ბს-393-372(2კ-07) 3 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
კასატორი - გ. კ-ე; წარმომადგენელი – ზ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინიტრო; წარმომადგენელი – გ. ც-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 24 თებერვალს გ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების Yთაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა 1990 წლის 1 აგვისტოდან, აქვს ... სამხედრო წოდება ,,მაიორი» და შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის 19 წლის სტაჟი. საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვეს 2005 წლის 14 დეკემბერს.
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტისა და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკუთვნის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების (თანამდებობრივი, წოდებრივი და დანამატი) ათმაგი ოდენობით, რაც შეადგენს 4500 ლარს, რის თაობაზეც მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას, რაზეც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსის 2005 წლის 1 თებერვლის დასკვნით ეთქვა უარი, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის ნორმა, არ შეიძლება გავრცელდეს 2005 წელს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილებზე, ამ ნორმის მოქმედების 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერების გამო, რაც, მოსარჩელის განმარტებით, არამართებულია, ვინაიდან ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის უფლების დამდგენი ნორმა არ გაუქმებულა, არამედ ამ დახმარების გაცემის ვადის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. 2005 წელს სამსახურიდან დათხოვნილებზე ასეთი დახმარების გაცემის აკრძალვის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუქნტის მოქმედება კი არ უნდა შეეჩერებინათ, არამედ ამ ნორმის ძალაში შესვლის თარიღად უნდა დაედგინათ 2006 წლის 1 იანვარი.
ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლება სამხედრო მოსამსახურეებმა ჯერ კიდევ 1993-94 წლებში მოიპოვეს. მოპოვებული უფლებების გაუარესება და უფრო მეტიც, მისი გაუქმება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და გარანტიების დაცვის თაობაზე მიღებულ საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს.
ამრიგად, მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულების 61-ე პუნქტით სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე გასაცემი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ნორმა 2005 წელს არ გაუქმებულა, არამედ შეჩერებული იყო და უპირობოდ უნდა განახლებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან და გავრცელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზეც, რასაც ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შინაარსიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა, 2005 წელს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის აკრძალვის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსის 2005 წლის 25 იანვრის ¹6/147 დასკვნის ბათილად ცნობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნასთან დაკავშირებული გამოსასვლელი დახმარების - 4500 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებისა და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების - 4500 ლარისა და საადვოკატო ხარჯების - 180 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კუთვნილი ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების - 4500 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 180 ლარის ანაზღაურება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტის მითითებით, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა ვრცელდებოდა მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც დათხოვნილი იყვნენ 2006 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვეს 2005 წელს, მასზე 331-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება ვერ გავრცელდებოდა რადგან, იგი შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ანუ აღნიშნული ნორმა არ ვრცელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე.
აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმის შეჩერება 2006 წლის 1 იანვრამდე ნიშნავს იმას, რომ იგი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან და, შესაბამისად, გავრცელდება მიმდინარე წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთან, ,,ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნორმას უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 2700 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურის წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების, ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო ამ ბრძანებულების 33 «დ" პუნქტით 15-20 წლამდე ნამსახურის წლებისათვის გაიცემა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ათმაგი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 კანონით, ამ ბრძანებულებაში დამატებული 611-ე პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება ზემოაღნიშნულზე და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა ამ ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე გ. კ-ემ სამხედრო სამსახურში იმსახურა 15 წელზე მეტი და მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 270 ლარს. შესაბამისად, მას უნდა ანაზღაურებოდა კუთვნილი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ნამსახური წლების მიხედვით, თანამდებობრივი სარგოს (270X10=2700 ლარი) ათმაგი ოდენობით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შეადგენდა 2700 ლარს და არა - 4500 ლარს, როგორც ეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო მითითებული.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და გ. კ-ემ.
კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
მეორე კასატორი გ. კ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ შეიარაღებულ ძალებში იმსახურა 15 წელი და 28 დღე. თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, თანამდებობრივი სარგო შეადგენდა - 230, ხოლო წოდებრივი - 40 ლარს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.12.05 წლის ¹3264 ბრძანებით მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მოხდა სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის 5.11.05 წლის ¹493 ბრძანებულებით - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ", გათვალისწინებულია სამხედრო სამსახურიდან ვადაზე ადრე დათხოვნილ პირთათვის სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებები, ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების გაცემის სახით, კერძოდ, აღნიშნული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით: ,,სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილნი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების, ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით". თავის მხრივ, ამავე ბრძანებულების 33-ე პუნქტით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურეთათვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გამოანგარიშების წესი. ამ ნორმის მიხედვით, კასატორის მოსაზრებით, წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების სახით ეკუთვნოდა ფულადი სარგო ათმაგი ოდენობით. ამავე ბრძანებულებაში 24.01.05 წელს ¹47 ბრძანებულებით განხორციელებული ცვლილებით დამტკიცდა დანართი ¹1-ის ახალი რედაქცია, სადაც განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ყოველთვიური ფულადი სარგოს ნუსხა. აღნიშნული დანართით, სამხედრო მოსამსახურეთა ფულად სარგოში შევიდა: სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივი, წოდებრივი და დანამატების კატეგორიები. ამდენად, საქართველს პრეზიდენტის 5.11.05 წლის ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331-ე პუნქტებით გათვალისწინებული ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით გათვალისწინებული თანხის გაანგარიშებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო 24.01.05 წლის ¹47 ბრძანებულებით დამტკიცებულ დანართი ¹1-ში მითითებული სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს მიხედვით დადგენილი ოდენობები. დანართი ¹1-ის მიხედვით: თანამდებობრივი სარგო შეადგენს 230 ლარს; წოდებრივი – 40 ლარს; ხოლო დანამატების კატეგორია - 180 ლარს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის 22.08.06 წლის ¹500 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა ¹493 ბრძანებულებაში, კერძოდ, ბრძანებულების მე-51 პუნქტით დადგინდა სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს შემადგენლობა, რომლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს ოდენობისაგან. სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების სახით 4500 ლარის დაკისრების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ¹493 ბრძანებულების შეუსაბამოდ, რაც, კასატორის მოსაზრებით, არასწორია.
კასატორის განმარტებით, იგი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ იქნა 19.12.2005 წელს, როდესაც მოქმედებდა 24.01.05 წლის ¹47 ბრძანებულებით დამტკიცებული ¹1 დანართი, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს ოდენობის ცვლილება განხორციელდა 22.08.06 წელს ¹500 ბრძანებულებით. თავის მხრივ, გასასვლელი ერთჯერადი დახმარების გაანგარიშება უნდა მომხდარიყო სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის (ანუ, 19.12.05 წლისათვის) არსებული მოქმედი ნორმის შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ ამავე ბრძანებულების 611-ე პუნქტით შეჩერებული იყო გასასვლელი დახმარების ანაზღაურება 2006 წლის 1 იანვრამდე. მეტიც, საქალაქო სასამართლომ მისი სასარჩელო მოთხოვნა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების შესახებ განიხილა 27.04.06 წელს და მიიღო სრულიად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რადგან იმ დროისათვის ¹493 ბრძანებულების მე-51 პუნქტი არ არსებობდა და საქალაქო სასამართლო ხსენებულ ნორმას გასაგები მიზეზის გამო ვერ გამოიყენებდა. სააპელაციო სასამართლომ კი უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციისა და ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მოთხოვნები და ნორმას მისცა უკუქმედების ძალა, ანუ იგი გაავრცელა იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა მის გამოცემამდე, მით უფრო, რომ თვით ახალ ნორმაში არ იყო მითითებული უკუქმედების ძალის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით გადასახდელი თანხის შემცირების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.02.07 წლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების სახით მის სასარგებლოდ 4 500 ლარის განსაზღვრისა და დამატებით, თავდაცვის სამინისტროსათვის 1 800 ლარის დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 19 დეკემბრის ¹3264 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ა-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სწრაფი რეაგირების ძალების .... ოპერატიული სამმართველოს ...., მაიორი გ. კ-ე 2005 წლის 14 დეკემბრიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეირაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ" ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 25 იანვრის ¹6-147 წერილით გ. კ-ეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარების გაცემაზე, იმ მოტივით, რომ მისი დათხოვნა მოხდა 2005 წელს, მაშინ როდესაც, აღნიშნული პუნქტის მოქმედება იყო შეჩერებული.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის თბილისის ისანი-სამგორის სამობილიზაციო შტაბის 06.04.2006 წლის ¹80 ცნობით დასტურდება, რომ გ. კ-ის ნამსახურობა შეადგენს 15 წელს, 0 თვეს და 28 დღეს.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის სისწორეს და მიიჩნევს, რომ გ. კ-ე მიეკუთვნება საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტთა წრეს. საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების 33-ე მუხლის შესაბამისად დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტების და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს სახით.
ბრძანებულება ამოქმედდა 2004 წლის 15 ნოემბრიდან.
2004 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ¹640 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა ¹493 ბრძანებულებაში, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნული 33-ე პუნქტი გაიყო ორ პუნქტად და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, ვინც დათხოვნილი არიან შეარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით განისაზღვრა 331-ე პუნქტით. იმავე ¹640 ბრძანებულების 61-ე პუნქტით ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ¹640 ბრძანებულების 331-ე პუნქტით მოხდა უფლების აღიარება (ნამსახური წლების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ ერთჯერადი დახმარების ფულადი სარგოს სახით მიღების უფლება), ხოლო იმავე ბრძანებულების 611-ე პუნქტში ჩაიდო უფლების რეალიზების მექანიზმი, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა კასატორის უფლება, მიიღოს ფულადი დახმარება, ხოლო, რაც შეეხება აღიარებული უფლების რეალიზებას, მითითებული დაუკავშირდა დროის შემდგომ პერიოდს ანუ მოხდა უფლების აღსრულების გადავადება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით ადასტურებს გ. კ-ის უფლებას, მიიღოს ერთჯერადი დახმარება. რაც შეეხება დახმარების ოდენობას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თანხის ოდენობა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არსებითად სწორადაა დაანგარიშებული, რის გამოც არ არსებობს ანაზღაურებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.
დადგენილია, რომ გ. კ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 230 ლარს, ხოლო წოდებრივი _ 40 ლარს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ გ. კ-ის მოთხოვნას ერთჯერად დახმარებებში სხვა დანამატების ჩართვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების ნამდვილ შინაარსს.
«საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331-ე პუნქტების შესაბამისად განისაზღვრა ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი სარგოს წელთა ნამსახურობის მიხედვით გაცემის წესი. იმავე ბრძანებულების მე-9 პუნქტით დადგინდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი სარგოების ¹1 დანართის შესაბამისად დაწესების პირობები და ამავე პუნქტით განისაზღვრა ფულადი სარგოს შემადგენლობა, რომელმაც მოიცვა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები.
ზემოაღნიშნული ბრძანებულებებით დამტკიცებულ ¹1 დანართში ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით დამტკიცებული ¹1 დანართით, რის შედეგადაც ფულადი სარგოების ნუსხას დაემატა მე-3 კომპონენტი სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების კატეგორია. საგულისხმოა, რომ, მიუხედავად დანართში განხორციელებული ცვლილებისა, ბრძანებულების მე-9 პუნქტი დარჩა უცვლელად, რომლითაც ფულადი სარგო, როგორც აღინიშნა, წარმოდგენილია, მხოლოდ ორი კომპონენტით _ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოთი.
საკასაციო სასამართლო გარკვეულწილად ადასტურებს კასატორის მოსაზრების სისწორეს იმ თვალსაზრისით, რომ სადავო პერიოდისათვის, ფაქტობრივად სახეზეა ნორმათა კოლიზია, თუმცა მიაჩნია, რომ საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს სპეციალურ ნორმას, რომელსაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიეკუთვნება ბრძანებულების მე-9 პუნქტი, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ფულადი სარგოს შემადგენლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან თანხის დაანგარიშება მოხდა ზემოაღნიშნული მე-9 პუნქტის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.