¹ბს-284-269(კ-07) 19 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – რ. ც.-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. მ.-ა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება და თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 3 თებერვალს რ. ც.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: გ. მ.-სა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ოზურგეთის რაიონის, დაბა ურეკში, ...-ის ქუჩაზე მდებარე 46 კვ.მ კაფე-ბარის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 5 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე გ. მ.-სთან. 2005 წლის ივლისში, ერთობლივი ფინანსური მონაწილეობით დაბა ურეკში, ...-ის ქუჩაზე კუთვნილ ნაკვეთზე ააშენეს კაფე-ბარი, რომლის განაშენიანების ფართია 46 კვ. მეტრი. მითითებული ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებების განსახორციელებლად, კაფე-ბარის თანამესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს, რომელმაც უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციისათვის საჭირო იყო გ. მ.-ს სანოტარო წესით დადასტურებული განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოსარჩელის მითითებით, გ. მ.-ს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეისათვის შეტანილი აქვს სარჩელი განქორწინების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში ასევე აღნიშნავდა, რომ კაფე-ბარის ასაშენებელი თანხა მეუღლესთან ერთად, დაფარულ იქნა 2005 წლის ზაფხულში, დაბა ურეკში არსებული მათივე მაღაზიიდან მიღებული შემოსავლით.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული კაფე-ბარი რომ ერთობლივი ძალებით არის აშენებული და შექმნილი, დაადასტურებენ ის პირები, რომლებიც ეხმარებოდნენ მაღაზიისა და კაფე-ბარის მშენებლობაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ოზურგეთის რ/ნ-ის დაბა ურეკში, ...-ის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარზე თანამესაკუთრედ ცნობასა და გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადებას.
2006 წლის 16 თებერვალს კი მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც საქმის მომზადების ეტაპზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნული კაფე-ბარის თანამესაკუთრედ ცნობასთან ერთად მოითხოვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სამსახურის მიერ 2006 წლის 13 იანვარს გაცემული პასუხის, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მითითებული სამსახურის დავალდებულება იმის თაობაზე, რომ რეგისტრირებულ იქნეს რ. ც.-ე სადავო კაფე-ბარის თანამესაკუთრედ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით რ. ც.-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ...-ის ქუჩაზე მდებარე გ. მ.-ს საკუთრებაში არსებულ კაფე-ბარს და 46 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც აღნიშნული კაფე-ბარი მდებარეობს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ც.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე რ. ც.-ს უარი ეთქვა ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 13 იანვრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე; გ. მ.-ს დაევალა დაასრულოს ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ...-ის ქუჩაზე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (46 კვ.მ ფართზე) აშენებული კაფე-ბარის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურში. რ. ც.-ე ცნობილ იქნა ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ...-ის ქუჩაზე გ. მ.-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (46 კვ.მ ფართზე) აშენებული ნაგებობის თანამესაკუთრედ.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მას არავითარი დოკუმენტები ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურში კაფე-ბარის რეგისტრაციისათვის არ წარუდგენია და, ბუნებრივია, არც რეგისტრაციის პროცესი დაწყებულა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კაფე-ბარი წარმოადგენს დროებით ნაგებობას და სეზონის ბოლოს უნდა მოხდეს მისი მოშლა, რასაც სასამართლოს მიერ დადებული ყადაღის გამო ვერ განახორციელებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არაკანონიერად ცნო რ. ც.-ე სადავო კაფე-ბარის თანამესაკუთრედ, ვინაიდან სადავო შენობა საკუთრების უფლებით უნდა ეკუთვნოდეს მას და იგი უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რ. ც.-ის თანამესაკუთრედ აღიარება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით გ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ც.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა მოეხსნა გ. მ.-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთს და ამ ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებები. საჯარო რეესტრში ქონებაზე უფლების რეგისტრაცია პირის უფლებას წარმოადგენს და ამ უფლების რეალიზაცია მის ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნულის გამო სასამართლო გადაწყვეტილებით მხარის დავალდებულება, მოახდინოს უფლების რეგისტრაცია – კანონსაწინააღმდეგოა და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით გ. მ.-ს დაევალა დაასრულოს მის საკუთრებაში აგებული კაფე-ბარის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის სამსახურში, მაშინ როცა რეესტრის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მას რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით არ მიუმართავს, ე.ი. რეგისტრაციის პროცედურა არ დაწყებულა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაიონულმა სასამართლომ ისე დაავალდებულა სარეგისტრაციო სამსახურს ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რომ არ გამოიკვლია, არსებობდა თუ არა რეგსტრაციისათვის აუცილებელი წინაპირობები, ანუ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლოს უნდა გაერკვია, გააჩნდა თუU არა გ. მ.-ს სადავო შენობის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი და ასეთივე საფუძველი უნდა გააჩნდეს რ. ც.-საც.
პირის მესაკუთრედ აღიარება ნიშნავს, მის აღიარებას იმ უფლებების მატარებლად, რაც ნივთის მესაკუთრეს ენიჭება: ნივთის ფლობა, სარგებლობა, განკარგვა. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტში მისი რეგისტრაციიდან. საჯარო რეესტში ხდება უკვე არსებული უფლების შეტანა. უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტში აუცილებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მესამე პირთა ინტერესებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო შენობის რეგისტრაციის დავალდებულების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას სასამართლოს უნდა გამოერკვია, არსებობდა თუ არა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც განსაზღვრულია ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-20 მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა რ. ც.-ისა და მისი წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ გ. მ.-ს მიერ საჯარო რეესტრში განხორცილებულია სადავო შენობის-ფართის როგორც საკუთრების 46 კვ.მ რეგისტრაცია.
საქმეში არსებულ საჯარო რეესტრის ამონაწერში (ს.ფ.57) სადავო ფართთან დაკავშირებით, მართალია, არსებობს შემდეგი ჩანაწერი, რომ ,,შენობის მიშენების ფართია 46კვ. მ”, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, რომ სადავო ფართი უკვე რეგისტრირებულია, როგორც გ. მ.-ს საკუთრება (მიწის, უძრავი ქონების საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, ერიცხება 800 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი).
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი რ. ც.-ს მიაჩნია, რომ სადავო 46კვ.მ ფართი უკვე რეგესტრირებულია საჯარო რეესტრში, როგორც გ. მ.-ს საკუთრება, მაშინ გაუგებარია, მისი სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი, დავალდებულდეს გ. მ.-ა, დაასრულოს ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში, ...-ის ქუჩაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 46 კვ.მ-ზე აშენებული კაფე-ბარის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურში.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ც.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სხდომის ოქმი ასახავს საქმის განხილვის ან ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა ყველა არსებით მომენტს. ამავე მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, ოქმში მითითებული უნდა იყოს საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა.
საქმესთან დაკავშირებით შედგენილ სასამართლო სხდომის ოქმში საქმის განმხილველ სასამართლოს შემადგენლობაში მითითებულია – თავმჯდომარე: მ. მ.-ი; მოსამართლეები: ფ. ბ.-ა, თ. ს.-ე. გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს შემადგენლობაში კი მოსამართლე ფ. ბ.-ს ნაცვლად მითითებულია დ. ჟ.-ი. არანაირი საბუთი ან სხდომის ოქმში რაიმე ჩანაწერი მოსამართლეთა შეცვლის თაობაზე არ არსებობს. კასატორის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რომელმა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არც ერთი მხარე და არც მოწმეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ მისი და გ. მ.-ს ქორწინების პერიოდში გ. მ.-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდა კაფე-ბარი, რომლის აშენების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მიწის ნაკვეთის ღირებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის შესაბამისად: ,,თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა”. ამასთან დაკავშირებით, არამართებულია მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ კაფე-ბარი, როგორც ნაგებობა, დროებითია და იგი არ შეიძლება იყოს თანასაკუთრება, რამდენადაც კაფე-ბარის აშენებით მნიშვნელოვნად გაიზარდა გ. მ.-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულება.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარის დავალდებულება განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში კანონსაწინააღმდეგოა, არამართებულია, ვინაიდან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, არავის არ აქვს უფლება, სხვა პირის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს თავისი უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: ,,უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა უფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები”. ამავე დებულების მიხედვით: ,,მოქმედებები რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია”. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, პირი უფლებებს უნდა ახორციელებდეს მართლზომიერად და მას უფლება აქვს, მისი განხორციელება ან განუხორციელებლობა გამოიყენოს სხვა პირის კანონიერი უფლების მიმართ. მოცემული შემთხევევიდან ჩანს, რომ გ. მ.-ა მისი კანონიერი ინტერესების საზიანოდ აჭიანურებს კაფე-ბარის შენობის რეგისტრაციას.
კასატორის მოსაზრებით, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ,,უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის მიზანია საკუთრების ან სხვა რაიმე უფლების აღიარება და იგი არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ც.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით რ. ც.-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც პროცესუალური კასაცია. კერძოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერდა ის მოსამართლე, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში.
საკასაციო სასამართლომ კასატორის პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა ზემოაღნიშნული დარღვევის არსებობის ფაქტი და თვლის, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნული.
საქმეში ს.ფ. 154-157 წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმი, რომლითაც ირკვევა რომ გ. მ.-ს სააპელაციო საჩივრის განხილვაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები მ. მ.-ი, ფ. ბ.-ა და თ. ს.-ე. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ მოსამართლეები მ. მ.-ი, დ. ჟ.-ი და თ. ს.-ე.
ამდენად უდავოა, რომ ადგილი არა აქვს საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა და გადაწყვეტილებაზე ხელმომწერ მოსამართლეთა ვინაობის თანხვედრას, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი შეიცავს იმ საპროცესო დარღვევების ჩამონათვალს, რომლებიც თავად კანონმდებლის მიერ შეფასებულია იმ სახის დარღვევად, რომელიც უცილობლად იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას. აღნიშნული დარღვევების არსებობის შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია უფლებამოსილებას იმოქმედოს საკუთარი მიხედულებისამებრ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ვ" პუნქტით დადგენილი გარემოება, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებას და თვლის, რომ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის საგანს და თვლის, რომ მოთხოვნის დაზუსტების გზით შეფასება უნდა მიეცეს იმ საკითხს, წინამდებარე დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული თუ კერძო სამართალურთიერთობიდან, რაც შემდგომში გამორიცხავს საქმის განსჯადობის წესების დარღვევით განხილვის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ც.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.