Facebook Twitter
ბს-316-299(კ-07) 8 ნოემბერი, 2007წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ კ. ი-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა კ. ი-მა მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის (ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის 37 549 ლარისა და 1000 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელემ 2004 წლის 19 აპრილს რუსეთის ფედერაციის ქ. ვოლგოგრადში შპს “ტ-სთან” გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა კომპანია “ლ-ის” წარმოების ავტომანქანის ზეთი, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდეგ, საბაჟო გაფორმების მიზნით, წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო ორგანოში, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ განახორციელა საქონლის საბაჟო გაფორმება. კ. ი-მა 2004 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს და კუთვნილი საქონლის საბაჟო გაფორმების უზრუნველყოფა მოითხოვა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 2004 წლის 8 ოქტომბერს, ანუ მას შემდეგ, რაც საქონელი საბაჟო გაფორმების მიზნით წარდგენილ იქნა რეგიონალურ საბაჟო ორგანოში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-3 განყოფილებამ განახორციელა იმ ავტომანქანის დალუქვა, რომელშიც განთავსებული იყო ზემოხსენებული საქონელი.
2004 წლის 29 ოქტომბერს კ. ი-მა დარღვეული უფლებების დაცვის მიზნით სარჩელით მიმართა სასამართლოს. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ დეპარტამენტს დაევალა შპს “კ-ის “თბილისის” ტერიტორიაზე დალუქული ავტომანქანა “მაზის” მისაბმელზე დადებული ლუქის მოხსნა. იმავე სასამართლოს 2004 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულმა დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დააყოვნეს, რამაც გამოიწვია მატერიალური ზიანი, კერძოდ 2004 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელემ ინდმეწარმე ე. გ-თან დადო ავტომანქანის ზეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელის საკუთრებაში უნდა გადასულიყო ზემოხსენებული საქონელი, ხოლო მიწოდების ვადად განისაზღვრა 2004 წლის 15 დეკემბერი. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს ბეს სახით მიღებული ჰქონდა 9000 ლარი, ხოლო საქონლის მიწოდებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში მას ბე ორმაგად (18000 ლარი) უნდა დაებრუნებინა. საბაჟო გაფორმება განხორციელდა 2004 წლის 21 დეკემბერს, შესაბამისად, ვერ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის საფუძველზეც ბეს ორმაგად დაბრუნების ვალდებულება დაეკისრა მოსარჩელეს. ე. გ-ი ხელშეკრულების გაგრძელებაზე მხოლოდ იმ პირობით იყო თანახმა, თუ ნასყიდობის საგნის ღირებულება შემცირდებოდა, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა. აღნიშნულმა კი გამოიწვია მისთვის 14694 ლარის დანაკლისი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოსაზრებით, მისთვის მიყენებული ზიანის გამომწვევ ფაქტობრივ მიზეზს სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება წარმოადგენდა, რაც განსახილველ შემთხვევაში მათი სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სრულ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 აშშ დოლარის, თბილისის სააღსრულებო ბიუროში გაღებული წინასწარი ხარჯის _ 80 ლარის, ავტომანქანის იძულებითი დგომისათვის გაწეული სატერმინალო მომსახურეობის ხარჯების _ 675 ლარის, ტერმინალში ავტომანქანის იძულებითი დგომისა და მოცდენისათვის მისი მფლობელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების _ 4100 ლარისა და ასევე, ქონებრივი დანაკლისის სახით 14 694 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება (ს.ფ. 3-5).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას სოლიდარულად დაეკისრათ კ. ი-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება: ა. ბეს ორმაგი ოდენობით დაბრუნების გამო 18000 ლარის ოდენობით; ბ. ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯები _ 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; გ. თბილისის სააღსრულებო ბიუროში გაღებული წინასწარი ხარჯები 80 ლარის ოდენობით; დ. ავტომანქანის იძულებითი დგომისათვის გაწეული სატერმინალო მომსახურების ხარჯები 675 ლარის ოდენობით; ე. ტერმინალში ავტომანქანის იძულებით დგომისა და მოცდენისათვის მისი მფლობელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 4100 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს უარი ეთქვა ქონებრივი დანაკლისის სახით 14694 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაეყრდნო შემდეგ მოტივებს:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო, კანონმდებლობით\ს თანახმად, ვალდებული იყო განეხორციელებინა ქმედება, რომლის შეუსრულებლობით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კონტრაჰენტისათვის ზიანის ასანაზღაურებლად კ. ი-ს დაეკისრა ბეს ორმაგი ოდენობით დაბრუნება.
დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ 2004 წლის 25 ოქტომბრის საადვოკატო მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მომსახურეობის საფასური განისაზღვრა 1000 აშშ დოლარად, აგრეთვე თბილისის სააღსრულებო ბიუროში მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა 80 ლარი. შპს “კ-ს თბილისში” სალაროს შემოსავლის ¹2611 ორდერით დადგინდა ავტომანქანის იძულებითი დგომისათვის გაწეული სატერმინალო მომსახურების _ 675 ლარის გადახდის ფაქტი. ასევე დადგინდა, რომ ა. თ-ის კუთვნილი ავტომანქანა “მაზის” ტერმინალში იძულებითი დგომისა და მოცდენისათვის მოსარჩელემ განიცადა ზიანი 4100 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მოთხოვნა 14 694 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ნაწილში მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, რადგან საქმის მასალებით არ დადასტურდა, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი გამოწვეული იყო თუ არა მხოლოდ მოპასუხეთა ბრალეული ქმედებით. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ზიანის ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენდა ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, რაც მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა (ს.ფ. 118-124).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
საბაჟო ორგანოს არ მიუძღვის ბრალი საქონლის გაფორმების დაყოვნებაში, ვინაიდან სანამ საქონელი და სატრანსპორტო საშუალება დალუქული იყო ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ლუქით, საბაჟო ორგანო მოკლებული იყო საშუალებას ჩაეტარებინა საბაჟო გაფორმების პროცედურები მოსარჩელის მიერ საქართველოში შემოტანილ საქონელზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა საბაჟო კოდექსის 134-ე მუხლი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, საბაჟო გაფორმებისათვის დადგენილი ვადის ათვლა ხდება საბაჟო დეკლარაციის მიღებისა და საბაჟო მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების წარდგენის მომენტიდან. აღნიშნულ ვადაში კი არ შედიოდა ის დრო, რომლის განმავლობაშიც საქონელი დალუქული იყო საფინანსო პოლიციის ლუქით.
საბაჟო დეკლარაცია და საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია საბაჟო ორგანომ მიიღო 2004 წლის 21 დეკემბერს და იმავე დღეს გააფორმა ტვირთი მოსარჩელის მიერ არჩეულ საბაჟო რეჟიმში.
სადავო საქონელი საქართველოში შემოტანილ იქნა საბაჟო წესების დარღვევით, კერძოდ, ტვირთის შემოტანისას მოსარჩელემ დაარღვია “ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის ¹434 ბრძანებულება, რომლის თანახმად, ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ხდებოდა მხოლოდ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე. ასევე დაირღვა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 12 აგვისტოს ¹156 ბრძანება, რომლითაც აიკრძალა როკი-ცხინვალი-გორის საავტომობილო მაგისტრალის გავლით აქციზური საქონლის გადაადგილება (ს.ფ. 128-131).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 14 694 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ი-მა და მოითხოვა მითითებულ ნაწილში მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 132-133).
2007 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე კ. ი-ის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარზე უარი განაცხადა და მოითხოვა კ. ი-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა (ს.ფ. 152-153).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით კ. ი-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე კ. ი-ის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება (ს.ფ. 157-159).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის (18 000 ლარი, 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, 80 ლარი, 675 ლარი) და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის _ 367,35 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
საბაჟო დეპარტამენტისათვის თანხის დაკისრების ნაწილში სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამართლებრივად არ დაუსაბუთებია. საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ერთგან აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა უმოქმედობას, რამდენადაც მან არ განახორციელა კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულება სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 2 დეკემბრისა და 9 დეკემბრის ¹01-06 წერილების საფუძველზე. ზემოაღნიშნული მსჯელობა არ ექვემდებარებოდა გაზიარებას, რადგან საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სააღსრულებო საქმის წარმოება დამთავრდა 2004 წლის 21 დეკემბერს, როდესაც ფინანსური პოლიციის მიერ შესრულდა აღმასრულებლის მოთხოვნა და ლუქი მოეხსნა ავტომანქანას. იმავე დღეს საბაჟო ორგანოს მიერ განბაჟდა ინდმეწარმე კ. ი-ის კუთვნილი საქონელი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საბაჟო კოდექსის 134-ე მუხლი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, საბაჟო გაფორმებისათვის დადგენილი ვადის ათვლა ხდება საბაჟო დეკლარაციის მიღების და საბაჟო მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების წარდგენის მომენტიდან, აღნიშნულ ვადაში კი არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც საქონელი დალუქული იყო საფინანსო პოლიციის ლუქით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ ჯერ კიდევ ფინანსური პოლიციის მიერ ხსენებული საქონლის დალუქვამდე (2004 წლის 8 ოქტომბერი), საბაჟო ორგანოს შეეძლო ტვირთის განბაჟება, რითაც აცილებული იქნებოდა ზიანის დადგომა. თვით სარჩელის შინაარსიდან დგინდებოდა, რომ სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა მოპასუხეების, მათ შორის, საბაჟო ორგანოს მიერ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების დროული აღუსრულებლობა, რაც საბაჟო დეპარტამენტთან მიმართებაში არ დასტურდებოდა.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, სოლიდარულად დაეკისრა ზიანისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, უნდა გაუქმებულიყო, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ ფინანსურ პოლიციასთან მიმართებაში უცვლელად დარჩენილიყო, რამდენადაც აღნიშნული არ წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს _ ფინანსურმა პოლიციამ არ გაასაჩივრა ხსენებული გადაწყვეტილება (ს.ფ. 162-167).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ 18 000 ლარის, 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში, 80 ლარის, 675 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდა 367.35 ლარის ოდენობით, შემდეგი საფუძვლებით:
ფინანსურ პოლიციას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით არ ეცნობა სასამართლო სხდომის დრო, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.
საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ კ. ი-მა შეიძინა კომპანია “ლ-ის” წარმოების ავტომანქანის ზეთი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს გავლით. იმ დროისათვის მოქმედი საბაჟო კანონმდებლობით საბაჟო საზღვარი უნდა გადმოკვეთილიყო ტერიტორიულად განსაზღვრულ ადგილებში, რომლებიც დადგენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. აღნიშნული საზღვრიდან ტვირთის გადმოტანა აკრძალული იყო. იმის გამო, რომ კ. ი-მა უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი და საბაჟო დეპარტამენტმა არ მოახდინა აღნიშნული ტვირთის განბაჟება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-3 განყოფილებამ აღნიშნული ტვირთი დააყადაღა. ფინანსურ პოლიციას სრული უფლება ჰქონდა, იმ დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ჯარიმის თანხის გადახდამდე მოეხდინა ასეთი წესით ტრანსპორტირებული მატერიალური ფასეულობების ან საქონლის დაყადაღება. მოგვიანებით ფინანსურმა პოლიციამ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხსნა ლუქი და მის ქმედებას არ გამოუწვევია კ. ი-ის მიმართ არანაირი შეფერხება (ს.ფ. 174-175).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისათვის კ. ი-ის სასარგებლოდ თანხების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, სოლიდარულად, ფინანსურ პოლიციასთან ერთად დაეკისრა ზიანისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება კ. ი-ის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციასთან მიმართებაში გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ფინანსურ პოლიციას იგი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, არ ნიშნავს, რომ მის მიმართ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რამდენადაც დასახელებული გადაწყვეტილება ერთ-ერთმა სოლიდარულმა მოვალემ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა გაასაჩივრა სრულად. სოლიდარული ვალდებულების თავისებურება, სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლიდან გამომდინარე, იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მოვალე ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება. თავის მხრივ, იმ სოლიდარულ მოვალეს, რომელიც მთლიანად აანაზღაურებს ზიანს, აქვს რეგრესული მოთხოვნის უფლება სხვა სოლიდარული მოვალის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ თითოეულმა მოპასუხემ გადაწყვეტილების რა წილი უნდა შეასრულოს, ან აღნიშნოს, რომ მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია. ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა, ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების სრულად გასაჩივრება თავისთავად გულისხმობდა მის გასაჩივრებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილშიც, რადგან სოლიდარული ვალდებულების არსიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოადგენდა მოპასუხეების მთლიანი შესრულების საგანს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო კასატორს და მისი, როგორც სოლიდარული მოვალის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რამდენადაც ამჯერად მთლიანად მას დაეკისრა გადასახდელი თანხა.
მატერიალური ზიანის ანაზღაურების საკითხი ფინანსურ პოლიციასთან მიმართებაში საჭიროებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევა-შეფასებას, რაზეც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ უმსჯელია.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორად უნდა დაადგინოს, კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში, ფინანსური პოლიციის მოქმედებას (უმოქმედობასა) და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა, რაც ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია 2007 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომაზე (რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა), დადგენილი წესით არ იყო მიწვეული. მითითებული სხდომა წარმოადგენდა 2006 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაწყებული საქმის განხილვის გაგრძელებას, ხოლო საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2006 წლის 6 დეკემბრის სხდომის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამის მიუხედავად, მხარე სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც სასამართლოსათვის უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ. 2007 წლის 17 იანვარს საქმის განხილვა თავიდან კი არ დაწყებულა, არამედ გაგრძელდა უკვე დაწყებული სხდომა. ასეთ შემთხვევაში გამოუცხადებელი მხარისათვის საქმის განხილვის გაგრძელების დღის შეუტყობინებლობა ვერ გაუთანაბრდება ახლად დანიშნულ სხდომაზე მხარის მიუწვევლობას, თუკი აღნიშნული საქმის განხილვის დაწყებამდე მხარეს კანონით დადგენილ წესით ეცნობა პროცესის ჩატარების თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისათვის კ. ი-ის სასარგებლოდ თანხების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.