Facebook Twitter
¹ბს-21-21(კ-07) 21 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
შემადგენლობა:

კონსტანტინე კუბლაშვილი (თავმჯდომარე)

მიხეილ გოგიშვილი

მიხეილ ჩინჩალაძე

ზაზა მეიშვილი

მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

ლალი ლაზარაშვილი

როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. ბ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ პენსიის დანიშვნა მოქმედი პროკურორის ხელფასის ოდენობის შესაბამისად, პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 30 მარტს ა. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ. მან სამისდღეშიო საპენსიო უზრუნველყოფის უფლების საფუძველზე, მოითხოვა მოქმედი პროკურორის ხელფასის შესაბამისად, თვეში _ 1700 ლარის სრული საპენსიო უზრუნველყოფისა და 2006 წლის იანვრიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე ყოველთვიურად _ 895 ლარის პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის (2004 წლის 30 ივნისის ¹279-რს ცვლილება) საფუძველზე დანიშნული ჰქონდა სამისდღეშიო პენსია კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლებოდა მოქმედი პროკურორის ხელფასის ცვლილებასთან ერთად. 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებული ¹248-რს კანონით, ზემოაღნიშნული კანონის მე-40 მუხლიდან, სხვა პუნქტებთან ერთად, ამოღებულ იქნა მე-10 პუნქტიც. 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა ¹2549-რს კანონი “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. ამ კანონით სამისდღეშიო პენსია შეიცვალა ყოველთვიური კომპენსაციით და აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 560 ლარით. ამის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუმცირდა პენსია 805 ლარიდან 560 ლარამდე _ ანუ 245 ლარით და 2006 წლის იანვარ-მარტში დაუკავეს 735 ლარი.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ზემოაღნიშნულის უფლება არ ჰქონდა, რადგან ამით მოსარჩელის მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ, როდესაც “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია არ ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას. ამასთან, მითითებული კანონის 36-ე მუხლი გარდამავალი დებულების სახით მოიცავდა ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნების შესახებ დადგენილ ნორმას. ამით ხსენებულმა კანონმა მე-7 მუხლით განსაზღვრულ კომპენსაციის ზედა ზღვარს უკუქცევითი ძალა არ მისცა. ამასთან, არ შეიძლებოდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონს მისცემოდა უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანი იყო ან აუარესებდა პირის მდგომარეობას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სამისდღეშიო საპენსიო უზრუნველყოფა ზემოაღნიშნული ორგანული კანონით იყო დადგენილი და გარანტირებული და მისი შეზღუდვა დაუშვებელი იყო მასზე ქვემდგომი კანონით.
ა. ბ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც დააკონკრეტა მის მიერ მოთხოვნილ პენსიებს შორის სხვაობის თანხის ოდენობა და აღნიშნა, რომ ხსენებული თანხა 2006 წლის მაისის ჩათვლით შეადგენდა 4475 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას ა. ბ.-მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისგან სამისდღეშიო საპენსიო უზრუნველყოფის უფლების საფუძველზე მოქმედი პროკურორის ხელფასის შესაბამისად, თვეში _ 1700 ლარის სრული საპენსიო უზრუნველყოფა და 2006 წლის იანვრიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე ყოველთვიურად _ 1140 ლარის პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურება მოითხოვა.
ა. ბ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინა კიდევ ერთი დაზუსტებული სარჩელი და დამატებით მიუთითა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 37-ე მუხლებით იმავე კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლების შენარჩუნება იყო შეუვალი, სამისდღეშიო საპენსიო უფლების საუარესოდ შეცვლა ეროვნული და საერთაშორისო აქტების მიხედვით, იყო დაუშვებელი. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, ჰქონდა სოციალური უზრუნველყოფის, ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო იმავე დეკლარაციის 28-ე მუხლის მიხედვით, უფლება, მოეთხოვა სოციალური წესრიგი. “ევროპის სოციალური ქარტიის” მე-12 მუხლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელებისათვის, მონაწილე მხარეები ვალდებულებას იღებდნენ შეენარჩუნებინათ სოციალური უზრუნველყოფის სფეროში არსებული კანონმდებლობის თანახმად მიღებული შეღავათები. საქართველო მიერთებული იყო აღნიშნულ საერთაშორისო აქტებს.
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინა შესაგებელი ა. ბ.-ის სასარჩელო განცხადებაზე და მოითხოვა ა. ბ.-სათვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან ხსენებული სარჩელი არ აკმაყოფილებდა იმავე კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
შესაგებლის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უარი მისთვის პენსიის აღდგენის თაობაზე გაგზავნილ იქნა 2006 წლის 28 თებერვალს, მის განმეორებით შესულ განცხადებაზე კი _ 2006 წლის 10 მარტს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარდგენოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო იმავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, ა. ბ.-ის სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძვლად კი ვერ იქნებოდა გამოყენებული აღნიშნული კოდექსის 24-ე მუხლი (სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე). საპენსიო თანხის გაზრდის ან მიუღებელი საპენსიო სხვაობის ანაზღაურების ყველა შემთხვევაში გამოიცემოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
შესაგებლის ავტორის მითითებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ ა. ბ.-მ დაზუსტებული სარჩელით კი არ დააზუსტა, არამედ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მხარეებიც არ ხდიდნენ სადავოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელე ა. ბ.-ს გააჩნდა პროკურატურისა და სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 52 წლის სტაჟი და ,,პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონით 2003 წლის ივლისიდან დაენიშნა პენსია მოქმედი პროკურორის ხელფასის სრული ოდენობით (აღნიშნული საპენსიო უფლება შემდგომში აისახა ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში). 2004 წლის 30 ივნისს ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, აღნიშნული ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ა. ბ.-ს სამისდღეშიოდ დაენიშნა პენსია მოქმედი პროკურორის ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლებოდა მოქმედი პროკურორის ხელფასის ცვლილებასთან ერთად. აღნიშნულმა ორგანულმა კანონმა 2004 წლის 29 დეკემბერს კვლავ განიცადა ცვლილება და მე-401 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 25 წელზე მეტი ნამსახურობის მქონე მუშაკს ხელფასის დანამატი განესაზღვრა 15%-ით. ამრიგად, მოსარჩელეს 2004 წლის ივლისიდან მოქმედი პროკურორის ხელფასის _ 700 ლარის 15%-ის დანამატით ეძლეოდა 805 ლარი სამისდღეშიო უფლებით _ ასევე მოქმედი პროკურორის ხელფასის ცვლილების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებული ¹248-რს ორგანული კანონით ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონიდან ამოღებულ იქნა მე-40 მუხლის მე-10 და მე-401 მუხლის მე-5 პუნქტები. ამავე დროს, 2005 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის საფუძველზე, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ მოსარჩელე ა. ბ.-ს შეუწყდა სამისდღეშიო პენსიის გაცემა 805 ლარის ოდენობით და 2006 წლის იანვრიდან გაუგრძელდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა 560 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ა. ბ.-მ უკანონოდ მიიჩნია მოპასუხის აღნიშნული ქმედება და 2006 წლის 21 თებერვალს შესაბამისი განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, რომლის პასუხით განემარტა, რომ მას კომპენსაციის ოდენობა 560 ლარით განესაზღვრა კანონმდებლობის სრული დაცვით, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად. საქმეში არსებული საქართველოს გენერალური პროკურატურის 2006 წლის 27 მარტის წერილით ირკვეოდა და მხარეებიც სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან რაიონის მოქმედი პროკურორის ხელფასი შეადგენდა 1700 ლარს. მოსარჩელე თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა ორ ძირითად არგუმენტზე. პირველი მათგანი მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, დაუშვებელი იყო კანონს მინიჭებოდა უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანი იყო ან აუარესებდა პირის მდგომარეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არასწორად განმარტავდა ხსენებულ ნორმას, რადგან იგი ანიჭებდა მას აბსოლუტურ ძალას და უსადაგებდა ყველა იმ შემთხვევას, როდესაც საკანონმდებლო აქტით რაიმე სახით შეიძლებოდა საუარესოდ დარეგულირებულიყო ესა თუ ის სამართლებრივი ურთიერთობა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით ცალსახად იყო განსაზღვრული, რომ ეს კოდექსი აწესრიგებდა პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს, რის გამოც ხსენებული კოდექსის მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც, არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას, ვრცელდებოდა მხოლოდ კერძო სამართლის კანონმდებლობაზე, ხოლო “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, ისევე, როგორც “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, წარმოადგენდა საჯარო-ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს და მათზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილი წესი ვერ გავრცელდებოდა. ამასთან, ის გარემოება, რომ კანონმდებელს ამა თუ იმ პირის მდგომარეობის გამაუარესებელი საკანონმდებლო აქტისთვის უკუძალის მინიჭების უფლებამოსილება გააჩნდა, დასტურდებოდა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმადაც, ნორმატიულ აქტს უკუძალა ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. რაც შეეხებოდა მოსარჩელის აპელირებას ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტზე, იგი გამორიცხავდა იმ ნორმატიული აქტისათვის უკუძალის მინიჭებას, რომელიც ადგენდა ან ამძიმებდა პასუხისმგებლობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კანონით პენსიის ოდენობის ზედა ზღვრის შეზღუდვა მოხდა, რაც არ შეიძლებოდა რაიმე სახის პასუხისმგებლობის დადგენასა და დამძიმებასთან გაიგივებულიყო.
საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მეორე სამართლებრივ არგუმენტთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მითითება, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა არასწორად განმარტა კანონი, გაუმართლებლად და საუარესოდ მიანიჭა უკუქცევითი ძალა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლს, უსაფუძვლოდ შეუმცირა მოსარჩელეს უკვე დანიშნული პენსიის ოდენობა, დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა და მოსარჩელეს მიაყენა მატერიალური ზიანი. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მითითება ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნების შესახებ, ნიშნავდა ამ კანონის ამოქმედებამდე სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დანიშნული პენსიის უფლების შენარჩუნებას და მისი გაცემის გაგრძელებას, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა. თუმცა, რაც შეეხებოდა კომპენსაციის ოდენობას, იმავე კანონის მე-7 მუხლმა მისი მაქსიმალური ზღვარი განსაზღვრა 560 ლარით, ხოლო მითითებული კანონის 41-ე მუხლით კომპეტენტურ ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, იმპერატიულად დაევალა აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციის ოდენობის ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც გულისხმობდა მოსარჩელე ა. ბ.-სთვის ადრე დანიშნული პენსიის ოდენობის 560 ლარამდე კორექტირებას.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად ასევე არასწორად მიუთითებდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა შეეხებოდა იმ პირთათვის კომპენსაციების გაცემის გაგრძელებას, რომელთაც დასახელებული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის მიღებამდე დაენიშნათ პენსია, რომლის მიღებასაც არ ითვალისწინებდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონი. ამდენად, ხსენებული ნორმა არეგულირებდა სხვა სამართლებრივ ურთიერთობას და მისი დაკავშირება დანიშნული სამისდღეშიო პენსიის გაცემის გაგრძელებასთან, ოდენობის შეუცვლელად, პირის ბიოლოგიური სიკვდილის დადგომამდე, იყო უადგილო, რამეთუ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 36-ე მუხლი ითვალისწინებდა შესაბამისი ორგანული კანონით დანიშნული პენსიის (კომპენსაციის) უფლების შენარჩუნებას ამავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის გათვალისწინებით.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მოქმედება 2006 წლის იანვრიდან ა. ბ.-სათვის კომპენსაციის _ 560 ლარის ოდენობით გაცემის თაობაზე “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს შეესაბამებოდა და მოპასუხის მიერ არ იყო დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არ გააჩნდა რაიმე დისკრეციული უფლებამოსილება და მის მიერ სხვა გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომ მას სამისდღეშიო პენსია მოქმედი პროკურორის ხელფასის ოდენობით დაენიშნა “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და იერარქიულად მასზე დაბლა მდგომი ნორმატიული აქტით _ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით, მისი საპენსიო უფლების შეზღუდვა იყო დაუშვებელი. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და მოსარჩელეც აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებული ¹248-რს ორგანული კანონით “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან ამოღებულ იქნა მე-40 მუხლის მე-10 და მე-401 მუხლის მე-5 პუნქტები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაენიშნა პენსია. ამდენად, ხსენებული ორგანული კანონის შესაბამისი ნორმა აღარ არსებობდა და მითითება ნორმატიული აქტების იერარქიის დარღვევაზე, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე არ შეიძლებოდა სარჩელის საფუძვლად ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (იმჟამად მოქმედი რედაქცია) 542-ე მუხლზე მითითება, რადგან მასში არსებული ჩანაწერი _ პროკურატურის მუშაკებს ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს და დანამატების ოდენობა განესაზღვროთ 2004 წლის 1 ივლისიდან 2004 წლის 30 ივნისის კანონის შესაბამისად _ წარმოადგენდა ბლანკეტურ ნორმას სხვა სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის და მას არანაირი კავშირი არ შეიძლებოდა ჰქონოდა მოსარჩელის სამისდღეშიო პენსიის უფლებასა და ოდენობასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება ა. ბ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა. ბ.-ის სასარგებლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ა. ბ.-ზე გაცემულ კომპენსაციასა და “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ სამისდღეშიო პენსიას შორის არსებული სხვაობის _ ყოველთვიურად 1140 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა. ბ.-ის სასარგებლოდ სამისდღეშიო პენსიის გაცემა დაეკისრა მოქმედი პროკურორის ხელფასის სრული ოდენობით, რომელიც იმჟამად 1700 ლარს შეადგენდა და იცვლებოდა მოქმედი პროკურორის ხელფასის შეცვლასთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ.-ს საქართველოს პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 52 წლის სტაჟი გააჩნდა. ა. ბ.-ს “პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის შესაბამისად, 2003 წლის ივლისიდან დაენიშნა სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც მოქმედი პროკურორის თანამდებობრივი სარგოს შეცვლასთან ერთად იცვლებოდა. 2004 წლის 30 ივნისს “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, აღნიშნული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, პროკურატურის იმ მუშაკთა სამისდღეშიო პენსია, რომელთაც ჰქონდათ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი, განისაზღვრა ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც პროკურორის ხელფასის შეცვლასთან ერთად იცვლებოდა. “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულმა კანონმა 2004 წლის 29 დეკემბერს კვლავ განიცადა ცვლილება და მისი მე-401 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 25 წელზე მეტი ხნის ნამსახურობის მქონე მუშაკისათვის წელთა ნამსახურობის დანამატი განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 15%-ით. ზემოაღნიშნული მუხლების ამოქმედების შემდეგ, 2005 წლის 1 იანვრიდან ა. ბ.-ის სამისდღეშიო პენსიის ოდენობამ 805 ლარი შეადგინა. “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონით “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლიდან 2006 წლის 1 იანვრიდან ამოღებულ იქნა მე-10 პუნქტი. იმავე დროს 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” 2005 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კანონით პროკურატურის მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი მოექცა ამ კანონის რეგულირების სფეროში. ა. ბ.-ზე 2006 წლის 1 იანვრიდან შეწყდა სამისდღეშიო პენსიის გაცემა და “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და 41-ე მუხლების შესაბამისად, მას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ კომპენსაციის სახით განესაზღვრა ყოველთვიურად 560 ლარი, რაც იმჟამად ეძლეოდა. ა. ბ.-ე სამუშაოდან გათავისუფლებამდე მუშაობდა საქართველოს სარაიონთაშორისო ბუნების დაცვის პროკურორად, თუმცა საქართველოს პროკურატურის სისტემაში ბუნების დაცვის სარაიონთაშორისო სტრუქტურული ერთეული აღარ არსებობდა, მაგრამ არსებობდა რაიონული პროკურორის თანამდებობა, რომლის ხელფასიც 2006 წლის 1 იანვრიდან 1700 ლარს შეადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონით შეტანილი ცვლილებით, 2006 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა აღნიშნული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი და ხსენებული კანონის რეგულირების სფეროდან საერთოდ იქნა ამოღებული პროკურატურის მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი. 2005 წლის 23 დეკემბრის ხსენებული ორგანული კანონი არ შეიცავდა რაიმე სპეციალურ დათქმას მისი უკუქცევითი ძალის შესახებ, რის გამოც ა. ბ.-ე, რომელიც წარმოადგენდა 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაზე გასულ პროკურორს, კვლავ ექვემდებარებოდა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს, თუმცა 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ პენსიაზე გასული პროკურორი ასეთ სამართლებრივ რეჟიმს აღარ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი შეიცავდა გარკვეულ მუხლებს, რომლებიც ამ კანონის მოქმედებას არა მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, არამედ “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით 2006 წლის 1 იანვრამდე რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზეც ავრცელებდა, კერძოდ: ა) აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს 2006 წლის 1 იანვრიდან ეწოდებოდა კომპენსაცია და გრძელდებოდა მათი დანიშვნა, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა; ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული პენსიები იმავე კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით, გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა; გ) ხსენებული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 2006 წლის 1 იანვრიდან, კომპეტენტურ ორგანოს უნდა უზრუნველეყო ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების, მათ შორის, “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დანიშნული პენსიების (კომპენსაციების) ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა, რომლის თანახმადაც, კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა არ აღემატებოდა 560 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლს არ შეუცვლია “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად გასაცემი პენსიების გაანგარიშების წესი, ანუ ამ პენსიების ოდენობის გაანგარიშება კვლავ გრძელდებოდა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ე.ი. მითითებული კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც მოქმედი პროკურორის ხელფასის შეცვლასთან ერთად იცვლებოდა, თუმცა აღნიშნულმა მუხლმა შეცვალა პენსიის დასახელება და მას კომპენსაცია უწოდა, ხოლო იმავე კანონის 41-ე მუხლმა ხსენებულ პენსიას დაუწესა მაქსიმალური ზღვარი _ 560 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული პენსიების გაანგარიშება კვლავ გრძელდებოდა აღნიშნული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ანუ ხსენებული პენსიები კვლავ უნდა გაცემულიყო ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლებოდა მოქმედი პროკურორის ხელფასის შეცვლასთან ერთად, მაგრამ მისი ოდენობა არ უნდა ყოფილიყო “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარზე მეტი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე იყო წინააღმდეგობა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტსა და “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველ პუნქტებს შორის, რომელთაგან პირველი მათგანი 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაში გასულ პროკურორებზე გასაცემი პენსიებისათვის არ აწესებდა არანაირ (მაქსიმალურ ან მინიმალურ) ზღვარს, ხოლო მეორე მათგანი ამ პენსიას უწოდებდა კომპენსაციას და განსაზღვრავდა მის მაქსიმალურ ზღვარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტებისათვის, მათი იურიდიული ძალის შესაბამისად დადგენილი იერარქიის მიხედვით, საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს კანონთან შედარებით, იყო უფრო მაღალ საფეხურზე, ხოლო იმავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ორგანულ კანონს კანონის მიმართ ჰქონდა უპირატესი იურიდიული ძალა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 761-ე მუხლით გათვალისწინებულ ორგანულ კანონს და მას “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მიმართ უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნდა. მართალია, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი გარკვეული კატეგორიის პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხთან მიმართებაში წარმოადგენდა სპეციალურ და უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს, მაგრამ ამას მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ იერარქიის ერთი და იმავე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას და არა იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე მდგომ აქტთა შორის წინააღმდეგობისას. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ (გამოცემულ) იმ ნორმატიულ აქტებს, რომლებსაც მასთან შედარებით აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველი პუნქტები არ შეესაბამებოდა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტს, რომელიც კვლავ მოქმედებდა 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაზე გასულ პროკურატურის მუშაკებთან მიმართებაში. შესაბამისად, უპირატესობა ენიჭებოდა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი ნორმატიული აქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაადგენდა, რომ სხვადასხვა ნორმატიულ აქტთა ნორმები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, იგი ვალდებული იყო გამოეყენებინა ის ნორმატიული აქტი, რომელსაც უპირატესი იურიდიული ძალა ჰქონდა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოს. ამიტომ, “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონსა და “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონს შორის წინააღმდეგობის არსებობის პირობებში, იგი ვალდებული იყო გამოეყენებინა ის ნორმატიული აქტი, რომელსაც უპირატესი იურიდიული ძალა ჰქონდა, ანუ მოცემულ შემთხვევაში _ “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. ბ.-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში შეცდომის შესწორების შესახებ და აღნიშნულ პუნქტში სიტყვების: “თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს” ნაცვლად, ჩაიწერა _ “თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ ა. ბ.-ზე კვლავ ვრცელდება “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი და სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელშიც მითითებულია, რომ ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 თავების მიხედვით, გადაანგარიშებას არ ექვემდებარება ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია. კასატორის განმარტებით, მითითებული ნორმა გულისხმობს, რომ უკვე დანიშნული კომპენსაცია არ გადაანგარიშდება პროცენტულად, თანამდებობრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, კანონის მითითებულ თავებში დადგენილი წესით და არა იმას, რომ არ შემცირდება მისი ოდენობა. ხსენებული კანონის 36-ე მუხლში მითითებულია, რომ ამ კანონის ამოქმედების დღიდან, ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს ეწოდოს კომპენსაცია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციისა. შესაბამისად, ა. ბ.-ს ამჟამადაც კომპენსაცია ეძლევა ამ კანონის შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომაც მიუთითა, რომ ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი უკვე ამოღებული იყო, ამიტომაც გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ პენსიის გაანგარიშება და გადაანგარიშება კვლავაც გრძელდება ამ მუხლის საფუძველზე.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის ამჟამად ამოღებულ მე-10 პუნქტსა და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველ პუნქტებს შორის წინააღმდეგობაზე და განმარტავს, რომ სწორედ იმ საფუძვლით იქნა ამოღებული ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი, რათა წინააღმდეგობაში არ მოსულიყო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის ზემოაღნიშნულ მუხლებთან. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა არა გასაჩივრებული, არამედ სხვა გადაწყვეტილება _ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და, რომლითაც ამჟამად რეგულირდება ამ კატეგორიის კომპენსაციის დანიშვნის საკითხები და გამოიყენა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლიდან ამოღებული მე-10 პუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, აგრეთვე, არასწორად განმარტა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც საკასაციო საჩივარი დასაშვებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 25 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 28 მარტამდე.
2007 წლის 9 თებერვალს ა. ბ.-მ უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსაზრება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი იყო დაუშვებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 23 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-21-21(კ-07) განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას და დადგინდა მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
დიდ პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: ა. ბ.-ე საქართველოს პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა 1951 წლიდან 1992 წლამდე და თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა საქართველოს სარაიონთაშორისო ბუნების დაცვის პროკურორად (ამონაწერები შრომის წიგნაკიდან _ ს.ფ. 10-11). ა. ბ.-ს “პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის შესაბამისად, 2003 წლის ივლისიდან დაენიშნა სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც მოქმედი პროკურორის თანამდებობრივი სარგოს შეცვლასთან ერთად იცვლებოდა (ა. ბ.-ის განცხადება _ ს.ფ. 12). 2004 წლის 30 ივნისს “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება და აღნიშნული ცვლილების მიხედვით, ხსენებული კანონის მე-40 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, პროკურატურის იმ მუშაკთა სამისდღეშიო პენსია, რომელთაც ჰქონდათ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი, განისაზღვრა ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც მოქმედი პროკურორის ხელფასის შეცვლასთან ერთად იცვლებოდა. “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 2004 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, იმავე კანონის მე-401 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 15 წელზე მეტი ხნის ნამსახურობის მქონე მუშაკისათვის წელთა ნამსახურობის დანამატი განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 15%-ით. ზემოაღნიშნული მუხლების ამოქმედების შემდეგ, 2005 წლის 1 იანვრიდან ა. ბ.-ის სამისდღეშიო პენსიის ოდენობამ 805 ლარი შეადგინა, რაც ეძლეოდა მოქმედი პროკურორის ხელფასის ცვლილების შესაბამისად (ფულადი ატესტატი ¹053 _ ს.ფ. 13). “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ¹2448-რს ორგანული კანონით “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლიდან ამოღებულ იქნა მე-10 პუნქტი (პროკურატურის მუშაკისათვის სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა) და ხსენებული ¹2448-რს ორგანული კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს ¹2549-რს ახალი კანონი და პროკურატურის მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი მოექცა ამ კანონის რეგულირების სფეროში. ხსენებული ახალი კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან. ა. ბ.-ზე 2006 წლის 1 იანვრიდან შეწყდა სამისდღეშიო პენსიის გაცემა და “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, 36-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად, მას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ განესაზღვრა სახელმწიფო კომპენსაცია, ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით და აღნიშნული კომპენსაციის მასზე გაცემა დაიწყო 2006 წლის 1 იანვრიდან (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პასუხი ა. ბ.-ის 2006 წლის 21 თებერვლის ¹17/3812 განცხადებაზე _ ს.ფ. 5). საქართველოს პროკურატურის სისტემაში ბუნების დაცვის სარაიონთაშორისო სტრუქტურული ერთეული აღარ არსებობდა, ხოლო რაიონული პროკურორის ხელფასი განისაზღვრა საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 იანვრის ¹2 ბრძანებით და იგი 2006 წლის 1 იანვრიდან 1700 ლარს შეადგენდა (საქართველოს გენერალური პროკურატურის პასუხი ა. ბ.-ის 2006 წლის 20 მარტის განცხადებაზე _ ს.ფ. 7).
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებული “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით შეიცვალა და ახლებურად დარეგულირდა იმ პირთა საპენსიო უზრუნველყოფა, რომლებზეც გავრცელდა აღნიშნული კანონი. ისინი დაექვემდებარნენ ერთიან სახელმწიფო სოციალურ უზრუნველყოფას სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის სახით, კერძოდ, ხსენებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე, მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის (ტერმინთა განმარტება) “დ”, “ე” და “თ” ქვეპუნქტების მიხედვით, კომპენსაცია არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, ხოლო კომპენსაციის მიმღები პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანო კი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
დიდი პალატა მიუთითებს ზემოთ დასახელებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს. მაშასადამე, ა. ბ.-ზე, როგორც პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირზე, ვრცელდება ხსენებული კანონის მოქმედება.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით. აღნიშნული ნორმიდან ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის სახეს, რომელიც ენიშნება მხოლოდ ხსენებული კანონით განსაზღვრულ პირებს იმავე კანონით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-7 მუხლით დადგინდა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, რომლის მიხედვითაც, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. აქედან გამომდინარე, პირს არ შეიძლება დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარზე მეტი ოდენობით იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მანამდე შესაბამისი კანონის საფუძველზე იღებდა პენსიას, რომლის ოდენობა აღემატებოდა 560 ლარს.
დიდი პალატა მიუთითებს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, ისევე, როგორც “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი წარმოადგენს საჯარო სამართლის, ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს. კანონმდებელს, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, შეუძლია კანონით ახლებურად დაარეგულიროს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა და ამა თუ იმ ნორმატიულ აქტს მიანიჭოს უკუძალა, რომლითაც შეიძლება, ფაქტობრივად, გაუარესდეს კიდეც პირის მდგომარეობა, ხოლო ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს იმ ნორმატიული აქტისათვის უკუძალის მინიჭებას, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ახალი კანონით, კერძოდ, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით განხორციელდა პენსიის ოდენობის ზედა ზღვრის შეზღუდვა კონკრეტული თანხის მითითებით, რაც შეუძლებელია, სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას.
დიდი პალატა განმარტავს, რომ სამართალი ზოგადად იყოფა ორ ძირითად ნაწილად _ კერძო და საჯარო სამართლად, ხოლო მათი პრინციპული დიფერენცირება ეფუძნება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ობიექტურ დივერგენციას. სამოქალაქო სამართალი, რომელიც განეკუთვნება კერძო სამართლის (ჯუს პრივატუმ) სფეროს, პირდაპირ ასახავს სამოქალაქო-სამართლებრივი ბრუნვის სუბიექტთა, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა იურიდიულ დამოუკიდებლობასა და სამართლებრივ თანასწორობას, ხელშეკრულების თავისუფლებას, ითვალისწინებს დარღვეული მატერიალური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა-აღდგენას სასამართლო წესით. ადმინისტრაციული სამართალი, სამოქალაქო სამართლისაგან განსხვავებით, საჯარო სამართლის (ჯუს პუბლიცუმ) სფეროს განეკუთვნება და ორგანულად ეფუძნება საჯარო ინტერესების რეალიზებას, საჯარო სამართლის სფეროში არსებული სამართალურთიერთობისათვის დამახასიათებელია მასში კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, რაც გამორიცხავს ხსენებული სამართალურთიერთობის სუბიექტთა იურიდიულ თანასწორობას და გარკვეულწილად ზღუდავს მათი დამოუკიდებლობისა და ინიციატივის ფარგლებს. თუ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა ჰორიზონტალურია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელია იერარქიულ-ვერტიკალური, დაქვემდებარებითი ხასიათი.
დიდი პალატა განმარტავს, რომ კერძო და საჯარო სამართალი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც შესაბამის სამართალურთიერთობათა ნორმატიული რეგულირების მექანიზმით, ისე მათთვის თვისებრივად დამახასიათებელი პრინციპებით, რომლებიც პრაქტიკულად რეალიზდება სხვადასხვა სამართლებრივ რეჟიმში. ადმინისტრაციული სამართალი საჯარო, საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებას ემსახურება, სამართლებრივი სახელმწიფოსათვის უცხოა კანონის ნამდვილი უკუძალის გამოყენება. თუ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ახალი კანონით შეამცირა პენსიის ოდენობა იმ ოდენობასთან შედარებით, რაც ძველი კანონით იყო განსაზღვრული, ამ შემთხვევაში არასწორია ასეთი შემცირების მიჩნევა კანონის ნამდვილ უკუძალად. მიუხედავად იმისა, რომ წინანდელ ოდენობასთან შედარებით, პენსიის ოდენობის შემცირებით პირის მდგომარეობა უარესდება, ახალი კანონით სოციალური უზრუნველყოფის მოცულობის შეზღუდვა, სამართლებრივად, არის არა ახალი კანონისთვის ნამდვილი უკუძალის მინიჭება, არამედ შესაბამისი სოციალური უფლების ლეგალური ტრანსფორმაცია.
დიდი პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტში განმტკიცებულია კანონის უკუძალის პრინციპი და მითითებულია, რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, ხოლო კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. აღნიშნული პრინციპი ორგანულადაა დაკავშირებული იურიდიულ პასუხისმგებლობასთან, გამოიყენება მასთან ერთობლიობაში და არ მოიცავს სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის საკითხს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის ნორმაც იმპერატიულად გამორიცხავს კანონისათვის მხოლოდ ნამდვილი უკუძალის მინიჭებას. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. აღნიშნული ნორმაც უშუალოდ შეეხება იურიდიულ პასუხისმგებლობას.
დიდი პალატა ასევე განმარტავს, რომ კანონის მოქმედება, როგორც წესი, ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა კანონის იურიდიულ ძალაში შესვლის შემდგომ. “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის ¹2549-რს კანონს, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, არ დაუდგენია და არ დაუმძიმებია იურიდიული პასუხისმგებლობა. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივად, გამორიცხულია საერთოდ მითითება კანონისათვის ნამდვილი უკუძალის მინიჭებაზე, ვინაიდან სახეზე არ არის წარსულში მომხდარი და წარსულშივე დასრულებული ფაქტობრივი ურთიერთობები, ანუ ნამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალა.
დიდი პალატა განმარტავს, რომ სოციალურ-სამართლებრივი სფეროს განმსაზღვრელი სოციალური სისტემის ფუნქციონირება და სოციალური უზრუნველყოფის მოცულობა სახელმწიფოს მატერიალური კეთილდღეობის ხარისხით არის დეტერმინირებული. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახალი კანონი არ მოქმედებს ძველი კანონის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ ვრცელდება საჯარო სამართლის სფეროზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში გადასახადის ოდენობის გაზრდა, რაც უდავოდ აუარესებს გადასახადის გადამხდელი პირის მდგომარეობას საგადასახადო პასუხისმგებლობის კუთხით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვრცელდება მანამდე უკვე ფორმირებულ სამართალურთიერთობებზე. ამდენად, თუ საგადასახადო სფეროში ობიექტურად მისაღებია ახალი კანონის გავრცელება მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, ლოგიკურად ასეთივე მდგომარეობაა სოციალური უზრუნველყოფის სფეროშიც, მით უმეტეს, რომ სოციალური უზრუნველყოფა არ არის იურიდიული პასუხისმგებლობის სახე.
დიდ პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სწორად განმარტა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-7 და 36-ე მუხლები. ამასთან, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მითითება ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნების შესახებ, გულისხმობს ამ კანონის ამოქმედებამდე სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დანიშნული პენსიის უფლების შენარჩუნებას და მისი გაცემის გაგრძელებას, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა. კომპენსაციის ოდენობასთან მიმართებაში იმავე კანონის მე-7 მუხლმა მისი მაქსიმალური ზღვარი ცალსახად განსაზღვრა 560 ლარით, ხოლო დასახელებული კანონის 41-ე მუხლის მიხედვით, კომპეტენტურ ორგანოს _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს იმპერატიულად დაევალა აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციის ოდენობის ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც გულისხმობდა მოსარჩელე ა. ბ.-სთვის ადრე დანიშნული პენსიის ოდენობის 560 ლარამდე _ კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვრამდე _ შემცირებასა და კორექტირებას.
დიდი პალატა მიუთითებს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის ნორმა შეეხება იმ პირებზე კომპენსაციების გაცემის გაგრძელებას, რომელთაც იმავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით, ამ კანონის მიღებამდე დაენიშნათ პენსია, რომლის მიღებას არ ითვალისწინებდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონი, რის გამოც აღნიშნული მუხლი არეგულირებს სხვა სამართლებრივ ურთიერთობას და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 36-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამისი ორგანული კანონით დანიშნული პენსიის (ამ კანონის თანახმად, კომპენსაციის) მიღების უფლების შენარჩუნებას ხსენებული კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის იმპერატიული ნორმიდან გამომდინარე, არ გააჩნდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული დისკრეციული უფლებამოსილება და იგი სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ა. ბ.-სთან მიმართებაში, რომელსაც სახელმწიფო კომპენსაცია დაუნიშნა მოქმედი კანონმდებლობის სრული შესაბამისობით. გარდა ამისა, მართალია, ა. ბ.-ს სამისდღეშიო პენსია მოქმედი პროკურორის ხელფასის ოდენობით დაენიშნა “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, მაგრამ 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებული ¹2448-რს ორგანული კანონით “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან ამოღებულ იქნა მე-40 მუხლის მე-10 და მე-401 მუხლის მე-5 პუნქტები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაენიშნა პენსია. ამდენად, ხსენებული ორგანული კანონის შესაბამისი ნორმა აღარ არსებობს და ამ შემთხვევაში არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიის დარღვევაზე.
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი ეწინააღმდეგება “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველ პუნქტებს, რომელთაგან პირველი 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაში გასულ პროკურორებზე გასაცემი პენსიებისათვის არ აწესებდა არანაირ (მაქსიმალურ ან მინიმალურ) ზღვარს, ხოლო მეორე მათგანი ამ პენსიას უწოდებს კომპენსაციას და განსაზღვრავს მის მაქსიმალურ ზღვარს.
დიდი პალატა აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) უნდა ეწოდოს შესაბამისად _ კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით. ხსენებული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ კანონის ამოქმედებიდან, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა.
დიდ პალატას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზე არ არის ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო აქტებს შორის კოლიზია, ვინაიდან “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი 2006 წლის 1 იანვარს ხსენებული კანონიდან უკვე ამოღებული იყო, როდესაც ამოქმედდა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი.
დიდი პალატა განმარტავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველი პუნქტების გარდამავალი დებულებების შემცველი ნორმებით ახლებურად მოწესრიგდა ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება და განისაზღვრა ამავე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები, კერძოდ, ცალსახად დადგინდა, რომ ხსენებული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საკანონმდებლო აქტებით უკვე დანიშნულ პენსიებს დაერქვა ახალი ტერმინი _ კომპენსაცია, ხოლო მანამდე დანიშნული პენსიების გაცემა უნდა მოხდეს ამავე კანონის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის სახით. რაც შეეხება “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტს, იგი არ ვრცელდება ამ შემთხვევაზე, ვინაიდან, ჯერ ერთი, მასში საუბარია უკვე დანიშნულ კომპენსაციაზე და მეორეც, ხსენებულ პუნქტში მითითებული თავებით დადგენილია კომპენსაციის დანიშვნა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, ანუ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამკრძლავი ნორმა არ შეეხება მასში მოხსენიებული კანონებით ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნულ პენსიას, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ხსენებული ქვეპუნქტის ნორმას წინ უძღვის იმავე მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული ნორმა, რომელიც (ამ მუხლის მე-2 პუნქტზე გადასვლამდე) აკონკრეტებს ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული პენსიის ტრანსფორმირებასა და მისი გაცემის წესს, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის III, IV, V და VI თავებით განსაზღვრული კომპენსაციის გაანგარიშების სპეციალურ წესებზე მითითების მართებულობასა და ამ წესების გავრცელებას “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შესაბამისი საკანონმდებლო აქტით უკვე დანიშნულ პენსიაზე.
დიდი პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველი პუნქტები არ შეესაბამება “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტს, რომელიც კვლავ მოქმედებს 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაზე გასულ პროკურატურის მუშაკებთან მიმართებაში და, შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტს.
დიდი პალატა განმარტავს, რომ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დანიშნული პენსიების შესახებ ერთიან საკანონმდებლო აქტს, რომელშიც მოხდა ხსენებული აქტებით გათვალისწინებული პენსიების ერთად თავმოყრა, მათ ეწოდა ახალი ტერმინი _ სახელმწიფო კომპენსაცია და განისაზღვრა ამ კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი. “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონმა საკანონმდებლო წესით ჩაანაცვლა ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც პენსია ჰქონდათ დანიშნული იმ პირებს, რომლებზეც გავრცელდა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება და სწორედ ამიტომ იქნა ამოღებული “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონიდან მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი, რომელიც ამჟამად აღარ მოქმედებს 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაზე გასულ პროკურატურის მუშაკებთან მიმართებაში, რაც თავისთავად გამორიცხავს ზემოხსენებულ საკანონმდებლო ნორმათა კოლიზიას.
ამდენად, დიდი პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ ა. ბ.-ზე კვლავ ვრცელდება “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი და სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან მითითებული პუნქტი გულისხმობს, რომ უკვე დანიშნული კომპენსაცია არ გადაანგარიშდება პროცენტულად, თანამდებობრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, კანონის მითითებულ თავებში დადგენილი წესით და არა იმას, რომ არ შემცირდება მისი ოდენობა.
დიდ პალატას მიაჩნია, რომ კასატორი მართებულად მიუთითებს, როცა აღნიშნავს, რომ სწორედ იმ საფუძვლით იქნა ამოღებული ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონიდან მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი, რათა წინააღმდეგობაში არ მოსულიყო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონთან.
ამდენად, დიდი პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და, რომლითაც ამჟამად რეგულირდება ამ კატეგორიის კომპენსაციის დანიშვნის საკითხები და გამოიყენა “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლიდან ამოღებული მე-10 პუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, აგრეთვე, არასწორად განმარტა “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა არა გასაჩივრებული, არამედ სხვა გადაწყვეტილება _ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, დიდი პალატა მიუთითებს და კასატორის ყურადღებას მიაპყრობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე (ს.ფ. 169-171), რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ბ.-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში შეცდომის შესწორების შესახებ და აღნიშნულ პუნქტში სიტყვების: “თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს” ნაცვლად, ჩაიწერა _ “თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდ პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ხოლო ა. ბ.-ის სარჩელი _ უსაფუძვლო, რის გამოც ხსენებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და დიდი პალატის მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით, “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.