ბს-132-131(2კ-08) 8 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ ს. შ-ე (მოსარჩელე); აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოპასუხე)
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დასაქმების შესახებ ბრძანების გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 10 მაისს ს. შ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანების ბათილად ცნობა, დ. ბ-ის, დ. ჯ-სა და თ. შ-ის თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/76, ¹07-01/69 და ¹07-01/68 ბრძანებების ბათილად ცნობა, აგრეთვე მოპასუხის დავალდებულება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2005 წლის 25 ივლისს გამოცხადებულ კონკურსში გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებით ჩაირიცხა საჯარო მოხელეთა რეზერვში და 2006 წლის 1 აგვისტოდან დაინიშნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის ....... აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილების საფუძველზე მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებით დამტკიცდა 27 საშტატო ერთეული და სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაუქმდა რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო წარმოება-მომსახურების დეპარტამენტი, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე წამყვან სპეციალისტად. სამინისტროში ნაცვლად გაუქმებული ქვედანაყოფისა, შეიქმნა ორი ახალი _ ადმინისტრაციული და სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი, ხოლო სულ დამტკიცდა ოთხი დეპარტამენტი. სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მინისტრის მიერ გამოიცა პერსონალურად თითოეული მოხელის მიმართ ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ შორის, 2007 წლის 10 აპრილის ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს საშტატო ნუსხის მიხედვით, საჯარო მოხელეთა დანიშვნის დროს უხეშად დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 29-ე, 30-ე, 77-ე, 113-ე და 118-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან მოსარჩელე, როგორც განყოფილების გამგის რანგში კონკურსგავლილი, ორი უმაღლესი განათლებით, სწავლული აგრონომისა და ეკონომისტის კვალიფიკაციის მქონე, სოფლის მეურნეობაში მუშაობის 28-წლიანი სტაჟით, სარგებლობდა შტატების შემცირების დროს სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლებით. აღნიშნულის მიუხედავად, თანამდებობაზე დაინიშნა გამოცდების ჩაუბარებლად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირები.
მოსარჩელის მითითებით, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანების თანახმად დამტკიცებულ სამინისტროს, საშტატო ნუსხის თანახმად, დაემატა 2 მძღოლის საშტატო ერთეული და ნაცვლად 18 საჯარო მოხელისა, სამუშაოდან გათავისუფლდა 20 სპეციალისტი (იხ. ს.ფ. 1-3; ტ.I).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის განჩინებით ს. შ-ის სარჩელი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/76, ¹07-01/69 და ¹07-01/68 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში _ დაუშვებლად და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა (იხ. ს.ფ. 50-53; ტ.I).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. შ-ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში (იხ. ს.ფ. 56-57; ტ.I).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით ს. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისის განჩინება (იხ. ს.ფ. 62-64; ტ.I.).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება (იხ. ს.ფ. 99; ტ.I.).
ს. შ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა შემდეგი მოტივით:
მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელე გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სადავო ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
მოსარჩელე არ არის კონკურსში გამარჯვებული, მან ვერ დააგროვა საკმარისი ქულები. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულნი იყვნენ თანამშრომლები, მაგრამ მათი დასაქმება ვერ მოხდა, რადგან სამინისტროში რეალურად მოხდა შემცირება. რეორგანიზაციის შედეგად დარჩა 4 დეპარტამენტი. ამდენად, სამინისტროში მოხდა შემცირება და შეიქმნა სრულიად ახალი დეპარტამენტები ახალი ფუნქციებით და დასაქმდნენ ახალი თანამშრომლები (იხ. ს.ფ. 101-102; ტ.I.).
საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების დროს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და იმ მოტივით, რომ აღარ არსებობდა ის თანამდებობა, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მისი დასაქმების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ (იხ. ს.ფ. 101; ტ.I.).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. შ-ე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹01-06/91 ბრძანებით ჩაირიცხა საჯარო მოხელეთა რეზერვში, ხოლო 2006 წლის 1 აგვისტოდან დაინიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილების საფუძველზე სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშტატო ნუსხა, რომლის თანახმადაც ნაცვლად 45 საშტატო ერთეულისა, დამტკიცდა 27 საშტატო ერთეული და სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაუქმდა რამდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტი, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე წამყვან სპეციალისტად. ახალი საშტატო ნუსხისა და დებულების შესაბამისად, სამინისტროში რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა 4 ახალი _ ადმინისტრაციული, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეფორმის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და იურიდიული დეპარტამენტი.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის შემდეგ გაუქმდა შტატით გათვალისწინებული ის თანამდებობა, რომელზედაც მუშაობდა მოსარჩელე, კერძოდ, გაუქმდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების დეპარტამენტი და ამ დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულებიც, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ახალი დეპარტამენტები, რომლებმაც შეიძინეს, განსხვავებული და გაზრდილი ფუნქციები. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციამდე არსებულ დეპარტამენტებს და მასში არსებულ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებს არანაირი საერთო არ აქვს ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებულ დეპარტამენტებთან და მასში არსებულ თანამდებობებთან. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.2 მუხლის თანახმად, ახალი საშტატო განრიგით მანამდე არსებული ფუნქციების მქონე სხვა თანამდებობის გათვალისწინება ნიშნავს არა მანამდე არსებული თანამდებობის შენარჩუნებას, არამედ შესაბამისი ფუნქციების მქონე ახალი თანამდებობის შემოღებას.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან მას ადრე გავლილი ჰქონდა კონკურსი და აქვს 28 წლიანი უწყვეტი სტაჟი, გააჩნდა უპირატესი დარჩენის უფლება და მოპასუხე ვალდებული იყო, გამოეძებნა მისთვის ახალი თანამდებობა.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა ამგვარ შეღავათს არ ითვალისწინებს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უპირატესი უფლების გამოყენების თაობაზე უსაფუძვლოა.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე მოპასუხის დავალდებულების შესახებ. სასამართლოს მითითებით, მართალია, მოსარჩელემ მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს 2007 წლის 13 აპრილს მისი სამინისტროში დასაქმების მიზნით, მაგრამ მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის წერილით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული საქალაქო სასამართლომ მიიჩნია კანონიერად და განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამუშაოზე მიიღება დანიშვნით ან არჩევით, ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილ მოხელეს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხელის სამუშაოზე მიღება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებას (იხ. ს.ფ. 106-112; ტ.I.).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, არ იმსჯელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 72-73-ე, 75-ე, 98-99-ე მუხლებისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტების მოთხოვნებზე. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სამინისტროს დებულების შესაბამისად, რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა ახალი, განსხვავებული, გაზრდილი ფუნქციები და რეორგანიზაციამდე არსებულ დეპარტამენტებში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებს არანაირი საერთო არა აქვს ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებულ დეპარტამენტებთან და მასში არსებულ თანამდებობებთან. საქმეში წარმოდგენილი აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹32 დადგენილების თანახმად, რომლითაც დამტკიცდა სამინისტროს დებულება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 27 საშტატო ერთეულით, რაც დაკავშირებულია 45 საშტატო ერთეულის 27 საშტატო ერთეულით შემცირებასთან და საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ. ამასთან, არ არის წარმოდგენილი სამინისტროს საშტატო რიცხოვნობის შემცირებამდე არსებული სამინისტროს დებულება, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა სასამართლოს დადგენილად ეცნო ძველსა და ახალ დებულებას შორის რა განსხვავებული და გაზრდილი ფუნქციები იქნა შეძენილი.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტებით.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹01-06/20 ბრძანებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცების შემდეგ წარმოიშვა ორი ვაკანსია, მაგრამ არ მოხდა მათზე რეზერვში რიცხული პირების დანიშვნა. ასევე საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების დროს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 72-73-ე, 75-ე, 98-99-ე მუხლების დარღვევაზე (იხ. ს.ფ. 122-125; ტ.I).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, ს. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანების პირველი პუნქტი ს. შ-ის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო იძულებითი განაცდურისა და სამუშაოზე დანიშვნის მოთხოვნის ნაწილში აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალდებულების შესახებ ს. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 29-30-ე, 77-ე, 113-ე და 128-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან აღნიშნული ნორმები ეხება კონკურსით დანიშვნასა და რეზერვში გასული პირების უკონკურსოდ დანიშვნას. მოსარჩელემ მიიღო რა მონაწილეობა კონკურსში, ჩაირიცხა რეზერვში და შემდეგ დაინიშნა წამყვან სპეციალისტად, ხოლო ამის შემდეგ გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან აჭარის ა/რ მთავრობის დადგენილებისა და მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 77-ე მუხლი ეხება მოხელის დაწინაურებას, რაც ვერ ჩაითვლება დარღვევად, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს სამსახურში დაწინაურება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 128-ე მუხლი განაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას საჯარო სამსახურის სფეროში, ხოლო ამავე კანონის 113-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა, რაც მოსარჩელის მიმართ განხორციელდა, ვინაიდან კონკურსში გამარჯვების შემდეგ იგი ჩარიცხული იყო რეზერვში, ხოლო შემდეგ დაინიშნა სამინისტროში წამყვან სპეციალისტად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლებული პირისათვის ახალი სამუშაო ადგილის გამოძებნა, მაგრამ 49 საშტატო ერთეულის ნაცვლად დარჩა 27 საშტატო ერთეული, შესაბამისად, სამინისტროს არა აქვს შესაძლებლობა, გამოძებნოს სამინისტროში რაიმე საშტატო ადგილი მოსარჩელისათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნა დაცული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლის მოთხოვნა, რადგან სამინისტროს 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს საშტატო ნუსხა და იმავე დღესვე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 19 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, არსებობდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტი, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე წამყვან სპეციალისტად. აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად, მითითებული დეპარტამენტი აღარ არსებობს და მის ნაცვლად შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს სხვა სამსახურს და მასში დასაქმება ადმინისტრაციის დისკრეციული უფლებამოსილებაა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოების მომსახურების დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა, ხოლო აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტში უკვე აღარ იყო ... თანამდებობა, ხოლო ახალ დეპარტამენტში სამუშაოზე მიღება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 22.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციის დისკრეციული უფლებამოსილებაა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ იმ მოტივით, რომ არ ხდება მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან მოსარჩელის გათავისუფლებისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 26-32; ტ.II.).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ს. შ-ემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით ს. შ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის მე-4 მუხლი, რადგან სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევა, რაც მოსარჩელეს არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნა, რადგან გასცდა რა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა თუ არა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია თავისი ინიციატივით მოსარჩელე გაფრთხილებული იყო თუ არა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით 2007 წლის 9 მარტს შედგენილი ხელწერილით, რომელსაც სხვა თანამშრომლებთან ერთად მოსარჩელემაც მოაწერა ხელი (იხ. ს.ფ. 93-106 ტ.II).
ს. შ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სამუშაოზე მიღებასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ახალი საშტატო განრიგის მიხედვით 27 ვაკანსიაზე სამინისტროს დაკომპლექტების დროს დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-ე მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ორ საშტატო ერთეულზე ვაკანსიის არსებობის შესახებ და რატომ არ მოხდა აღნიშნული თანამდებობების მოსარჩელისათვის შეთავაზება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლი. ასევე არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის “დ”, “ე” და “თ” პუნქტები.
კასატორის მოსაზრებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის კანონიერების შემოწმება არ არის დამოკიდებული სამსახურში აღდგენის ფაქტობრივ შესაძლებლობაზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმება და შეფასება უნდა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შესაბამისი თანამდებობის არარსებობა დაკავშირებულია მოსარჩელის შემდგომ დასაქმებასთან (იხ. ს.ფ. 79-89; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ს. შ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 128-133; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ს. შ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე დაადგინა არასწორი გადაწყვეტილება, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციის მიერ არ დარღვეულა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 29-ე, 30-ე, 77-ე, 113-ე და 128-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან აღნიშნული ნორმები არეგულირებს კონკურსით დანიშვნასა და რეზერვში ჩარიცხული პირების უკონკურსოდ დანიშვნას, მოსარჩელე კი, კონკურსის გავლის შედეგად ჩარიცხული იყო რეზერვში, რის შედეგადაც დაინიშნა .... და განხორციელებული ცვლილებების შედეგად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ასევე არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-ე მუხლის “გ” პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ს. შ-ე სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა ზემოთ აღნიშნული ნორმებზე იმ საფუძვლით, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად საჯარო მოხელეთა დანიშვნისას ადგილი ჰქონდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მითითებული მოთხოვნების დარღვევას, რადგან თანამდებობებზე დაინიშნენ კონკურსგაუვლელი მოხელეები და იგნორირებულ იქნა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით. მოსარჩელე აღნიშნული ნორმების დარღვევაზე უთითებდა ასევე სხვა მოხელეების _ დ. ბ-ის, დ. ჯ-სა და თ. შ-ის თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/76, 07-01/69 და 07-01/68 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დასასაბუთებლად, რომელზეც საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ გარემოებებზე, ასევე სააპელაციო საჩივრის მოტივებზე და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებულ სამართლებრივ ნორმებს შემხებლობა არ ჰქონდა მოცემულ დავასთან.
საქმის მასალების თანახმად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2005 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებული კონკურსის შედეგად, მოსარჩელე ს. შ-ე 2005 წლის 11 ოქტომბრის ¹01-06/91 ბრძანებით ჩაირიცხა საჯარო მოხელეთა რეზერვში, ხოლო შემდგომ დაინიშნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის ..... აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე და 97-ე მუხლების შესაბამისად, ს. შ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები იმის თაობაზე, რომ სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ამასთან, მიიჩნია, რომ სამინისტროს არ ჰქონდა შესაძლებლობა შტატების შემცირების გამო გამოეძებნა სამინისტროში რაიმე შტატი მოსარჩელისათვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლებული პირისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა. ამავე კანონის 115-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, რეზერვში ირიცხება მოხელე, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, თუ გათავისუფლებულ მოხელეს სურს ჩაირიცხოს რეზერვში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 113-ე მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნის დაცვასთან დაკავშირებით, უნდა გამოეკვლია და დაედგინა არსებობდა თუ არა მითითებული ნორმის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობა, კერძოდ, ს. შ-ე სამუშაოდან გათავისუფლების შედეგად ჩაირიცხა თუ არა მოხელეთა რეზერვში, რის პირობებშიც ადმინისტრაციას დაეკისრებოდა კანონისმიერი ვალდებულება მიეღო ზომები რეზერვში ჩარიცხული მოხელის დასაქმებისათვის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ ს. შ-ე ირიცხებოდა რეზერვში, რადგან რეზერვში ჩარიცხვის შემდეგ დაინიშნა .... თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹07-01/39 ბრძანების კანონიერების შემოწმებისას დაარღვია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს, იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ და თვითონვე განსაზღვრავენ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოტივად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლის მოთხოვნის დარღვევაზე, რომლის თანახმად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობების შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ს. შ-ეს სადავოდ არ გაუხდია ადმინისტრაციის მხრიდან კანონის მითითებული მოთხოვნის დარღვევაზე, უფრო მეტიც, საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე უთითებდა, რომ ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დაცული იყო მისი გათავისუფლებისას იყო ის გარემოება, რომ გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლის მოთხოვნის დარღვევა არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისათვის, რადგან მითითებული კანონის 108.2 მუხლის თანახმად, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენს ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასის გაცემის საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა და გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის _ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ცნო ბათილად სადავო ბრძანება ს. შ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, გაუქმდა ის დეპარტამენტი, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე და შეიქმნა სრულიად ახალი დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს სულ სხვა სამსახურს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და სათანადოდ არ შეაფასა ისინი, არ უმსჯელია იმ გარემოებებაზე, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად შექმნილი დეპარტამენტი იყო თუ არა იგივე ფუნქციებისა და ამოცანების განმახორციელებელ სამსახურს და მასში მოსარჩელის დასაქმება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას წარმოადგენს მოსარჩელის დასაქმება სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შექმნილ დეპარტამენტში, გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტის _ დისკრეციული უფლებამოსილების მეტად ზედაპირულ გაგებაში; სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას საერთოდ გამორიცხავს და ფორმალურ ნიშნამდე დაჰყავს სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საჯარო მოხელის, არამედ, მთლიანად საჯარო სამსახურისათვის. სწორედ ამგვარი ობიექტური შერჩევა განაპირობებს საჯარო სამსახურის სტაბილურ, კვალიფიციურ და ეფექტიან მუშაობას, რაც ბიუროკრატიისადმი ნდობის ხარისხს და ავტორიტეტს უნდა განაპირობებდეს.
ამგვარ ვითარებაში, როცა სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დასაბუთებულობა შეამოწმა არა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, რითაც უგულებელყო დისპოზიციურობის პრინციპი, საკასაციო სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო ვალდებულია საპროცესო სამართლის პრინციპების სრული დაცვით განიხილოს და გადაწყვიტოს დავა და საქმეზე დაადგინოს ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არაობიექტური შეფასება მისცა კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველზე დაფუძნებულ მოთხოვნას და მოსარჩელის მიერ სადავოდ არგამხდარი ფაქტის შეფასების შედეგად დააკმაყოფილა იგი, რა პირობებშიც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართლმსაჯულება განხორციელდა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია და იწვევს შესაბამის პროცესუალურ სამართლებრივ შედეგს _ საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობაზე წარდგენილი საფუძვლის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ზემომითითებულ გარემოებებზე, კერძოდ, გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ ს. შ-ის გათავისუფლებისას და ცვლილებების შედეგად შექმნილ დეპარტამენტში მოსარჩელის დასაქმებაზე უარის თქმისას მისცა თუ არა ობიექტური შეფასება მისი პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობის ხარისხს. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის არგუმენტზე იმასთან დაკაშირებით, რომ არსებობდა თუ არა ვაკანტური თანამდებობები, მით უფრო, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელის გათავისუფლებისას არსებობდა ვაკანსიები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორების მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებელია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს კანონიერი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ს. შ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.