ბს-197-186(კ-07) 11 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. ყ- (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინება
სარჩელის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 ნოემბერს ე. ყ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1969 წლიდან მუშაობდა ქ. ბათუმის ¹1 საშუალო სკოლაში ... პედაგოგად და იყო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, მუშაობის პერიოდში მიღებული ჰქონდა უამრავი მადლობის ბარათი და სიგელი. იმავე პერიოდში მუშაობდა ქ. ბათუმის საქალაქო მათემატიკის მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელად. 2004 წლის სექტემბერში ქ. ბათუმის ელემენტარული და დ. აღმაშენებლის სახელობის ... გაერთიანდა. აღნიშნული გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებულ ქ. ბათუმის ¹2 საშუალო სკოლაში ე. ყ-ე დაინიშნა დირექტორის ...ედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში. 2005 წლის თებერვალში აჭარის ა/რ განათლების მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სკოლის დირექტორი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და ხსენებულ სკოლებში დირექტორის მოვალეობის შესრულება დირექტორის მოადგილეებს დაევალათ. მოსარჩელის მიერ ქ. ბათუმის ¹2 საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულებისას ხსენებულ სკოლას ჰქონდა გარკვეული წარმატებები, რაც აღინიშნა შესაბამისი სიგელებით.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 21 ოქტომბერს ქ. ბათუმის ¹2 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების სასწავლო ნაწილის გამგე ნ. ფ-სგან შეიტყო, რომ ბათუმის განათლების განყოფილების გამგის 2005 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით გათავისუფლებული იყო ქ. ბათუმის ¹2 საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და აღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად ნ. ფ-ა დაინიშნა. იმავე დღეს ნ. ფ-მ შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი და მოსარჩელეს აღნიშნულ აქტზე ხელის მოწერა მოსთხოვა, რაზეც მან უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მას ზემოხსენებული ბრძანება არ ჩაჰბარებია. 2005 წლის 21 ოქტომბერსვე მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს ¹541/კ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ ხსენებულ ბრძანებაში არ იყო მითითებული გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნული ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან 2005 წლის 23 აგვისტოდან, მაშინ, როდესაც იგი აგრძელებდა მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე და მიღებული ჰქონდა სექტემბრის ხელფასი. ამასთან, მოსარჩელეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა მხოლოდ 2005 წლის 15 ნოემბერს.
მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებოდა იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ, რაც მის შემთხვევაში არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან მოსარჩელე იყო უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, მუშაობის პერიოდში მიღებული ჰქონდა უამრავი მადლობის ბარათი და სიგელი, ჰქონდა მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს ¹541/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ყ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებით ე. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ყ- ქ. ბათუმის ¹2 საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 18 თებერვლის ¹52 ბრძანებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს ¹541/კ ბრძანებით ე. ყ-ე გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია, ვადამდე გაათავისუფლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც, დირექტორის გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. მითითებული კანონის შესაბამისად, დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, ვადამდე გაათავისუფლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ყ-ე იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უფლება ჰქონდა გაეთავისუფლებინა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი მოიცავდა შრომის ხელშეკრულების ადმინისტრაციის ინიციატივით შეწყვეტის ცალკეულ შემთხვევებს. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის თანახმად კი, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეეძლო ვადამდე მოეთხოვა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-4, მე-6 მუხლებისა და “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულების თანახმად, ე. ყ- საჯარო მოხელეთა კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა და აღნიშნული კანონის მოქმედება მასზე ვერ გავრცელდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინება ე. ყ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად მიუთითა, რომ სკოლის დირექტორი საჯარო მოხელეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული თანამდებობა არ არის გათვალისწინებული “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით.
კასატორი მიუთითებს, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც, დირექტორის გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. მითითებული კანონის შესაბამისად, დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია, ვადამდე გაათავისუფლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამდენად, ზემოთ მითითებული მუხლის თანახმად, ხსენებული კანონის ამოქმედება ეხება ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რაც გულისხმობს, რომ მოსარჩელეზე, როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი უნდა გავრცელებულიყო, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში კი არ იყო მითითებული გათავისუფლების საფუძველი, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას წარმოადგენდა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად მიუთითა, რომ ე. ყ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა არა შტატების შემცირების გამო, არამედ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დაცულ იქნა ფორმალურ-მატერიალური კანონიერების მოთხოვნები, რის გამოც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა მისი და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინებისა და სხდომაზე მათი დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ყ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 15 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 17 მაისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ე. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 11 ივლისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ე. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე. ყ-ე, რომელიც მუშაობდა ქ. ბათუმის ¹2 საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს ¹541/კ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე (ს.ფ. 11). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹303ვ/კ ბრძანებით ნ. ფ-ა დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქ. ბათუმის ¹2 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად (ს.ფ. 28).
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე, უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც, ხელმძღვანელის (დირექტორის) გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნა, ისევე, როგორც თანამდებობიდან მისი გათავისუფლება, წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომელსაც იგი ახორციელებს ერთპიროვნულად, ყოველგვარი დამატებითი საკანონმდებლო დათქმისა და პირობის გარეშე, თავისი შეხედულებისამებრ და იგი უფლებამოსილია, დაკავებული თანამდებობიდან ვადამდე გაათავისუფლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომაც მართებულად მიუთითა, რომ ე. ყ-ე იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უფლება ჰქონდა გაეთავისუფლებინა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად მიუთითა, რომ სკოლის დირექტორი საჯარო მოხელეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული თანამდებობა არ არის გათვალისწინებული “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველ თავში (ზოგადი დებულებანი) შემავალ მე-2, მე-4 და მე-6 მუხლებსა და “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი არ არის შეყვანილი.
საკასაციო სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ ე. ყ-ის მიერ გასაჩივრებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს ¹541/კ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ხელმძღვანელს _ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს და შეიცავს აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ავტორი; სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან _ მისი გამოცემის საფუძველია საჯარო სამართლის სფეროში შემავალი “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ; საჯარო დაწესებულების ნების შესაბამისად, კონკრეტული ღონისძიება მიმართულია უშუალო სამართლებრივი შედეგის ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით, უცილობლად წარმოშობისკენ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ფუნქციური დატვირთვა ძირითადად მმართველობითი ხასიათის ღონისძიებებით განისაზღვრება. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება) თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავე კანონის მე-9 მუხლის (საქმიანობა) პირველ პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. ხსენებული კანონის მე-10 მუხლის (მართვა და წარმომადგენლობა) მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა. იმავე კანონის მე-11 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო), სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. დასახელებული კანონის მე-12 მუხლში ჩამოთვლილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შემადგენელი ის ქმედებები, რომელთა განხორციელება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან თანხმობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებში ორგანულადაა ჩადებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მისი ხელმძღვანელის საქმიანობის მმართველობითი ხასიათი, ასევე _ სახელმწიფო კონტროლისა და შესაბამისი სახის საქმიანობაზე ხელმძღვანელის სახელისუფლებო შეზღუდვის ელემენტი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს ¹541/კ ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლოა ე. ყ-ის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნებიც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა მისი და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინებისა და სხდომაზე მათი დასწრების გარეშე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ე. ყ-სა და მის წარმომადგენელ დ. ჭ-ს დროულად გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ შესაბამისი სასამართლო შეტყობინებები (ს.ფ. 88-91), თუმცა ისინი არ გამოცხადდნენ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (ს.ფ. 92).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი ე. ყ-ს სააპელაციო საჩივრისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ე. ყ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.