ბს-466-443(კ-07) 26 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.07წ. განჩინების გაუქმებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. კ-მ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 485.02 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში უფროს ოპერატიულ თანამშრომლად. 15.10.03წ. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად. გათავისუფლებისას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, ეკუთვნოდა ორი თვის თანამდებობრივი სარგო, რაც არ მიუღია.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 485.02 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.03.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.05წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. კ-ის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 321.50 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. კ-ე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში, საიდანაც გათავისუფლებული იქნა 15.10.03წ. საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე. მოსარჩელემ 31.01.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოპასუხისაგან მოითხოვა 482.02 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მთავარი ბუღალტრის მიერ 12.01.05წ. გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველო ფინანსთა სამინისტროს ყოფილი ლეგიონის თანამშრომელს _ კ. კ-ს მიუღებელი აქვს 485.02 ლარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელსაც მოსარჩელე უთითებს სარჩელის საფუძვლად, ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებების შეტანის თაობაზე” 13.07.2000წ. ¹481-რს კანონით შეჩერებულ იქნა, ხოლო შემდგომში მიღებული კანონის თანახმად, გადაწეული იქნა შეჩერებული ნორმის ამოქმედების თარიღები, რის გამოც კანონის აღნიშნული ნორმა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის არ მოქმედებდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 23.03.05წ. ¹1/3/301 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 29.12.04წ. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ იგი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, ანუ 2005 წლის 23 მარტიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის, კანონის ნორმა, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნებს, არ მოქმედებდა, რის გამოც იგი ვერ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც მისი იურიდიული ძალაში არყოფნის პერიოდში წარმოიშვა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისგან მოთხოვნილი 485.02 ლარიდან 162 ლარი და 52 თეთრი წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას. სააპელაციო პალატის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად კი მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას საწარმოსგან, დაწესებულებისგან, ორგანიზაციისგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გადაცემული უნდა იქნეს არა უგვიანეს შემდეგი დღისა, დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სახელფასო დავალიანება 163 ლარისა და 52 თეთრის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.03.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლი, რომლის თანახმად ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად”, ანუ ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.