამისად, იგი არ უნდა ჩარეულიყო ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებაში და თავად არ უნდა განესაზღვრა ადმინისტრაციული აქტის შინაარსი _ გაეცა თუ არა მშენებლობის ნებართვა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ზე”.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა დავალებოდა დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 1 თვის ვადაში საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” განცხადებებთან დაკავშირებით. დასაბუთებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში იგულისხმებოდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და საქმის გარემოებათა სრულად გამოკვლევის შემდეგ, მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება ამხანაგობა “ო-ის” განცხადებების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-მა”.
კასატორი განმარტავს, რომ 2001 წლის 12 დეკემბერს ....... ¹14-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე თავის, 930-940-ე მუხლების შესაბამისად, შეიქმნა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-ი”, რომელმაც განახორციელა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით _ გაიარა მიწის საკადასტრო რეგისტრაცია, დაუკვეთა პროექტი ქ. თბილისის მერიის შპს “თ-ს”. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მოთხოვნით, ვინაიდან არ არსებობდა სამშენებლო ტერიტორიის განვითარების გენგეგმა და “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ცალკეული არქიტექტურული ობიექტის მშენებლობისას, როდესაც არ არსებობს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია, არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო სამუშაოების საფუძველზე, რომელთა შესრულებასაც უზრუნველყოფს დამკვეთი, ხოლო მის შინაარსსა და მოცულობას განსაზღვრავს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანო, დამუშავდა მიშენების გენგეგმა. განაშენიანების პროექტმა მიიღო დადებითი დასკვნა ძეგლთა დაცვის დეპარტამენტისაგან. ზემოაღნიშნული პროცედურების საფუძველზე, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისაგან იმავე ამხანაგობამ, შეთანხმებული განაშენიანების შესაბამისად, შეიტანა შესწორება მიწის საკადასტრო რეესტრში. 2003 წლის 5 იანვარს საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-სა” და შპს ,,დ-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე. შპს ,,დ-ს” მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მინიჭებული ჰქონდა 2003 წლის 1 აპრილს გაცემული ¹3050 საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის სპეციალური მოთხოვნით, განაშენიანების პროექტს 2003 წლის 9 ივნისს ჩაუტარდა სახელმწიფო ექსპერტიზა ¹....... დადებითი დასკვნის გაცემით განაშენიანების ნაწილში. დადებითი დასკვნით, ცალკე პირველი რიგის მშენებლობისათვის, ხუთსართულიანი მრავალბინიანი ნაგებობის ექსპერტიზა შპს ,,ა-ის” დამოუკიდებელ ექსპერტ-არქიტექტორ თ. ბ-ის მიერ იქნა გაცემული შესაბამისი კოეფიციენტების ანგარიშით, ვინაიდან 14,5 ათასი მ3 მოცულობის ნაგებობა სახელმწიფო ექსპერტიზას არ ექვემდებარება. ამავე პროექტზე, მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნით, ქ. თბილისის საკრებულოს არქიტექტურისა და მშენებლობის კომისიის მიერ ჩატარდა ექსპერტიზა და გაიცა დადებითი დასკვნა. ასევე დადებითი დასკვნა გაიცა ქ. თბილისის პროკურატურის სპეციალიზებული არქიტექტურულ-საექსპერტო ჯგუფის მიერ შემოწმებისას, როდესაც 2003-2004 წლებში შემოწმება ჩაატარა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოთხოვნით.
კასატორი ასევე განმარტავს, რომ ქ. თბილისის არქმშენინსპექციამ 2003 წლის 24 ივნისს შპს ,,დ-ზე” გასცა მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ....... ¹14-ში საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-ში” მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის წარმოების ¹192 ნებართვა, რაც აიკინძა სამ ეგზემპლარად და დამოწმდა შესაბამისი ბეჭდით. ქ. თბილისის მთავარმა არქიტექტორმა 2003 წლის 27 ივნისს გასცა ¹...... მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, შპს ,,დ-მა” დაიწყო მშენებლობა ....... ¹14-ში. 2004 წლის 14 აპრილს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-ის” წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის პროექტის შეთანხმების ბრძანებისა და 2003 წლის 27 ივნისს გაცემული ¹....... მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა. სარჩელის სასამართლოში წარდგენას მოჰყვა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ მშენებლობის ნებართვის დროებით შეჩერება 0.000 ნიშნულს ზემოთ სამშენებლო სამუშაოთა ნაწილში, ვინაიდან ამ დროისათვის დამტკიცებული პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობა რელიეფში შეჭრით უკვე დასრულებული იყო, ხოლო საკითხი ეხებოდა ,,კოეფიციენტებისადმი შეუსაბამობას” 0.000 ნიშნულის ზევით ნაგებობის ნაწილში. მოქმედი რეგლამენტის მოთხოვნით კოეფიციენტების ანგარიში წარმოებს მხოლოდ მიწისზედა ნაწილის გათვალისწინებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და მიმდინარე მშენებლობის დემონტაჟის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2003 წლის 27 ივნისის ¹....... მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 18 თვით, 2004 წლის 31 დეკემბრამდე. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ 2004 წლის 14 აპრილს შეტანილი სარჩელის გამო, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, შეჩერებულ იქნა მშენებლობის ნებართვის მოქმედება საპროექტო ნიშნულ 0.000 ზევით რვა თვე-ნახევრის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ამხანაგობა ,,ო-მა” 2005 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹....... მშენებლობის ნებართვის გაგრძელება, არაბრალეულად დაუმთავრებელი ნაგებობისათვის, რაც უნდა შესრულებულიყო ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ვინაიდან აღნიშნულ განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, იმავე ამხანაგობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სარჩელის საფუძველი და მოითხოვა ახალი ნებართვის გაცემა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებული და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. საქმის მასალებით და სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2004 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2004 წლის 31 დეკემბრამდე. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ 2004 წლის 14 აპრილს შეტანილი სარჩელის გამო, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, შეჩერებულ იქნა ამ მშენებლობის ნებართვის მოქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ამხანაგობა ,,ო-მა” განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული 2003 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა მშენებლობის გასაგრძელებლად. აღნიშნულ განცხადებებს დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. ადმინისტრაციულმა ორგანომ _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა არ შეასრულა თავისი ფუნქციები და უპასუხოდ დატოვა მოსარჩელის განცხადება, არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რასაც მას კანონი ავალდებულებდა, ხოლო შემდეგ, სასამართლო სხდომებზე ვერ ახსნა, თუ რატომ არ შეასრულა კანონით მისთვის მინიჭებული ფუნქცია და არ გამოსცა დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის უარის თქმის შესახებ. საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-ი” შეეცადა, თავისი უფლებები დაეცვა სასამართლოში და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ სასამართლო დავის არსებობა გამოწვეულია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სრულიად დაუსაბუთებელი და კანონიერ საფუძველს მოკლებული მოქმედებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და მიმდინარე მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო). სარჩელის შეტანიდან გავიდა სამი წელი და ყველა ინსტანციის სასამართლო, მათ შორის სააპელაციო სასამართლოც აღიარებს, რომ მოსარჩელეს ადგება მატერიალური და მორალური ზიანი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი ფუნქციების კანონით დადგენილი წესით შესრულება, რაც არანაირად არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლო ბოლომდე ვერ გაერკვა იმაში, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვის მიღებაზე. ამ ამხანაგობამ სასამართლოს მიმართა თავისი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით. ხსენებული ამხანაგობა უკვე მეხუთე წელია ამტკიცებს, რომ მისი მოთხოვნა ამ კონკრეტული ობიექტის აშენებასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და ილახება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, კონსტიტუციით გათვალისწინებული და დაცული მისი უფლებები.
კასატორი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ხოლო კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-17 მუხლის მიხედვით, ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში, ნებართვის მაძიებლის მოთხოვნისთანავე “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ნებართვის მაძიებელს გადასცეს მშენებლობის ნებართვის მოწმობა და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურს _ მშენებლობის ნებართვის მოწმობის ასლი და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი. ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის მე-3 სტადიით დადგენილი წესით, დარჩენილ სამუშაოებზე სამუშაოთა ორგანიზების განახლებული პროექტის შესაბამისად სამუშაოთა წარმოების ახალი გრაფიკით. ვინაიდან მოცემულ საქმეზე მშენებლობის პირობები შეცვლილი არ არის, ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების 21-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნებართვის გამცემი ან სხვა ორგანოს მიერ ამ აქტით განსაზღვრულ ვადებში ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონით მისთვის განსაზღვრული ვალდებულება, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს, ასევე სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებებით ამავე ამხანაგობას ძალიან დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალება გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-თვის” ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ახალი მშენებლობის ნებართვის გამოცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 10 იანვრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განჩინებით საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 6 მარტს, 12.00 საათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის სხდომაზე საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” საკასაციო საჩივრის განხილვა გადაიდო 2008 წლის 29 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-მა” შპს ,,დ-თან” გააფორმა ხელშეკრულება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე (ტ. 1, ს.ფ. 156-157). საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-მა” 2003 წლის 27 ივნისს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოიპოვა ¹....... მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 31 დეკემბრამდე (ტ. 1, ს.ფ. 8). აღნიშნული ნებართვის კანონიერება სადავოდ გახადა საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა, რომელმაც თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა პროექტის შეთანხმების შესახებ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 2 დეკემბრის ¹20/833 ბრძანებისა და 2003 წლის 27 ივნისის ¹........ მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის, ასევე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერებისა და კანონდარღვევით წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე (ტ. 1, ს.ფ. 17-18). თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მაისის განჩინების საფუძველზე, შეჩერდა ¹...... მშენებლობის ნებართვის მოქმედება (ტ. 1, ს.ფ. 16). ქ. თბილისის არქმშენინსპექციამ 2003 წლის 24 ივნისს შპს ,,დ-ზე” გასცა მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ........ ¹14-ში საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-ის” მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის წარმოების ¹192 ნებართვა (ტ. 1, ს.ფ. 161). ქ. თბილისში, ........ ¹14-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, არის საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-ის” საკუთრება (ტ. 1, ს.ფ. 175). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაAკოლეგიის 2005 წლის 15 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო (ტ. 1, ს.ფ. 212-215). საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა ,,ო-მა” განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა 2003 წლის 27 ივნისის ¹....... მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება რვა თვე-ნახევრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იძულებული იქნებოდა მიემართა სასამართლოსათვის (ტ. 2, ს.ფ 5-7, 22).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, უდავოდ დადგენილად მიაჩნია, რომ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-მა” ქ. თბილისში, ....... ¹14-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, მიიღო ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 2003 წლის 27 ივნისს გაცემული ¹....... მშენებლობის ნებართვა, რომელსაც გააჩნდა მოქმედების ვადა 2004 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ აღნიშნული ნებართვა გაცემული იყო 18 თვით. ¹...... მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეჩერდა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-გან” დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კერძოდ, საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ამ ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შედეგად _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მაისის განჩინების საფუძველზე. აღნიშნული სარჩელი რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად და სარჩელი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა 2005 წლის 15 ივლისს. აქედან გამომდინარე, საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-მა” 2004 წლის 19 მაისიდან 31 დეკემბრამდე, ანუ ¹....... მშენებლობის ნებართვის მოქმედების დარჩენილ პერიოდში ვეღარ შეძლო დაწყებული მშენებლობის გაგრძელება და დასრულება ამავე ნებართვის ფარგლებში, რის გამოც იმავე ნებართვით დასახელებული ვადის განმავლობაში იგი ვერ აწარმოებდა მშენებლობას და შესაბამისად, ვერ ახორციელებდა ამ ნებართვით მისთვის მინიჭებულ მშენებლობის უფლებას. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისთვის _ 2005 წლის აგვისტოში, ¹....... მშენებლობის ნებართვა უკვე ძალადაკარგული იყო. აღნიშნულის შემდეგ, მშენებლობის ვადის აღდგენის შესახებ მოსარჩელემ განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს, რომელმაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აქტის გამოცემისთვის განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში არ გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მოთხოვნის თაობაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს უარს აქტის გამოცემაზე, ანუ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი უმოქმედობით უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, რითაც ზიანი მიაყენა მის უფლებასა და კანონიერ ინტერესს დაწყებული მშენებლობის დამთავრებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის 2004 წლის 17 თებერვლის ¹16 ბრძანებით შეჩერდა 2003 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვის მოქმედება მშენებლობის ნოლი ციკლის შემდგომი სამუშაოების ჩატარების ნაწილში (ტ. 2, ს.ფ. 75).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “მშენებლობის ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით. თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ დასრულდა მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში, დამკვეთი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ვადის გასაგრძელებლად მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას, საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომელიც აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა არ შეასრულა თავისი ფუნქციები და უპასუხოდ დატოვა მოსარჩელის განცხადება, არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რასაც მას კანონი ავალდებულებდა, ანუ არ შეასრულა კანონით მისთვის განსაზღვრული ვალდებულება, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს, ხოლო შემდეგ, სასამართლო სხდომებზე ვერ ახსნა, თუ რატომ არ შეასრულა კანონით მისთვის მინიჭებული ფუნქცია და არ გამოსცა დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის უარის თქმის შესახებ. კასატორი მართებულად განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება კი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მისი ვადის ამოწურვის (2004 წლის 31 დეკემბერი) შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წლის 11 აგვისტოს მიღებულ იქნა ¹140 დადგენილება “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესს, მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას, ხოლო ამ დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა (მუხლი 1).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების მე-18 მუხლი შეეხება ნებართვის მოქმედების ვადას. ამ მუხლის თანახმად, ნებართვა გაიცემა წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებლის მიერ მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის გაანგარიშების შესაბამისად, ხოლო თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა. აღნიშნული დადგენილების 22-ე მუხლით განსაზღვრულია ამ დადგენილების მოქმედება დროში, კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენა სხვაგვარად რეგულირდებოდა და ამ დადგენილებით მშენებლობის ნებართვის მისაღებად მისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი წარდგენა სავალდებულოა რომელიმე ეტაპზე, ასეთი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ნებართვის გამცემს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარე სტადიაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება, რომელიც შეიცავს სპეციალურ პროცედურულ ნორმებს მშენებლობის სფეროში ნებართვის გაცემის თაობაზე, ცალსახად არ ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას და პირდაპირ მიუთითებს ნებართვით დადგენილ ვადაში მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელის მიერ ახალი ნებართვის მიღებაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 27 ივნისის ¹...... მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ, მიღებულ იქნა ახალი ნორმატიული აქტი _ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილება “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”, რომელიც ახლებურად არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესსა და კონკრეტულ პროცედურებს, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე უნდა განიხილოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საკითხი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი სანებართვო პირობების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს დაევალება განიხილოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საკითხი საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” მიმართ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაევალოს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს განიხილოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საკითხი საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა “ო-ის” მიმართ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.