ბს-374-354(კ-07) 21 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე(მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “ა-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
10.05.05წ. შპს ,,ა-ის" დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და აღნიშნა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 28.12.04წ. დადგენილებით შპს ,,გ-ს” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ა-ი". მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,გ-მ” შპს ,,ი-გან" შეიძინა დანადგარები. მყიდველმა 2001 წლის ივლისის თვეში თანხის გადარიცხვის მეშვეობით გადაიხადა 16 560 ლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით _ 35105 ლარი. მეწარმეს 2002 წლის აპრილში გორის საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე ჩაეთვალა 5439 ლარის ოდენობით დღგ. 2002 წლის ივნისში შპს ,,გ-ს” გორის საგადასახადო ინსპექციამ აცნობა, რომ სერია აა-05 ¹137158 და აა-05 ¹137159 ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული დღგ-ს ჩათვლა უუქმდებოდა, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს ადმინისტრაციული აქტი არ გამოუცია. 05.05.05წ. მიმართეს საგადასახადო ორგანოს, რომელმაც აცნობა, რომ დღგ-ს ჩათვლები გაუუქმდათ და 2005 წლის მაისის მდგომარეობით ერიცხებათ ბიუჯეტის მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება 14 979 ლარის ოდენობით, სადაც 5439 ლარი ძირითადი ნარჩენი თანხა იყო. ვინადან პირდაპირი გადასახადის გადახდის ვალდებულება კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებოდა შპს ,,ი-ს", მოსარჩელის აზრით, უკანონოდ გაუუქდა სადავო დღგ და დაერიცხა საურავები. მოსარჩელემ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად სადავო დღგ-ს ჩათვლა და გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 05.05.05წ. ¹05-04/3011 აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 19.07.05წ. გადაწყვეტილებით შპს ,,ა-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 05.05.05წ. ¹05-40/3011 ადმინისტრაციული აქტი და მოპასუხეს დაევალა შპს ,,ა-თვის" გაუქმებული დღგ-ს ჩათვლის აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
გორის რაიონული სასამართლოს 19.07.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.06წ. განჩინებით საქმეში მე-3 პირად ჩაბმული იქნა შპს ,,ეს ი-ი".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.06წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგდაასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 19.07.05წ გადაწყვეტილება გორის საგადასახადო ინსპექციის 05.05.05წ. ¹05-40/3011 შეტყობინების ბათილად ცნობისა და შპს ,,ა-თვის" დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებით აა-05 ¹137159 თანხით 3145 ლარი და აა-05 ¹137158 თანხით 2294 ლარი აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს “ა-ის” სარჩელი დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებით სერია აა-05 ¹137159 თანხით 3145 ლარი და აა-05 ¹137158 თანხით 2294 ლარი აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დარიცხული საურავების გაუქმების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,გ-მ” შპს ,,ეს ი-გან" 22.04.02წ. და 23.04.02წ შეიძინა დანადგარები სერია აა-05 ¹137158 და აა-05 ¹137159 ანგარიშ-ფაქტურებით და გადაიხადა დღგ-ს თანხა 5439 ლარი. აღნიშნული დღგ-ს თანხა შპს ,,ეს ი-ის" მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საგადასახადო ანგარიშსწორების დროს მოქმედი 1997წ. საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩასათვლელი თანხა წარმოადგენდა დღგ-ს თანხას, რომელიც დასაბეგრი ოპერაციის დროის მიხედვით გადახდილი იყო წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, ხოლო ბოლო წინადადების თანახმად, დღგ-ს ჩათვლას დაექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა-ის" მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშ-ფაქტურების დაწყვილება და მიმწოდებლისათვის დღგ-ის თანხის გადახდა არ წარმოადგენდა საკმარის პირობას დღგ-ს ჩათვლის მისაღებად. ამასთან, საგადასახადო კოდექსი დღგ-ის თანხის ბიუჯეტში შეტანის ვალდებულებას ითვალისწინებდა მხოლოდ დღგ-ის გადამხდელის ანუ საქონლის მომსახურების ან სამუშაოს მიმწოდებლისაგან. დღგ-ის ჩათვლა წარმოადგენდა შესაბამისი პირის უფლებას და შესაძლებლობას, გარკვეული პირობების დადგომის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან მიეღო თანხის გადახდილად აღიარების უფლება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს ,,ა-ი" მართებულად იქნა გათავისუფლებული სადავო ანგარიშ-ფაქტურებით გაუქმებულ დღგ-ზე დარიცხულ საურავისაგან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,ა-ი" არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს და დაუშვებელი იყო მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საურავის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.12.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ა-მა". კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, 1997წ საგადასახადო კოდექსი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან შპს ,,ა-ა" გორის რაონულ სასამართლოს მიმართა 10.05.05წ., შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა განეხილა ახალი საგადასახადო კოდექსის საფუძველზე.
კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვის გარეშე მიიჩნია, რომ მესამე პირს, შპს ,,ი-ს", არ ჰქონდა სადავო დღგ-ს თანხა ბიუჯეტში შეტანილი.
კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმება და იმ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, რომლითაც უარი ეთქვა 5439 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლის აღდგენაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ა-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამო შპს “ა-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორ შპს “ა-ის” მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 272 ლარის ოდენობით. კასატორს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის 70%, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 190 ლარს და 40 თეთრს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ა-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 190 ლარი და 40 თეთრი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.