Facebook Twitter
ბს-245-239(კ-08) 16 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

13.11.06წ. ლ. ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ¹1/309 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა სენაკის სამუსიკო სკოლას. 20.12.05წ. გააფრთხილეს თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, თუმცა 01.11.06წ.-მდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ისე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 20.10.06წ. ¹1/309 ბრძანება. სადავო ბრძანება ჩაჰბარდა 06.11.06წ. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სადავო ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 20.06.06წ. ¹07-01-06/224 წერილის ¹1 დანართში მითითებული სახელოვნებო სკოლების დირექტორთა სიაში მითითებული იყო სენაკის ¹.... სამუსიკო სკოლის დირექტორი _ ლ. ქ-ა, ხოლო ¹2 დანართში დირექტორობის კანდიდატურების სიაში _ სენაკის ¹..... სამუსიკო სკოლის დირექტორობის კანდიდატი _ რ. მ-ი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რ. მ-ი დანიშნულ იქნა თანამდებობაზე კანონის დარღვევით, ვინაიდან კანდიდატის წარდგენა მოხდა 13.10.06წ. ¹23/11-01/5160 წერილით, რომელიც კოლექტივისათვის ცნობილი გახდა 25.10.06წ., ხოლო 20.10.06წ. ბრძანებით უკვე დანიშნულ იქნა რ. მ-ი, რაც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებდა მასთან შრომითი ხელშეკრულების კანონდარღვევით მოშლის ფაქტს.
მოპასუხე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.06წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ას წარმომადგენელმა. აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.06წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
სამეგრელო-ზემო-სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 20.06.06წ. ¹07-01-06/224 წერილის ¹1 დანართში სახელმწიფო სკოლების დირექტორობის სიაში _ სენაკის სამუსიკო სკოლის დირექტორი _ ლ. ქ-ა, ხოლო ¹2 დანართში დირექტორობის კანდიდატურების სიაში მითითებული იყო სენაკის ¹.... სამუსიკო სკოლა, დირექტორობის კანდიდატი _ რ. მ-ი. კანდიდატები უნდა წარედგინათ 13.10.06წ. ¹23/11-01/5760 წერილით, რომელიც სკოლაში მოვიდა 24.10.06წ., ხოლო კოლექტივისათვის ცნობილი გახდა 25.10.06წ. 20.10.06წ. ბრძანებით დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა რ. მ-ი. აპელანტის განმარტებით, რ. მ-ი დირექტორობის კანდიდატების სიაში მითითებული იყო არასწორად. სენაკის შსს განყოფილებაში აძღრული იყო სისხლის სამართლის ¹068060173 საქმე ქ. სენაკის სამუსიკო სკოლის დირექტორის მოადგილის, რ. მ-ის მიერ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში სამუსიკო სკოლის კოლექტივის მიერ ხელმოწერილი ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის გაგზავნის ფაქტზე. მინისტრისათვის მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია, რასაც მოჰყვა დირექტორობის კანდიდატების სიიდან ლ. ქ-ას ამოღება და დირექტორად რ. მ-ის დანიშვნა. სენაკის სამუსიკო სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლდა 20.10.06წ., “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული კანონის 59-ე მუხლს არ გააჩნია მე-2 პუნქტი. აპელანტმა მიუთითა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 06.10.06წ. ¹3/433 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება _ ქ. სენაკის სამუსიკო სკოლის წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენდაციით. სკოლის დირექტორად როგორც დანიშვნის, ასევე დირექტორობიდან პირის გათავისუფლების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენდაცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული არ წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. გარდა ამისა, სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 20.06.06წ. დათარიღებული ¹01.101.06/224 წერილი არ შეიცავდა რეკომენდაციას დირექტორობიდან ლ. ქ-ას გათავისუფლების შესახებ. საქმეში არ მოიპოვებოდა და არც მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია მოსარჩელის დირექტორობის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენდაციაზე. აპელანტის განმარტებით, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სკოლისგარეშე დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი უნდა დანიშნულიყო 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ მოსარჩელე უნდა გაეფრთხილებინა აღნიშნულ სამინისტროს და არა _ რაიონის გამგებელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.08 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 20.10.06წ. ¹310 ბრძანებით სენაკის სამუსიკო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე რ. მ-ის დანიშვნა არ ადასტურებდა სამსახურიდან ლ. ქ-ას გათავისუფლების უკანონობას. დავის საგანს წარმოადგენდა არა რ. მ-ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ¹1/309 20.10.06 წ. ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მხარისათვის მიეკუთვნებინა თავისი გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველი იყო “ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 59.2-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ამ კანონის ამოქმედება გახდა ყველა იმ სკოლისგარეშე დაწესებულების, რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, ხელმძღვანელის გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება მინისტრის ბრძანებით. აპელანტი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა 2005 წლის დეკემბერში. მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა კანონის ამოქმედება და არა რ. მ-ის დანიშვნა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ წარდგენილ იქნა როგორც მოქმედი დირექტორების, ასევე დასანიშნი კანდიდატების სიები, რის გამო ¹1 დანართში სენაკის სამუსიკო სკოლის დირექტორად მითითებულია ლ. ქ-ა, ხოლო ¹2 დანართშირ. მილიუტინი. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 06.10.06წ. ბრძანებით შეიქმნა სსიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება _ ქ. სენაკის სამუსიკო სკოლა და დამტკიცებულ იქნა მისი წესდება. აღნიშნულ სამართლებრივ აქტს მოჰყვა შედეგად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის საფუძველზე მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში სამუსიკო სკოლის დირექტორად რ. მილიუტინის დანიშვნა. აღნიშნული წესდების მე-4 მუხლი, რაზეც მიუთითებდა აპელანტი, ეხებოდა ამავე ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორს, მისი დანიშვნისა და გათავისუფლების წესს. მოსარჩელე 2006 წლის ბრძანებით შექმნილი სკოლის დირექტორად არ დანიშნულა და მის მიმართ აღნიშნული ნორმის გავრცელება ვერ მოხერხდა. ამასთანავე, პალატამ მიუთითა, რომ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007წ. ¹3/76 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 06.10.06წ. ბრძანება ¹3/433. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართელოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 12-ლი პუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა მთავრობის 03.07.07წ. 131-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულება ჩაითვალა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებად, რომელთა ლიკვიდაციას, დაფუძნებას, რეორგანიზაციას, ასევე ხელმძღვანელი პირების დანიშვნა-გათავისუფლებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ამ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით. ამასთანავე მიუთითა, რომ სენაკიდან ზუგდიდში 15.05.06წ. გაიგზავნა დირექტორის სამი კანდიდატურა, მათ შორის, აპელანტის. კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს სამეგრელო-ზემო სვანეთში შეუტანა ¹2 დანართი ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.03.08წ. განჩინებით ლ. ქ-ას საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად. კასატორმა ლ. ქ-ამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველი. საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. სასამართლოში მიწვეული არ ყოფილა დადგენილი წესით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ქ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.