Facebook Twitter
ბს-127-126(კ-08) 9 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი – გ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. ჭ-ი; ქ. რუსთავის მერიის არქიტექტურისა და ქალქმშენებლობის სამსახური; წარმომადგენელი – ხ. მ-ე;

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 8 აპრილს გ. ღ-ა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ლ. ჭ-სა და ქ. რუსთავის არქიტექტურის სამსახურის მიმართ პროექტში ცვლილებების შეტანისა და კარების სხვა მხარეზე გადატანის მოთხოვნით.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა პროექტში ცვლილების შეტანასა და სარდაფის სხვა მხარეზე გადატანას, იმ საფუძვლით, რომ ქ. რუსთავის მთავრობამ 2004 წლის 21 ივნისის დადგენილებით ლ. ჭ-ს ნება დართო შესასვლელის მოწყობაზე მე-20 მ/რ, ¹5-3 საცხოვრებელ ბინაზე. აღნიშნულით ისარგებლა მოპასუხემ და შესასვლელის მოწყობის სანაცვლოდ გააკეთა მიშენება, რითაც შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები. არასაცხოვრებელ ფართზე მოსარჩელეს გააჩნდა სარდაფი, რომელშიც ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. მოპასუხის მიშენებული სარდაფის კარი კი მას ხელს უშლიდა საწარმოო საქმიანობის განახლებაში.
ლ. ჭ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა ქ. რუსთავის საქალაქო სასამარათლოს, რომლითაც მოითხოვა უკანონოდ მოწყობილი სარდაფის ჩასასვლელის გაუქმება და ადვოკატის მომსახურების ხარჯების - 200 ლარის გ. ღ-ის დაკისრება.
მოპასუხე – ქ. რუსთავის ქალაქის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ღ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; ლ. ჭ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე – გ. ღ-ლს დაევალა უკანონოდ მოწყობილი სარდაფის ჩასასვლელის გაუქმება, ხოლო ლ. ჭ-ის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების გ. ღ-ის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ღ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომLგასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის არასწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი კანონიერების შემოწმება და საქმეზე დადგენილი და გამოკვლეული არ არის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეიცავს ერთადერთ მითითებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს და ეთანხმება მათ სამართლებრივ შეფასებას. სხვა რამე სახის დამატებით არგუმენტაციას ან სამართლებრივ მოტივაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს იმ ვითარებაში, როდესაც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც ცნობილი არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის და არ ქცეულა სასამართლო შეფასების საგნად. რაც, თავის მხრივ, გასაჩივრებულ განჩინებას აქცევს სრულიად დაუსაბუთებლად.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო აბსოლუტურად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს იმსჯელოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე.
საქალაქო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2003 წლის 21 მაისს პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ ლ. ჭ-მა მიმართა ქ. რუსთავის მერს და მოითხოვა ქ. რუსთავში, მე-20 მ/რ, ¹5 ბინაში ფართის გამოყოფა კომერციული საქმიანობისათვის და შესასვლელის მოწყობა. ქ. რუსთავის მთავრობის 2004 წლის 21 ივნისის ¹118 დადგენილებით ლ. ჭ-ს ნება დაერთო მე-20 მ/რ, ¹5/3 საცხოვრებელ ბინაში მოეწყო შესასვლელი, რის შემდეგაც შპს “ხუროთმოძღვარის” მიერ შედგა გეგმა-ნახაზი, რომელიც 2004 წლის 30 ივნისს შეთანხმდა ქ. რუსთავის მთავარ არქიტექტორთან.
საკასაციო სასამართლომ კასატორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და თვლის, რომ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს უშუალო შემხებლობა არ გააჩნია წინამდებარე დავის საგანთან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მოხმობილი ქ. რუსთავის მთავრობის 2004 წლის 21 ივნისის ¹118 დადგენილებით ლ. ჭ-ს ნება დაერთო მე-20 მ/რ-ში ¹5-3-ში საცხოვრებელ სახლში მოეწყო შესასვლელი. აღნიშნულზევეა გაცემული მეზობლების თანხმობა.
ამდენად უდავოა, რომ დადგენილებაში საუბარია საცხოვრებელ სახლში გარე პერიმეტრიდან შესასვლელის მოწყობაზე, რათა ბინა კომერციული მიზნებისათვის გახდეს ვარგისი.
გ. ღ-ის მოთხოვნის საგანს წარმოადგენს, გაუქმდეს ლ. ჭ-ის მიერ მიშენებული სარდაფის კარები და გადატანილი იქნას სხვა მხარეს.
მოცემულ ვითარებაში სასამართლოს მსჯელობის საგნად უნდა ქცეულიყო არა ის გარემოება, ლ. ჭ-ს კანონიერად ჰქონდა თუ არა სახლში შესასვლელი კარები მოწყობილი (ხაზს უსვამთ, რომ მითითებული არ წარმოადგენდა დავის საგანს), არამედ ის გარემოება, არსებობდა თუ არა მიშენებულ სარდაფზე კარების მოწყობის ნებართვა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევა. კერძოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაარღვია სასამართლოსათვის მიმართვის ექვსთვიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს არგუმენტაცია სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე დაუსაბუთებელია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ხანდაზმულობის გამოყენების მართებულობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ის გარემოება, რომ კასატორის მეუღლემ ხელი მოაწერა საცხოვრებელ სახლში კომერციული ფართის მოწყობასა და შესასვლელის გაკეთებაზე არ იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ კასატორისათვის ცნობილი იყო პროექტის არსებობა, რა კუთხითაც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნული გარემოება იქცეს დამატებითი გამოკვლევის საგნად.
საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს გადაწყვეტილებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და თვლის, რომ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი არ არის ის სამართლებრივი საფუძველი, რაც იქცა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოტივად.
საქმეში დაცულია მტკიცებულებები, საიდანაც იკვეთება, რომ ქ. რუსთავის მე-20 მკ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ¹5 მიეკუთვნება კოოპერატიულ ბინათმშენებლობას, რომლის წევრებმაც მოახდინეს სარდაფების განაწილება, 10 კვ/მ ფართის სარდაფი შეხვდა გ. ღ-ს, რომელმაც 1992 წელს სარდაფს გაუკეთა კარები ტაშკენტის ქუჩის მხრიდან და იყენებდა კომერციული მიზნებისათვის.
საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობის საგნად იქცეს ის გარემოება, თუ როდიდან მიეცა არსებული სახე გ. ღ-ის სარდაფს, იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა კარების გაჭრაზე ნებართვის გაცემას და სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადებიდან გამომდინარე რამდენადაა შესაძლებელი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმედეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.