¹ბს-365-349(კ-07) 18 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «ე. პ. ჯ.»
მესამე პირი _ რეგიონალური საბაჟო «.....»
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს « ე. პ. ჯ.მ» მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და მესამე პირის _ რეგიონალური საბაჟო «.....» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს « ე. პ. ჯ.ს» ღია ტიპის საბაჟო და ღია ტიპის დროებითი შენახვის საწყობების გაუქმების შესახებ» საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹379 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
შპს « ე. პ. ჯ.მ» 2005 წლის 5 სექტემბერს მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 2 სექტემბრის წერილი, რომლითაც მოპასუხე ატყობინებდა, რომ რეგიონალური საბაჟო «....» 2005 წლის 2 სექტემბრის ¹11-17999 ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მათზე გაცემული საბაჟო საქმიანობის ნებართვების (ლიცენზიის) ჩამორთმევის შესახებ. მოსარჩელემ მოპასუხეს იმავე დღესვე აცნობა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღებდა მონაწილეობას, მოითხოვა საკითხის ზეპირი მოსმენა და რეგიონული საბაჟო «.....» იმ წერილობითი ინფორმაციის ასლი, რომელიც ადმინისტრაციულ წარმოებას დაედო საფუძვლად. ვინაიდან მოსარჩელემ წერილი სამუშაო დროის დამთავრებამდე ერთი საათით ადრე მიიღო, საბაჟო დეპარტამენტს პასუხი მეორე დღეს 10 საათზე წარუდგინა. ამის მიუხედავად, მოპასუხემ 5 სექტემბერს გამოსცა ¹379 სადავო ბრძანება, რომელიც შპს « ე. პ. ჯ.ს» ჩაჰბარდა 6 სექტემბრის 18.30 საათზე და რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 10 ნოემბრის ¹389 ბრძანება, 2004 წლის 30 დეკემბრის ¹437 ბრძანებით მასში შეტანილი ცვლილებები და ამ ბრძანებების საფუძველზე გაცემული ¹.... და ¹..... სანებართვო მოწმობები.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 95-ე, 96-ე, 99-ე, 101-ე, 110-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ: მართალია, მოპასუხემ მას აცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, მაგრამ არ უზრუნველყო საქმეში მისი მონაწილეობა. მოპასუხე ვალდებული იყო, არა მარტო მოსარჩელე ჩაება საქმეში, არამედ მისი წარმომადგენელიც, რომლის მინდობილობა მოპასუხეს ინფორმაციის მიღებისთანავე, 2005 წლის 6 სექტემბერს ჩაჰბარდა. მოპასუხემ შეზღუდა მისი უფლებები, გაცნობოდა საქმის მასალებს და გამოეთქვა მოსაზრებები. მოპასუხემ ბრძანება მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე, იმავე დღესვე, რა დღესაც მოსარჩელემ ჩაიბარა 2005 წლის 2 სექტემბრის ¹03-14/17995 ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების გახსნის შესახებ. სადავო ბრძანების პრეამბულის თანახმად, მოპასუხემ აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე გამოსცა, თუმცა არ აღნიშნა, ამ მუხლით გათვალისწინებულ რომელ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მოპასუხეს არ გამოუკვლევია საკითხი. სადავო ბრძანების პრეამბულაში არასწორად იყო მითითებული «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტზე. ამ ნორმით ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაესაბუთებინა პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა, სადავო აქტი კი არ შეიცავდა დასაბუთებას. ბრძანების პრეამბულაში მოპასუხეს ასევე გამოყენებული ჰქონდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი, ანუ მოპასუხე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლად ასევე უთითებდა კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობას, თუმცა მითითებული არ იყო, თუ რომელი სანებართვო პირობები იქნა დარღვეული მოსარჩელის მიერ. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტი, რაც მოსარჩელეს არ დაურღვევია, რადგან კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია, განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 დღისა ანგარიშს წარუდგენს საბაჟო ორგანოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე. ამდენად, ყოველკვარტალური ანგარიშგების საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა მოსარჩელეს ევალებოდა ტვირთის მიღების ანგარიშებისათვის, მას კი ტვირთები არ მიუღია და არც ანგარიშგება განუხორციელებია, ასეთ შემთხვევაში კი ყოველკვარტალური ანგარიშგების წარდგენა არ ევალებოდა (ს.ფ. 1-5).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს « ე. პ. ჯ.ს» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹379 ბრძანება.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი მოსაზრებებით:
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს. ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით დაირღვა აქტის გამოცემის პროცესი. მართალია, კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული აქტი გამოსცა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, მაგრამ ამ პროცესში არ დაიცვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები, დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხსენებული მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა მოსარჩელეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა საქმეში. ამდენად, დაინტერესებულ მხარეს _ შპს « ე. პ. ჯ.ს» არ მიეცა ადმინისტრაციულ წარმოებაში საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
იმით, რომ არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, მოპასუხემ ასევე დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ასეთად კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია ისეთი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს დაინტერესებული მხარის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც ცალსახად არსებობდა მოსარჩელესთან მიმართებაში. მითითებულ ნორმათა დარღვევამ კი გარკვეულწილად განაპირობა მოპასუხის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არა მარტო მოსარჩელე ჩაება ადმინისტრაციულ წარმოებაში, არამედ მისი წარმომადგენელიც, რომლის მინდობილობა წარედგინა მოპასუხეს ინფორმაციის შეტყობისთანავე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 2 სექტემბრის ¹03-14/17995 წერილი მოსარჩელეს 2005 წლის 5 სექტემბერს ჩაჰბარდა. ამავე თარიღით გამზადდა შპს « ე. პ. ჯ.ს» საპასუხო განცხადება, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ჩაჰბარდა 6 სექტემბრის დილის საათებში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანების 5 სექტემბრის თარიღით გამოცემა გარკვევით მიანიშნებდა იმაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ფორმალური დატვირთვა მიანიჭა ინფორმაციის მიწოდებას. ამის შედეგად დაინტერესებულ მხარეს წაერთვა საკუთარი აზრის გამოთქმის, მტკიცებულებათა წარდგენის, საქმის გარემოებების გამოკვლევის თხოვნით შუამდგომლობის დაყენების და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მოპასუხის მხრიდან საფუძვლად არასწორად დაედო 2005 წლის 30 აგვისტოს მესამე პირისადმი გაგზავნილი ¹03-14/17818 წერილის პასუხის მხოლოდ ბოლო წინადადება იმის შესახებ, რომ შპს « ე. პ. ჯ.ს» მიერ არ არის წარდგენილი კვარტალური ანგარიშგება, მაშინ როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში კანონი კვარტალურ ანგარიშგებას მხარეს არ ავალდებულებს. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ დაარღვია საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნა და მიუთითა, რომ ამ ნორმის თანახმად საბაჟო დეპარტამენტში ყოველკვარტალური ანგარიშგება მოსარჩელეს ევალებოდა მხოლოდ ტვირთის მიღების შემთხვევაში საბაჟო საწყობში შენახული საქონლისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე. ამ შემთხვევაში დასტურდებოდა, რომ შპს « ე. პ. ჯ.ს» ღია ტიპის საბაჟო საწყობში რეგიონალური საბაჟო «....» მიერ საბაჟო კონტროლზე აყვანილი ტვირთი არ ერიცხებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს, რადგან ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს _ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, არსებითად იყო დარღვეული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი (ს.ფ. 57-62).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებების შესწავლის გარეშე, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შპს « ე. პ. ჯ.ს» ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ 2005 წლის 5 სექტემბერს ეცნობა, არასწორია.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» ქვეპუნქტი, სადაც გარკვევით არის მითითებული, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 დღისა ანგარიშს წარუდგენს საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის შესახებ. აღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გამონაკლის შემთხვევებს არ ითვალისწინებს, ამიტომ კვარტლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 დღისა სავალდებულოა საბაჟო ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენა იმის მიუხედავად, იმყოფება თუ არა საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლზე აყვანილი საქონელი ან წარმოებულია თუ არა მასზე რაიმე ოპერაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლზე აყვანილი რაიმე საქონელი არ იმყოფება, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული მოსაზრება სასამართლომ არ გაიზიარა და მიიჩნია ნორმის განვრცობით განმარტებად, თუმცა სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, თვითონ სასამართლოს მხრიდან აქვს ადგილი კანონის განვრცობით განმარტებას. სასამართლომ სათანადო საფუძვლის გარეშე მიიჩნია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოდ, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა (ს.ფ. 66-67).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა განეხილა და გადაეწყვიტა საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება და კანონიერი ინტერესიც იზღუდებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცემოდა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამავე ნორმის თანახმად, პირი, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ინფორმირებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი მონაწილეობა საქმეში. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა მოსარჩელეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე შპს « ე. პ. ჯ.იმ» საბაჟო დეპარტამენტის წერილი მიიღო 5 სექტემბერს, ამავე დღესვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა სადავო ბრძანება. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 87-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე, 99-ე მუხლების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მითითება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო როგორც ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, ისე საწყობების საქმიანობაზე გაცემული სანებართვო მოწმობების გაუქმების მოტივზე, რადგან აღნიშნული წერილის მოსარჩელისათვის 5 სექტემბრამდე ჩაბარების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, თუმცა, სასამართლოს აზრით, ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მითითებული ნორმების მოთხოვნები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაინც დარღვეული იყო. აღნიშნული ნორმების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, უზრუნველეყო მოსარჩელის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს განმარტებით, საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებული იყო, განეხორციელებინა ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 დღისა ანგარიშს წარუდგენდა საბაჟო ორგანოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე. ამ შემთხვევაში დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს საბაჟო საწყობში საბაჟო საქონელი შენახული არ ჰქონია და სათანადო ოპერაციებს არ აწარმოებდა, მითითებული ნორმა კი ანგარიშგებას საბაჟო საწყობში შენახული საქონლისა და მასზე წარმოებული ოპერაციების თაობაზე ითხოვდა. ის გარემოება, რომ აპელანტმა დაარღვია საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, თუმცა «ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ» კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც მოპასუხე ვალდებული იყო, დაესაბუთებინა პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შეუსრულებია (ს.ფ. 93-107).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» ქვეპუნქტი, სადაც გარკვევით არის მითითებული, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ანგარიშს წარუდგენს საბაჟო ორგანოს საწყობში შენახული საქონლისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის შესახებ. აღნიშნული ნორმა იმპერატიულია და რაიმე გამონაკლის შემთხვევას არ ითვალისწინებს. ამდენად, კვარტლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 დღისა სავალდებულოა საბაჟო ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენა იმის მიუხედავად, იმყოფება თუ არა საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლზე აყვანილი რაიმე საქონელი ან წარმოებულია თუ არა მასზე რაიმე ოპერაცია. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლზე აყვანილი საქონელი არ იმყოფება, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში (ს.ფ. 112-113).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შპს « ე. პ. ჯ.ს» სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹379 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 10 ნოემბრის ¹389 ბრძანებით შპს « ე. პ. ჯ.ს» მიეცა სანებართვო მოწმობა ¹..... ღია ტიპის საბაჟო საწყობის დაარსებისა და ფუნქციონირებისათვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 30 დეკემბრის ¹438 ბრძანებით შპს « ე. პ. ჯ.ს» ასევე მიეცა სანებართვო მოწმობა ¹.... ღია ტიპის დროებითი შენახვის საწყობის დაარსებისა და ფუნქციონირებისათვის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹379 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ზემოაღნიშნული ბრძანებები და გაუქმდა ქ. თბილისში, .... ქ. ¹1-ში მდებარე, შპს « ე. პ. ჯ.ს» ღია ტიპის დროებითი შენახვის საწყობების საქმიანობაზე გაცემული სანებართვო მოწმობები ¹.... და ¹......
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹379 სადავო ბრძანების გამოცემისას საბაჟო დეპარტამენტს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია შპს « ე. პ. ჯ.ს» მონაწილეობით. აღნიშნული ბრძანება გამოცემულია იმავე დღესვე, როდესაც შპს-ს ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საბაჟო დეპარტამენტის სადავო 2005 წლის 5 სექტემბრის ¹379 ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოების სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 95-ე, 96-ე, 98-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის სავალდებულო მონაწილეობისა და მისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის, ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლების უზრუნველყოფის შესახებ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა პროცედურული დარღვევებით ყოველთვის არ იწვევს აქტის ბათილად ცნობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადებას უკავშირებს მხოლოდ ისეთ პროცედურულ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა შპს « ე. პ. ჯ.ს» მიერ განზოგადებული კვარტალური ანგარიშგების წარუდგენლობა. აღნიშნული ანგარიშგების წარდგენას ითვალისწინებდა საბაჟო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია, განახორციელოს ყოველკვარტალური ანგარიშგება, რისთვისაც კვარტლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 დღისა ანგარიშს წარუდგენს საბაჟო ორგანოს საბაჟო საწყობში შენახული საქონლისა და მასზე წარმოებული ყველა ოპერაციის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს « ე. პ. ჯ.ს» საბაჟო კოდექსის აღნიშნული მოთხოვნა არ დაურღვევია. საქმეზე დადგენილია და სადავო არ არის, რომ შპს « ე. პ. ჯ.ს» აღნიშნული ნორმით განსაზღვრული ანგარიში საბაჟო ორგანოში არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტვირთბრუნვის არარსებობა შპს-ს არ ათავისუფლებდა აღნიშნული ანგარიშის წარდგენის მოვალეობისაგან. საბაჟო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა იმპერატიულია. ამ ნორმის თანახმად, კვარტალური ანგარიშგების წარდგენა განეკუთვნება საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნას, საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელის მოვალეობას, რის გამოც ანგარიშის წარდგენა შპს « ე. პ. ჯ.სათვის» სავალდებულო იყო, ხოლო ტვირთბრუნვის არარსებობის შემთხვევაში ანგარიშში მიეთითებოდა აღნიშნულზე.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია «ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ» კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-7 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა.
«ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ» კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ მიიღება იმ შემთხვევაში, თუკი, მიუხედავად ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებისა, ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა. ამდენად, სანებართვო პირობების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს ნებართვის გაუქმების პირდაპირ საფუძველს, არამედ იგი ჯერ 34-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. აღნიშნული პასუხისმგებლობის გამოყენების გარეშე ნებართვის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამავე მუხლის მე-9 პუნქტის რედაქციის თანახმად, რომელიც მოქმედებდა სადავო აქტის გამოცემის მდგომარეობით, არსებობს გადაუდებელი შემთხვევა, რა დროსაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ასეთ შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნებართვის გაუქმების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლისა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გზით და სავალდებულოა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ასეთი დასაბუთების აუცილებლობას სპეციალურად ითვალისწინებს «ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ» კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. სადავო ბრძანება არ შეიცავს მითითებულ დასაბუთებას, კერძოდ, საბაჟო ორგანოს არ დაუსაბუთებია, თუ რაში მდგომარეობდა შპს « ე. პ. ჯ.ს» მიერ სანებართვო პირობების ზემოაღნიშნული დარღვევის პირობებში, 34-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი შემთხვევა და რატომ გამოირიცხებოდა მოცემულ შემთხვევაში 34-ე მუხლის პირველი პუნქტის გამოყენების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-5 ნაწილების, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის, «ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ» კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹379 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებულ ვადაში _ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს « ე. პ. ჯ.ს» სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 სექტემბრის ¹379 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.