¹ბს-485-462(კ-07) 18 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 16 იანვარს შ. ჭ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1999 წლის 3 სექტემბრიდან მუშაობდა მარნეულის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ...ად. 2003 წლის 17 მარტის ¹51 ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან, რაც დასტურდება ქ. თბილისის სალოქო სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2005 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რაზედაც 2005 წლის 11 ივლისის პასუხით აცნობეს, რომ ზემოაღნიშნული საკითხი სცილდებოდა მათ კომპეტენციას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2003 წლის 17 მარტიდან 2005 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხელფასის – 1981 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. ჭ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე შ. ჭ-ის სასარგებლოდ ხელფასის - 1981 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე, მიმართული იყო საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ, რომლის ლიკვიდაციის გამო, უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, რომელსაც თავის მხრივ, გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი შ. ჭ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, სადავოდ არ გაუხდია, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეობა მოცემულ საკითხთან მიმართებაში.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებით განაცდური ხელფასი, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყო მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო მოსარჩელის გათვისუფლების ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად არის ცნობილი და, შესაბამისად, უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდური ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად მიიჩნია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მიწის მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. ,,საქართველოს მთვარობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და გადავიდა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში, ხოლო ყოფილი დეპარტამენტის ზოგიერთი ფუნქცია შესასრულებლად დაეკისრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.
,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე” 2004 წლის 9 ივლისის საქართველოს მთავრობის ¹56 დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს Dდაევალა მისი მმართველობის სფეროში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგადაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგნეტოს გადაეცა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება, რომლის უზრუნველყოფაც დაევალა საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკის სამინიტროებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ასევე დევალა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადება, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემული საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებიდან სამი თვის სახელფასო ფონდის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დაბრუნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ვერ ჩაითვლება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ. აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან მის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” კომპეტენციას. შესაბამისად, სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოსარჩელეს აუნაზღაუროს სახელფასო დავალიანება. ამასთან, ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროსათვის გამოყოფილ დაფინანსებაში ამგვარი თანხები არ იყო გათვალისწინებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 25 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 11 ივნისს შ. ჭ-მ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო რაც შეეხება საკასაციო საჩივრის წარმატების პერსპექტივას, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ” პუნქტზე და თვლის, რომ პროცესუალური მოწინააღმდეგის თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტი გამორიცხავს წინამდებარე საქმეზე, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.