Facebook Twitter
¹ბს-524-625-კ-03 30 მაისი, 2007 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს ,,კ-ი"

მოპასუხე სარჩელში _ შპს ,,ს-ო”

მესამე პირები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სალიზინგო საზღაურის შემცირება; მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურება; ლიზინგის საგნის მოსარჩელის საკუთრებად ჩათვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 8 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “კ-მა" მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და შპს ,,ს-ოს” მიმართ 2001 წლის 28 სექტემბრის ¹...... ლიზინგის ხელშეკრულებიდან გასვლისა და მატერიალური ზარალის _ 712275,46 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნით.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1999 წლის აგვისტოში ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობის მიზნით, გრანტის სახით გამოყოფილ იქნა ხის საშრობი მანქანა-დანადგარების კომპლექტი _ 5 მლნ იუანის, ანუ 748478 ლარის უსასყიდლო დახმარება. აღნიშნულის თაობაზე 2001 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ¹135 ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა ამ გრანტის ათვისებისათვის საჭირო ღონისძიებანი, მათ შორის, დამტკიცდა ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების მექანიზმი. აღნიშნული გრანტის მმართველად, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, რომელსაც შპს “ს-ოს” მეშვეობით გრანტის ათვისებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება დაეკისრა. ხსენებული გრანტის ათვისების პროცესში წამოჭრილ საკითხთა გადასაწყვეტად შეიქმნა საუწყებათაშორისო სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელთა შემადგენლობით. შესაბამისი ტენდერის პირობების მომზადება და გრანტის ათვისებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება დაევალა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შპს ,,ს-ოს”.
მოსარჩელის განმარტებით, გაზეთებში _ ,,ს-ა”, ,,რ-ი” და “დ-ი” _ გამოქვეყნდა ტენდერის პირობები შემდეგი ჩამონათვალით: ა) ხის საშრობი კამერა _ 100 მ3 ნედლი მასალის ტევადობის _ 4 ცალი; ბ) შესაბამისი საქვაბე სისტემა _ 1 ცალი; გ) ამწე _ ტვირთამწეობა 2ტ _ 1 ცალი; დ) ელექტროგენერატორი _ 128 კვტ სიმძლავრის _ 1 ცალი. ტენდერში გამარჯვებულს გადაეცემოდა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დანადგარი ლიზინგის ფორმით, სალიზინგო საზღაურის _ დაახლოებით 748478 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 7 წლის განმავლობაში, ამასთან, ტენდერში გამარჯვებული მაძიებელი 3 წლით თავისუფლდებოდა გადასახადისაგან და ძირითადი თანხის დაბრუნება დაიწყებოდა სამწლიანი თავისუფალი პერიოდის გასვლის შემდეგ. ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს ,,კ-ი", რის საფუძველზეც 2001 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და სს ,,კ-ს" შორის დაიდო ¹...... ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის ¹1 დანართით განისაზღვრა მანქანა-დანადგარების დასახელება, სპეციფიკაცია, რაოდენობა და ღირებულება, სადაც მითითებული იყო, რომ ხის საშრობი კამერა იყო ნედლი მასალის, 100 მ3 ტევადობის მოცულობით, ამწეს ტვირთამწეობა შეადგენდა 2ტ-ს, ხოლო ელექტროგენერატორი იქნებოდა 128 კვტ სიმძლავრის. ლიზინგის საგნის გადაცემის დროს სს “კ-ს” მიეცა ერთწლიანი გარანტია.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001 წლის 28 სექტემბრის ¹...... ლიზინგის ხელშეკრულების:
2.1 პუნქტის შესაბამისად, ლიზინგის გამცემი ვალდებული იყო, ლიზინგის მიმღებისათვის გადაეცა ხელშეკრულების ¹1 დანართში მითითებული სპეციფიკაციის შესაბამისი მანქანა-დანადგარები;
2.2.3 პუნქტის შესაბამისად, ლიზინგის გამცემი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მართვაში არსებული შპს ,,ს-ოს" მეშვეობით, რაზედაც სამინისტროსა და სააგენტოს შორის გაფორმდა სათანადო ხელშეკრულება;
2.3.4 პუნქტის შესაბამისად, ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო, ლიზინგის საგნის გაუმართავ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა საკითხზე ლიზინგის გამცემისათვის მიეწოდებინა წერილობითი შეტყობინება;
2.3.9 პუნქტის შესაბამისად, ლიზინგის მიმღებს ეკისრებოდა ამ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ პარამეტრებთან ლიზინგის საგნის შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი. ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგის საგნის გადაცემის შემდეგ აღმოჩენილი მისი ამ ხელშეკრულების ¹1 დანართში მითითებულ მოთხოვნასთან შეუსაბამობები, ნაკლი, დეფექტები უნდა რეგისტრირებულიყო ლიზინგის მიმღებისა და ლიზინგის გამცემის მიერ შექმნილი კომისიის ცალკე აქტით;
2.6 პუნქტის შესაბამისად, ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული ნაკლის, დეფექტების მქონე ლიზინგის საგანზე და, აქედან გამომდინარე, ლიზინგის მიმღების დანაკარგზე ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო მიემართა ლიზინგის გამცემისათვის, ხოლო სადავო საკითხების რეგულირება უნდა მომხდარიყო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2.7 პუნქტის მიხედვით, ლიზინგის გამცემი ვალდებული იყო მიეღო ყველანაირი ზომა, რათა ხელი შეეწყო ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნის მწარმოებელთან ლიზინგის საგნის გარშემო წამოჭრილი ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში, მათ შორის, საგარანტიო ვადაზე აღებული პასუხისმგებლობის შესრულებაში;
4.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პრეტენზია მეორე მხარის მიერ განხილული უნდა ყოფილიყო მის მიერ პრეტენზიის ფაქტობრივად მიღების დღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში და შემდგომი სამუშაო დღის განმავლობაში გადაეგზავნა პასუხი ამ ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდებოდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საერთო სასამართლოში.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესასრულებლად სს ,,კ-მა" სს ,,....... ბანკიდან” 2001 წლის 1 აგვისტოს ¹....... ხელშეკრულებით აიღო კრედიტი და გახსნა საკრედიტო ხაზი 121000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 35000 აშშ დოლარი პირდაპირ გადაირიცხა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ანგარიშზე, ხოლო 30500 აშშ დოლარი გაიხარჯა ფუნდამენტისა და ნულოვანი ციკლის მოსაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერით გათვალისწინებული დანადგარები სს ,,კ-მა" 2002 წლის 1 თებერვალს, ანუ 4 თვის დაგვიანებით მიიღო, ე.წ. მომსახურებისათვის სს ,,კ-მა" შპს ,,ს-ოს" გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 9000 ლარი. 2002 წლის თებერვალში სს ,,კ-მა" დაიწყო ხის საშრობების დამონტაჟება, რომელიც, პრაქტიკულად, მწყობრში შევიდა აპრილის ბოლოსათვის. ამ ხნის განმავლობაში შპს ,,ს-თვის" სს ,,კ-ის" მიერ კიდევ იქნა გადახდილი 4200 ლარი, ხოლო სს ,,........ ბანკიდან" მიზნობრივად დამატებით გამოტანილ იქნა 55000 აშშ დოლარი. ხის საშრობი მანქანა-დანადგარები დამონტაჟდა ჩინელი სპეციალისტების მიერ და სს ,,კ-ს" გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტით.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ხის საშრობი კამერების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მრავალმა საწარმოო ხარვეზმა იჩინა თავი, რაც არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებსა და ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. აღნიშნული გამოაშკარავდა ხის საშრობი კამერის დატვირთვის დროსაც, კერძოდ, მისი ექსპლუატაციის დროს გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები:
1. პრაქტიკულად, ხის საშრობ კამერაში, ტექნოლოგიური პროცესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო არა 100 მ3 ნედლი მასალის დაწყობა გასაშრობად, არამედ მხოლოდ 60 მ3-ისა; 2. ექსპლუატაციისათვის უვარგისი აღმოჩნდა გენერატორი, რომელიც აპრილის პირველ რიცხვებში გამოვიდა მწყობრიდან და ოქტომბრის ბოლომდე არ მუშაობდა შემცვლელი ნაწილების უქონლობის გამო, რის გამოც სს ,,კ-ი" იძულებული გახდა, შეეძინა ახალი 66-კილოვატიანი ძვირად ღირებული გენერატორი; 3. ექსპლუატაციის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ავტოამწე (,,პადიომნიკი") არ შეესაბამებოდა სახელშეკრულებო პირობებს _ 2ტ სიმძლავრის ამწეობის მაგივრად, იყო 1,5; 4. 10 თვის ექსპლუატაციის შემდეგ საშრობის სითბური გაყვანილობის მდგომარეობა იყო სავალალო, დაჟანგდა მილები, ზოგ ადგილებში გაიხვრიტა და დაახლოებით 20% იყო შესაცვლელი, დასხურების სისტემას მოჰყვებოდა ჟანგი, რაც იწვევდა მასალის დაჟანგვასა და ხარისხის გაფუჭებას, არ ვარგოდა ორთქლის ვინტილები, არ იკეტებოდა ბოლომდე და კამერის გამორთვის შემდეგ შეინიშნებოდა ორთქლისა და კონდენსირებული წყლის გაჟონვა კამერაში, რაც საზიანო იყო გამომშრალი მასალისათვის. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც შრობის პროცესში, მილების გადაბმის ადგილებში ზიანდებოდა საფენი (,,პრაკლადკა") და იწყებოდა ორთქლის გაჟონვა, რაც, აგრეთვე, საზიანო იყო მასალისათვის. კამერაში იცვლებოდა ტენიანობა და შრობის გაგრძელება შეუძლებელი ხდებოდა. ამ შემთხვევაში სს ,,კ-ი" იძულებული ხდებოდა, გაეცივებინა კამერა, განეტვირთა და შეეკეთებინა იგი, რაც დაკავშირებული იყო არცთუ ისე მცირე ხარჯებთან და, რაც მთავარია, გვიანდებოდა მასალის გაშრობა; 5. პრობლემები გაჩნდა ელექტროკლაპნების მუშაობაშიც _ დაიწვა ელექტრომაგნიტი, რომელიც განაპირობებდა ორთქლის მიწოდებას კამერაში, ვერაფრით ვერ შეკეთდა დამასხურებელი სისტემის გადაბმის ადგილები. მუდმივად შეიმჩნეოდა წყლისა და ორთქლის გაჟონვა, რაც საზიანო იყო ელექტროგაყვანილობისა და კამერების მმართავი კარადების გამართული მუშაობისათვის. ტემპერატურა დერეფანში იწევდა +45-50 გრ. ჩ-მდე, მმართავ კარადებში დაზიანდა სამფაზიანი ელექტროგამშვები; 6. ცუდი იყო კამერის ჰერმეტულობა და კარების ამწევი მექანიზმიც ხშირად ზიანდებოდა. ძლიერი წვიმის დროს კამერებში წყალი ჩადიოდა და ასველებდა მასალას. საჰაერო ურდულების ღერძები მოცვდა და ურდულებს ბოლომდე ვერ კეტავდა; 7. განსხვავებული იყო შრობის დრო. ერთი და იმავე ხის მასალას სხვადასხვა კამერაში სხვადასხვა დრო სჭირდებოდა გასაშრობად; 8. საჭირო იყო სათადარიგო ნაწილები: ელექტროკლაპნები, ელექტროკლაპნის ელმაგნიტი, მაღალტემპერატურული საფენები (,,პრაკლადკები"), გადაბმებისათვის საჭირო მასალები, მილები, ვინტილები; 9. შრობის ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლისას ჩერდებოდა (ეკიდებოდა) პროგრამა და შრობის პროცესი არ მიმდინარეობდა. აღნიშნულის მიზეზი ვერ დადგინდა, რის გამოც ხდებოდა შრობის შეფერხება; 10. დარღვეული იყო ორთქლის ქვაბის თბოდაცვა წინა და უკანა მხარეს; 11. ორთქლის ქვაბიდან საშრობ კამერამდე და კონდენსატის და ორთქლის მიმწოდებელ მილსადენებად გამოყენებული იყო მეტალის მილგაყვანილობა, რომელიც ჟანგავდა კონდენსატს; 12. ორთქლის ქვაბის წყლის რეზერვუარად გამოყენებული იყო მეტალის ავზები, რომლებიც ასევე ჟანგავდა წყალს; 13. ორთქლის მიმწოდებელ მილსადენზე დაყენებული უნდა ყოფილიყო “ვინტილი” ქვაბის ჩართვისას წყლის გაზრდის მომენტისათვის მილსადენის გაქარვის მიზნით; 14. კონდენსატის მილსადენზე დაახლოებით ორ ადგილას (სწორ მონაკვეთსა და ყველაზე დაბალ წერტილში) საჭირო იყო კონდენსატის დასაცველად “ვინტილების” არსებობა ჰიდროდარტყმების მოხსნის მიზნით; 15. საშრობ კამერებში სისტემაზე დაყენებული ყველა ვინტილი ვერ უზრუნველყოფდა სისტემის ჰერმეტულობის დაცვას, მიუხედავად მრავალგზის მოსაწესრიგებელი სამუშაოების ჩატარებისა; 16. მთლიანად იყო შესაცვლელი კამერებში მიმყვანი მილსადენები, რადგან მოხდა მათი კოროზიული დაზიანება. ძირითადი მიზეზი იყო მილსადენის თხელკედლიანობა და მეტალური მილების გამოყენება; 17. საშრობი კამერების მთლიანი მოცულობები არ შეესაბამებოდა სასარგებლო მოცულობის გარანტიულ მოცულობას; 18. მილსადენის შეერთების ადგილებში გამოყენებული შუასადებები არ უზრუნველყოფდა შრობის ერთ პროცესში შრობის საიმედოობას; 19. შეფერხებებით მუშაობდა საშრობი ელექტრონული სარქველები, ზოგჯერ კი, არც მუშაობდა; 20. ორთქლის ქვაბის რეკლამირებული მონაცემები საწვავი აირის ხარჯვის შესახებ იყო არარეალური; 21. კამერის სადრენაჟო არხები ვერ უზრუნველყოფდა კონდენსატის გატარებას.
მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ხარვეზების გამო, ლიზინგის მიმღებსა და ლიზინგის გამცემს შორის არსებული ხელშეკრულების 2.3.4 პუნქტიდან გამომდინარე, სს ,,კ-მა" 2001 წლის 25 ივნისს ¹206-რ/ან წერილით მიმართა მოპასუხეებს, რათა ადგილზე შეესწავლათ ხის საშრობი კამერის ფორმა ¹1-ს და ფაქტობრივ პარამეტრებს შორის არსებული შეუსაბამობები და სხვა მრავალი დეფექტი, რომლებმაც თავი იჩინა მისი ექსპლუატაციის დროს. შპს ,,ს-დან" მოსარჩელისათვის გაგზავნილ 2002 წლის 30 ივლისის ¹01/44 და 2002 წლის 15 აგვისტოს ¹01/01-03/270 პასუხებში მითითებული იყო, რომ ხსენებული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა გადაზომვებმა, თითქოს აჩვენეს, რომ კამერის ფართის მოცულობა შეადგენდა 249 მ3-ს, ხოლო სასარგებლო ფართის მოცულობა _ 166 მ3-ს და კამერაში უნდა განთავსებულიყო 100 მ3 ნედლი ხის მასალა. ვინაიდან აღნიშნული სააგენტოს მითითებული წერილები არ შეესაბამებოდა რეალობას, სს ,,კ-მა" 2002 წლის 23 აგვისტოს ¹243-კ/ან წერილით კვლავ მიმართა სამინისტროსა და სააგენტოს დანადგარის ხარვეზების გამოსწორებისა და მწყობრიდან გამოსული ელექტროგენერატორის უკან დაბრუნების თაობაზე, რაზედაც სს ,,კ-ს" არ მიუღია პასუხი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა სს ,,კ-ი" იძულებული გახადა, 2003 წლის 12 თებერვლის ¹22-კ/ან პრეტენზიით მიემართა მოპასუხეებისათვის, რათა ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, გამოეყოთ კომისია, რომელიც შეისწავლიდა გამოვლენილ ხარვეზებს, რასაც არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და ხსენებულმა სააგენტომ არ შეასრულეს ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული მოვალეობები, მოწოდებულ იქნა უხარისხო და სპეციფიკაციასთან შეუსაბამო დანადგარები, არ გამოყვეს სათანადო კომისია, არ ჩაატარეს ობიექტური გამოკვლევა, რაც უნდა ასახულიყო შესაბამის აქტში, სს ,,კ-ი" იძულებული გახდა, აღმოჩენილი ხარვეზების გამოკვლევისა და დადასტურების მიზნით, მიემართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის. ხსენებულმა ექსპერტიზის ცენტრმა შესაბამისი დარგის სპეციალისტების მეშვეობით ჩაატარა გამოკვლევა და 2003 წლის 10 ივნისს შეადგინა ¹........ საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ:
1. საწარმოში არსებული საშრობი კამერების მოცულობა არ შეესაბამებოდა სახელშეკრულებო-საპასპორტო მონაცემებს. მათში 100 მ3 ნედლი მასალის ნაცვლად, შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 62 მ3 ჩამოგანილი და 48 მ3 ჩამოუგანავი მასალის დაწყობა;
2. გენერატორი შეკეთებული იყო ჩინეთიდან გამოგზავნილი ნაწილებით და იმჟამად იმყოფებოდა მუშა მდგომარეობაში;
3. ტვირთამწეობის სიმძლავრის მიხედვით, ავტოამწის მონაცემები არ შეესაბამებოდა სახელშეკრულებო პირობებს. დადგენილი იყო, რომ მისი მაქსიმალური ტვირთამწეობა იყო 1,5 ტონა;
4. ტექნოლოგიური ხაზისა და მასში შემავალი მანქანა-დანადგარების ტექნიკური და საექსპლუატაციო პირობები არ შეესაბამებოდა სახელშეკრულებო პირობებს;
5. ელმაგნიტისა და ელკლაპნების მწყობრიდან გამოსვლას იწვევდა დენის ძაბვის ცვალებადობა სისტემაში. სუსტი ელექტროდეტალები ძაბვის მერყეობას ვერ გაუძლებდა;
6. მანქანა-დანადგარების კვანძები (კამერები, კარებები და სხვა დეტალები) ვერ აკმაყოფილებდა ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი ჰერმეტიულობასა და ცვეთაზე;
7. ერთი და იმავე ჯიშისა და ზომის მასალის შრობის ხანგრძლივობა ერთსა და იმავე ტიპის კამერაში უნდა ყოფილიყო ერთნაირი. სს ,,კ-ის" შემთხვევაში აღნიშნული პირობა ირღვეოდა, თითოეულ კამერაში არსებული ინდივიდუალური ხარვეზების შრობის პროცესზე გავლენის გამო;
8. შესაცვლელი იყო საშრობი სისტემის მთელი მილგაყვანილობა, ორთქლის მიმწოდი გამხსნელ-ჩამკეტი “ვინტილები”, მართვის მთელი ელექტროსისტემა. ყველა კამერაში საჭირო იყო კედლის შიგა პანელების ამოკვრა და მათი თბოსაიზოლაციო ფენით უზრუნველყოფა, კარების ჩამკეტი მექანიზმებისა და ჰერმეტულობის მოწესრიგება. ერთი კამერა საერთოდ აღსადგენი იყო მაკომპლექტებელი დეტალების არარსებობის გამო;
9. მასალის შრობის შეფერხება ხდებოდა საშრობ სისტემაში არსებული ხარვეზების გამო. ავტომატური მართვის პროგრამით გათვალისწინებული შრობის პარამეტრების დაცვა კამერების შიგნით ვერ ხერხდებოდა. ამიტომ, პროგრამის თეორიული მსვლელობა ვერ ემთხვეოდა შრობის პრაქტიკული მსვლელობის პროცესს;
10. ორთქლის ქვაბის თბოდაცვა იყო დარღვეული იზოლაციის ფენის უხარისხობის გამო;
11. ორთქლის ქვაბიდან გამოსული მილგაყვანილობა ჟანგავდა კონდენსატს და ხდებოდა გამოუსადეგარი შემდგომი გამოყენებისათვის. მილგაყვანილობა იმდენად თხელი იყო, რომ ვერ აკმაყოფილებდა ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებს;
12. საწარმოში არსებული ლითონის დაჟანგული ავზი იყო შესაცვლელი უვარგისობის გამო;
13. ორთქლის მიმწოდებელ მილსადენზე არ იყო საკმარისი რაოდენობის ვინტილები, ყველა არსებული კი იყო დაჟანგებული და დაზიანებული, მუდმივად გამოდიოდა ორთქლი და წვეთავდა კონდენსატი;
14. ჰიდროდარტყმების მოხსნის მიზნით, აუცილებელი იყო კონდენსატის გამომტან მილსადენზე ვინტილის არსებობა;
15. არც ერთ კამერაში და საერთოდ, მთელ სისტემაში ვერც ერთი ვინტილი ვერ უზრუნველყოფდა ჰერმეტულობის დაცვას. ამის გამო, ადგილი ჰქონდა ორთქლისა და კონდენსატის მუდმივ დანაკარგებს;
16. ყველა მილსადენი იყო კოროზირებული, არ არსებობდა შესაბამისობა ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან;
17. მილსადენის შეერთების ადგილებში იმჟამად გამოყენებული შუასადებები ვერ უზრუნველყოფდა შრობის საიმედოობას. იგი ვერ უძლებდა მაღალტემპერატურულ პირობებს და გამოდიოდა მწყობრიდან. გამოყენებული უნდა ყოფილიყო სითბოგამძლე შუასადებები;
18. ნორმალურ რეჟიმში ვერ მუშაობდა კამერების მართვის ელექტროსისტემა სუსტი ელექტროდეტალებით აღჭურვის გამო;
19. ორთქლის ქვაბის მონაცემები საწვავი აირის ხარჯვის შესახებ არ შეესაბამებოდა რეკლამირებულ მონაცემებს მთელ საშრობ სისტემაში არსებული, ხარვეზებით გამოწვეული ფუჭი დანაკარგების გამო. ორთქლის ქვაბს უწევდა ზედმეტი დატვირთვით მუშაობა;
20. ადგილობრივი პერსონალის მიერ დამონტაჟებული სადრენაჟო არხები ვერ უზრუნველყოფდა კონდენსატის გატარებას, რის გამოც ტერიტორიაზე გამუდმებით იყო წყლის გუბეები.
მოსარჩელის მითითებით, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დადგენილი იყო, რომ სამინისტრომ ვერ შეასრულა ლიზინგის ხელშეკრულებით და მისი დანართით გათვალისწინებული სიმძლავრის და ტევადობის ტექნიკური პარამეტრების მქონე დანადგარების მიწოდება სს “კ-თვის”, ანუ სს “კ-თვის” მიწოდებულ იქნა ნაკლის მქონე ქონება, რომლის არასრულყოფილი ფუნქციონირების პერიოდში შეუძლებელი გახდა სტანდარტული მზა პროდუქციის წარმოება, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, რის გამოც სს “კ-მა” განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, რაც გამოიხატა შემდეგში: 121000 აშშ დოლარი _ ბანკის კრედიტი, რომლიდანაც 35000 აშშ დოლარი იყო ხის საშრობების საფასური, 45000 აშშ დოლარი დაიხარჯა ნულოვანი ციკლის მოსაწყობად, 22300 აშშ დოლარი _ სპეციალური ელექტროხაზის გამოყვანისათვის. ამ პერიოდის განმავლობაში, მარტო პროცენტის სახით, სს ,,....... ბანკს" სს ,,კ-მა" გადაუხადა 32779 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა, ბანკისათვის პროცენტის სახით, 9058 აშშ დოლარი. სს ,,კ-მა" გასწია 6410 აშშ დოლარის ხარჯი 3 ჩინელი სპეციალისტის მიერ წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც დაამონტაჟეს მანქანა-დანადგარები. გენერატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო, რომელიც 6 თვე არ მუშაობდა, სს ,,კ-ი" იძულებული გახდა, ეყიდა ინგლისური გენერატორი (65 კვტ-ის სიმძლავრის), რომელშიც გადაიხადა 12000 აშშ დოლარი. შპს ,,ს-ოს" ე.წ. მომსახურებისათვის სს ,,კ-მა" გადაუხადა 6608 აშშ დოლარი. საგარანტიო პერიოდში, საშრობების მწყობრიდან გამოსვლის გამო, სს ,,კ-ი" იძულებული გახდა, ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც გაიღო 3432 აშშ დოლარის ხარჯი, რადგან საგარანტიო მომსახურებაზე დაყრდნობა შეუძლებელი იყო. ასევე, სს ,,კ-ს" მოუხდა ცალკე შენობის აშენება კომპიუტერისა და სხვა დანადგარისათვის, რადგან კორიდორში, სადაც კომპიუტერი იყო განლაგებული, ჰაერის ტემპერატურა აღწევდა +45-45 გრ. С-ს, რის გამოც კომპიუტერი მწყობრიდან გამოდიოდა. შენობის აშენებაზე დაიხარჯა 7300 აშშ დოლარი. ივნის-ივლისში ჟანგიანი წყლის გამოჟონვის შედეგად, დაიჟანგა და გაფუჭდა 78 კბ.მ უმაღლესი ხარისხის მასალა, რის გამოც სს ,,კ-მა" განიცადა ზარალი 31200 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, კომპანია “რ-თან” 2002 წლის 6 მაისს სს ,,კ-ს" დადებული ჰქონდა ¹........ კონტრაქტი 400 კბ.მ წიფელის მშრალი მასალის ყოველთვიურ მიწოდებაზე, რაც პრაქტიკულად ვერ შესრულდა საშრობი კამერების ტევადობის შეუსაბამობის გამო, რის გამოც სს ,,კ-მა" ჯარიმის სახით გადაიხადა 20000 აშშ დოლარი კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სს ,,კ-ის" მიერ გაწეული სხვადასხვა გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯები, ასევე მიუღებელი შემოსავლები დადასტურდა დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა ,,ბ-ს” დასკვნით, რომლითაც დადგენილი იყო, რომ:
1. 2001 წლის 1 აგვისტოს სს ,,....... ბანკიდან" 2001 წლის 1 აგვისტოს ¹...... ხელშეკრულებით აღებულ იქნა მიზნობრივი კრედიტი საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. სესხის ოდენობა შეადგენდა 66000 აშშ დოლარს. ამ სესხით დაიფარა შპს ,,ს-ში" პირველი შესატანი _ 71.000 ლარი, რაც შეადგენდა 35000 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენი თანხა გახარჯულ იქნა ხის საშრობი შენობის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად;
2. 2002 წლის 26 იანვარს სს ,,...... ბანკიდან" დამატებით აღებულ იქნა სესხი, რომლის ნაწილით დამთავრდა ხის საშრობი შენობის სამშენებლო სამუშაოები და გაყვანილ იქნა ელსადენი. ხის საშრობის აშენებაზე დაიხარჯა 89040 ლარი, რაც შეადგენდა 41000 აშშ დოლარს, ხოლო ელსადენის გაყვანა _ 22300 აშშ დოლარი;
3. სს ,,კ-მა” დამატებით გასწია ხარჯი, რათა აეშენებინა ხის საშრობის კომპიუტერული მართვის ცენტრის შენობა, რაც დაჯდა 16120 ლარი და შეადგენდა 7300 აშშ დოლარს;
4. გაწეულ იქნა ასევე წარმომადგენლობითი ხარჯი ხის საშრობის დანადგარების გამართვის პერიოდში ჩინელი სპეციალისტების საცხოვრებლისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ხარჯის ასანაზღაურებლად, რამაც შეადგინა 6410 აშშ დოლარი;
მთლიანად ტენდერში მონაწილეობისა და ხის საშრობი შენობის აშენება-გამართვისათვის საწარმომ გასწია 112510 აშშ დოლარის ხარჯი;
5. ბანკის საპროცენტო ხარჯმა შეადგინა 50931,46 აშშ დოლარი;
6. ხის საშრობის ექსპლუატაციის დროს საწარმომ გასწია უამრავი მიმდინარე სარემონტო ხარჯი, რაც გამოწვეული იყო ხის საშრობი მანქანა-დანადგარების დაბალი ხარისხით, ჩინელი სპეციალისტების მიერ ხის საშრობი მანქანა-დანადგარების დამონტაჟების დროს რიგი შეცდომების დაშვებით. მიმდინარე სარემონტო ხარჯმა შეადგინა 7700 ლარი, რაც იყო 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
7. კომპანია “რ-თან” 2002 წლის 6 მაისს სს ,,კ-ს" დადებული ჰქონდა ¹...... კონტრაქტი 400 მ3 წიფელის მშრალი მასალის ყოველთვიურ მიწოდებაზე, მაგრამ სს ,,კ-მა" ვერ შეასრულა ხსენებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, რადგან გრანტით მიღებული ხის საშრობის ტევადობა გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა, როგორც ამას ადასტურებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელ ექსპერტ- სპეციალისტთა 2003 წლის 10 ივნისის ¹........ დასკვნა. შესაბამისად, საწარმოს მოუწია ჯარიმის სახით დამკვეთი საწარმოსათვის გადაეხადა 20000 აშშ დოლარი, 2002 წლის 6 მაისს დადებული ¹....... ხელშეკრულების თანახმად;
8. სს ,,კ-ი" იძულებული გახდა, დამატებით შეესყიდა ელექტროგენერატორი, რადგან ჩინური გრანტით მიღებული გენერატორი სწრაფად გამოვიდა მწყობრიდან, რაც საწარმოს დაუჯდა დამატებით 12000 აშშ დოლარი და რაც აღნიშნული იყო ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტთა დასკვნაში;
9. 2001 წლის 28 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, სს “კ-მა” შპს ,,ს-ოს" გადაუხადა მომსახურების ღირებულება _ 13472 ლარი, რაც შეადგენდა 6134 აშშ დოლარს;
10. საწარმომ განიცადა ასევე საქონლის დანაკარგი, რაც გამოწვეული იყო ჩინური ხის საშრობის უხარისხო მუშაობით, კერძოდ, საშრობში დასხურების მილსადენის გასწვრივ დაიჟანგა და გაფუჭდა 78 მ3 უმაღლესი ხარისხის წიფლის მასალა და დანაკარგმა შეადგინა 31200 აშშ დოლარი.
მოსარჩელის მტკიცებით, სს “ კ-ის” მიერ გაწეულმა ხარჯმა მთლიანობაში შეადგინა 236275,46 აშშ დოლარი. წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის მიხედვით, სს “კ-ის” მიერ შემუშავებული ბიზნეს-გეგმის თანახმად, სარჩელის აღძვრამდე საწარმოს ყოველთვიური ამონაგების სახით უნდა მიეღო 476000 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენდა სს “კ-ის” მიუღებელ შემოსავალს. ამდენად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა და უხარისხო და ნაკლოვანი მანქანა-დანადგარების გადაცემის შედეგად სს “კ-ის” მიერ გაწეულმა ხარჯმა ზიანის სახით სულ შეადგინა 236275,46 აშშ დოლარი, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილმა ზიანმა _ 476000 აშშ დოლარი, ანუ სს “კ-მა” მთლიანობაში განიცადა ზარალი 712275,46 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, ლიზინგის საგნის გაუმართავ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მოპასუხეებს მიაწოდა წერილობითი შეტყობინებები, რომლებიც ხელშეკრულების 2.3.9 პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო ლიზინგის გამცემის მიერ შექმნილი კომისიის ცალკე აქტით, რაც მოპასუხეებს არ გაუკეთებიათ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა ,,ბ-ის” დასკვნებით, სს ,,კ-ის" საფინანსო და სამეურნეო დოკუმენტებით, სს ,,კ-სა" და სამინისტროს შორის არსებული მიმოწერითა და წაყენებული პრეტენზიით დადასტურებული იყო, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, ვერ შეძლო ლიზინგის ხელშეკრულებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული სიმძლავრეებისა და ტექნიკური პარამეტრების მქონე დანადგარების მიწოდება სს ,,კ-თვის", რამაც განაპირობა სიმძლავრეების შემცირება, არასტანდარტული პროდუქციის წარმოება და რენტაბელობის შემცირება, რის გამოც სს ,,კ-მა" განიცადა და სარჩელის აღძვრის დროსაც განიცდიდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს. რაიმე დამატებითი ვადის დაწესება ხელშეკრულების პირობათა დარღვევის აღმოსაფხვრელად აშკარა იყო, რომ უშედეგო იქნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებული მანქანა-დანადგარები იმდენად უხარისხო და ნაკლოვანი იყო, რომ შეუძლებელი იყო აღნიშნული ნაკლის აღმოფხვრა, თუნდაც დამატებითი ვადის დაწესებით, მოსარჩელე უარს ამბობდა და გადიოდა 2002 წლის 28 სექტემბრის ¹...... ლიზინგის ხელშეკრულებიდან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 578-ე და 537-ე მუხლების პირველი ნაწილების, 580-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე და 414-ე მუხლების თანახმად, მოითხოვდა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეთათვის 712275,46 აშშ დოლარის ეკვივალენტის დაკისრებას ეროვნულ ვალუტაში, ამასთან, შპს “ს-დან” უნდა მომხდარიყო იმ თანხების დაბრუნება, რაც 2002 წლის 28 სექტემბრის ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე იქნა მისთვის გადახდილი, ხოლო სამინისტროს უნდა აენაზღაურებინა დანარჩენი ოდენობის ზარალი. სს “კ-ს” წარმოეშობოდა ხის საშრობი მანქანა-მოწყობილობების დაბრუნების ვალდებულება, ხოლო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს _ სს “კ-თვის” ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 11 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად საქმეში ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური.
შპს “ს-ომ” თბილისის საოლქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შესაგებლის ავტორმა აღნიშნა, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით არ განსაზღვრულა ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღებისათვის მიწოდების ვადა და, ამდენად, დაგვიანებით მიწოდებაზე საუბარი იყო გაუმართლებელი. რაც შეეხებოდა მომსახურების საზღაურს, ლიზინგის ხელშეკრულების 2.3.16 პუნქტით, ლიზინგის მიმღებს მომსახურების გადასახადის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 2001 წლის 28 სექტემბრიდან, ერთ თვეში. “ს-ომ” კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული სამუშაოები, რის გამოც სააგენტომ მიიჩნია, რომ სს ,,კ-ის" მიერ მომსახურებისათვის გადახდილი 13472 ლარი მიღებული იყო სააგენტოს მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების საზღაურად. ფაქტობრივი შეცდომა იყო აუდიტორული ფირმა ,,ბ-ის” მიერ შედგენილ, სასარჩელო განცხადებაზე თანდართულ დასკვნაში, კერძოდ:
ა) მცდარი იყო მითითება, თითქოს სალიზინგო საზღაურიდან გადახდილი 71000 ლარი ჩარიცხულ იქნა “ს-თვის.” აღნიშნული თანხა გადაირიცხა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელზე საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე და ამ საკითხზე სააგენტოს არ გააჩნდა არანაირი კომპეტენცია;
ბ) არასწორად იყო დაანგარიშებული ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული და საწარმოს ყოველთვიური ამონაგების სახით შესაგებლის წარდგენამდე მიუღებელი შემოსავლის ოდენობა, რაზედაც ეყრდნობოდა შემდგომში მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე, კერძოდ, მიუღებელი შემოსავალი დაანგარიშებული იყო ხის საშრობი კამერების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობის ერთ კუბურ მეტრ მასალაზე მისაღები მოგების ნამრავლით, ანუ 400 მ3-ის ნამრავლი 85 აშშ დოლარზე უდრიდა 34000 აშშ დოლარს, რაც იყო არასწორი, ვინაიდან ამ გაანგარიშებაში არ იყო გამოკლებული ხის საშრობი კამერების ფაქტობრივად არსებული შესაძლებლობებით წარმოებული მასალის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცება მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზარალის საზღაურად 476000 აშშ დოლარის თაობაზე, იყო არასწორი.
შესაგებლის ავტორმა დანადგარების დასამონტაჟებლად საქართველოში გამოგზავნილი ჩინელი სპეციალისტების ცხოვრებისა და კვებისათვის 6410 აშშ დოლარის ოდენობით გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისას სს ,,კ-მა" იკისრა ლიზინგის საგნის საქართველოს საბაჟო საზღვარზე მიღებისა და დაბა ჟინვალამდე მისი ტრანსპორტირების პასუხისმგებლობა. შემდეგში, ვინაიდან ბათუმის პორტიდან დაბა ჟინვალამდე 4 ცალი ორმოცფუთიანი კონტეინერის (რომელშიც იყო განთავსებული დანადგარები) ტრანსპორტირება საგრძნობ ხარჯთან იყო დაკავშირებული, ლიზინგის მიმღებმა ითხოვა დახმარება, რათა ჩინურ მხარეს აენაზღაურებინა კონტეინერების დაბა ჟინვალამდე ტრანსპორტირების ხარჯები. მოხდა ზეპირი შეთანხმება სს ,,კ-თან", რითაც დანადგარების მწარმოებელმა ჩინურმა მხარემ აიღო ვალდებულება, კონტეინერების დაბა ჟინვალამდე ტრანსპორტირების საზღაურის გადახდაზე, ხოლო ლიზინგის მიმღებმა _ ჩინელი სპეციალისტების საქართველოში ყოფნის პერიოდში მათი ცხოვრებისა და კვების ხარჯების ანაზღაურებაზე, რაც ორივე მხარის მიერ შესრულებულ იქნა პირნათლად, რის გამოც გაუმართლებელი იყო მოსარჩელის მიერ აღნიშნული პრეტენზიის წამოყენება.
შესაგებელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელის მიერ წამოყენებული პრეტენზია ხის საშრობი კამერის ნულოვანი ციკლის მოსაწყობად დახარჯული 45000 აშშ დოლარის, სპეციალური ელექტროხაზის გამოყვანისათვის 22300 აშშ დოლარისა და ამ მიზნით აღებული ხარჯების გასაწევად მოძიებული, ბანკის კრედიტის სასარგებლოდ პროცენტის სახით გადახდილი 50931 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე იყო გაუმართლებელი, ვინაიდან ლიზინგის ხელშეკრულების 2.3.1 პუნქტისა და სს ,,კ-ის" 2001 წლის 24 ივლისის აქციონერთა რიგგარეზე კრების საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, ლიზინგის მიმღებს ეკისრებოდა დანადგარების დამონტაჟებისა და მუშაობისათვის აუცილებელი ხარჯების გაწევა. სს ,,კ-ის" პრეტენზია, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით ფაქტობრივად გადაცემული დანადგარებიდან ხის საშრობი კამერები არ აკმაყოფილებდა მის დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებს, იყო დაუსაბუთებელი. რაც შეეხება მოსარჩელის განცხადებას, რომ ხის საშრობ კამერაში, ტექნოლოგიური პროცესის გათვალისწინებით, ეტეოდა არა 100 მ3 ნედლი მასალა, არამედ 60-65 მ3. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ,,კ-მა" 2002 წლის 25 ივნისს მიმართა როგორც სამინისტროს, ისე საინვესტაციო სააგენტოს და მოითხოვა ლიზინგის საგნის ღირებულების კორექტირება. შპს ,,ს-ოს" წარმომადგენელთა მიერ სს ,,კ-ის" წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივი შემოწმებისა და ხის საშრობი კამერების აზომვის შედეგად დადგინდა, რომ ხის საშრობი კამერების საერთო მოცულობა შეადგენდა 249 მ3-ს, ხოლო ლიზინგის მიმღების განმარტებებით, კამერაში ხის შრობის პროცესში აუცილებლად დასატოვებელი მანძილების გამოკლების შედეგად, კამერის სასარგებლო მოცულობამ შეადგინა 166 მ3. შემოწმების პროცესში, ვინაიდან სააგენტოს წარმომადგენლები არ იყვნენ აღნიშნული საქმის სპეციალისტები და არ უხელმძღვანელიათ დანადგარების ტექნიკურ-ეკონომიკური პასპორტებით, თეორიულად განისაზღვრა, რომ 166 მ3 კამერაში უნდა განთავსებულიყო 100 მ3 ნედლი ხის მასალა. აღნიშნულ საკითხზე წერილობითი პასუხი ეცნობა ლიზინგის მიმღებს და სააგენტომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ლიზინგის საგნის ღირებულების კორექტირების საკითხი არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას.
შესაგებლის ავტორი არ დაეთანხმა ხის საშრობი კამერების შეუსაბამობის დასამტკიცებლად სასარჩელო განცხადებაზე თანდართულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრის დასკვნას, ვინაიდან მასში ნათქვამი იყო, რომ კომისიის წევრთა მიერ კამერის შიგა და გარე ზომების გაზომვისა და მიღებული მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა კამერის ფაქტობრივი ტევადობა და დადგინდა, რომ თითოეული კამერა შეიძლებოდა დატვირთულიყო 60 მ3-მდე ჩამოგანილი და 45 მ3-მდე ჩამოუგანავი მასალით. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ გაანგარიშება ეყრდნობოდა 1985 წელს გამოშვებულ სახელმძღვანელოს, რაც იყო გაუმართლებელი და ვერ ასახავდა ობიექტურ რეალობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის ობიექტურად გადასაწყვეტად მიზანშეწონილი იყო სასამართლოს მიერ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დანიშვნა და ხის საშრობი კამერების ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის საფუძველზე ახალი გამოკვლევის ჩატარება. რაც შეეხებოდა ჩინური გრანტით მიღებული გენერატორის მწყობრიდან გამოსვლასა და ახალი გენერატორის შესაძენად გადახდილი 12000 აშშ დოლარის ანაზღაურებას, აღნიშნული გენერატორი მართლაც გამოვიდა მწყობრიდან, ლიზინგის მიმღებმა გახსნა ძრავა და აღმოაჩინა სხვადასხვა ნაწილების დაზიანება, რაც შეიძლებოდა გამოწვეული ყოფილიყო ქარხნული დეფექტით. სააგენტომ დაუყოვნებლივ მოსთხოვა დანადგარის მომწოდებელ ჩინურ კომპანიას მიეწოდებინა ლიზინგის მიმღების მიერ მითითებული ნაწილები, რაც შესრულდა მიწოდებისათვის აუცილებელ ვადაში და ნაწილების შეცვლის ღირებულება _ 1600 ლარი გაიღო ლიზინგის მიმღებმა, რაც მისთვის იყო დამატებითი ხარჯი. ლიზინგის მიმღების მიერ გაწეული დამატებითი ხარჯი იყო ხის შრობის მართვისათვის საჭირო კომპიუტერების განსათავსებლად ოთახის აშენებაც, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა კომპიუტერების გამართულად მუშაობისათვის და 16120 ლარი დახარჯულ იქნა სს ,,კ-ის" მიერ.
სს “კ-მა” თბილისის საოლქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება და საბოლოოდ, მოსარჩელის მითითებით, მისი სასარჩელო მოთხოვნები გამოიხატებოდა შემდეგში: ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დადგენილი იყო, რომ სამინისტრომ ვერ შეასრულა ლიზინგის ხელშეკრულებითა და მისი დანართით გათვალისწინებული სიმძლავრისა და ტევადობის ტექნიკური პარამეტრების მქონე დანადგარების მიწოდება, რის გამოც ნივთის ნაკლი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მცირდებოდა ნივთის ვარგისიანობა, რაც მოსარჩელისთვის ხელშეკრულების დადების დროს არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო. ვინაიდან საშრობი კამერების სასარგებლო ფართი, ნაცვლად 400 მ3-ისა შეადგენდა 240 მ3-ს, ანუ 160 მ3-ით ნაკლებს და, ვინაიდან ბიზნეს-გეგმისა და აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, სს ,,კ-ი" ერთი მ3-დან იღებდა მოგებას _ 85 აშშ დოლარს, მოსარჩელის ყოველთვიური მოგება შემცირდა 13600 აშშ დოლარით, რაც, თავის მხრივ, 18 თვის მანძილზე (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2003 წლის სექტემბრამდე) შეადგენდა 244800 აშშ დოლარს და აღნიშნული თანხა, როგორც მიუღებელი შემოსავალი, უნდა დაკისრებოდათ მოპასუხეებს. ვინაიდან საშრობი კამერების სასარგებლო ფართი შეადგენდა 240 მ3-ს, ანუ 160 მ3-ით და, შესაბამისად, 40%-ით ნაკლებს, მოსარჩელემ მოითხოვა სალიზინგო საზღაურის შემცირება შემდეგნაირად: ლიზინგის ხელშეკრულებით მას უნდა გადაეხადა 748477 ლარი, ანუ 1 მ3-ის საშრობის ლიზინგის გადასახადი შეადგენდა 1871 ლარს. ვინაიდან საშრობის საერთო მოცულობა იყო 240 მ3, აქედან გამომდინარე, 240 მ3-ზე ლიზინგის საზღაური შეადგენდა 449040 ლარს, რასაც იგი მიიჩნევდა ლიზინგის სამართლიან საფასურად. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადასახდელი ლიზინგის საზღაური შეადგენდა 449040 ლარს, რასაც უნდა გამოკლებოდა წინასწარ გადახდილი ლიზინგის საფასური _ 71000 ლარი და ლიზინგის საბოლოო საფასური უნდა დადგენილიყო 378040 ლარის ოდენობით.
ამასთან ერთად, მოსარჩელემ მოითხოვა სს ,,კ-თვის" მიყენებული ზარალის ანაზღაურება, კერძოდ:
1. კომპანია ,,რ-ის” მიერ სს ,,კ-თან" 2002 წლის 6 მაისს დადებული კონტრაქტის საფუძველზე გადახდილი ჯარიმა _ 20000 აშშ დოლარის ზარალი;
2. დამატებითი ხარჯი კომპიუტერული მართვის შენობის ასაშენებლად _ 7300 აშშ დოლარი;
3. საგარანტიო პერიოდში საშრობის მწყობრიდან გამოსვლის ხარჯი _ 3532 აშშ დოლარი;
4. ივნის-ივლისში ჟანგიანი წყლის გამოჟონვის შედეგად გაფუჭებული მასალის ღირებულება _ 31200 აშშ დოლარი;
5. სააგენტოს მაგივრად გადახდილი ელექტროგენერატორის შემცვლელი ნაწილების საბაჟო გადასახადი _ 1600 ლარი, ანუ 751 აშშ დოლარი;
6. ელექტროგენერატორის ღირებულება _ 12000 აშშ დოლარი;
7. ადვოკატის ჰონორარი _ 3000 აშშ დოლარი;
ამდენად, მოსარჩელემ სულ მოითხოვა სს ,,კ-თვის" მიყენებული ზარალის _ 77783 აშშ დოლარის ანაზღაურება.
შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა და უხარისხო და ნაკლოვანი მანქანა-დანადგარების გადაცემის შედეგად სს ,,კ-ის" მიერ გაწეულმა ხარჯმა ზიანის სახით მთლიანობაში შეადგინა 77783 აშშ დოლარი, ხოლო მიუღებელი შემოსავლების სახით განცდილმა ზიანმა _ 244800 აშშ დოლარი, ანუ სს “კ-მა" მთლიანობაში განიცადა ზარალი 322583 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. ვინაიდან ლიზინგის საზღაური უნდა დაწესებულიყო 378040 ლარის ოდენობით, რაც იყო 178742 აშშ დოლარის ეკვივალენტი და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, როგორც საბიუჯეტო დაწესებულებას, გაუძნელდებოდა მათი მოთხოვნების ფულადი დაკმაყოფილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების წესის იმგვარად დადგენა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის საფუძველზე მომხდარიყო სს ,,კ-ის" მიერ ხის საშრობი მანქანა-დანადგარების სალიზინგო საზღაურის გაქვითვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაში და საკუთრების უფლება ამ გზით მანქანა-მოწყობილობებზე გადასცემოდა სს ,,კ-ს". ურთიერთმოთხოვნათა გადაფარვით სარჩელის საბოლოო მოთხოვნა შეადგენდა 143841 აშშ დოლარს, რომლის გადახდაც უნდა დაკისრებოდათ მოპასუხეებს და მიწოდებული მანქანა-დანადგარები ჩათვლილიყო სს ,,კ-ის" საკუთრებად.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ თბილისის საოლქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ სს ,,კ-თვის" ფაქტობრივად გადაცემული დანადგარები არ აკმაყოფილებდა მის დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებს, კერძოდ: ა) ხის საშრობ კამერაში, ტექნოლოგიური პროცესის გათვალისწინებით, ეტეოდა არა 100 მ3 ნედლი მასალა, არამედ 60 მ3 და აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ,,კ-მა" მიმართა როგორც სამინისტროს, ისე სააგენტოს, რაზედაც გაკეთდა შესაბამისი რეაგირებები, როგორც სამინისტროს, ისე შპს ,,ს-ოს" მიერ და სს ,,კ-ს" ეცნობა, რომ ხსენებული სააგენტოსა და სს ,,კ-ის" წარმომადგენლების მიერ ერთობლივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ხის საშრობების კამერების მოცულობა შეადგენდა 249 მ3-ს, ხოლო სასარგებლო მოცულობა _ 166 მ3-ს, რომელშიც უნდა განთავსებულიყო 100 მ3 ნედლი ხის მასალა; ბ) ამწე მანქანა იყო არა 2 ტონა, არამედ 1,5 ტონა სიმძლავრისა და აღნიშნულის დასამტკიცებლად ადვოკატს მოჰყავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2003 წლის 10 ივნისის ¹......... საექსპერტო დასკვნა, თუმცა აღნიშნულ დასკვნაში საუბარი იყო არა ზუსტ პროგნოზზე, არამედ ვარაუდზე, რომ ამწე შესაძლებელია არ ყოფილიყო დეკლარირებული მონაცემების შესაბამისი და მითითებული იყო ამის შესაძლო და არა დაზუსტებულ მიზეზზე, რაც შესაძლებელი იყო გამოხატული ყოფილიყო ამწის ჰიდროამძრავის მცირე სიმძლავრეში. ამასთან, ამწის შემოწმება, განსხვავებით საშრობი დანადგარისაგან, გაცილებით მარტივი იყო, რაც გაკეთდა კიდეც და არსებობდა შესაბამისი _ 2002 წლის 25 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი, გაფორმებული საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილესა და სს ,,კ-ის" დირექტორს შორის, რომელშიც მითითებული იყო, რომ შესაბამისი საგამოცდო გაშვების შემდგომ მომხმარებელმა გამართულ მდგომარეობაში ჩაიბარა დანადგარები, მათ შორის, 2 ტონა ტვირთამწეობის მქონე მანქანა; გ) დაზიანებული აღმოჩნდა ელექტრომოწყობილობები, თუმცა იმავეს თაობაზე ზემოთ აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ამის მიზეზი იყო ელექტროძაბვის დანადგარებისათვის ცვალებადი მიწოდება, ანუ სახეზე იყო არა ქარხნული წუნი, არამედ სათანადო მოუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანი, რის გამოც ვერ ხერხდებოდა სარჩელში მითითებული მთელი რიგი პროცედურების ჩატარება; დ) მილები იყო რკინის და სხვადასხვა ადგილას საჭიროებდა ვინტილებს. აღნიშნული ფაქტორი თავიდანვე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, რის თაობაზეც პრეტენზიის გამოთქმა მიზანშეწონილობის საზღვარს სცდებოდა; ე) სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სადრენაჟო არხები დამონტაჟდა არა ჩინელი სპეციალისტების, არამედ ადგილობრივი პერსონალის მიერ, თუმცა არაპროფესიონალურ დონეზე, რამაც ვერ გაამართლა, მაგრამ 2002 წლის 20 მარტის აქტში, რომელსაც ხელს აწერენ ჩინელი სპეციალისტები და სს ,,კ-ის" წარმომადგენლები, მითითებულია, რომ მთელი აღჭურვილობა დამონტაჟდა, ჩატარდა საცდელი გაშვება, რომელიც მიმდინარეობდა 8 საათის განმავლობაში და ცხადი გახდა, რომ დანადგარი გამართულად მუშაობდა. აქედან გამომდინარე, სს ,,კ-თვის" ცნობილი იყო, თუ რა აღჭურვილობა ახლდა ხის საშრობ დანადგარს და მის მიერ მომავალში გამოთქმული პრეტენზია, თითქოს ჩინელმა სპეციალისტებმა არაჯეროვნად შეასრულეს აღნიშნული სამუშაო, იყო არამართებული; ვ) სარჩელში აგრეთვე მითითებული იყო, რომ მწყობრიდან გამოვიდა გენერატორი, რის გამოც მომხმარებელს მოუხდა დამატებით 12000 აშშ დოლარის გაღება ახალი გენერატორის შესაძენად. გაუგებარი იყო აღნიშნული ფაქტი, რადგან საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და სს ,,კ-ს" გაუწია დახმარება ჩინეთის მხარესთან ურთიერთობების თვალსაზრისით, რის შედეგადაც ჩინეთიდან გამოგზავნილ იქნა დაზიანებული ნაწილების შემცვლელი ნაწილები და გენერატორის მუშაობა აღდგა; ზ) მოსარჩელის მიერ გამოთქმული პრეტენზია ჩინელი სპეციალისტების საქართველოში ცხოვრებისა და კვების ხარჯებთან დაკავშირებით, იყო მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის, ანუ მოსარჩელის ბრალი, რადგან მის მიერ დროზე არ იქნა მომზადებული ხის საშრობი დანადგარების დამონტაჟებისათვის საჭირო ფუნდამენტი, რაც ძირითადი მოთხოვნა იყო. შესაბამისად, ჩინელმა სპეციალისტებმა დათქმულ ვადაში ვერ მოასწრეს დანადგარის დამონტაჟება, მაგრამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ სს ,,კ-ი" გაიღებდა მათი შენახვისათვის საჭირო შესაბამის ხარჯებს, ისინი დარჩებოდნენ საქართველოში. მომხმარებელი დათანხმდა აღნიშნულ წინადადებას. ხსენებულ ფაქტებს და ჩინური მხარის პრეტენზიებს ადასტურებდა მათი მემორანდუმი, წარდგენილი “ს-ში”, რომელსაც ხელს აწერდნენ ჩინური დელეგაციის ხელმძღვანელი და წევრები.
შესაგებლის ავტორის აღნიშვნით, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები გადაცემული საგნის დეფექტის, ნაკლისა და აქედან გამომდინარე, ლიზინგის მიმღების დანაკარგებზე აცნობებდა ლიზინგის გამცემს, ხოლო სადავო საკითხები რეგულირდებოდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იქვე მიუთითებდა, რომ თურმე ლიზინგის გამცემი შესაბამისად ვალდებული იყო, აღმოეფხვრა მიწოდებული საქონლის დეფექტები, თუმცა ეს უკანასკნელი ფრაზა ხელშეკრულებაში არ იყო განსაზღვრული. ხსენებული ხელშეკრულების 2.7 პუნქტში განსაზღვრული იყო ლიზინგის გამცემის პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ლიზინგის გამცემი ვალდებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ მიეღო ყველანაირი ზომა, რათა ხელი შეეწყო ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის მწარმოებელთან ლიზინგის საგნის გარშემო წამოჭრილი ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში, მათ შორის საგარანტიო ვადაზე აღებული პასუხისმგებლობის მოგვარებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანდა ლიზინგის საგნის გამცემის პასუხისმგებლობა და ისიც, თუ ვინ იღებდა ვალდებულებას ლიზინგის საგნის გამართულობაზე, მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო წერილიდან გამომდინარე. შესაგებლის ავტორის მტკიცებით, აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირობები ლიზინგის გამცემის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული.
შესაგებლის ავტორი მიუთითებდა, რომ ლიზინგის მიმღებს არ წაუყენებია პრეტენზია ქონების მწარმოებლისათვის, რაშიც ლიზინგის გამცემი მზად იყო მას დახმარებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 533-ე მუხლის მიხედვით, გამქირავებელს (ლიზინგის გამცემს) დამქირავებლისთვის (ლიზინგის მიმღებისთვის) უნდა გადაეცა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. ლიზინგის გამცემმა რომ ლიზინგის მიმღებს ნივთობრივად უნაკლო ნივთი გადასცა, აღნიშნული ნათლად ჩანდა მათ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტიდან, სადაც არც ერთი მხარე არ გამოთქვამდა პრეტენზიას ნივთის ნაკლოვანებების შესახებ. არსებობდა ლიზინგის მიმღებსა და ჩინელ სპეციალისტებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებიც, სადაც ანალოგიური მითითება იყო ნივთის გამართულობასთან დაკავშირებით. ამდენად, ცხადი იყო, რომ ნივთი იყო უფლებრივად უნაკლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, უპირველესად, უნდა დადგენილიყო, იყო თუ არა ლიზინგის გამცემი მისი მიმღების მოვალე, ხოლო ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იყო პირიქით, რადგან სწორედ ლიზინგის მიმღებს მართებდა გამცემისათვის გადასახდელი გარკვეული თანხები მომსახურებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეეძლო მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ამ შემთხვევაში კი არ არსებობდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტები ლიზინგის გამცემის მხრიდან და იმავე კოდექსის 408-409-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობაც. ლიზინგის გამცემის ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა, ხოლო ნივთის ექსპლუატაციის პროცესში მის ტექნოლოგიურ მომსახურებაზე პასუხისმგებლობა აიღო მისმა მწარმოებელმა და, შესაბამისად, აღნიშნული ვერ ჩაითვლებოდა ლიზინგის გამცემის შეუსრულებელ ვალდებულებაში. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ლიზინგის გამცემს სრული საფუძველი ჰქონდა თურმე იმის ვარაუდისათვის, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსაბამო მანქანა-დანადაგრების მიწოდების შედეგად სს ,,კ-თვის" გარდაუვალი იქნებოდა მატერიალური ზარალის განცდა, რაც არასწორი იყო. მანქანა-დანადგარების საპასპორტო მონაცემები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო მანქანა-დანადგარების მონაცემებს, ამასთან, ადგილზე საცდელი გაშვების შედეგად, როგორც გამცემმა, ისე მიმღებმა, რომელიც გამცემისაგან განსხვავებით იყო ამ საქმის სპეციალისტი, დაადასტურა, რომ მანქანა-დანადგარები იყო მწყობრში და მიიღო იგი. აქედან გამომდინარე, გაუგებარი იყო მოსარჩელის განცხადება აღნიშნულის თაობაზე, რაც უფრო მეტად საქმეში ჩაუხედავობას შეიძლებოდა დაბრალებოდა, ვიდრე მის პროფესიონალიზმს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,კ-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სს ,,კ-ის" სასარგებლოდ დაეკისრა 99890 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით და მითითებული თანხა შედგებოდა შემდეგი თანხებისაგან:
(1) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ 2001 წლის 28 სექტემბრის ¹....... ლიზინგის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა და უხარისხო და ნაკლოვანი მანქანა-დანადგარების სს ,,კ-თვის" გადაცემის შედეგად სს ,,კ-ის" მიერ გაწეული ხარჯებისაგან, რაც შეადგენდა 33832 (ოცდაცამეტი ათას რვაას ოცდათორმეტი) აშშ დოლარს;
(2) სს ,,კ-ის" მიერ მიუღებელი შემოსავლის შედეგად განცდილი მატერიალური ზიანი, რაც შეადგენდა 244800 (ორას ორმოცდაოთხი ათას რვაასი) აშშ დოლარს;
ანუ სს ,,კ-მა" მთლიანობაში განიცადა მატერიალური ზიანი _ 278632 (ორას სამოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდათორმეტი) აშშ დოლარი (33832 აშშ დოლარს + 244800 (ორას ორმოცდაოთხი ათას რვაასი) აშშ დოლარი =278632 აშშ დოლარს).
ბ) სალიზინგო საზღაური შეადგენდა 178742 (ას სამოცდათვრამეტი ათას შვიდას ორმოცდაორი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, რაც უდრიდა 378040 ლარს (კურსით _ 1 აშშ დოლარი _ 2,115 ლარი).
დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მოხდა სს ,,კ-ის" მიერ ხის საშრობი მანქანა-დანადგარების სალიზინგო საზღაურის გაქვითვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაში და საკუთრების უფლება მანქანა-დანადგარებზე ამ გზით, 2001 წლის 28 სექტემბრის ¹1 ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სს ,,კ-ს"; სარჩელის სხვა ნაწილში დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სასამართლო კოლეგიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2003 წლის 10 ივნისის ¹....... დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ვერ შეასრულა ლიზინგის ხელშეკრულებითა და მისი დანართით გათვალისწინებული სიმძლავრისა და ტევადობის ტექნიკური პარამეტრების მქონე დანადგარების მიწოდება სს ,,კ-თვის”, ანუ ამ უკანასკნელისათვის მიწოდებულ იქნა ნაკლის მქონე ქონება, რის გამოც შეუძლებელი გახდა სტანდარტული მზა პროდუქციის წარმოება, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად და სს ,,კ-მა” განიცადა მატერიალური ზიანი.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ლიზინგის საგნის ნაკლი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მცირდებოდა ნივთის ვარგისიანობა, რაც სს ,,კ-თვის" ¹..... ლიზინგის ხელშეკრულების დადების დროს არ ყოფილა და ვერც იქნებოდა ცნობილი და მის მიერ გათვალისწინებული. ვინაიდან საშრობი კამერების სასარგებლო ფართი, ნაცვლად 400 მ3-ისა, შეადგენდა 240 მ3-ს, ანუ 160 მ3-ით ნაკლებს, შესაბამისად, შემცირდა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა _ ბიზნეს-გეგმისა და აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, სს ,,კ-ს” 1 მ3-დან უნდა მიეღო მოგება 85 აშშ დოლარის ოდენობით, სასარგებლო ფართის შემცირებით მოსარჩელის ყოველთვიური მოგება შემცირდა 13600 აშშ დოლარით, რაც 18 თვის მანძილზე (ანუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2003 წლის სექტემბრამდე) შეადგენდა 244800 აშშ დოლარს და, რაც სს ,,კ-თვის" წარმოადგენდა მიუღებელ შემოსავალს.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ 2001 წლის 28 სექტემბრის ¹..... ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის მიმღებს ლიზინგის გამცემისათვის უნდა გადაეხადა 748477,7 ლარი. ვინაიდან გაანგარიშების თანახმად, 1 მ3 საშრობის ლიზინგის გადასახადი 1871 ლარი იყო, ხოლო საშრობის საერთო მოცულობა _ 240 მ3, შესაბამისად, 240 მ3-ზე ლიზინგის საზღაური 449040 ლარს შეადგენდა. სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ, ვინაიდან საშრობი საკნების სასარგებლო ფართი 40%-ით ნაკლებს შეადგენდა, ვიდრე ეს ლიზინგის ხელშეკრულებაში იყო მითითებული, ლიზინგის საფასური 40%-ით უნდა შემცირებულიყო და ლიზინგის საზღაურიც 449040 ლარით განსაზღვრულიყო. ვინაიდან სს ,,კ-ს” ლიზინგის საფასურის ანგარიშში გადახდილი ჰქონდა 71000 ლარი, ლიზინგის საზღაურის საბოლოო ოდენობად დადგენილ იქნა 378040 ლარი.
სასამართლო კოლეგიამ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებულ მატერიალურ ზიანთან მიმართებაში, კერძოდ, დაუსაბუთებლად მიიჩნია გაფუჭებული მასალის ღირებულების _ 31200 აშშ დოლარის, სათადარიგო ნაწილების საბაჟო გადასახადის _ 751 აშშ დოლარის და ელექტროგენერატორის ღირებულების _ 12000 ლარის ჩათვლა მატერიალურ ზიანად. სასამართლო კოლეგიამ დაასკვნა, რომ სს ,,კ-მა” რეალურად განიცადა მატერიალური ზიანი 33832 აშშ დოლარის ოდენობით და მთლიანობაში სს ,,კ-ის” მიერ განცდილმა მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 278632 აშშ დოლარი.
სასამართლო კოლეგიამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაადგინა სს ,,კ-თვის” ხის საშრობი მანქანა-დანადგარების სალიზინგო საზღაურის (178742 აშშ დოლარის ოდენობით) გაქვითვა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ზიანის ანაზღაურების (278632 აშშ დოლარის ოდენობით) ვალდებულებაში და საკუთრების უფლების გადაცემა ამ მანქანა-მოწყობილობებზე სს ,,კ-თვის”. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება სამართლებრივად დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 408_409-ე, 412-ე, 414-ე, 578-ე, 536-ე, 537-ე და 580-ე მუხლებზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს შპს ,,ს-ომ”, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 20 თებერვლისა და 2004 წლის 4 ივნისის განჩინებებით შპს ,,ს-ოსა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები განუხილველად დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
კასატორმა _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის საექსპერტო დასკვნას, რომლის მიხედვითაც, სს ,,კ-თვის” ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2001 წლის 28 სექტემბრის ¹..... ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემული ხის საშრობი დანადგარების რეალური მოცულობა 400 მ3-ის ნაცვლად, შეადგენდა 240მ3-ს. კასატორს ექსპერტიზის კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი და რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა, მაგრამ სასამართლო, კასატორის მოსაზრებით, დაეყრდნო სრულიად გაუმართლებელ არგუმენტს, არ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. კასატორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მან დაადასტურა, რომ დანადგარების ნაკლოვანება არ იყო სამინისტროს ბრალეულობა, ვინაიდან დანადგარების მწარმოებლის მიერ მიწოდებულ დანადგარების თანმხლებ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ისინი შეესაბამებოდა ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ხსენებული ხელშეკრულების 2.7 პუნქტის შესაბამისად, ,,ლიზინგის გამცემი” ვალდებულია, ხელი შეუწყოს ,,ლიზინგის მიმწოდებლებს” ლიზინგის საგნის მწარმოებელთან ლიზინგის საგნის გარშემო წამოჭრილი ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 578-ე მუხლის შესაბამისად, ლიზინგის მიმღებმა პრეტენზია უნდა წაუყენოს ჩინელ მწარმოებლებს და არა ეკონომიკის სამინისტროს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით კასატორის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსათვის სს ,,კ-ის” სასარგებლოდ 99890 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დადგენილ იქნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2001 წლის 28 სექტემბრის ¹....... ლიზინგის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა და უხარისხო და ნაკლოვანი მანქანა-მოწყობილობების სს ,,კ-თვის” გადაცემის შედეგად სს ,,კ-ის” მიერ გაწეული ხარჯები შეადგენდა 33832 აშშ დოლარს, ხოლო სს ,,კ-ის” მიერ მიუღებელი შემოსავლის შედეგად განცდილი მატერიალური ზიანი _ 144910 აშშ დოლარს, ანუ მთლიანობაში სს ,,კ-მა” განიცადა მატერიალური ზიანი 178742 აშშ დოლარის ოდენობით; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ კასატორს, ფაქტობრივად, სადავოდ არ გაუხდია ლიზინგის საგნის _ ხის საშრობი მანქანა-მოწყობილობის ნაკლოვანებების არსებობის ფაქტი და დაეთანხმა საქმეში არსებულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის საექსპერტო დასკვნას. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორის 2004 წლის 6 აპრილის ¹01/20/13-305 წერილიდან ირკვეოდა, ხის საშრობ კამერებში ტექნოლოგიური პროცესების, მათი წარმადობისა და ხის მასალების შრობის ექსპერტიზა არ შედიოდა ამ ცენტრის კვლევის სფეროში და აღნიშნულ საკითხებზე ექსპერტიზას ატარებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც წარმოადგენდა კომპეტენტურ საექსპერტო დაწესებულებას აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. კასატორს სადავოდ არ გაუხდია ასევე მიყენებული მატერიალური და მიუღებელი შემოსავლით გამოწვეული ზიანის ოდენობა და მართებულობა. საკასაციო საჩივრის ძირითად არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ლიზინგის ხელშეკრულების 2.7 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 578-ე მუხლის თანახმად, ლიზინგის მიმღებს ლიზინგის საგნის ნაკლოვანებების თაობაზე პრეტენზია ჩინელი მწარმოებლებისთვის უნდა წარედგინა, რაც საკასაციო პალატამ არ გაიზიარა. ლიზინგის ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, ,,ლიზინგის გამცემის” მიერ ,,ლიზინგის მიმღებისათვის" გადაცემული ნაკლის, დეფექტების მქონე ,,ლიზინგის საგანზე" და აქედან გამომდინარე, “ლიზინგის მიმღების" დანაკარგებზე ,,ლიზინგის მიმღები" ვალდებული იყო, მიემართა “ლიზინგის გამცემისთვის", ხოლო სადავო საკითხი დარეგულირდებოდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პრეტენზია მეორე მხარის მიერ განხილული უნდა ყოფილიყო მის მიერ პრეტენზიის ფაქტობრივად მიღების დღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში და შემდგომი 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაეგზავნა პასუხი ამ ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. მხარეთა შეუთანხმებლობის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდებოდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საერთო სასამართლოში. ის ფაქტი, რომ სს ,,კ-ი” შესაბამისი პრეტენზიებით მიმართავდა მოპასუხეებს აღმოჩენილ და გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, დაადასტურეს საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ამ უკანასკნელთა წარმომადგენლებმა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ,,ლიზინგის გამცემს" წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო (ყოფილი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო), ხოლო ,,ლიზინგის მიმღებს" _ სს ,,კ-ი" და ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ლიზინგის ხელშეკრულების ნორმების საფუძველზე მოეთხოვა მიყენებული მატერიალური და მიუღებელი შემოსავლით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სწორედ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაგან, როგორც ,,ლიზინგის გამცემისაგან”.
საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, თითქოსდა ლიზინგის ხელშეკრულების 2.7 პუნქტი მას ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისაგან და ლიზინგის მიმღებს პრეტენზიის წარდგენის უფლება მხოლოდ ჩინელი მწარმოებლების მიმართ ჰქონდა. ამ მუხლში მოიაზრებოდა ტექნიკური საკითხების მოგვარება, რასაც ადგილი ჰქონდა ელექტროგენერატორის მწყობრიდან გამოსვლისას, როდესაც შესაბამისი სათადარიგო ნაწილები ჩინეთიდან იქნა გამოთხოვილი და შეკეთებულ იქნა ელექტროგენერატორი. საშრობი კამერების ფაქტობრივი მოცულობის შეუსაბამობა ტენდერის პირობებში მითითებულ მონაცემებთან არ შეიძლებოდა განხილული ყოფილიყო ტექნიკურ საკითხად, რომელიც შეიძლებოდა აღმოფხვრილიყო. იგი სალიზინგო ნივთის ნაკლს წარმოადგენდა, რომელმაც სს ,,კ-თვის" ზიანის მიყენება გამოიწვია.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასევე უსაფუძვლო იყო კასატორის მითითება სამოქალაქო კოდექსის 578-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის გამცემისთვის პრეტენზიის წაყენებამდე უნდა მოითხოვოს დაკმაყოფილება ქონების მიმწოდებლისაგან. ლიზინგის ხელშეკრულებაში ამგვარი შეთანხმება მხარეების მიერ არ ყოფილა დაფიქსირებული. მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოებაც ვერ იქნებოდა განხილული მოსარჩელის მხრიდან _ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შეზღუდვის საფუძვლად.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე და კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეწონილობის გათვალისწინებით, მოპასუხეს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, უნდა შემცირებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით გადასახდელად დაკისრებული თანხის ოდენობა იმ გაანგარიშებით, რომ ამ თანხას სს “კ-თვის” უხარისხო და ნაკლოვანი მანქანა-მოწყობილობების გადაცემის შედეგად სს “კ-ის” მიერ გაწეულ ხარჯებთან _ 33832 აშშ დოლართან ერთად, მთლიანობაში შეედგინა ლიზინგის საზღაურის სახით გადასახდელად დარჩენილი 178742 აშშ დოლარი, ანუ შემცირებულიყო 99890 აშშ დოლარით და ამ ნაწილში ნაცვლად 244800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა, დაკისრებოდა 144910 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და მომხდარიყო მხარეებს შორის ვალდებულებათა გაქვითვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებული ნაწილის შესაბამისად.
2007 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “კ-ის” სარჩელი პირველი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, მეორე მოპასუხე შპს “ს-ოს”, მესამე პირების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სს “კ-ის” სასარგებლოდ 99890 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა, რაც შედგებოდა შემდეგი თანხებისაგან: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ 2001 წლის 28 სექტემბრის ¹....... ლიზინგის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა და უხარისხო და ნაკლოვანი მანქანა-დანადგარების სს “კ-თვის” გადაცემის შედეგად სს “კ-ის” მიერ გაწეული ხარჯებისაგან, რაც შეადგენდა 33832 აშშ დოლარს; სს “კ-ის” მიერ მიუღებელი შემოსავლის შედეგად განცდილი მატერიალური ზიანისაგან, რაც შეადგენდა 244800 აშშ დოლარს, ანუ სს “კ-მა” მთლიანობაში განიცადა მატერიალური ზიანი 278632 აშშ დოლარი (33832 აშშ დოლარისა და 244800 აშშ დოლარის ჯამი), სალიზინგო საზღაური კი შეადგენდა 178742 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, რაც უდრიდა 378040 ლარს; მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოხდა სს “კ-ის” მიერ ხის საშრობი მანქანა-დანადგარების სალიზინგო საზღაურის გაქვითვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაში და საკუთრების უფლება მანქანა-დანადგარებზე ამ გზით, 2001 წლის 28 სექტემბრის ¹...... ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სს “კ-ს”; სარჩელის სხვა ნაწილში დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის ,,ა" პუნქტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსათვის სს ,,კ-ის” სასარგებლოდ 99890 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დადგენილ იქნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2001 წლის 28 სექტემბრის ¹..... ლიზინგის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა და უხარისხო და ნაკლოვანი მანქანა-მოწყობილობების სს ,,კ-თვის” გადაცემის შედეგად სს ,,კ-ის” მიერ გაწეული ხარჯები შეადგენდა 33832 აშშ დოლარს, ხოლო სს ,,კ-ის” მიერ მიუღებელი შემოსავლის შედეგად განცდილი მატერიალური ზიანი _ 144910 აშშ დოლარს, ანუ მთლიანობაში სს ,,კ-მა” განიცადა მატერიალური ზიანი 178742 აშშ დოლარის ოდენობით (33832 აშშ დოლარისა და 144910 აშშ დოლარის ჯამი); გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2007 წლის 15 იანვარს ქ. თბილისის პროკურატურამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილით მიმართა იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი სს “კ-ის” გენერალური დირექტორის _ გ. ა-ის მიმართ. ხსენებული სასამართლო განაჩენით დადგენილ იქნა, რომ 2001 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და სს “კ-ს” შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, სს “კ-ს” გადაეცა 748477,7 ლარის ღირებულების ხის საშრობი დანადგარები. გ. ა-მა, ა. ჩ-მა და მათმა პარტნიორებმა, განზრახული ჰქონდათ რა თაღლითური გზით ქონებრივი უფლების მიღება ისე, რომ არ გადაეხადათ მიღებული მანქანა-დანადგარების საზღაური, 2003 წლის 10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის ცენტრიდან მოიპოვეს ყალბი დასკვნა, თითქოს საქართველოს მთავრობის მიერ სს “კ-ზე” ლიზინგის წესით გადაცემული ხის საშრობი მანქანა-დანადგარები უვარგისი იყო, რის გამოც სააქციო საზოგადოებას 278632 აშშ დოლარის ზიანი მიადგა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ლიზინგის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა და უხარისხო და ნაკლოვანი მანქანა-დანადგარების სს “კ-თვის” გადაცემის შედეგად სს “კ-მა” განიცადა 748477,7 ლარის ზარალი და ხის საშრობი მანქანა-დანადგარების სალიზინგო საზღაურის გაქვითვა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაში უნდა მომხდარიყო, ხოლო საკუთრების უფლება მანქანა-დანადგარებზე სს “კ-ს” გადაეცა. იმის გათვალისწინებით, რომ თავის მხრივ, სს “კ-ს” ვალდებულება ჰქონდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე 748477,7 ლარის გადახდისა, მოხდა ვალის ურთიერთგაქვითვა და სს “კ-ი” გათავისუფლდა 748477,7 ლარის გადახდისაგან, რითაც სახელმწიფოს მიადგა 748477,7 ლარის ზიანი. აღნიშნული დასკვნის სიყალბე დადგენილ იქნა თვით განსასჯელის აღიარებითა და მოწმეთა ჩვენებებით.
განმცხადებლის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯად სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია წარმოადგენდა, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში ასაჩივრებდა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება განსჯადობით განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაეგზავნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება მიჩნეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადად; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განცხადების განხილვა დაინიშნა 2007 წლის 18 აპრილს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა იყო, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ უნდა ყოფილიყო განხილული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2007 წლის 30 მაისს, ზეპირი მოსმენის გარეშე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 18 აპრილის განჩინებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებით, 2007 წლის 15 იანვარს ქ. თბილისის პროკურატურამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილით მიმართა იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი სს “კ-ის” გენერალური დირექტორის _ გ. ა-ის მიმართ, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ გ. ა-მა, ა. ჩ-მა და მათმა პარტნიორებმა, განზრახული ჰქონდათ რა თაღლითური გზით ქონებრივი უფლების მიღება ისე, რომ არ გადაეხადათ მიღებული მანქანა-დანადგარების საზღაური, 2003 წლის 10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის ცენტრიდან მოიპოვეს ყალბი დასკვნა, თითქოს საქართველოს მთავრობის მიერ სს “კ-ზე” ლიზინგის წესით გადაცემული ხის საშრობი მანქანა-დანადგარები უვარგისი იყო, რის გამოც სააქციო საზოგადოებას 278,632 აშშ დოლარის ზიანი მიადგა, ხოლო სახელმწიფოს _ 748477,7 ლარის ზიანი, აღნიშნული დასკვნის სიყალბე კი დადგენილ იქნა თვით განსასჯელის აღიარებითა და მოწმეთა ჩვენებებით. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ 2007 წლის 15 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქ. თბილისის პროკურატურისგან მიიღო წერილი, რომელსაც დართული ჰქონდა გ. ა-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ასლი. აღნიშნულ განაჩენში მითითებული იყო, რომ გ. ა-ის, მოწმეების _ მ. ტ-ის, გ. თ-ის ჩვენებები და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებდა განსასჯელის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ხსენებული განაჩენით ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ჯ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დამტკიცდა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ჯ. მ-სა და განსასჯელ გ. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “გ” და 180-ე მუხლის III ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაითვალა პირობით და მას გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის განაჩენით გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და, შესაბამისად, დამტკიცდა მისი ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში, რომელიც განახორციელა 2003 წლის 10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის ცენტრიდან მოპოვებული ყალბი დასკვნის საშუალებით. მაშასადამე, დასახელებული დასკვნის სიყალბე აღიარებული იყო თვით გ. ა-ისა და მოწმეების _ მ. ტ-ის და გ. თ-ის მიერ, დადასტურებული იყო საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით და საბოლოოდ დამტკიცებული იყო სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძველი, კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის სიყალბე, რომელსაც ემყარებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, აგრეთვე, იმავე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემული საქმის წარმოების განახლების აუცილებელი პირობა _ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება იყო საფუძვლიანი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო, გაუქმებულიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარზე განახლებულიყო საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მთლიანად დააფუძნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2003 წლის 10 ივნისის ¹........ საექსპერტო დასკვნაზე, კერძოდ, ხსენებული დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ვერ შეასრულა ლიზინგის ხელშეკრულებითა და მისი დანართით გათვალისწინებული სიმძლავრისა და ტევადობის ტექნიკური პარამეტრების მქონე დანადგარების მიწოდება სს ,,კ-თვის”, ანუ ამ უკანასკნელისათვის მიწოდებულ იქნა ნაკლის მქონე ქონება, რის გამოც შეუძლებელი შეიქმნა სტანდარტული მზა პროდუქციის წარმოება, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად და სს ,,კ-მა” განიცადა მატერიალური ზიანი. აღნიშნულის საფუძველზე კი, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ლიზინგის საგნის ნაკლი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მცირდებოდა ნივთის ვარგისიანობა, ხოლო, ვინაიდან საშრობი კამერების სასარგებლო ფართი, ნაცვლად 400 მ3-ისა, შეადგენდა 240 მ3-ს, ანუ 160 მ3-ით ნაკლებს, შესაბამისად, შემცირდა ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა, ბიზნეს-გეგმისა და აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, სს ,,კ-ს” 1 მ3-დან უნდა მიეღო მოგება 85 აშშ დოლარის ოდენობით, სასარგებლო ფართის შემცირებით მოსარჩელის ყოველთვიური მოგება შემცირდა 13600 აშშ დოლარით, რაც 18 თვის მანძილზე (ანუ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2003 წლის სექტემბრამდე) შეადგენდა 244800 აშშ დოლარს და, რაც სს ,,კ-თვის” წარმოადგენდა მიუღებელ შემოსავალს. აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საშრობი საკნების სასარგებლო ფართი 40%-ით ნაკლებს შეადგენდა, ვიდრე ეს ლიზინგის ხელშეკრულებაში იყო მითითებული, ლიზინგის საფასურიც 40%-ით უნდა შემცირებულიყო და სასამართლო კოლეგიამ დაადგინა სს ,,კ-თვის” ხის საშრობი მანქანა-დანადგარების სალიზინგო საზღაურის (178742 აშშ დოლარის ოდენობით) გაქვითვა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ზიანის ანაზღაურების (278632 აშშ დოლარის ოდენობით) ვალდებულებაში და საკუთრების უფლების გადაცემა ამ მანქანა-მოწყობილობებზე სს ,,კ-თვის”.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულის თაობაზე კასატორიც მიუთითებს საკასაციო საჩივარში, კერძოდ, იგი პირდაპირ აცხადებს, რომ სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის საექსპერტო დასკვნას, რომლის მიხედვითაც, სს ,,კ-თვის” ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2001 წლის 28 სექტემბრის ¹...... ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემული ხის საშრობი დანადგარების რეალური მოცულობა 400 მ3-ის ნაცვლად, შეადგენდა 240მ3-ს. კასატორი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ხოლო სასამართლო სხდომაზე მან დაადასტურა, რომ დანადგარების ნაკლოვანება არ იყო ხსენებული სამინისტროს ბრალეულობა, ვინაიდან დანადგარების მწარმოებლის მიერ მიწოდებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ისინი შეესაბამებოდა ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს, რის გამოც ლიზინგის მიმღებმა პრეტენზია უნდა წაუყენოს ჩინელ მწარმოებლებს და არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ სს ,,კ-თვის” ზიანის მიყენების დადგენილად მიჩნევას, ხის საშრობი მანქანა-დანადგარების სალიზინგო საზღაურის (178742 აშშ დოლარის ოდენობით) გაქვითვას საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ ზიანის ანაზღაურების (278632 აშშ დოლარის ოდენობით) ვალდებულებაში და საკუთრების უფლების გადაცემას ამ მანქანა-მოწყობილობებზე სს ,,კ-თვის” საფუძვლად დაუდო სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2003 წლის 10 ივნისის ¹....... საექსპერტო დასკვნა, რომლის სიყალბეც დამტკიცებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით და საბოლოოდ სასამართლო წესით დადასტურდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა, კასატორისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება განსაზღვრა და დასკვნები გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2003 წლის 10 ივნისის ¹....... საექსპერტო დასკვნასთან მიმართებაში, ანუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთელი მოტივაცია აგებულია დასახელებული დასკვნით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ხოლო ხსენებული დასკვნის სასამართლო წესით ყალბად და, შესაბამისად, იურიდიული ძალის არმქონედ მიჩნევით კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს გამოეცალა მთელი მისი შინაარსის განმსაზღვრელი სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ამ ეტაპზე მიაჩნია, რომ, ვინაიდან სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაამყარა იმ მტკიცებულებაზე, რომელიც ყალბადაა მიჩნეული ზემოთ მოხსენიებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით და, ამდენად, საქმის არსის განმსაზღვრელი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგინა და ამის შედეგად არასწორი დასკვნები გააკეთა, ამიტომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის მისთვის დაბრუნების შემდეგ სასამართლო კოლეგიამ ხელახლა უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ახლიდან დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის უფლებამონაცვლე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის უფლებამონაცვლე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.