ბს-170-159(კ-07) 13 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი _ ვ. ბ.-ა, წარმომადგენელი ე. ფ.-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი კ. ო.-ა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო, წარმომადგენელი მ. მ.-ი; ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, წარმომადგენელი ე. მ.-ე (მოპასუხეები)
მესამე პირი _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ თანხის ნაზღაურება, მომვლელის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 მარტს ვ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის 2001 წლის ნოემბრიდან 2005 წლის თებერვლის ჩათვლით საერთო მომვლელის თანხის _ 115 ლარის, 2005 წლის მარტიდან მდგომარეობის შეცვლამდე, ყოველთვიურად საერთო მომვლელის თანხის _ 141 ლარის, ყოველთვიურად მედიკამენტების შესაძენი თანხის _ 99 ლარისა და სავარძელ-ეტლის შესაძენი თანხის გადახდა, ამ უკანასკნელის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისთვის მის სასარგებლოდ სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენი თანხის _ 2001 წლის ნოემბრიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 141 ლარისა და დახმარების თანხის _ 300 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის მითითებით, 2001 წლის 6 ნოემბერს სახლის მშენებლობაზე სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო ხერხემლის ტრავმა, გულმკერდის მე-10 მალის სხეულისა და მორჩების დამსხვრეული მოტეხილობა ძვლოვანი ფრაგმენტის ცდომით ხერხემლის არხში და ზურგის ტვინის კომპრესიით. გულმკერდის მე-9 მალის წვეტიანი, განივი მოტეხილობა. მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა და მკურნელობისა, პარალიზებული აქვს კიდურები. 2001 წლის 12 დეკემბერის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით განესაზღვრა ინვალიდობის პირველი ჯგუფი უვადოდ, საერთო მომვლელის საჭიროებით. ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უუარესდება, აქვს ტკივილები, საჭიროებს მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნელობას, რისი შესაძლებლობაც არ აქვს. ჰყავს მეუღლე და შვილები. იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომაორებაში. მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, არავითარი დახმარება არ მიუღია.
მოსარჩელის მითითებით, «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვალიდთა სოციალურ დაცვას, ხელს უწყობს ინვალიდთა რეაბილიტაციას და უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით. ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ინვალიდებს ეხმარებიან როგორც ფინანსებით და ტექნიკური საშუალებებით, ისე საყოფაცხოვრებო პირობებით. ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ინვალიდებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე. «საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების» მე-2 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს ძირითად ამოცანებს განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა, ხოლო მე-13 მუხლის თანახმად _ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მექანიზმების შემუშავება. «სავალებულო სოციალური დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 და 30-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს მზღვეველს, ხოლო მე-15 მუხლის შესაბამისად, სავალდებულო სოციალური დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევებია: შესაძლებლობის შეზღუდვის დადგომა, ჯანმრთელობის დაცვა. «საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების» მე-3 მუხლის შესაბამისად, ფონდი ახორციელებს მოქალაქეთა სავალდებულო სოციალური დაზღვევის, სამედიცინო დახმარების, სოციალური დაცვის, დასაქმების სახელმწიფო პროგრამებს, ხოლო მე-4 მუხლის შესაბამისად, ვალდებულია უზრუნველყოს დახმარებების და სხვა სოციალური სადაზღვევო გასაცემლების გადარიცხვა. «საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების» მე-4 მუხლისა და «საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების» მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამედიცინო მომსახურების ბაზისური პაკეტი არის სამედიცინო დახმარების იმ მოცულობის ჩამონათვალი, რომლის საფასურის ანაზღაურებას სახელმწიფო ახდენს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მეშვეობით. «შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ინვალიდების სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესით და პირობებით. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2005 წლის 28 მარტის ¹713.03.10 ცნობის თანახმად, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2005 წლის მარტისათვის 141 ლარს შეადგენს (ს.ფ. 3, 16-18).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი საფუძველზე (ს.ფ. 48-49).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მოსარჩელის სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფა, ხოლო თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას _ ერთჯერადი ფულადი დახმარების, 300 ლარის, გაცემა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 12 დეკემბრიდან ვ. ბ.-ა მიყენებული ტრავმის საფუძველზე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი უვადოდ და «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დაცვას და უქმნის მათ საჭირო პირობებს ინდივიდუალური განვითარების, შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. ამავე კანონის 24.3 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის პირების პენსიებითა და დახმარებებით უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საპენსიო და სოციალური დაზღვევის კანონმდებლობით. «სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრულია შესაძლებლობის შეზღუდვის სავალდებულო სდაზღვევო პენსიის დანიშვნის პირობები, ოდენობა და ვადები, ხოლო «სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის ამოქმედების ვადა განსაზღვრულია 2006 წლის 1 იანვრით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, მოსარჩელე არის «შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალსიწინებული სუბიექტი, მაგრამ, ვინაიდან ნორმის შეფარდებისათვის აუცილებელია, ნორმატიული აქტი მოქმედებდეს დროში, სივრცესა და პირთა წრის მიხედვით, ანუ არსებობდეს სამივე პირობა ერთდროულად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, აღნიშნულ კანონზე მითითება უსაფუძვლოა.
მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის 2001 წლის ნოემბრიდან 2005 წლის თებერვლის ჩათვლით ყოველთვიური სერთო მომვლელის თანხის, 115 ლარისა და 2005 წლის მარტიდან სარჩელით მიმართვის დღემდე და მომავალში მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად საერთო მომვლელის თანხის _ 141 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან «შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ სოციალური მომსახურების გაწევას აღნიშნული პირთა მიმართ და არ ითვალისწინებს მომვლელისათვის თანხის გადახდის ვალდებულებას. ამასთან, ამავე კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით ხდება აღნიშნული კატეგორიის პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო დახმარება. «უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ» ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 11 მარტის ¹5-1 გადაწყვეტილებით ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა ოჯახის თითოეულ წევრზე გაანგარიშებით არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობაზე ნაკლები და მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს. მართალია, მოსარჩელე თავისი ეკონომიკური და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით განეკუთვნება აღნიშნულ პირთა კატეგორიას, ხოლო «შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სოციალურად ეხმარებიან სავარძელ-ეტლებით, მაგრამ აღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მომსახურების გაწევაზე და არა ფულად კომპენსაციაზე სავარძელ-ეტლის შესაძენად (ს.ფ. 76-79).
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. ბ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შემდეგი მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის სოლიდარულად ყოველთვიურად 2001 წლის ნოემბრიდან 2005 წლის თებერვლის ჩათვლით საერთო მომვლელის თანხის დაკისრება 115 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 2005 წლის მარტიდან მდგომარეობის შეცვლამდე საერთო მომვლელის თანხის გადახდა 141 ლარის ოდენობით; თუ სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარეშე მომვლელის თანხის გადახდას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის სოლიდარულად მომვლელის დანიშვნის დაკისრება; ყოველთვიურად მედიკამენტების შესაძენი თანხის გადახდა 99 ლარის ოდენობით; თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისათვის სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენი თანხის დაკისრება 2001 წლის ნოემბრიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 141 ლარის ოდენობით.
აპელანტის მითითებით, «შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვალიდთა სოციალურ დაცვას, ხელს უწყობს ინვალიდთა რეაბილიტაციას და უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით, ხოლო 24-ე მუხლის შესაბამისად, ინვალიდებს ეხმარებიან როგორც ფინანსებითა და ტექნიკური საშუალებებით, ისე საყოფაცხოვრებო მომსახურებით. ამავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ინვალიდებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე. ამდენად, ვ. ბ.-ს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის პირის, უფლებები აღიარებულია და უზრუნვეყოფილია სახელმწიფოს მიერ, რაც დადგენილად ცნო სასამართლომაც, მაგრამ უარი განაცხადა კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ სამართლებრივი ნორმა არ მოქმედებდა დროში, რადგან «სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ» და «სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ» საქართველოს კანონების მოქმედება 2005 წლის იანვრამდე იყო შეჩერებული. ამავე დროს აღნიშნულ არგუმენტს სასამართლოსათვის ხელი არ შეუშლია, «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე მითითებით დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა სავარძელ-ეტლის ნაწილში და, ასევე, ამავე კანონზე მითითებით არ დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა საერთო მომვლელის ნაწილში იმ მოტივით, რომ კანონის 26-ე მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ სოციალური მომსახურების გაწევას აღნიშნულ პირთა მიმართ და არ ითვალისწინებს მომვლელისათვის თანხის გადახდის ვალდებულებას. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია.
აპელანტის მოსაზრებით, «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონი აკმაყოფილებს სამივე პირობას, რომელზეც სასამართლო მიუთითებს, ანუ აღნიშნული ნორმატიული აქტი მოქმედებს დროში, სივრცეში და პირთა წრის მიხედვით. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება სწორედ «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფოზე დაკისრებულ ვალდებულებებს. არასწორია სასამართლოს მიერ «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის ნორმების ამოქმედების დაკავშირება «სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ» და «სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ» საქართველოს კანონების ამოქმედებასთან. «სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეს კანონი ადგენს სავალდებულო სადაზღვევო პენსიაზე უფლებათა წარმოშობის საფუძველს, მისი დანიშვნის და გაცემის წესს. ამავე კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სავალდებულო სადაზღვევო პენსიის დანიშვნის პირობებს, რომელთაც ვ. ბ.-ა არ აკმაყოფილებს და შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება აღნიშნული კანონი. მასზე ვერც «სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონი გავრცელდება, რადგან ვ. ბ.-ა არც ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ სავალდებულო სოციალურ დაზღვევას დაქვემდებარებულ ფიზიკურ პირთა ჩამონათვალს განეკუთვნება. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებად მითითებული იყო საერთაშორისო ხელშეკრულებები, კერძოდ: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25.1 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებთა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში. «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ» გაეროს 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციის მე-6 მუხლი შეიცავს ამ კატეგორიის პირთა უფლებების ფართო ჩამონათვალს, მათ შორისაა სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობა, სოციალური რეაბილიტაცია, ფუნქციონალური მომსახურებით სარგებლობა, კერძოდ, პროთეზებით და სხვა სახის მომსახურებით, რომელიც მისცემს მათ შესაძლებლობას, მაქსიმალურად განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები და ხელს შეუწყობს მათ სოციალური ინტეგრაციას. ვ. ბ.-ს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის უფლებები უზრუნველყოფილია და აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა. აპელანტის მითითებით, დაუშვებელია, როდესაც უფლება აღიარებულიცაა და იმავდროულად, უარყოფილიც. ასევე დაუშვებელია კანონით აღიარებული უფლების უარყოფა იმის გამო, რომ არ არის მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი. «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად არ არის მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი. იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, უარი თქვას მართლმსაჯულების განხორციელებაზე, სახელმწიფოს არ აქვს უფლება საკანონმდებლო ხელისუფლება გამოიყენოს იმგვარად, რომ ამით ხდებოდეს საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპების უარყოფა, ვინაიდან სახელმწიფო შეზღუდულია სამართლით.
აპელანტის მოსაზრებით, ასევე არასწორია საერთო საერთო მომვლელის თანხის დაკისრებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ «შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ სოციალური მომსახურების გაწევას აღნიშნული პირთ მიმართ და არ ითვალისწინებს მომვლელისათვის თანხის გადახდის ვალდებულებას. მიუხედავად ვ. ბ.-ს არაერთგზისი წერილობითი თუ ზეპირი მიმართვისა, სოციალური დაცვის ორგანოებმა მას არ დაუნიშნეს მომვლელი. ტრავმის მიღების დღიდან მას უვლის მეუღლე, რომელიც ტრავმის სიმძიმიდან გამომდნიარე (ვ. ბ.-ს წართმეული აქვს ოთხივე კიდური და ის დახმარების გარეშე საწოლშიც კი ვერ გადაადგილდება, ვერ მოძრაობს), იძულებული გახდა მიეტოვებინა სამსახური და მთელი დრო დაეთმო ვ. ბ.-ს მოვლისათვის, ანუ მეუღლე უბედური შემთხვევის დღიდან ასრულებს მომვლელის მოვალეობას, შესაბამისად, მას უნდა დაენიშნოს მომვლელის თანხა. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია მედიკამენტების, სურსათ-სანოვაგის და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენ თანხებთან დაკავშირებით, რის თაობაზეც მათ მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულებები (ს.ფ. 86-87).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ვ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ვ. ბ.-ა არის პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 2001 წლიდან უვადოდ და მას არ უტარდება რაიმე სახის მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა აღნიშნულის აუცილებლობის შესახებ საქმეშიც არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება. ვ. ბ.-მ მიმართა განცხადებებით როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, ასევე სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს და დახმარება მოითხოვა, მაგრამ აღნიშნული განცხადებების განხილვის შედეგი სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში მოცემული დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სააპელაციო საჩივრით, საქმეში არსებული სასარჩელო განცხადებით, ასევე სასამართლო სხდომის ოქმებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აპელანტმა გაზარდა თავისი მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი ვერ იმსჯელებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდისათვის სოლიდარულად მომვლელის დანიშვნის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონით, სახელმწიფო პენსიების შესახებ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით. «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონით რეალიზებულია აღნიშნული კატეგორიის პირების სოციალური, სამედიცინო, პროფესიული, განათლების, შრომითი და სხვა სახის გარანტიების შექმნა. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონალურ დაწესებულებებში. სახელმწიფო ხელს უწყობს სოციალური დახმარების სტაციონალურ დაწესებულებების ქსელის განვითარებას. კანონის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას თავისი სოციალური მომსახურების ორგანოების საშუალებით, მაგრამ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სწორად მიუთითებს, კანონი არ ითვალისწინებს მომვლელის თანხების გადახდის ვალდებულებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და აპელანტის წარმომადგენლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით ვერ დადასტურდა ვ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოთხოვნა მედიკამენტების შესაძენი თანხის თაობაზე. ამასთან, «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოცილაური დაცვის შესახებ» კანონის 24.4 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამკურნალო, ტექნიკური და სხვა სახის საშუალებებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო მომსახურება ხორციელდება უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც ადსტურია იმისა, რომ სახელმწიფო ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მედიკამენტების შეძენაში, მაგრამ მისი შესაძენი თანხების ანაზღაურების ვალდებულებას კანონი არ ცნობს. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ისანი-სამგორის რაიონული გამგეობის მიმართ სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენი თანხის გადახდის ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის მე-11 მუხლის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობით და კანონი სურსათ-სანოვაგის თანხების ანაზღაურებას არ ითვალისწინებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ამასთან, თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა გამგეობამ ვ. ბ.-ს მისცა ფულადი ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც სადავო არ გამხდარა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის 24.3 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიებითა და დახმარებებით უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საპენსიო და სოციალური დაზღვევის კანონმდებლობით. «სახელმწიფო პენსიების შესახებ» საქართველოს კანონმა, რომელიც 2006 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, გააუქმა კანონი «სავალდებულო სადაზღვევო პენსიების შესახებ» ისე, რომ აღნიშნული კანონი ძალაში არ შესულა. «სახელმწიფო პენსიების შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო პენსიების დაწესებით ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლების რეალიზებას ახდენს ეტაპობრივად, არსებული რესურსების ფარგლებში. აღნიშნული კანონი ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიის დანიშვნის პირობებს, ოდენობას და სხვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ აღნიშნული კანონით აღიარა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლება უზრუნველყოფილი იყვნენ მინიმალური საარსებო პირობებით (ს.ფ. 131-134).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის სოლიდარულად ყოველთვიურად 2001 წლის ნოემბრიდან 2005 წლის თებერვლის ჩათვლით საერთო მომვლელის თანხის დაკისრება 115 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 2005 წლის მარტიდან მდგომარეობის შეცვლამდე საერთო მომვლელის თანხის გადახდა 141 ლარის ოდენობით; თუ სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გარეშე მომვლელის თანხის გადახდას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის სოლიდარულად მომვლელის დანიშვნის დაკისრება; ყოველთვიურად მედიკამენტების შესაძენი თანხის გადახდა 99 ლარის ოდენობით; თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისათვის სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენი თანხის დაკისრება 2001 წლის ნოემბრიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 141 ლარის ოდენობით.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება ვ. ბ.-სთვის მედიკამენტოზური მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე, რადგან საქმეში არსებობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის მიერ გაცემული ფორმა ¹27, სადაც გარკვევით აღნიშნულია, რომ ვ. ბ.-ა ამჟამად საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ამრიგად, სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ იმსჯელა და შეფასების გარეშე დატოვა საქმეში არსებული მტკიცებულებები, საერთოდ არ გამოუკვლევია, არ უმსჯელია და შეფასების გარეშე დატოვა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ აღნიშნა დასკვნები და მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლომ უარყო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. საპროცესო ნორმების ამგვარმა უხეშმა დარღვევამ გამოიწვია არასწორი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და არასწორი სამართლებრივი შეფასება, რომელსაც შედეგად საქმეზე უკანონო, დაუსაბუთებელი განჩინების მიღება მოჰყვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოთხოვნა მედიკამენტების შესაძენი თანხის თაობაზე, მაშინ როდესაც, საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურით დასტურდება ფორმა ¹27-ში ჩამოთვლილი მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის ოდენობა. ამრიგად, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ იმსჯელა და შეფასების გარეშე დატოვა აპელანტის მიერ წარდგენილი და საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხარის მიერ მითითებული გარემოებები, ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განჩინების სამოტივაციო ნაწილში არ აღნიშნა დასკვნები და მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლომ უარყო აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია მედიკამენტების, სურსათ-სანოვაგის და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენ თანხებთან დაკავშირებით, რის თაობაზეც წარდგენილი იყო მტკიცებულებები და მიცემული იყო ახსნა-განმარტებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
კასატორის მითითებით, «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვალიდთა სოციალურ დაცვას, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ინვალიდთა რეაბილიტაციას და უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებით. ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ინვალიდებს ეხმარებიან, როგორც ფინანსებით (პენსია, დახმარება და სხვა), ტექნიკური საშუალებებით (სავარძელ-ეტლი, საპროთეზო-ორთოპედიული ნაკეთობები), ისე საყოფაცხოვრებო მომსახურებით. «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ინვალიდებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე. ვ. ბ.-ს მიღებული ტრამვის გამო წართმეული აქვს ოთხივე კიდური და დახმარების გარეშე საწოლშიც კი ვერ გადაადგილდება. მიუხედევად არაერთგზის წერილობითი თუ ზეპირი მიმართვისა, სოცილაური მომსახურების ორგანოებმა მას მომვლელი არ დაუნიშნეს. ტრამვის მიღების დღიდან მას უვლის მეუღლე, რომელიც, ტრამვის სიმძიმიდან გამომდინარე, იძულებული გახდა მიეტოვებინა სამსახური. მეუღლე უბედური შემთხვევის დღიდან ასრულებს მომვლელის მოვალეობას, შესაბამისად, მას უნდა დაენიშნოს მომვლელის თანხა.
მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებები აღიარებულია და უზრუნველყოფილია სახელმწიფო მიერ, რასაც სასამართლოც მიუთითებს თავის განჩინებაში, სასამართლომ უარი თქვა კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ «შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ სოციალური მომსახურების გაწევას აღნიშნულ პირთა მიმართ და არ ითვალისწინებს მომვლელისთვის თანხის გადახდის ვალდებულებას. კანონის ამგვარ განმარტებას ხელი არ შეუშლია სასამართლოსთვის, «შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის 24-ე მუხლზე მითითებით დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა სავარძელ-ეტლის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მედიკამენტების შესაძენი თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე იმ მოტივით, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მედიკამენტების შეძენაში, მაგრამ მისი შესაძენი თანხების ანაზღაურების ვალდებულებას კანონი არ იცნობს. სასამართლო, ერთი მხრივ, ცნობს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მედიკამენტების შესაძენი თანხებით, ხოლო, მეორე მხრივ, ამის საპირისპიროდ აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არ ეხმარება მედიკამენტების შესაძენი თანხების ანაზღაურებაში. კასატორის აზრით, გაუგებარია, რა განსხვავებაა მედიკამენტების შეძენასა და მედიკამენტების შესაძენი თანხის ანაზღაურებაში. სწორედ იმის გამო, რომ არ ხდება მედიკამენტების შეძენა ან შესაბამისი თანხების ანაზღაურება, ირღვევა «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლით მინიჭებული უფლება. 2001 წლიდან დღემდე, სახელმწიფო სოციალური მომსახურების ორგანოებს არ გაუღიათ არანაირი დახმარება, მათ შორის, არც შეღავათიან პირობებში.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დააკისრა ვ. ბ.-ს სასარგებლოდ ფულადი ერთჯერადი დახმარების გადახდა 300 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხის მიერ უკვე შესრულებულია და აღნიშნული საკითხი სადაოდ არ გამხდარა. სინამდვილეში სასარჩელო მოთხოვნას ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ წარმოადგენდა როგორც სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენი თანხების 141 ლარის ოდენობით დაკისრება «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ისე, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 300 ლარის დაკისრება «უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის წესის შესახებ» თბილისის საკრებულოს 2005 წლის 11 მარტის ¹5-1 გადაწყვეტილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისთვის სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნის შესაძენი თანხის 141 ლარის ოდენობით დაკისრებაზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში მიუთითებს, რომ «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფომ უზრუნველყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საარსებო მინიმუმით. «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონის რეგულირების სფერო და საგანია პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერებისა და განახლების წესისა და პირობების განსაზღვრა. კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ, მიიღონ სახელმწიფო პენსია დადგენილი ოდენობითა და წესით. არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში «სახელმწიფო პენსიის შესახებ» საქართველოს კანონზე, როგორც სამართლებრივ საფუძველზე, მითითებული არ ყოფილა. სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული იყო «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონი. ვინაიდან მოთხოვნები შეეხება საერთო მომვლელის თანხის, მედიკამენტების შესაძენი თანხების, სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენი თანხების გადახდას.
კასტორის მოსაზრებით, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მითითება მოთხოვნის გაზრდის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში, ისევე როგორც, საქალაქო სასამართლოში, იგი ითხოვდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოცილაური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის სოლიდარულად 2001 წლის ნოემბრიდან 2005 წლის თებერვლის ჩათვლით ყოველთვიურად საერთო მომვლელის თანხის _ 115 ლარის, 2005 წლის მარტიდან უვადოდ ყოველთვიურად საერთო მომვლელის თანხის _ 141 ლარის, ყოველთვიურად მედიკამენტების შესაძენი თანხის _ 99 ლარისა და სავარძელ-ეტლის შესაძენი თანხის დაკისრებას. სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ თუ სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გარეშე მომვლელის თანხის გადახდას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს სოლიდარულად დაეკისროთ მომვლელის დანიშვნა. ამასთან, არ შეცვლილა სარჩელის ფაქტობრივი და იურიდიული საფუძვლები, რაც ვერ ჩაითვლება მოთხოვნის გაზრდად. ამასთან, სამოქალაქო პროცესში აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა 2006 წლის 13 ივლისს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის და სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაშვების შემდეგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის ცვლილებამდე არსებული რედაქციით მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, არა მხოლოდ სააპელაციო საჩივარში, არამედ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც გაედიდებინა დავის საგანი. ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანა და სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაშვება მოხდა კანონის სრული დაცვით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ის ვერ იმსჯელებდა გაზრდილ მოთხოვნაზე. უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო იხილავს შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს 10 დღის განმავლობაში. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის მიზანია, შემოწმდეს, პასუხობს თუ არა სააპელაციო საჩივარი კანონის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, თუნდაც ადგილი ჰქონოდა სააპელაციო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, ამის შესახებ თვითონ სასამართლოს უნდა ემსჯელა საჩივრის მიღების დროს. სააპელაციო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ე.ი. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმების დროს არ აღუნიშნავს სასარჩელო მოთხოვნების გაზრდის თაობაზე. თუ იგი მიიჩნევდა, რომ სასარჩელო მოთხოვნა გაზრდილია, ასეთ შემთხვევაში უნდა ემსჯელა სასარჩელო მოთხოვნების გაზრდის დასაშვებობაზე და მიეღო შესაბამისი განჩინება (ს.ფ. 141-147).
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინება ვ. ბ.-სათვის მომვლელის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ვ. ბ.-ს სარჩელი მომვლელის დანიშვნის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს, დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვ. ბ.-სათვის მომვლელის დანიშვნა, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მედიკამენტების შესაძენი თანხის, სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენი თანხისა და მომვლელის თანხის ყოველთვიურად ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
«შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამკურნალწამლო, ტექნიკური და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საყოფაცხოვრებო მომსახურება ხორციელდება უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით. კანონის აღნიშნული ზოგადი მოწესრიგების პირობებში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნულ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამტკიცებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიიჩნია, რომ ამჟამად ვ. ბ.-ს არ უტარდება რაიმე სახის მედიკამენტოზური მკურნალობა და ამის აუცილებლობის შესახებ არც საქმეში მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება. საკასაციო საჩივარი აღნიშნულ საკითხზე არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას. კასატორი კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ ასაბუთებს, საჭიროებს თუ არა და რომელ კონკრეტულ მედიკამენტებს საჭიროებს ამ ეტაპზე და ყოველთვიურად. იგივე შეეხება მოთხოვნას სურსათ-სანოვაგისა და სახალხო მოხმარების საგნების შესაძენ თანხებთან დაკავშირებით. კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რომელი კონკრეტული და რა ღირებულების ნივთები სჭირდება მას აუცილებლობით ამ შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ეტაპობრივად მტკიცდება ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა პროგრამა, მაგალითად, «2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ» საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის ¹40/ნ ბრძანებით დამტკიცებულია სამედიცინო დახმარების რამდენიმე პროგრამა, მათ შორის, მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესახებ. კასატორს შეუძლია, მოითხოვოს ასეთ პროგრამებში მონაწილეობა დადგენილი წესით.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მომვლელის ხარჯების ანაზღაურების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხების ნაწილში საკასაციო საჩივარი ასევე დაუსაბუთებელია. კასატორი ითხოვს მომვლელის თანხებს 2001 წლიდან ყოველთვიურად. კასატორი, იმავდროულად, ვერ ასაბუთებს, რომ მან აღნიშნულ პერიოდში მომვლელის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა მოპასუხეებს და მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი სახელწიფოს, მისი სოციალური მომსახურების ორგანოების სახით, ავალდებულებს, მომვლელის დანიშვნაზე. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე გაუმართლებლად აცხადებს უარს და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ მომვლელზე გაწეული ხარჯები სახეზეა, ასეთ შემთხვევაში დგება საკითხი მომვლელის ხარჯების ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში კასატორი პირდაპირ ითხოვს მომვლელის თანხების ანაზღაურებას, ისე, რომ ვერ ასაბუთებს სოციალური მომსახურების ორგანოებისადმი მანამდე მომვლელის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო საამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მომვლელის დანიშვნის ნაწილში აპელანტმა საპელაციო საჩივარში გაზარდა სარჩელის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში აპელანტს მოთხოვნა მომვლელის თანხის ანაზღაურების შესახებ ჩამოყალიბებული ჰქონდა ალტერნატიული სახით, კერძოდ, ითხოვდა ან აღნიშნული თანხის ანაზღაურებას, ან მომვლელის დანიშვნას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ვ. ბ.-ს სარჩელი არ გაუზრდია და ადგილი არ აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სარჩელის შეცვლას. ამ შემთხვევაში ვ. ბ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მითითებული ნორმის საფუძველზე სარჩელის დაზუსტებას _ მომსახურების ღირებულების ნაცვლად მომსახურების გაწევის მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო იიჩნევს, რომ მომვლელის დანიშვნის მოთხოვნის ნაწილში საქმეზე არ არსებობს დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საჭიროება და ამ ნაწილში საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. ბ.-ა 2001 წლის 12 დეკემბრიდან არის პირველი ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უვადოდ, მიყენებული ტრავმის საფუძველზე. ვ. ბ.-ს მიღებული ტრავმის გამო წართმეული აქვს ოთხივე კიდური და დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება.
«შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონალურ დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში კანონი კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო ორგანო განეკუთვნება მომვლელის დანიშვნის კომპეტენციის მქონეს. საქმეში მონაწილე მოპასუხეები _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აღნიშნული სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა არ ცნობენ აღნიშნულ მოთხოვნას და უარს აცხადებენ, რომ რომელიმე მათგანი წარმოადგენს ასეთ ორგანოს. ასეთ ვითარებაში, როდესაც კანონი ამ საკითხზე არ შეიცავს კონკრეტულ მოწესრიგებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფა უნდა დაეკისროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად მისი კომპეტენციებიდან გამომდინარე, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო მმართველობასა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მით უფრო, რომ «შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ზემოაღნიშნული ნორმა მომვლელის დანიშვნას უკავშირებს არამარტო საყოფაცხოვრებო, არამედ სამედიცინო მომსახურებას ბინაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იღებს ახალ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინება ვ. ბ.-სათვის მომვლელის დანიშვნის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ბ.-ს სარჩელი მომვლელის დანიშვნის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვ. ბ.-სათვის მომვლელის დანიშვნა;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.