ბს-442-424(კ-08) 19 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. კ.-ი (მოპასუხე)
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. კ.-მ 2007 წლის 2 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ ხელფასის დავალიანების 1315.69 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალში, საიდანაც გათავისუფლდა 2006 წლის 20 ნოემბრიდან. მიუღებელი დარჩა ხელზე გასაცემი დავალიანება, რომელიც შეადგენს 1315,69 ლარს, მათ შორის ხელფასი – 374.05 ლარი, კვება – 670 ლარი, ჯილდო – 210,07 ლარი, მატერიალური დახმარება 61,15 ლარი, მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ აღნიშნული დავალიანების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 1315,69 (ათას სამას თხუთმეტი ლარის და 69 თეთრის) ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა. კ.-ი 2006 წლის 20 ნოემბრამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სისტემაში; საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2007 წლის 23 ივლისის ¹3-11/...-ით გაცემული ცნობის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ა. კ.-ის მიმართ აქვს ხელზე გასაცემი დავალიანება 1315,69 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, ასევე იმავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი. სასამართლომ, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად ჩათვალა, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო და სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
სასამართლომ მიიჩნია რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო – ხელფასი, ფულადი ჯილდო, მატერიალური დახმარება და სასურსათე ულუფა, რადგან ამ მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არ არის შეზღუდული დროის კონკრეტული პერიოდით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ე.ი. გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები. კანონმდებელი 127.1 მუხლში მითითებული სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების, აგრეთვე მოქმედების გასაჩივრებაში ვერ იგულისხმებდა კანონით დაკისრებული ვალედბულების – ხელფასის გაუცემლობის თაობაზე, ერთი თვის ვადაში სასამართლოში დავის დაწყებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”, რომლის მე-9 მუხლის თანახმად სახელმწიფო ასევე აღიარებს წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიყენონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანებების დასაფარავად.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულადაც რომ იქნეს მიჩნეული, მოპასუხის მიერ გაცემული 2007 წლის 23 ივლისის ცნობით აღიარებულია დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით ადმინისტრაციული ორგანოს, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა – ხელფასის და სხვა დანამატების გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. კ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ხელფასის _ 374,03 (სამას სამოცდათოთხმეტი ლარის და 3 თეთრის) ლარის, ჯილდოს _ 210,07 (ორას ათი ლარის და 7 თეთრის) ლარის, მატერიალური დახმარების _ 61,15 (სამოცდაერთი ლარის და 15 თეთრის) ლარის გადახდა ა. კ.-ის სასარგებლოდ. ხოლო სასურსათო ულუფის (კვების) კომპენსაციის _ 670,44 (ექვსას სამოცდაათი ლარის და 44 თეთრის) ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში წარმოდგენილი საქართევლოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 23 ივლისის ¹3-11/... ცნობით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ყოფილი თავდაცვის სამინისტროს ... ჰოსპიტალის თანამშრომლის ა. კ.-ის კუთვნილი ხელზე გასაცემი 1998-2000 წლების დავალიანება შეადგენს 1215.69 ლარს. მათ შორის ხელფასი – 374,03 ლარია, კვების კომპენსაცია – 670,44 ლარი, ჯილდო – 210,07 ლარი, მატერიალური დახმარება 61,15 ლარი.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 16 ივლისის .¹9/... წერილით ა. კ.-ს ეცნობა, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. იმ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო/ან მატერიალურ დახმარება. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის, მეორე პუნქტის ,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ დადგენილი არ არის. ამავე კანონის 37.1 მუხლის თანახმად კი, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
სასამართლომ გამოიყენა ასევე ამ კანონის 1341 მუხლი, რომლის თანახმად 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდება დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, მაგრამ სპეციალური დათქმის მიხედვით იგი არ მოიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებასაც.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) არ მოიცავს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმით გათვალისწინებული სასურსათო ულუფისა (კვების) და ფორმის ტანსაცმლის შესაბამის ფულად კომპენსაციას. სასურსათო ულუფის და ფორმის ტანსაცმელის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელ კომპონენტს, იგი არის სამხედრო მოსამსახურის სავალდებულო მატერიალური უზრუნველყოფის შესაბამისი ფულადი კომპენსაციის სახე. ამასთანავე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი ამ სახის კომპენსაციებზე არ ვრცელდება.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2007 წლის 23 ივლისის .¹3-11/... ცნობით არ დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის 670,44 ლარის დავალიანების სახით ვალის აღიარების ფაქტი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით მოთხოვნა 1998-2000 წლების კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის – 670,44 ლარის ანაზღაურების ნაწილში არის ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ მითითებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის 08 აგვისტოს, დავალიანების წარმოშობიდან თითქმის 9 წლის გასვლის შემდეგ, როდესაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულია სამწლიანი ვადა. ამასთანავე, სასამართლომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ მოთხოვნა სახელფასო დავალიანების – ხელფასის 370,03 ლარის, ჯილდოს 210,08 ლარის, მატერიალური დახმარების 61,15 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ არის ხანდაზმული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
კასატორი თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის ეს ნორმა არ გამოუყენებია.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებსა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა სახელშეკრულებო ურთიერთობას.
ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა, კასატორს მიაჩნია უდავოდ და განმარტავს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა.
კასატორს ასევე საყურადღებოდ მიაჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტით სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. აქედან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ ხელფასის არსზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნას შესაბამისი წლების მოქმედი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ხოლო ამ აქტში განსხვავებული დებულებების არ არსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა მოგვარებული უნდა იქნას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, მისი 37-ე მუხლით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
კასატორის განმარტებით, იმისათვის რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდეს ,,დანამატის” სტატუსი.
კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტიდან ირკვევა ,,დანამატის” სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომელიც გაიანგარიშება ნამსახურების წლების მიხედვით, რაც შეეხება ჯილდოს, კვების კომპენსაციას და მატერიალურ დახმარებას, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამომდინარე, ,,დანამატის” სტატუსი არ აქვს მინიჭებული. აქედან გამომდინარე, თვლის კასატორი რომ კვების კომპენსაცია, ჯილდო და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენენ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. ამდეანდ, ხელფასსა და დასახელებული ფულად გასაცემლებზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიდან გამომდინარე, ასევე – ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.
კასატორი განმარტავს, რომ მოცემული დავის განხილვისას სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ 2007 წლის 23 ივლისს გაცემული ¹3-11/... ცნობა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციის და მატერიალური დახმარების ვალის აღიარებისა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თევერვლის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.