ბს-515-493(კ-08) 12 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კავშირი “კ-ი” (მოსარჩელე)
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კავშირი “კ-ის” ხელმძღვანელმა 2006 წლის 6 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” მიმართ და მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის I და III პუნქტების, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის საფუძველზე რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” უფროსის 2006 წლის 28 ივნისის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გაუქმება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 203-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 2006 წლის 6 ივნისის ოქმის, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 6 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” გაფორმების ჯგუფის მთავარი ინსპექტორის, ვ. ე-ისა და ინსპექტორ ზ. დ-ის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმი. ამ ოქმით დადგინდა, რომ კავშირ “კ-მა” დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ გაფორმებული იქნა დროებითი შემოტანის საბაჟო სატვირთო დეკლარაციები, კერძოდ, ¹-536 დეკლარაციით განისაზღვრა ტვირთის გაფორმების ვადა 2006 წლის 25 იანვარი და უკან დაბრუნების ვადა 2006 წლის 22 მარტი. მოპასუხის მიერ შედგენილი 2006 წლის 6 ივნისის ოქმით სამართალდარღვევა განხორციელდა 2006 წლის 23 მარტს. ამიტომ მოსარჩელემ არასწორად მიიჩნია მისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” უფროსის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით 500 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი მიიჩნია უკანონოდ, რადგან, მისი განმარტებით, ეს უკანასკნელი გამოცემული იყო ფორმის დარღვევით და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლს, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლებოდა დადებული ყოფილიყო არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენიდან. სამართალდარღვევის დღე იყო 2006 წლის 22 მარტი, ხოლო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა 2006 წლის 6 ივნისს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით გაფორმებული ვიდეოკასეტების ¹ა536 უკან დაბრუნების ვადა იყო 2006 წლის 22 მარტი. მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძოდ, 2006 წლის 22 მარტის ჩათვლით საბაჟო რეჟიმს დაქვემდებარებული საქონლის, DVD კასეტების გატანა მხარეს არ განუხოცრიელებია, რითაც, სასამართლოს განმარტებით, დარღვეულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ადრე შემოტანილი საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების გაუტანლობისათვის. სასამართლოს განმარტებით, დარღვეულ იქნა ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 თავის მოთხოვნები და ამავე კოდექსის 46-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, პირი რომელმაც დროებით გაიტანა საქონელი და არ დააბრუნა დადგენილ ვადაში, პასუხს არ აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუბრუნებლობა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების, ან დაკარგვის ანდა უცხო სახელმწიფოს ორგანოების, ან თანამდებობის პირთა არამართლზომიერი მოქმედების შედეგია, რასაც ადასტურებს საქართველოს შესაბამისი საკონსულო დაწესებულება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევას რეალურად ჰქონდა ადგილი, რაც გამოიხატებოდა მხარის უმოქმედობაში და იგი ხორციელდებოდა უწყვეტად. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, იგი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და აღნიშნულის გამო, სასამართლომ იგი დენად სამართალდარღვევის სახედ მიიჩნია და მიუთითა, რომ მასზე უნდა გავრცელებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, როცა სამართალდარღვევა დენადია, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა, მისი გამოვლენის დღიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კავშირ “კ-ის” წარმომადგენელმა თ. ჯ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთი”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით კავშირ “კ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; კავშირ “კ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; კავშირ “კ-თან” მიმართებაში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 2006 წლის 6 ივნისის ოქმი; ასევე ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” უფროსის 2006 წლის 28 ივნისის დადგენილება კავშირი “კ-თვის” ადმინისტრაციული სახდელის _ ჯარიმის _ 500 ლარის დაკისრების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით კანონი (სამართლის ნორმა); ამასთანავე, მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადგენილი იყო ის გარემოება, რომ კავშირ “კ-ის” მიერ დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით გაფორმებულ იქნა ვიდეოკასეტები ¹ა536, რომლის უკან დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 22 მარტის ჩათვლით. აპელანტს საქონელი _ DVD კასეტები არ გაუტანია, რის გამოც დარღვეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 193.1 მუხლის “ვ” პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ადრე შემოტანილი საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების გაუტანლობისათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დადებულ იქნეს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღევვა დენადია _ არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა დენად სამართალდარღვევას, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ იქნა, რომ კავშირ “კ-ს” ტვირთი უკან უნდა დაებრუნებინა არაუგვიანეს 2006 წლის 22 მარტისა, ცხადია, აღნიშნულის შესახებ იცოდა (ან უნდა სცოდნოდა) როგორც აპელანტს, ასევე რეგიონალურ საბაჟო “აღმოსავლეთსაც”, სადაც მოხდა ხსენებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა. ამრიგად, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის გამოვლენის დღედ მიჩნეული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღე _ 2006 წლის 6 ივნისი. სასამართლომ მიუთითა, რომ საბაჟო ორგანოსათვის, მის ხელთ არსებული დოკუმენტების (საბაჟო დეკლარაციის) საფუძველზე 2006 წლის 23 მარტისათვის უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო კავშირ “კ-ის” მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ და შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან, ანუ როდესაც მას უნდა გამოევლინა ხსენებული სამართალდარღვევა, 2 თვის ვადაში არა უგვიანეს 2006 წლის 22 მაისისა, უნდა შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიეღო დადგენილება კავშირ “კ-თვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ყოველივე აღნიშნული კი საბაჟო ორგანომ განახორციელა 2 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ _ 2006 წლის 28 ივნისს.
სააპელაციო სასამათლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლი, როდესაც მან მიიჩნია, რომ დენადი სამართალდარღვევის გამოვლინების დღედ მიჩნეული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღე. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, საბაჟო ორგანოს სრული შესაძლებლობა ექნებოდა ნებისმიერ დროს, თუნდაც ოცდაათი წლის გასვლის შემდგომ შეედგინა სამართალდარღვევათა ოქმი, რაც, ცხადია, ეწინააღმდეგებოდა ეკონომიკური ბრუნვის სტაბილურობის ინტერესს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლი უნდა განიმარტოს არა სუბიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით, ანუ როდის მოესურვა ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლინება, ან როდის მოისურვებს იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის თაობაზე ოქმის შედგენას, არამედ ხსენებული სამართლის ნორმა უნდა განიმარტოს ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მის ხელთ არსებული საბუთების (მონაცემების) საფუძველზე მკაცრად განსაზღვრულ ვადაში გამოავლინოს არსებული სამართალდარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ცალსახად მიიჩნია, რომ საბაჟო ორგანო ვალდებული იყო, კავშირ “კ-ის” საბაჟო დეკლარაცია გადაემოწმებინა და 2006 წლის 23 მარტს გამოევლინა ამ უკანაკსნელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა, შესაბამისად არა უგვიანეს 2006 წლის 22 მაისისა (და არა 2006 წლის 28 ივნისს _ 2 თვიანი ვადის გადაცილებით) შეედგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიეღო დადგენილება კავშირ “კ-თვის” ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამასთან გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. კასატორის განმარტებით, საქმის გარემოებებით დადგენილი იყო ის გარემოება, რომ დროებითი შემოტანის დროს საბაჟო რეჟიმს დაქვემდებარებული საქონლის გატანა უნდა მომხდარიყო განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2006 წლის 22 მარტის ჩათვლით, რაც მოსარჩელე კავშირ “კ-ს” არ განუხორციელებია; აღნიშნული დადასტურებული იქნა მოსარჩელის მიერ, რის გამოც, კასატორის განმარტებით, დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 თავის მოთხოვნები და სამართალდარღვევა იყო სახეზე, რაც გამოიხატა უმოქმედობაში. ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევა, კასატორის განმარტებით, ხორციელდებოდა უწყვეტად, რის გამოც წარმოადგენდა დენად სამართალდარღვევის სახეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაზე უნდა გავრცელებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც “ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა, სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია, არა უგვიანეს ორი თვისა, მისი გამოვლენის დღიდან.” კასატორის განმარტებით, სახდელი იქნა დადებული კანონიერად, კერძოდ, ორი თვის ვადაში სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” გაფორმების ჯგუფის მთავარი ინსპექტორის, ვ. ე-ისა და ინსპექტორ ზ. დ-ის მიერ 2006 წლის 6 ივნისს შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმი იმის შესახებ, რომ კავშირ “კ-მა” დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი; აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიხატა იმაში, რომ დროებით შემოტანილ ტვირთზე 2006 წლის 25 იანვარს გაფორმებულ დეკლარაციაში A-536 მითითებულ ვადაში არ არის დაბრუნებული ტვირთი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 193-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში ადრე შემოტანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუტანლობა, თუ გატანა სავალდებულოა, ან ადრე გატანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დაუბრუნებლობა, თუ დაბრუნება სავალდებულოა და მოქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე ან საბაჟო გადასახდელების სამმაგი ოდენობით, საბაჟო წესების დარღვევის საგნის, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით გაფორმებული დეკლარაციით A-536 ტვირთის გაფორმების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 25 იანვარი, უკან დაბრუნების ვადად 2006 წლის 22 მარტი. მოსარჩელეს განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2006 წლის 22 მარტის ჩათვლით საბაჟო რეჟიმს დაქვემდებარებული საქონლის, DVD კასეტების გატანა არ განუხორციელებია, მაგრამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2006 წლის 29 დეკემბერს შეტანილ იქნა ცვლილება და ამოღებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 193-ე მუხლი, რომელიც ამოქმედდა 2007 წლი 1 იანვრიდან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს იმავე კოდექსის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადება, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც.
ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 193-ე მუხლის გამაუქმებელ საკანონმდებლო აქტს _ “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ” 2006 წლის 29 დეკემბრის ¹4232-რს საქართველოს კანონს აქვს უკუქცევითი ძალა და იგი უნდა გავრცელდეს მის გამოცემამდე ჩადენილ მოცემულ სამართალდარღვევაზეც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.