Facebook Twitter
ბს-358-345(კ-08) 18 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 4 მარტს შპს ,,შ.-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, დარიცხული საურავის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 22 თებერვლის ¹109 შეტყობინების საფუძველზე შპს ,,შ.-ს” გაუუქმა 2002 წლის 3 ოქტომბრის აა-03 სერიის ¹... და 2003 წლის 3 სექტემბრის აა-03 სერიის ¹... საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებულ ოპერაციებზე დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლები, შესაბამისად, 1668 და 1672 ლარის, სულ 3340 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა პირად ბარათზე დაერიცხათ დავალიანებად და შეტყობინებით დაევალათ მისი დროული და სრული დაფარვა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, ხოლო ამავე სასამართლოს 2004 წლის 13 აპრილის განჩინებით კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში ასევე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ინდმეწარმე ,,ლ. ბ.-ე” და ინდმეწარმე ,,მ. ვ.-ი”.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,შ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,შ.-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,შ.-ის” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
2005 წლის 27 ივნისს შპს ,,შ.-მა” განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 მაისის განჩინებით შპს ,,შ.-ის” განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ მოითხოვა დღგ-ს - 3340 ლარის პირად ბარათზე აღდგენა და მასზე დარიცხული საურავის გადახდისაგან გათავისუფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,შ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,შ.-თვის” ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავი გაუქმდა; სასარჩელო მოთხოვნა გაუქმებული დღგ-ის ჩათვლის (ძირითადი თანხა 3340 ლარი) აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 24 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
2008 წლის 7 მაისს შპს ,,შ.-მ“ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
2008 წლის 13 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.