ბს-268-261(2კ-08) 15 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. კ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 აპრილს ზ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1986 წლის 1 აგვისტოდან მსახურობდა შეიარაღებული ძალების რიგებში, ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება, უფროსი ......-ის _ “ .......-ის “ სამხედრო წოდება და შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის 19 წლის სტაჟი, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, ასევე იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, დაჯილდოებული იყო მედლით მხედრული მამაცობისათვის.
მოსარჩელემ განმარტა, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის პერიოდში, საბრძოლო მომზადებისა და სამხედრო პროფესიული დონის ასამაღლებლად, როგორც ეროვნულ, ისე უცხოეთის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების ცენტრებში გაიარა ტრენინგისა და სწავლების 5 კურსი. მის მომზადებაზე, სწავლებასა და შენახვაზე გაწეულმა საერთო ხარჯმა კი 19 წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 000 აშშ დოლარი შეადგინა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რიგითი ოფიცრიდან გენერალური შტაბის ჟ-..... ოპერატიული დეპარტამენტის .........-ის თანამდებობამდე (საშტატო კატეგორია _ “ .....-ი”).
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 5 მაისს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის დროს, მის წინააღმდეგ უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა და როგორც გენერალ რ. დ-ის თანამონაწილეს, ბრალი წაეყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 307-ე და 320-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. 2004 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეწყვიტა მოსარჩელის წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიტანა გამამართლებელი გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ უკანონოდ აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნის გამო განიცადა მორალური და მატერიალური ზიანი, ვინაიდან შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში, პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა ცნობები მოსარჩელის მიერ სამშობლოს ღალატის შესახებ. ამ პერიოდში დაიწყო მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების შელახვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 5 მაისის ¹49 ბრძანებით უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აიყვანეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹1/486 ბრძანებით კი, მოსარჩელე დანიშნეს შედარებით დაბალ თანამდებობაზე, ჟ-..... ოპერატიული დეპარტამენტის .........-ედ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹1/949 ბრძანებით, 2004 წლის 8 ნოემბრიდან 2005 წლის 22 ივლისამდე სასწავლებლად მივლინებული იყო გენერალური შტაბის ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის ინგლისური ენის ინტენსიურ კურსზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა საშტატო რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მოსარჩელე თანამდებობაზე არ დანიშნეს, თუმცა მისი თანამდებობა არ გაუქმებულა და დატოვეს ერთდროულად გენერალური შტაბი ჟ-...... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებასა და სასწავლო მივლინებაში, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 115-ე მუხლისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე.
მოსარჩელის განმარტებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს მან არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმის დასადგენად, თუ რამდენად კანონიერი იყო მისი კადრების განკარგულებაში აყვანა მივლინებაში ყოფნის პერიოდში, რაზეც მოპასუხემ მიუთითა, რომ ხსენებული ქმედება უკანონო იყო. მოსარჩელემ 2006 წლის 29 მარტს წერილობით მიმართა გენერალური შტაბის ჟ-..... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და ნამსახურობის შესახებ ცნობა მოითხოვა. 2006 წლის 4 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 8 იანვრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად მითითებული იყო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება). მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოხდა რეორგანიზაცია, რა დროსაც მისი თანამდებობა (ჟ-...... ოპერატიული დეპარტამენტი) არ გაუქმებულა. ამასთან, მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანა მოხდა კანონის უხეში დარღვევით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, მივლინებაში მყოფ მუშაკებს მივლინებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში ენახებოდათ სამუშაო ადგილი (თანამდებობა) და საშუალო ხელფასი. მოსარჩელის განმარტებით, კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს მას არ მიუღია არც ხელფასი და არც სხვა სამსახურებრივი ანაზღაურება, რაც კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. ამასთან, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელისათვის ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც არ განახორციელა.
მოსარჩელის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ამასთან, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “უ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს სამსახურში მიღების, ხოლო იმავე მუხლის “ფ” ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირებისას, სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება გააჩნდა, ვინაიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი იყო, რაც კადრების ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ თანაბარი პირობების შემთხვევაში, მას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება გააჩნდა, ვინაიდან კმაყოფაზე ჰყავდა უმუშევარი მეუღლე, ორი არასრულწლოვანი შვილი, II ჯგუფის ინვალიდი, შრომისუუნარო დედა _ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის ქვრივი. ოჯახში დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი არ ჰყავდა, სამსახურში დარჩენილთაგან შეირაღებულ ძალებში სამსახურის უფრო ხანგრძლივი სტაჟი გააჩნდა. ამასთან, საბრძოლო მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გავლილი ჰქონდა სპეციალური მომზადების პროგრამით გათვალისწინებული კურსები, როგორც ეროვნულ, ისე უცხოეთის სამხედრო აკადემიაში, სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების ცენტრებში.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო, მისი და მისი ოჯახის წევრები სამუშაოდან უმიზეზოდ დაითხოვეს. არასაკმარისი სამხედრო სტაჟის გამო, მოუსპეს პენსიაზე გასვლის შესაძლებლობა, რის გამოც დარჩა საარსებო საშუალების გარეშე. უკანონოდ აღძრული სისხლისსამართლებრივი დევნის გამო, შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ვინაიდან სამშობლოს ღალატში დადანაშაულებითა და აღნიშნული ინფორმაციის პრესითა და ტელევიზიით გავრცელების გამო, მოსარჩელე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და თანამშრომლებსა და საზოგადოებაში შეელახა რეპუტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე, 221-ე, 223-ე და 225-ე მუხლების თანახმად, მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანების ბათილად ცნობა, 2005 წლის 23 ივლისიდან, ბოლო დაკავებულ თანამდებობაზე _ ჟ-....... ოპერატიული დეპარტამენტის ........ თანამდებობაზე აღდგენა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მისი სასწავლო მივლინებაში ყოფნის დროს, 2005 წლის 1 იანვრიდან 23 ივლისამდე პერიოდში სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორიების _ 1505 ლარისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის 2 თვის საკომპენსაციო თანხის _ 1432 ლარის ანაზღაურება, ასევე 2005 წლის 23 ივლისიდან იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოპასუხეებისათვის სოლიდარულად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის _ 400 000 ლარისა და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების _ 1000 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ზ. კ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის _ 400 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში, დაუშვებლობის გამო, შეწყდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დასაშვები იყო, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის თაობაზე რაიმე მტკიცებულება ქმედების განხორციელების შესახებ და შესაბამისად _ ადმინისტრაციული ორგანოს უარი, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საქმე ზ. კ-ის სარჩელის გამო, დაუშვებლობის მოტივით, ნაწილობრივ უნდა შეწყვეტილიყო.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი და ვადები განსაზღვრული იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVIII თავით. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ედავა მითითებული კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-ე 1986 წლის 1 აგვისტოდან მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში სხვადასხვა თანამდებობაზე, რიგითი ოფიცრიდან გენერალური შტაბის ჟ-...... ოპერატიული დეპარტამენტის .........-ის თანამდებობამდე. 2004 წლის 5 მაისს მის წინააღმდეგ უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა და როგორც გენერალ რ. დ-ის თანამონაწილეს, ბრალი წაეყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 307-ე და 320-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ხოლო 2004 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში, 2004 წლის 5 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 5 მაისის ¹49 ბრძანებით ზ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹1/486 ბრძანებით კი დაინიშნა ჟ-...... ოპერატიული დეპარტამენტის .......-ედ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹1/949 ბრძანებით მოსარჩელე 2004 წლის 8 ნოემბრიდან 2005 წლის 22 ივლისამდე მივლინებული იყო სასწავლებლად გენერალური შტაბის ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის ინტენსიურ კურსზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოხდა საშტატო რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მოსარჩელე თანამდებობაზე არ დაუნიშნავთ, თუმცა მისი თანამდებობა არ გაუქმებულა და დატოვეს ჟ-....... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში და სასწავლო მივლინებაში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 29 მარტს მოსარჩელემ წერილით მიმართა გენერალური შტაბის ჟ-....... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა ნამსახურობის შესახებ ცნობა. 2006 წლის 4 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილით მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 8 იანვრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანების თანახმად, დათხოვნილი იყო სამსახურიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება).
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანება მიღებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რომლის თანახმადაც, მოხელისთვის ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინათ დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი ზ. კ-თვის არ უცნობებიათ სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამასთან, რეორგანიზაციის დროს არ მომხდარა შტატების შემცირება, რაც არ წარმოადგენდა ზ. კ-ის სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი ადგენდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს. იმავე კანონის პირველი მუხლის “გ” ქვეპუნქტით სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები იყვნენ სამხედრო უწყების სამხედრო მოსამსახურეები, ხოლო ხსენებული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდებოდა ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. იმავე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვდნენ რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანების თანახმად, 2004 წლის 28 დეკემბრიდან გაუქმებულ იქნა გენერალური შტაბის ჟ-...... ოპერატიული დეპარტამენტი, შტატი ¹....... , 57 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით. იმავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, გაუქმებული საშტატო სტრუქტურების ბაზაზე ჩამოყალიბდა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, მათ შორის, ჟ-..... ოპერატიული დეპარტამენტი, შტატი ¹........ , 30 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით. აღნიშნულის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჟ-...... ოპერატიულ დეპარტამენტში რეორგანიზაცია განხორციელდა შტატების შემცირებით, ნაცვლად 57 საშტატო ერთეულისა, რეორგანიზაციის შედეგად დარჩა 30 საშტატო ერთეული შტატის ნომრის შეცვლით, რაც არ გულისხმობდა იმავე თანამდებობას. ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, 2004 წლის 28 დეკემბრიდან გაუქმებული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. იმავე ბრძანების მე-7 პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ ბრძანება დაყვანილი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებამდე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსამდე, ჯარების სახეობათა სარდლობამდე, დეპარტამენტების, სამმართველოების, განყოფილებების უფროსებამდე და შემსრულებლებამდე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ზ. კ-ის სამუშაოდან დათხოვნას საფუძვლად ედო მისი კადრების განკარგულებაში ყოფნა, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მისი დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩია მისთვის მისაღები გადაწყვეტილება, რომლის დროსაც ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც მივლინებაში მყოფ მუშაკებს მივლინებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში ენახებოდათ სამუშაო ადგილი და საშუალო ხელფასი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალური შტაბის ჟ-...... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2006 წლის 18 იანვრის ¹36 წერილიდან ირკვეოდა, რომ ზ. კ-ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹1/949 ბრძანების საფუძველზე, ფულადი ანაზღაურება მიღებული ჰქონდა 2005 წლის 22 ივლისამდე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ-ე სამუშაოდან დაითხოვეს არა სასწავლო მივლინების (2004 წლის 4 ნოემბრიდან 2005 წლის 23 ივლისამდე) პერიოდში, არამედ 2006 წლის 8 იანვარს. 2004 წლის 28 დეკემბრიდან გაუქმებული გენერალური შტაბის ჟ-...... ოპერატიული დეპარტამენტს, შტატი ¹........ , პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, რაც თავისთავად არ ნიშნავდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ-ე ირიცხებოდა გენერალური შტაბის ჟ-...... ოპერატიულ დეპარტამენტში, რომლის შტატიც მთლიანად გაუქმდა, რაც ზ. კ-ის შტატის დატოვების სამართლებრივ შესაძლებლობას გამორიცხავდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ზ. კ-ის სამუშაოდან დათხოვნა მოხდა მისი სასწავლო მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანებით, 2006 წლის 8 იანვრიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მიმოწერით დგინდებოდა ზ. კ-ის კანდიდატურის ჟ-....... დაზვერვის დეპარტამენტში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენის შესაძლებლობის საკითხი, რაც თავის დროზე სადავოდ არ გაუხდია ზ. კ-ეს და პატაკით არ მოუთხოვია ჟ-...... ოპერატიულ დეპარტამენტში დაკავებულ თანამდებობაზე დანიშვნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ-ის სამუშაოდან დათხოვნა მოხდა მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანით, რაც მისთვის, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2005 წლის ოქტომბერში.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნებთან, კერძოდ, სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2006 წლის 4 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 53-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდებოდა არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. მითითებული კოდექსი კი რაიმე დათქმას სამუშაოზე უპირატესი დარჩენის თაობაზე არ ითვალისწინებდა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული პირობის გათვალისწინება არ შეესაბამებოდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “უ” და “ფ” პუნქტებზე მითითება და განმარტა, რომ აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის რედაქცია, 2005 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებით, მითითებულ პუნქტებს არ ითვალისწინებდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრიდან გაუქმებული გენერალური შტაბის ჟ-...... ოპერატიული დეპარტამენტის, შტატი ¹........ , პირადი შემადგენლობა აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და მოხდა შტატების შემცირება, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება გამოცემული იყო კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობდა მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნა არ მიიჩნია უკანონოდ, ჩათვალა, რომ არ არსებობდა ზ. კ-ის იმავე თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელაფასის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან პირის თანამდებობაზე დანიშვნა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 32-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებოდათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არა უმეტეს ორი თვისა.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-ე 2004 წლის 4 ნოემბრიდან იმყოფებოდა სასწავლო მივლინებაში 9 თვის განმავლობაში, იმავე პერიოდში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, 2004 წლის 28 დეკემბრიდან იგი პირად შემადგენლობასთან ერთად აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. მოსარჩელე იმ დროისათვის იმყოფებოდა სასწავლო მივლინებაში და უწყვეტად ღებულობდა კუთვნილ ფულად ანაზღაურებას. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2006 წლის 29 ივნისის ¹697 მოწერილობის თანახმად, მოსარჩელეზე გაიცა საბოლოო გასასვლელი დახმარება ნამსახური წლების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-ე, იმყოფებოდა რა კადრების განკარგულებაში, მას საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების თანახმად, უნდა მიეღო ორი თვის ფულადი სარგო, თუმცა იგი ცხრა თვის განმავლობაში ღებულობდა სასწავლო მივლინებაში ყოფნის მთელ პერიოდში ფულად სარგოს.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება მისი კადრების განკარგულებასა და სასწავლო მივლინებაში ერთდროულად ყოფნის თაობაზე და მიიჩნია, რომ ზ. კ-ის მოთხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ორი თვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-40 პუნქტის თანახმად, სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებელში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებოდათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფისა და ფორმის ტანსაცმლის ნაცვლად დაწესებული ნამსახურობის დანამატი, ამასთან, ეძლეოდათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით, თუ სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. რეზერვიდან ჩარიცხულ მსმენელებს უწესდებოდათ ყოველთვიური ფულადი სარგო 60 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. კ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2006 წლის 8 იანვრიდან, კადრების განკარგულებაში ყოფნა კი არ ნიშნავდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, რის გამოც ზ. კ-ზე, სასწავლო მივლინებაში ყოფნის პერიოდზე, ვერ გავრცელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-40 მუხლის მოთხოვნები, რადგან აღნიშნული ნორმა ეხებოდა თანამდებობიდან გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეებს და არა კადრების განკარგულებაში მყოფებს.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ასევე მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ხარჯების _ 1000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ზ. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კადრების განკარგულებაში ყოფნის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. კ-თვის კადრების განკარგულებაში ყოფნის ორი თვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს, გარდა შემდეგისა: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანის მომენტი და შესაბამისად, არასწორად გადაწყვიტა მისთვის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების საკითხი.F
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანების მიღებიდან. ვინაიდან, ზ. კ-ე ხსენებული დროისათვის იმყოფებოდა სასწავლო მივლინებაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანების მოქმედება მასზე გავრცელდა სასწავლო მივლინებიდან დაბრუნების შემდგომ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2005 წლის 9 სექტემბერს გამოცემულ იქნა ¹2541 ბრძანება ზ. კ-ის მივლინებიდან დაბრუნების შესახებ. შესაბამისად, ზ. კ-ის მიმართ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანების მოქმედება ვრცელდებოდა 2005 წლის 9 სექტემბრიდან და ამ დროიდან უნდა ყოფილიყო იგი ჩათვლილი კადრების განკარგულებაში მყოფ პირად. აღნიშნულ მსჯელობას ადასტურებდა ჟ-....... დეპარტამენტის ........-ის, ........ ვ. ე-ის პასუხი გენერალური შტაბის საფინანსო სამსახურის უფროსისადმი, სადაც მითითებული იყო, რომ ზ. კ-ე აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2005 წლის 9 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის 32-ე პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებოდათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არა უმეტეს ორი თვისა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელის მიერ მიღებულ ანაზღაურებას გააჩნდა სხვა სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-40 პუნქტი. ამასთან, მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონდა მივლინებასა და კადრების განკარგულებაში ერთდროულ ყოფნას, მოსარჩელისათვის ორთვიანი საკომპენსაციო თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა და ამ ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმისას საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოსარჩელის მიმართ გაუვრცელებლობის საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლისMმითითებაზე და განმარტა, რომ მოსარჩელეზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი არ უნდა გავრცელებულიყო ხსენებული სამართლებრივი საფუძვლით. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანებით, როგორც კადრების განკარგულებაში მყოფი პირი. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მეცხრე თავის მე-6 პუნქტით ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში აყვანით, არ უნდა ყოფილიყო 4 თვეზე მეტი დროით. ამდენად, კადრების განკარგულებაში მყოფი პირის დასაქმების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო 4 თვის განმავლობაში. ამასთან, მოსარჩელის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც ითვალისწინებდა ადმინისტრაციის მხრიდან ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას. ამგვარი დანაწესი არ ყოფილა დადგენილი სამხედრო პირების შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით. შესაბამისად, ვინაიდან საჯარო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამგვარ შეთავაზების ვალდებულებას, ეს საკითხი განსხვავებულად რეგულირდებოდა საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით კი, შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით გათვალისწინებულ თავისებურებათა გათვალისწინებით. რაც შეეხებოდა სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლების საფუძვლად აპელანტის მიერ “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “უ” და “ფ” პუნქტებზე მითითებას, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მოცემულ შემთხვევაში მათი გამოყენების შესაძლებლობის არარსებობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ განიხილებოდა მოსარჩელის ჟ-...... დეპარტამენტში შემდგომი დასაქმების საკითხი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების (მოხელის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ) დარღვევის თაობაზე, მოსარჩელის მითითებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლით დადგენილი გაფრთხილების ვადის დაცვა მოხელისათვის კანონით დადგენილი გარანტია იყო, რომლის მიზანი იყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მისი ინფორმირება გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, რათა პირს ეზრუნა მისი შემდგომი შრომითი მოწყობის საკითხის მოწესრიგებაზე. კანონმდებელმა ამისათვის გაითვალისწინა ერთთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც მოხელე ინფორმირებული უნდა ყოფილიყო შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის მარეგულირებელი, სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი იყო გათავისუფლებამდე სამხედრო პირის კადრების განკარგულებაში აყვანა 4 თვით, რომლის გასვლის შემდეგაც, ადმინისტრაციის დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელი იყო მისი დასაქმება ან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა. ამასთან, ამ პერიოდში მისთვის გარკვეული საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება ხდებოდა. შესაბამისად, სპეციალური კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იყო სამხედრო მოსამსახურის უფლება, ინფორმირებული ყოფილიყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მითითებული ნორმის დარღვევას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასანაზღაურებელი ჰქონდა მოსარჩელის მიმართ მივლინებაში ყოფნის პერიოდის დავალიანება, კერძოდ, კატეგორიის დანამატი, ყოველთვიურად 215 ლარის ოდენობით, როგორც ფულადი სარგოს შემადგენელი კომპონენტი. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-40 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს მივლინებაში ყოფნისას უნდა მიეღო ფულადი სარგო. მართალია, ამ ბრძანებულების მე-51 მუხლი ამოქმედდა 2006 წლის სექტემბრიდან, რა დროსაც მოსარჩელე დაბრუნებული იყო მივლინებიდან, მაგრამ მისი მივლინების პერიოდში მოქმედი რედაქციით მითითებული ბრძანებულების მე-9 პუნქტი (2007 წლის 26 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებდა ფულადი სარგოს შემადგენელ კომპონენტებად თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს, რისი მიღებაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება ზ. კ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების, სასწავლო მივლინებაში ყოფნის დროს მიუღებელი სამხედრო დანამატის კატეგორიისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორმა ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც მისთვის ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინათ სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
კასატორი მიუთითებს, რომ მის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტი. სასწავლო მივლინებაში ყოფნის დროს იგი აიყვანეს კადრების განკარგულებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანების საფუძველზე, რაც უკანონო იყო. მოპასუხის მიერ შესაბამისი კანონის დარღვევა დასტურდება იმითაც, რომ მას არ გამოუცია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კასატორის კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და არც შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის ბრძანება ჩაუბარებიათ მისთვის, რაც გათვალისწინებული იყო, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანებით გენერალური შტაბის ჟ-....... დეპარტამენტში საშტატო ერთეული 57 სამხედრო მოსამსახურიდან 30 სამხედრო მოსამსახურემდე შემცირდა, რის გამოც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერი იყო.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანებით მოხდა რეორგანიზაცია, რის შემდეგაც გენერალური შტაბის ჟ-....... ოპერატიულ დეპარტამენტში ისევ დატოვეს მოსარჩელის თანამდებობა, რომელზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 26 იანვრის ¹43 ბრძანებით დაინიშნა სხვა პიროვნება.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამუშაოდან მოსარჩელის დათხოვნას საფუძვლად დაედო მისი კადრების განკარგულებაში ყოფნა, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. კასატორის განმარტებით, მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 14 დეკემბრის ¹264 არარსებული ბრძანება, რომელიც მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მარტის ¹556 ბრძანება გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით, რასაც ადასტურებდა, სასამართლოს მიერ მოცემული სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრებულ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის გზით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რის შემდეგაც შეიცვალა გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, რომელიც ამ სარჩელის წარდგენისთანავე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით შეჩერებულად ითვლებოდა, ცვლილების შეტანა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იყო უკანონო. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებითად დაირღვა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესი.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი განმარტება იმის თაობაზე, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას დარღვეული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორი შტატების შემცირებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ “საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონით 2006 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა განისაზღვრა 26 000 კაცით, ნაცვლად “საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული 23 000 კაცისა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მოხდა პირადი შემადგენლობის არა შემცირება, არამედ ზრდა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ საქართველოს გენერალური შტაბის ჟ-...... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2006 წლის 18 იანვრის ¹36 წერილით მტკიცდებოდა, რომ კასატორს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹1/949 ბრძანების საფუძველზე ფულადი ანაზღაურება მიღებული ჰქონდა 2005 წლის 22 ივლისამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მოპასუხეს დაევალა მტკიცებულების წარმოდგენა იმის თაობაზე, გადახდილი ჰქონდა თუ არა ფულადი ანაზღაურება კასატორის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების საფუძველზე.
კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი წერილებით, მოპასუხის მხრიდან ნაწილობრივ აღიარებული იყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მივლინებაში ყოფნის პერიოდში იგი უკანონოდ ისე აიყვანეს კადრების განკარგულებაში, რომ არ გამოუციათ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კადრების განკარგულებაში მისი აყვანის თაობაზე და არ დანიშნეს მის თანამდებობაზე, იმის მიუხედავად, რომ ის საშტატო ერთეული, რომელზეც კასატორი მსახურობდა, არ გაუქმებულა. “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ კანონის დარღვევაზე მიუთითებდა ის ფაქტიც, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანებით, მთელი პირადი შემადგენლობა ისე აიყვანეს კადრების განკარგულებაში, რომ კასატორს არ მიუღია აღნიშნულის თაობაზე ბრძანება და მხოლოდ მისი მიმართვის საფუძველზე მოიპოვა შეიარაღებული ძალების რიგებიდან მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება.
კასატორის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები არ ითვალისწინებდა სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის ნორმას, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მოტივით. აღნიშნული დრო დადგენილი იყო იმ მიზნით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-...... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს უზრუნველეყო კადრების განკარგულებაში მყოფი პირისათვის შესაფერისი თანამდებობების შერჩევა. თუ ამ ოთხი თვის განმავლობაში კადრების განკარგულებაში მყოფი პირი შეთავაზებულ თანამდებობაზე დაუსაბუთებელ უარს განაცხადებდა, აღნიშნული პიროვნება შეიძლებოდა სამსახურიდან დაეთხოვათ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართალომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული კოდექსის მოქმედება ვრცელდებოდა არსებულ შრომით ურთიერთობებზე, ესე იგი ამ კოდექსის ძალაში შესვლის დროს (2006 წლის 4 ივლისიდან) არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად იმისა, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა ამავე კოდექსის ამოქმედებამდე. ამდენად, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, ვინაიდან 2006 წლის 4 ივლისს მოსარჩელე მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში აღარ იმყოფებოდა, მასზე ხსენებული მუხლი ვერ გავრცელდებოდა.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, იმის თაობაზეც, რომ, ვინაიდან “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის “უ” და “ფ” პუნქტები 2005 წლის 23 დეკემბრის ცვლილებებით გაუქმდა, ამიტომ სადავო ურთიერთობაზე აღნიშნული ნორმა ვერ გავრცელდებოდა. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ მოსაზრებასაც, რომ მოსარჩელეზე არ ვრცელდებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების მე-40 მუხლის მოთხოვნები სასწავლებლად წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 15 მარტის ¹6/252 წერილით, მოპასუხე აღიარებდა მოსარჩელეზე აღნიშნული მუხლით განსაზღვრული პირობების გავრცელებას.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასაც იმის თაობაზე, რომ მას არ ჰქონდა სასამართლოში წარდგენილი საადვოკატო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ზემოხსენებული ხელშეკრულება, პროცესზე კი მოსარჩელის ადვოკატმა განმარტა, რომ სარჩელის შეტანის დროს არ მოქმედებდა ადვოკატის დაბეგვრის სისტემა, ამიტომ იმ დროს ჰონორარის გადახდა ძირითადად ხელზე ხდებოდა, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ. აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ მითითებული 1000 ლარი იყო სამივე სასამართლო ინსტანციის მომსახურების საფასური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ზ. კ-ის სასარგებლოდ კადრების განკარგულებაში ყოფნის ორი თვის საკომპენსაციო თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზეც უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომლებმაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის, 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების მოთხოვნები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაუსაბუთებელია.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2004 წლის 8 ნოემბრიდან 2005 წლის 22 ივლისამდე მივლინებული იყო ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანებით ჟ-....... ოპერატიულ დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია და მთელი პირადი შემადგენლობა, მათ შორის, მოსარჩელეც, აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ამასთან, საქმეში არსებული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2006 წლის 29 ივნისის ¹697 წერილის საფუძველზე იმავე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2004 წლის 28 დეკემბრიდან იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, ამასთანავე იმყოფებოდა ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე და 2005 წლის 23 ივლისამდე დაკმაყოფილებული იყო კუთვნილი ფულადი ანაზღაურებით. კასატორის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა უტყუარ მტკიცებულებას, რომ მოსარჩელეს ფაქტობრივად მიღებული ჰქონდა ის თანხა, რაც სარჩელით მოითხოვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის კადრების განკარგულებაში 2004 წლის 28 დეკემბრიდან აყვანა და მიუთითა, რომ კადრების განკარგულებაში მყოფად მოსარჩელე უნდა ჩათვლილიყო 2005 წლის 9 სექტემბრიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანებით ჟ-....... ოპერატიულ დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია და მთელი პირადი შემადგენლობა, მათ შორის, მოსარჩელეც, აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. მოსარჩელე კი, იმ დროისათვის იმყოფებოდა სასწავლო მივლინებაში 2005 წლის 22 ივლისამდე და უწყვეტად ღებულობდა კუთვნილ ფულად ანაზღაურებას, რასაც ადასტურებდა საქმეში არსებული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2006 წლის 29 ივნისის ¹697 წერილი. იმავე დოკუმენტით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნისას უზრუნველყოფილ იქნა საბოლოო გამოსასვლელი დახმარებით. ამასთან, იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹408 ბრძანების საფუძველზე 2004 წლის 28 დეკემბრიდან იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, ადასტურებდა ჟ-....... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 22 სექტემბრის ¹1/2-5152 წერილიც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 და 18 მარტის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. კ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, შესაბამისი განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 15 მაისამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. კ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.