ბს-1116-1067(კ-07) 17 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი (მოპასუხე) _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი _ თ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ პ. ნ-ე, წარმომადგენელი _ ა. რ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 7 დეკემბერს პ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჭიათურის რაიონის გამგეობის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2005 წელს ქ. ჭიათურაში “....” მთიდან მოწყვეტილმა, დაახლოებით 16-ტონიანმა ლოდმა დაანგრია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელემ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს _ ჭიათურის რაიონის გამგეობას. ხსენებული გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ მოსარჩელის სახლში, დააფიქსირეს მომხდარი, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურებს მიეცათ მითითება, რომ აღნიშნულზე რეაგირება მოეხდინათ. არქიტექტურის სამსახურის დაანგარიშებით, მიყენებული ზარალის ოდენობა 15300 ლარს შეადგენდა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხა დანგრეული სახლის შეკეთება-გარემონტებისათვის საჭირო სამუშაოების მინიმალურ ოდენობასაც არ ყოფნიდა, რადგან, ფაქტობრივად, სახლი თავიდან იყო ასაშენებელი. ამასთან, არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში არ იყო შესული მისი ოჯახისათვის მიყენებული ზარალის სრული ოდენობა, მაშინ, როდესაც განადგურდა ნარგავები, დაზიანდა ეზო, ღობე და საოჯახო ნივთები. ამდენად, მიყენებული ზარალი 15300 ლარზე გაცილებით მეტი იყო. მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა ჭიათურის რაიონის გამგეობას, რა დროსაც განემარტა, რომ ზარალის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესაძლებლობა არ იყო და მხოლოდ 1000 ლარით შეეძლო გამგეობას დახმარებოდა მის ოჯახს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობამ მას თავდაპირველად გამოუყო 300 ლარი, ხოლო შემდეგ _ 1000 ლარი. აღნიშნული თანხა ჩამონგრეული სახურავის სათანადოდ შეკეთებას და ჩამოტანილი ნაგვის გატანასაც არ ეყო სრულად, მაშინ, როდესაც სასწრაფოდ ჩასატარებელი იყო მთელი რიგი სამუშაოები. მოსარჩელის განმარტებით, ჭიათურის რაიონის გამგეობა, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, ვალდებული იყო, სრულად აენაზღაურებინა მისი ოჯახისათვის მიყენებული ზიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 15300 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით პ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 7 ოქტომბერს ქ. ჭიათურაში, ე.წ. “....” კლდიდან მოწყვეტილმა კირქვის ლოდმა დააზიანა ქ. ჭიათურაში, ..... ქუჩის ¹50-ში მცხოვრები პ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი. საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის წერილი ჭიათურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისადმი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ხსენებული გამგეობა შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას აღმოუჩენდა პ. ნ-ეს. საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე შპს “...” გეოლოგის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქ. ჭიათურაში, .... ქუჩის ¹50-ში მცხოვრები პ. ნ-ის საცხოვრებელ სახლს “...” მხრიდან დაეცა კირქვის ლოდი, დიამეტრით სამი მეტრი, სისქით 60-80 სმ. ლოდი დაეცა სახლს 80-100 მეტრის სიმაღლიდან, რომელიც მოსწყდა “....” კლდის ვერტიკალურ კედელს, რაც გამოწვეული იყო ნაპრალებით, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს უფრო ირეცხებოდა და ქმნიდა საშიშროებას. აღნიშნულმა ლოდმა დააზიანა პ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის სახურავი, მზიდი კედლები და ტიხრები. სახლი აუცილებლად საჭიროებდა გადახურვას და მზიდი კედლებისა და ტიხრების გამაგრებას, ლოდი ადგილზე უნდა დამტვრეულიყო პნევმატური ჩაქუჩით. ამასთან, “....” კლდის მხარეს ნაპრალების შემოწმება და ლოდების დროულად მოცილება აუცილებელი იყო, რადგან ძლიერი წვიმებისა და ყინვების დროს მოსალოდნელი იყო ქვების ცვენა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და მხარეებიც ადასტურებდნენ, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობამ პ. ნ-ეს დახმარების სახით გადასცა 1300 ლარი. ამდენად, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება გამოწვეული იყო სტიქიის შედეგად.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანისათვის 15300 ლარის გადახდის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობა იყო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო და შესაბამისად, ვალდებულიც, სრულად აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული ზიანი, რაც რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობა ვალდებული იყო, ჩაეტარებინა ე.წ. “....” კლდის გამაგრებითი სამუშაოები, რადგან აღნიშნული მონაკვეთი გამოცხადებული იყო საშიშ ან “რისკთან მიახლოებულ” ტერიტორიად. საქმეში წარმოდგენილი იყო ჭიათურის რაიონის არქიტექტურის, გეგმარებისა და რაიონის განვითარების სამსახურის უფროსის, მთავარი არქიტექტორის _ დ. ბ-ის პასუხი პ. ნ-ის რწმუნებით აღჭურვილი პირის _ ა. რ-მი, სადაც აღნიშნული იყო, რომ 1990 წელს საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ “.....” მიერ შედგენილი პროექტი ითვალისწინებდა ქ. ჭიათურაში, “....” კლდის უბანზე ჩამოქცევის საწინააღმდეგო დაცვით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები არ შესრულდა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან დაუფინანსებლობის გამო.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებდა ზიანს, ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ეს ზიანი. აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრებოდა, თუ იარსებებდა ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წანამძღვრები, კერძოდ, თუ სახეზე იქნებოდა ზიანი და ზიანი მიყენებული იქნებოდა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის იარსებებდა მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღოდა ბრალი. აღნიშნული პირობების ერთობლიობა წარმოადგენდა სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ქმედება წინ უსწრებდა შედეგს და შესაბამისად, პირველი წარმოშობდა მეორეს, ხოლო პასუხისმგებლობა დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იქნებოდა პირდაპირი (არა ირიბი) და გარდაუვალი (არა შემთხვევითი) შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედების ან უმოქმედობისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანი, რომელიც მიადგა მოსარჩელეს, იყო სტიქიური უბედურების (დაუძლეველი ძალის) შედეგი და ამდენად, არ იკვეთებოდა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული ქმედება. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის წერილზე ჭიათურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისადმი, რაც რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნულ წერილში მითითებული იყო, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობა შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩენდა დახმარებას პ. ნ-ეს, რაც ჭიათურის რაიონის გამგეობამ განახორციელა კიდეც და სტიქიის შედეგად დაზარალებულ პ. ნ-ეს გადასცა 1300 ლარი. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი გახდებოდა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება პ. ნ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ჭიათურის რაიონის გამგეობას პ. ნ-ის სასარგებლოდ 13738 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს “....” გეოლოგის შესაბამისი დასკვნით, პ. ნ-ის სახლს დაეცა 3 მეტრი დიამეტრის კირქვის ლოდი, რომელმაც დააზიანა პ. ნ-ის სახლის სახურავი, მზიდი კედლები და ტიხრები. სახლი საჭიროებდა გადახურვას, მზიდი კედლებისა და ტიხრების გამაგრებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობამ მოსარჩელეს გამოუყო 1300 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო. მოცემულ შემთხვევაში ჭიათურის რაიონის გამგეობამ მოსარჩელეს გამოუყო 1300 ლარი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, სახეზე იყო ვალდებულების აღიარება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობის ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე, გამომდინარეობდა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონიდან, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფდნენ კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას. იმავე კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზება. პ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის კაპიტალური შეკეთების ხარჯთაღრიცხვით სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭირო იყო 15038 ლარი. მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა 1300 ლარი, ანუ მას უნდა ანაზღაურებოდა 13738 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ჭიათურის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობა არასათანადო მოპასუხე იყო, რადგან გამგეობის მიერ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში, ლოდი არ მოსწყდებოდა და მოსარჩელეც არ დაზარალდებოდა. გარდა ამისა, ჭიათურის რაიონის გამგეობა ვალდებული იყო, აღმოეფხვრა სტიქიური უბედურების შედეგები “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება ჭიათურის რაიონის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე უტყუარად იყო დადგენილი ქ. ჭიათურაში, ე.წ. “...” კლდიდან მოწყვეტილი ლოდით პ. ნ-ის სახლის დაზიანების ფაქტი. ასევე, დადგენილი იყო, რომ პ. ნ-ის სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭირო იყო 15038 ლარი. ამ ნაწილში ჭიათურის რაიონის გამგეობას დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია. რაც შეეხებოდა მიყენებული ზიანის მიზეზის გამორკვევასა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად ჭიათურის რაიონის გამგეობის მიჩნევას, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებდა ზიანს, ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მისთვის ეს ზიანი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა ჭიათურის რაიონის გამგეობისაგან, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ზიანი გამოწვეული იყო გამგეობის უმოქმედობით _ ჭიათურის რაიონის გამგეობამ არაფერი იღონა, რომ ამგვარი შედეგი არ დამდგარიყო.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, უმოქმედობის გამო, ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო გარკვეულიყო, მოქმედება, რომლის განუხორციელებლობითაც პირს ზიანი მიადგა, შედიოდა თუ არა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ჭიათურის რაიონის გამგეობის ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე გამომდინარეობდა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფდნენ კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა და მიუთითა, რომ სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის უზრუნველყოფა არ ნიშნავდა სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ხსენებული გამგეობის მიერ მოსარჩელისათვის სახლის დაზიანების გამო 1300 ლარის გამოყოფის ფაქტი შეაფასა, როგორც ამ გამგეობის მიერ პ. ნ-ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულების აღიარება, მაშინ, როდესაც არ დაუსაბუთებია, თუ რომელი კონკრეტული გარემოება ან მტკიცებულება იძლეოდა ასეთი შეფასების საფუძველს, რატომ გამოირიცხებოდა აღნიშნული ფაქტის, როგორც ჭიათურის რაიონის გამგეობის მიერ გაწეული დახმარების, შეფასება.
საკასაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო სტიქიური უბედურების შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ხსენებულ საკითხზე მთელ რიგ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 თებერვლის ¹107 წერილში აღნიშნული იყო, რომ “....” კლდის თავზე მაღაროთა სამმართველოს მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია გადათხრილი იყო მანგანუმის მადნის მომპოვებელი ფირმებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რის გამოც რამდენიმე ადგილზე გაჩნდა ღრმულები და ორმოები, რომლებშიც ჩამდგარი იყო წყალი და საფრთხე ემუქრებოდა “....” კლდეს. იმავე წერილში ჭიათურის რაიონის გამგეობამ აღნიშნა, რომ ეს ადგილი იყო წერეთლის მაღაროთა სამმართველოში მისასვლელი გზა და ტერიტორიის აღდგენა-რეკულტივაცია ევალებოდა სს “....”.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. ჭიათურის ქალაქკომის აღმასკომის დაკვეთით შესრულებული სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს საავტომობილო გზების თბილისის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ “....” მიერ 1990 წელს შედგენილი ქ. ჭიათურაში, “....” კლდის უბანზე ჩამოქცევის საწინააღმდეგო დაცვის მუშა პროექტი, რაც ცხადყოფდა, რომ ქ. ჭიათურაში “....” კლდის ტერიტორია დიდი ხანია ქვების ცვენის თვალსაზრისით, საშიშ ტერიტორიას წარმოადგენდა, რის თაობაზეც უნდა სცოდნოდათ შესაბამის ორგანოებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია პ. ნ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ პ. ნ-ის სახლი საერთოდ მოშორებული იყო იმ უბანს, სადაც 1990 წლის პროექტით უნდა განხორციელებულიყო “...” კლდის გამაგრებითი სამუშაოები და 1990 წელს “....” კლდის იმ მონაკვეთზე, სადაც მოსარჩელის სახლი მდებარეობდა, რისკის ფაქტორი ან სულ არ იყო, ან იყო მინიმალური. საშიში ზონის ფარგლები გაიზარდა წლების მანძილზე კანონდარღვევით განხორციელებული მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით გარანტირებული იყო ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, ასევე რეგლამენტირებული იყო, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უზრუნველყოფდა გარემოს დაცვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კომპეტენციას გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების ორგანიზება წარმოადგენდა. “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანი და ძირითადი ამოცანა იყო, უზრუნველეყო სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, დაეცვა და შეენარჩუნებინა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემო და უზრუნველეყო გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. იმავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში, მათ შორის, სახელმწიფო კონტროლი. “გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონით შეიქმნა გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის მეშვეობითაც სამინისტრო ახორციელებდა გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლს. იმავე კანონის მე-6 მუხლის, მე-8 მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, აღნიშნული ინსპექციის ფუნქციას წარმოადგენდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. ამ მიზნით მას უფლება ჰქონდა, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეედგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განეხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოეყენებინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, განპირობებული იყო თუ არა “....” კლდიდან 16-ტონიანი ლოდის მოწყვეტა და მოსარჩელის სახლის დაზიანება არარაციონალური ბუნებათსარგებლობით, თუ აღნიშნული წარმოადგენდა კლდის ქანების დაშლის ბუნებრივ პროცესს, რაც არ იყო განპირობებული ადამიანის ზემოქმედებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, ჭიათურის რაიონის გამგეობამ მიიღო თუ არა ზომები “....” კლდეზე მადნის უკანონოდ მოპოვებისა და კლდის არარაციონალური სარგებლობის აღკვეთის, კლდის ქანების დაშლისა და კლდიდან ლოდების ცვენის თავიდან აცილების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების ორგანიზებისათვის, რასაც ითვალისწინებდა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის “დ” ქვეპუნქტი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ ვის სარგებლობაში იყო “....” კლდე, იყო თუ არა მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზია ან გარემოსდაცვითი ნებართვა, ადგილი ჰქონდა თუ არა წიაღით უკანონოდ, ან არარაციონალურ სარგებლობას და ასეთი სარგებლობის აღსაკვეთად განხორციელდა თუ არა სათანადო ღონისძიებები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ინსპექციის მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, წარმოადგენდა თუ არა საქმეზე სათანადო მოპასუხეს ჭიათურის რაიონის გამგეობა ან ხომ არ იყო საჭირო საქმეში სხვა თანამოპასუხეების ჩაბმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით პ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეებად მითითებულ იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართალოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება; პ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას პ. ნ-ის სასარგებლოდ 13738 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ქ. ჭიათურაში, ე.წ. “....” კლდიდან მოწყვეტილი ლოდით პ. ნ-ის სახლის დაზიანების ფაქტი, ასევე _ ის, რომ პ. ნ-ის სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭირო იყო 15038 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებდა ზიანს, ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ეს ზიანი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა ჭიათურის რაიონის გამგეობისაგან, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ზიანი გამოწვეული იყო ამ გამგეობის უმოქმედობით _ ჭიათურის რაიონის გამგეობამ არაფერი იღონა, რომ ამგვარი შედეგი არ დამდგარიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, უმოქმედობის გამო, ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო გარკვეულიყო, მოქმედება, რომლის განუხორციელებლობითაც პირს ზიანი მიადგა, შედიოდა თუ არა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 თებერვლის ¹107 წერილში აღნიშნული იყო, რომ “....” კლდის თავზე მაღაროთა სამმართველოს მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია გადათხრილი იყო მანგანუმის მადნის მომპოვებელი ფირმებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, სადაც რამდენიმე ადგილზე გაჩენილი იყო ღრმულები და ორმოები, რომლებშიც ჩამდგარი იყო წყალი და საფრთხე ემუქრებოდა “....” კლდეს. საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე ქ. ჭიათურის ქალაქკომის აღმასკომის დაკვეთით შესრულებული სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს საავტომობილო გზების თბილისის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ “....” მიერ 1990 წელს შედგენილი ქ. ჭიათურაში “....” კლდის უბანზე ჩამოქცევის საწინააღმდეგო დაცვის მუშა პროექტი, რაც ცხადყოფდა, რომ ქ. ჭიათურაში “....” კლდის ტერიტორია დიდი ხანია, ქვების ცვენის თვალსაზრისით, საშიშ ტერიტორიას წარმოადგენდა, რის თაობაზეც უნდა სცოდნოდათ შესაბამის ორგანოებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით გარანტირებული იყო ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კომპეტენციას წარმოადგენდა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების ორგანიზება. “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის “ა” და “გ” ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანი და ძირითადი ამოცანა იყო, უზრუნველეყო სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, დაეცვა და უზრუნველეყო გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. იმავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში, მათ შორის, სახელმწიფო კონტროლი. “გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონით შეიქმნა გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის მეშვეობითაც ხსენებული სამინისტრო ახორციელებდა გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლს. იმავე კანონის მე-6 მუხლის, მე-8 მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, აღნიშნული ინსპექციის ფუნქციას წარმოადგენდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. ამ მიზნით მას უფლება ჰქონდა, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეედგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განეხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოეყენებინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის 15 ოქტომბრის ¹01-5/3120 წერილის მე-4 პუნქტით “....” კლდიდან ლოდის მოწყვეტის მიზეზის დადგენა ცენტრის მიერ შეუძლებელი იყო, რადგან ხსენებული ფაქტი მოხდა 2005 წელს და იმჟამად ყველანაირი კვალი, როგორც მიწაზე, ასევე კლდეზე (მოწყვეტილი ლოდის ფუძეზე) განადგურებული იქნებოდა. ჭიათურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 თებერვლის ¹107 წერილიდან ირკვეოდა, რომ “....” კლდის თავზე, მაღაროთა სამმართველოს გასასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე გადათხრილი იყო მარგანეცის მომპოვებელი ფირმებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, სადაც რამდენიმე ადგილას გაჩენილი იყო ღრმულები და ორმოები, რომლებშიც ჩამდგარი იყო წყალი და საფრთხე ემუქრებოდა “...” კლდეს. ლიცენზირებისა და ნებართვების დეპარტამენტის 2007 წლის 25 სექტემბრის წერილზე დართული ნუსხით ლიცენზია ჰქონდა სს “....”, შპს “....”, შპს “....” და შპს “.....”. აღნიშნული ლიცენზიები გაცემული იყო ქალაქის ტერიტორიაზე მანგანუმის გაბნეული მადნების შესწავლა-მოპოვებისათვის, რასაც არ ჰქონდა კავშირი საშევარდნოს კლდესთან. შესაბამისად, სს “....” ან სხვა ორგანიზაცია არ წარმოადგენდა მოპასუხეს მოცემულ საქმეში. სს “....” გენერალური დირექტორისადმი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 თებერვლის ¹108 წერილის მიხედვით, “....” კლდის თავზე მოსახლეობისა და კერძო ფირმების მიერ ხდებოდა მარგანეცის მადნის უკანონო მოპოვება, რის გამოც ჩნდებოდა ღრმულები და ორმოები, ღრმულებში დგებოდა წყალი, რომელიც ჩაედინებოდა “....” კლდის ნაპრალებში, რის შედეგადაც მოსალოდნელი იყო “საშევარდნოს” კლდის დაშლა, რაც გამოიწვევდა მასიურ ქვათა ცვენას .... ქუჩაზე. მსგავს შემთხვევას ადრეც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და .... ქუჩის მოსახლეობას ექმნებოდა საგანგებო სიტუაციები და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ასევე ქვათა ცვენას შეიძლებოდა მოჰყოლოდა საცხოვრებელი სახლების ნგრევა და კომუნიკაციების მწყობრიდან გამოსვლა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის 2007 წლის 31 მაისის წერილის მიხედვით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გეოლოგიის სამსახურმა ჩაატარა სპეციალური კვლევები და დასახა გამაჯანსაღებელი რეკომენდაციები. ჩატარებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევების საფუძველზე დამუშავდა სათანადო ღონისძიებების პროექტი და გადაეცა იმჟამინდელ ჭიათურის ხელმძღვანელობას. ქ. ჭიათურაში, .... ქუჩაზე კლდეზვავებისა და ქვათაცვენებით გამოწვეული საშიშროების შესახებ გეოლოგიის სამსახურმა ჯერ კიდევ 2000 წელს ჭიათურის იმდროინდელ ხელმძღვანელობას გაუგზავნა ინფორმაცია შექმნილი სიტუაციის შესახებ და სამუშაო პროგრამა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჭიათურის რაიონის გამგებლის 2005 წლის 17 იანვრის ¹5 განკარგულების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა და შეადგინა 2005 წლის 21 იანვრის აქტი. ამ აქტის მიხედვით, ქ. ჭიათურაში, .... ქუჩის მაღლა მდებარე მაღარო, მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი გზის ბეტონის საფარველი, მანგანუმის მადნის გამოღების გამო, ავარიულ მდგომარეობაში იყო, რამდენიმე ადგილზე შესაძლებელი იყო გზის ჩამოშლა-ჩამონგრევა. რთული კლიმატური პირობებისა და მადნის მოპოვების ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის გამო, ნებისმიერ დროს მოსალოდნელი იყო ქვათაცვენის განვითარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლოდის ჩამოვარდნა გამოწვეული იყო კლიმატური პირობებისა და მადნის უკანონო მოპოვების შედეგად. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო რაიმე ზომა ამ შემთხვევის თავიდან აცილებისათვის, შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენდა მოცემულ საქმეზე მოპასუხეს, რადგან იმ პერიოდისათვის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფდნენ კატასტროფების, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას. ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, რადგან ჭიათურის რაიონის გამგეობამ არ უზრუნველყო უბედურების შედეგების ლიკვიდაცია, ანუ მისი უმოქმედობით დადგა მძიმე შედეგი, ამიტომ, მას უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურებაც, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ჭიათურის რაიონის გამგეობის უმოქმედობა იყო ბრალეულ და მიზეზობრივ კავშირში მოსარჩელის სახლის დანგრევასთან. ჭიათურის რაიონის გამგეობის პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე პირდაპირ გამომდინარეობდა მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის 2007 წლის 31 მაისის წერილის შინაარსიდან, საიდანაც ირკვეოდა, რომ გეოლოგიის სამსახურის გამოკვლევები ეცნობებოდა ჭიათურის მაშინდელ ხელმძღვანელობას სათანადო ღონისძიებების გასატარებლად. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კომპეტენციას წარმოადგენდა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების ორგანიზება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ჭიათურის რაიონის გამგეობის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისათვის გამოყოფილი 1300 ლარი მხოლოდ დახმარება იყო და არა ვალდებულების აღიარება. აღნიშნული თანხის გადაცემა გამოწვეული იყო სწორედ მოსარჩელის სახლის დანგრევით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, რამდენადაც ადგილობრივი ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენდა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების ორგანიზება და ეს ღონისძიება არ გატარებულა მოპასუხის მიერ, ამიტომ 1300 ლარის გადაცემა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, გულისხმობდა ვალდებულების აღიარებას. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად კი, ყოველი შესრულება გულისხმობდა ვალდებულების არსებობას. ასევე, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუქტის თანახმად, მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა კატასტროფების, სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზება. მოსარჩელის სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭირო იყო 15038 ლარი. მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა 1300 ლარი, შესაბამისად, მას უნდა ანაზღაურებოდა 13738 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად ჭიათურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 21 თებერვლის ¹107 წერილზე მითითებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ “....” კლდის თავზე წერეთლის მაღაროთა სამმართველოს მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია გადათხრილი იყო მარგანეცის მომპოვებელი ფირმებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, სადაც რამდენიმე ადგილას გაჩენილი იყო ღრმულები და ორმოები, რომლებშიც ჩამდგარი იყო წყალი და საფრთხე ემუქრებოდა “...” კლდეს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა აღნიშნულ წერილზე, არ გამოიკვლია და სწორი შეფასება არ მისცა მას იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული წერილით ჭიათურის რაიონის გამგეობამ მიმართა სს “....” და ითხოვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება ხსენებულ წერილში მითითებული დარღვევების აღსაკვეთად, მაშინ, როდესაც თვით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა სს “...” წერეთლის მაღაროთა სამმართველოს მისასავლელ გზას. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია და ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ მითითებულ ტერიტორიაზე მანგანუმის მომპოვებელი სხვადასხვა ფირმის მიერ ხორციელდებოდა მადნის მოპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ მათ ევალებოდათ ტერიტორიის აღდგენა-რეკონსტრუქცია.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად ქ. ჭიათურის ქალაქკომის აღმასკომის დაკვეთით შესრულებულ სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს საავტომობილო გზების თბილისის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ “....” მიერ 1990 წელს შედგენილ მუშა პროექტზე “....” კლდის უბნებზე ჩამოქცევის საწინააღმდეგო დაცვის შესახებ მითითებას. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია კლდის იმ მონაკვეთზე, რომლის ქვეშაც მოსარჩელის სახლი მდებარეობდა, რისკის ფაქტორი, საშიში ზონის გარდა, წლების მანძილზე მოსახლეობის მიერ კანონდარღვევით განხორციელებული მადნის მოპოვების შედეგად იყო გამოწვეული თუ იმ ფირმის მიერ მადნის მოპოვების შედეგად, რომლებზეც შესაბამისი ლიცენზიები იყო გაცემული, ხოლო, როგორც ზემოხსენებული მუშა პროექტიდან ირკვეოდა, პ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, იმჟამინდელი მდგომარეობით, საერთოდ არ მდებარეობდა პროექტით გათვალისწინებულ გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების საზღვრებში.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჭიათურის რაიონის გამგეობის მიერ მოსარჩელისათვის სახლის დაზიანების გამო 1300 ლარის გამოყოფის ფაქტი შეაფასა, როგორც გამგეობის მიერ პ. ნ-ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულების აღიარება, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რომელი კონკრეტული გარემოება ან მტკიცებულება იძლეოდა ასეთი შეფასების საფუძველს, რატომ გამოირიცხებოდა აღნიშნული ფაქტის, როგორც ჭიათურის რაიონის გამგეობის მხრიდან გაწეული დახმარების შეფასება, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხსენებული გამგეობის მხრიდან იქნა განხორციელებული.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ ვის სარგებლობაშია “....” კლდე, არის თუ არა მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზია ან გარემოსდაცვითი ნებართვა, ადგილი აქვს თუ არა წიაღით უკანონოდ და არარაციონალურ სარგებლობას და ასეთი სარგებლობის აღსაკვეთად განხორციელებულია თუ არა რაიმე ქმედება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ინსპექციის მიერ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გადაწყვიტა, წარმოადგენდა თუ არა მოცემულ საქმეზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა სათანადო მოპასუხეს.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფდნენ კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას, ვინაიდან სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია არ ნიშნავდა სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 21 თებერვლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა მხარეთა დასწრებით დაინიშნა 2008 წლის 3 აპრილს, 11.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2005 წელს ქ. ჭიათურაში “....” მთიდან მოწყვეტილმა, დაახლოებით 16-ტონიანმა ლოდმა დაანგრია პ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, ხოლო პ. ნ-ემ რამდენჯერმე მიმართა ჭიათურის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) და მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ტ. 1, ს.ფ. 4-6). შპს “....” გეოლოგის დასკვნის მიხედვით, ქ. ჭიათურაში, .... ქუჩის ¹50-ში მცხოვრებ პ. ნ-ის საცხოვრებელ სახლს “....” მხრიდან დაეცა კირქვის ლოდი, დიამეტრით სამი მეტრი, სისქით 60-80 სმ. ლოდი დაეცა სახლს 80-100 მეტრის სიმაღლიდან, რომელიც მოსწყდა “....” კლდის ვერტიკალურ კედელს, რაც გამოწვეული იყო ნაპრალებით, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს უფრო ირეცხებოდა და ქმნიდა საშიშროებას. ამასთან, აღნიშნულმა ლოდმა დააზიანა პ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის სახურავი, მზიდი კედლები და ტიხრები, სახლი აუცილებლად საჭიროებდა გადახურვას და მზიდი კედლებისა და ტიხრების გამაგრებას, ლოდი ადგილზე უნდა დამტვრეულიყო პნევმატური ჩაქუჩით, “....” კლდის მხარეს ნაპრალების შემოწმება და ლოდების დროულად მოცილება აუცილებელი იყო, რადგან ძლიერი წვიმებისა და ყინვების დროს მოსალოდნელი იყო ქვების ცვენა (ტ. 1, ს.ფ. 8). საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის 2005 წლის 21 ნოემბრის წერილის მიხედვით, ჭიათურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისადმი, ხსენებული გამგეობა შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას აღმოუჩენდა პ. ნ-ეს (ტ. 1, ს.ფ. 10). 2005 წელს შედგენილი ხარჯთაღრიცხვით, პ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭირო იყო 15038 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 73-76). ჭიათურის რაიონის გამგეობამ (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) პ. ნ-ეს ორჯერ მისცა თანხა, ჯერ 300 ლარის, ხოლო შემდეგ _ 1000 ლარის ოდენობით (ტ. 1, ს.ფ. 113-114). საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის 2007 წლის 31 მაისის ¹17/840 წერილის მიხედვით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, გეოლოგიის სამსახურმა ჩაატარა სპეციალური კვლევები და დასახა გამაჯანსაღებელი რეკომენდაციები, ხოლო ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების საფუძველზე დამუშავდა სათანადო ღონისძიებების პროექტი და გადაეცა ქ. ჭიათურის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას, ქ. ჭიათურაში, .... ქუჩაზე კი კლდეზვავებისა და ქვათაცვენებით გამოწვეული საშიშროების შესახებ გეოლოგიის სამსახურმა ჯერ კიდევ 2000 წელს გაუგზავნა ჭიათურის იმდროინდელ ხელმძღვანელობას ინფორმაცია შექმნილი სიტუაციის თაობაზე და სამუშაო პროგრამა (ტ. 2, ს.ფ. 22-23). ჭიათურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 21 თებერვლის ¹107 წერილში აღნიშნულია, რომ “...” კლდის თავზე მაღაროთა სამმართველოს მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია გადათხრილი იყო მანგანუმის მადნის მომპოვებელი ფირმებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, სადაც რამდენიმე ადგილზე გაჩენილი იყო ღრმულები და ორმოები, რომლებშიც ჩამდგარი იყო წყალი და საფრთხე ემუქრებოდა “...” კლდეს (ტ. 2, ს.ფ. 25). საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის 15 ოქტომბრის ¹01-5/3120 წერილის თანახმად, “....” კლდიდან ლოდის მოწყვეტის მიზეზის დადგენა შეუძლებელი იყო, რადგან ხსენებული ფაქტი მოხდა 2005 წელს და იმჟამად ყველანაირი კვალი, როგორც მიწაზე, ასევე კლდეზე (მოწყვეტილი ლოდის ფუძეზე) განადგურებული იქნებოდა (ტ. 2, ს.ფ. 36).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ პ. ნ-ის ზიანის მიყენება კომპლექსურად განაპირობა და ერთობლივად გამოიწვია, როგორც ბუნებრივმა, ანუ სტიქიურმა, ისე ადამიანურმა, ანუ ხელოვნურმა ფაქტორმა, რამაც ობიექტური თვალსაზრისით, მატერიალური გამოხატულება ჰპოვა, შესაბამისად, სტიქიური მოვლენის მოქმედებასა და შესაბამისი ვალდებული სუბიექტის _ მოპასუხის პასიურობაში, უმოქმედობაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის შესახებ, რომ ლოდის ჩამოვარდნა გამოწვეული იყო კლიმატური პირობებისა და მადნის უკანონო მოპოვების შედეგად, ხოლო ამ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) მიიღო რაიმე ზომა ამ შემთხვევის თავიდან აცილებისათვის და შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) წარმოადგენს მოცემულ საქმეზე მოპასუხეს, რადგან ჭიათურის რაიონის გამგეობამ (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) არ უზრუნველყო უბედურების შედეგების ლიკვიდაცია, ანუ მისი უმოქმედობით დადგა მძიმე შედეგი, ამიტომ მას უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურებაც, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ჭიათურის რაიონის გამგეობის უმოქმედობა ბრალეულ და მიზეზობრივ კავშირში იყო მოსარჩელის სახლის დანგრევასთან, რამდენადაც “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენდა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების ორგანიზება და აღნიშნული ღონისძიება არ გატარებულა მოპასუხის მიერ, ამიტომ პ. ნ-ის 1300 ლარის გადაცემა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, გულისხმობდა ვალდებულების აღიარებას, იმავე კოდექსის 361-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად კი, ყოველი შესრულება გულისხმობდა ვალდებულების არსებობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით რეგლამენტირებულ მავალდებულებელ ნორმაში, ჯერ ერთი, საუბარია ბრალის ორივე ფორმაზე, ანუ ზიანის მიმყენებელს გაუფრთხილებელი ბრალის შემთხვევაშიც ეკისრება ზიანის ანაზღაურება და მეორეც, მიყენებულ ზიანში, ძირითადად, აქტიური მოქმედებით მიყენებული ზიანი იგულისხმება, თუმცა ზიანი შეიძლება გამოწვეულ იქნეს ასევე უმოქმედობით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მოქმედების შესრულება ზიანის მიმყენებელი პირის ვალდებულებას წარმოადგენდა. ამასთან, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპის მიხედვით, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად ზიანის მიყენებაში მანამ, სანამ იგი არ დაამტკიცებს თავის არაბრალეულობას, მიყენებული ზიანი კი ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას ვალდებული პირის მიერ, ანუ აღდგენილ უნდა იქნეს პირვანდელი, ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა, ამ შემთხვევაში, სათანადო ფულადი კომპენსაციით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმჟამად მოქმედ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფდნენ კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას. იმავე კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზება. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია სწორედ რაიონის გამგეობის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც მას ხსენებული კანონით იმპერატიულად ევალებოდა, მით უმეტეს, თუ ამ კანონისმიერ ვალდებულებას თან ახლდა იმავე გამგეობის მიერ შესაბამისი მოვალეობის შეუსრულებლობა, რომლის შესრულება, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობდა სტიქიური უბედურების, ამით გამოწვეული უბედური შემთხვევისა და ზიანის მიყენების პრევენციას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) პ. ნ-ის სარჩელზე სათანადო მოპასუხედ, მან მოსარჩელეს ასევე სწორად აუნაზღაურა მისთვის მიყენებული ზიანი, რადგან პ. ნ-ის სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის საჭირო, ზემოხსენებული მტკიცებულებით კონკრეტულად განსაზღვრული თანხის _ 15038 ლარისა და მოსარჩელის მიერ მანამდე უკვე მიღებული თანხის _ 1300 ლარის სხვაობას წარმოადგენდა სწორედ 13738 ლარი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფდნენ კატასტროფების, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას, ვინაიდან სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია არ ნიშნავდა სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კასატორი არ მიუთითებს, რომ, თუ აღნიშნული არ გულისხმობდა ზიანის ანაზღაურებას, მაშინ რას ითვალისწინებდა სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაცია.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოება “...” და წერეთლის სახელობის მაღაროთა სამმართველოსადმი ჭიათურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) 2005 წლის 21 თებერვლის ¹108 წერილით, გამგეობამ მათ მხოლოდ სთხოვა გაეთვალისწინებინათ ქ. ჭიათურაში, .... ქუჩაზე მცხოვრებთა საშიში მდგომარეობა _ მოსახლეობისა და კერძო ფირმების მიერ მანგანუმის მადნის უკანონო მოპოვების გამო, ჩნდებოდა ღრმულები და ორმოები, რომლებშიც დგებოდა წყალი და იგი ჩაედინებოდა “....” კლდის ნაპრალებში, რაც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის სიცოცხლეს, ასევე ქვათა ცვენას შეიძლებოდა მოჰყოლოდა საცხოვრებელი სახლის ნგრევა, კომუნიკაციების მწყობრიდან გამოსვლა და უახლოეს პერიოდში დაეწყოთ “....” კლდის თავზე გაჩენილი ღრმულებისა და ორმოების ამოვსება (ტ. 1, ს.ფ. 115). მართალია, ჭიათურის რაიონის გამგებლის 2005 წლის 17 იანვრის ¹5 განკარგულების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაუყოვნებლივ აკრძალულიყო ქ. ჭიათურაში, ..... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე “....” კლდის ჩათვლით მანგანუმის მადნის უკანონო მოპოვება-შეგროვება, აგრეთვე, მადნის მოპოვების შედეგად გაჩენილი ორმოების უახლოეს დროში ამოვსება ფუჭი ქანებით, ასევე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს წარდგენოდა თხოვნა შესაბამისი თანხების გამოყოფის თაობაზე “....” კლდის გამაგრებისათვის (ტ. 1, ს.ფ. 116-117), თუმცა, მიუხედავად ამისა, ჭიათურის რაიონის გამგეობას (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) არავითარი ქმედითი ზომები არ მიუღია ქ. ჭიათურაში, ..... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა უფლებების დასაცავად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იმავე გამგეობისთვის ნამდვილად იყო ცნობილი ქ. ჭიათურაში, .... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, “....” კლდის ჩათვლით, მანგანუმის მადნის უკანონო მოპოვების შესახებ, რასაც არც თვითონ უარყოფს, მაგრამ ხსენებულმა გამგეობამ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნულის მხოლოდ აკრძალვა არ იყო საკმარისი და კასატორს ამ უკანონობის აღსაკვეთად არ მიუმართავს სათანადო სახელმწიფო ორგანოებისთვის კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 აგვისტოს წერილზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) 2007 წლის 31 აგვისტოს პასუხის მიხედვით, “....” კლდიდან ლოდის მოწყვეტის ფაქტი გამოიწვია დამჭერი გრუნტის ჩამოშლამ და გამორეცხვამ, რადგან ბუნებრივი რელიეფიდან გამომდინარე, ატმოსფერული ნალექი ზეგნებიდან აქტიურად ჩამოედინებოდა ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე, რაც იწვევდა დანაპრალებული კლდეების გამორეცხვას, ხოლო “...” კლდე წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებულ კირქვის მასას, რომელიც ზოლად ემიჯნებოდა .... ქუჩასა და წერეთლის სახელობის მაღაროთა სამმართველოსკენ მიმავალ სატრანსპორტო გზას, იმავე გამგეობისთვის კი უცნობი იყო მითითებულ ზოლზე გაცემული იყო თუ არა წიაღით სარგებლობის ლიცენზია ან გარემოსდაცვითი ნებართვა (ტ. 2, ს.ფ. 14-15).
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორის ზემოაღნიშნული პასუხიდან ნათლად ჩანს, რომ “....” კლდე მდებარეობდა სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე და იგი არ იყო რომელიმე სხვა პირის მფლობელობაში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლებოდა დაეფუძნებინა სხვა პირთა პასუხისმგებლობა პ. ნ-ის ზიანის ანაზღაურების კუთხით, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ ვის სარგებლობაში იყო “....” კლდე, იყო თუ არა მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზია ან გარემოსდაცვითი ნებართვა, ადგილი ჰქონდა თუ არა წიაღით უკანონოდ და არარაციონალურ სარგებლობას და ასეთი სარგებლობის აღსაკვეთად განხორციელებული იყო თუ არა რაიმე ქმედება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და მისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ინსპექციის მიერ, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გადაწყვიტა, წარმოადგენდა თუ არა მოცემულ საქმეზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) სათანადო მოპასუხეს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც ზემოხსენებულიდან ცხადად ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით რეგლამენტირებული ინკვიზიციურობის უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული საპროცესო პრინციპი, ანუ მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება დამატებითი ინფორმაციის, ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების წარმოსადგენად.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობის (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) უმოქმედობის გამო, ხდებოდა მანგანუმის მადნის მოპოვება, ხსენებული გამგეობა არ იჩენდა სათანადო ყურადღებას და ისედაც საშიში ზონა უფრო საშიში გახდა, იმავე გამგეობის უმოქმედობით ჩამოვარდა 18-ტონიანი ლოდი და დააზიანა პ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, რის გამოც ჭიათურის რაიონის გამგეობა (უფლებამონაცვლე _ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა) ვალდებული იყო, სრულად აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი (ტ. 1, ს.ფ. 33-37). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ, რადგან გამოწვეული ზიანის მიყენების აღსაკვეთად მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) არ გაუტარებია რაიმე ღონისძიება და ასევე არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ვინმეს დაკავება მადნის უკანონო მოპოვებისათვის, მაშინ, როდესაც დგინდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა მადნის უკანონო მოპოვებას, რასაც შედეგად პ. ნ-ის ზიანის მიყენება მოჰყვა, აღნიშნულით დაირღვა პ. ნ-ის კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების შესახებ და მისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო იმავე გამგეობის უმოქმედობით (ტ. 2, ს.ფ. 46-50).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე და მისივე ვალდებულება, აუნაზღაუროს პ. ნ-ეს მისთვის მიყენებული ზიანი, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არის დადგენილი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ანუ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთიანი კომპლექსით.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) ზემოაღნიშნული დარღვევების თაობაზე არ მიუმართავს პოლიციისათვის და გარდა ზემოთ მოხსენიებული თხოვნისა, არ განუხორციელებია არავითარი ღონისძიება. იმავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უკანონოდ ხდებოდა მანგანუმის მადნის მოპოვება, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) არავითარ რეაგირებას არ ახდენდა ამ უკანონობაზე და უფრო მეტიც, ჩამოვარდნილი ლოდი პ. ნ-ის სახლიდან ჯერაც არ არის გატანილი, რის გამოც სახეზეა დასახელებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უმოქმედობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება და არ არსებობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ჭიათურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.