ბს-543-514(კ-06) 16 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ლ. ჭანტურია
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ ი. ც-ე, წარმომადგენელი: ზ. ც-ე,
ბათუმის სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარების სამსახური, ბათუმის მერია _ არ გამოცხადდა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, შენობაზე მინაშენის მოშლა
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მოსარჩელე მ. შ-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ ი. ს-ისა და ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ი. ს-ის საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქცია-გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შეჩერება, ბათუმის მერიის 29.09.03წ. ¹201 განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნის გაუქმება, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მიერ 29.08.03წ. გაცემული ნებართვის გაუქმება და ქ. ბათუმში, .... ქ. ¹2-ში მდებარე ¹41 ბინაზე მინაშენის მოპასუხის ხარჯებით დანგრევა.
საქმის გარემოებები:
1992 წელს .... ¹2-ში მდებარე ბინა ¹41-42-ში მცხოვრებმა ა. ს-ემ ქალაქის არქიტექტურის ხელმძღვანელობისაგან მიიღო თავის საცხოვრებელ ბინაზე მიშენების უფლება, მაგრამ ვინაიდან ზოგიერთი მეზობელი მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა, მიშენება ვერ განახორციელა. ა. ს-ის ერთი ოთახი და გალერეა-შუშაბანდი შეიძინა ი. ც-ემ, ბინას ჩაუტარა რეკონსტრუქცია-რემონტი, მაღალი ჭერისა და სახლის სხვენის ხარჯზე, მეორე სართულზე გაიკეთა დამატებითი საძინებელი, ასევე ერთი საძინებელი შუშაბანდის ნაწილში, მეორე ნაწილში კი _ სამზარეულო და შესასვლელი. ბინას არ ჰქონდა ტუალეტი და მან აღნიშნული მოაწყო საერთო დერეფნის ხარჯზე. აღნიშნული ტუალეტის მოწყობით ი. ც-ემ შუქმნა პრობლემები მის ქვემოთ მცხოვრებ მეზობლებს. 2003 წელს მოპასუხემ კვლავ დაიწყო მშენებლობა, რითაც შეილახა მეზობლების უფლებები. აღნიშნული მშენებლობა მათ აწარმოეს მეზობლების მოტყუების შედეგად ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.
2003 წელს მოსარჩელემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა უკანონო მშენებლობის შეჩერება, ხოლო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, რომელიც არ შესრულებულა, ვიანიდან იმავე სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, მშენებლობის შეჩერების შესახებ, პირველი დადგენილება გაუქმდა. ამასთან, მოსარჩელემ არაერთ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა მშენებლობის შეჩერების შესახებ, მაგრამ უშედეგოდ.
2003 წლის 5 ნოემბერს მ. შ-მა რაიონულ სასამართლოში წარდგენილი დამატებითი სარჩელით მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 29 სექტემბრის განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნის, 2003 წლის 29 აგვისტოს ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მიერ გაცემული ნებართვის და 1992 წლის 26 თებერვლის პროექტის ბათილად ცნობა და ქ. ბათუმში, .... ქ. ¹2-ში მდებარე ¹41 ბინაზე მინაშენის მოპასუხის ხარჯებით დანგრევა.
მოპასუხე ი. ს-ემ და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.03.04წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. შ-ის სარჩელი, მოპასუხე ი. ს-ეს დაევალა მისი ბინის გაფართოება-რეკონსტრუქციის ფასადის მხარის შევიწროვება და ფასადის კედლის 70 სმ-ით უკან შეწევა. მოსარჩელის სხვა მოთხოვნები უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.03.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. შ-მა და ი. ს-ემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 12.07.04წ. განჩინებით აპელანტების საჩივრები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და უცვლელად იქნა დატოვებული ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.03.04წ. გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის განჩინებით მ. შ-ის და ი. ს-ის საკასაციო საჩივრების საფუძველზე გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 233-238/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ი. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ი. ც-ის მიერ დაწყებული საცხოვრებელი ბინის გაფართოება-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, გარეთა ფასადის კედლის 70 სანტიმეტრით შეწევის დავალდებულების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; მ. შ-ის სარჩელი 2003 წლის 9 ოქტომბერს გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ქ. ბათუმში აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს კაბინეტის 1992 წლის 22 მაისის ¹420 გადაწყვეტილებით, მოქალაქე ა. ს-ეს ნება დაერთო იმნაძის ქუჩის ¹2-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქცია-გაფართოებაზე. შესაბამისად, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოში დამტკიცდა პროექტი ¹34 (26.02.1992 წელი), რომლითაც გათვალისწინებული იყო ხსენებული ბინის გაფართოება. 1997 წელს აღნიშნული საცხოვრებელი სახლი შეისყიდა მოპასუხე ი. ც-ემ, რომელმაც პროექტი დადგენილი წესით ხელახლა შეათანხმა არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსთან, ხოლო 2002 წლის 17 სექტემბერს _ ქ. ბათუმის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციასთან. აგრეთვე, განახლდა ირ. აბაშიძის (ამჟამად იმნაძის) ქუჩის ¹2-ში მცხოვრებთა ხელმოწერები, პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის მიმდინარეობის თანხმობასთან დაკავშირებით, რაც დამოწმდა ბათუმის ყოფილი ¹2 მიკრორაიონის გამგეობის მიერ. მასში მითითებულია, რომ მშენებლობის წინააღმდეგია ერთი მეზობელი - მოქალაქე ნ. ხ-ი (მ. შ-ის მეუღლე), ხოლო თანხმობაზე ხელი მოწერილი აქვს 17 მეზობელს, მათ შორის ყველას, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებოდნენ მშენებარე საცხოვრებელ სახლს. ქალაქ ბათუმის მერიის 2003 წლის 29 სექტემბრის ¹201 განკარგულებით შეიქმნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹2-ში, მოქალაქე ი. ც-ის საკუთრებაში არსებული ბინის რეკონსტრუქცია-გაფართოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მშენებლობის კანონიერების შემსწავლელი კომისია. აღნიშნული კომისიის დასკვნით, მოქალაქე ი. ც-ე მშენებლობას ახორციელებდა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დამტკიცებული პროექტითა და დოკუმენტებით, ამდენად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული არქმშენინსპექციის ნებართვა მშენებლობის წარმოების შესახებ. ბათუმის მთავარი არქმშენინსპექციის 2003 წლის 29 აგვისტოს წერილის თანახმად, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველო არ არის წინააღმდეგი .... ქუჩა ¹2-ში მოქალაქე ი. ც-ემ მერიის 1992 წლის 22 მაისის ¹420 და დამტკიცებული ¹34 პროექტების საფუძველზე თავის საცხოვრებელ სახლს ჩაუტაროს რეკონსტრუქცია-გაფართოება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 9 ოქტომბერს ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა, რომლის მიხედვით ი. ც-ეს ნება დაერთო დამტკიცებული პროექტით ეწარმოებინა მისი საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქცია-გაფართოება. აღნიშნულ ნებართვას ხელს აწერდა ქალაქის მთავარი არქიტექტორი და დამოწმებულა ბეჭდით. გაცემული ნებართვის ვადა იწურებოდა 2003 წლის 31 დეკემბერს. რეკონსტრუქცია-მშენებლობის დროს არ ირღვეოდა როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ასევე ჰიგიენური პირობები, ბინის ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის ნორმები. მშენებლობა შ. შ-ის საკუთრებაში არსებული ბინიდან მოცილებულია 9.3 მეტრით, მაშინ, როდესაც პროექტში სახანძრო ნორმებით დასაშვებია 6.0 მეტრი. აგრეთვე, არ იზღუდებოდა ბუნებრივი განათება, რაც დასტურდებოდა სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ფირმა შპს ,,..." მიერ მომზადებული ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის ანგარიშით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ..... ქ. ¹2-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ერთი ოთახის და დამხმარე სათავსის მიშენება არ დაარღვევს მ. შ-ის საკუთრებაში არსებული ბინის ინსოლაციისა და ბუნებრივი განათების ნორმებს. ამავე დოკუმენტების თანახმად, მ. შ-ის ბინაზე განათება ზღვრულ ნორმას დაახლოებით 9-ჯერ აღემატება”.
სასამართლოს დასკვნით, მშენებლობის პროექტი შეთანხმებული იყო აგერთვე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, სადაც აღნიშნულია, რომ, ,,ობიექტი მდებარეობს საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში და მისი გავლენა არ აისახება კულტურული მემკვიდრეობის გარემოზე".
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტ მ. შ-ის მტკიცება იმის შესახებ, რომ, თითქოს ი. ც-ე საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქცია-გაფართოებას აწარმოებდა სათანადო პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე, რამდენადაც ირმა ც-ეს გააჩნდა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული პროექტი და მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2003 წლის 9 ოქტომბერს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა იმავე წლის 31 დეკემბრამდე. ამ პერიოდში კი უნდა დასრულებულიყო სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ მ. შ-ის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოში დავის დაწყების შემდეგ, შეჩერდა მშენებლობა სასამართლოს განჩინებით. ამდენად, საქმის მასალებით სრულად დასტურდებოდა, რომ ი. ც-ეს გააჩნდა ყველა სამართლებრივი საფუძველი მშენებლობის წარმოებისათვის, რაც გათვალისწინებულია ,,მშენებლობის ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებით.
სასამართლომ დაასკვნა, რომ უსაფუძვლოა აპელანტ მ. შ-ის მტკიცება, რომ სადავო ობიექტს მინიჭებული ჰქონდა ისტორიისა და კულტურის უძრავ ძეგლთა სტატუსი და განმარტა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის მ/შემსრულებლის 2006 წლის 14 აპრილის ¹16/03/1313 წერილით დასტურდებოდა, რომ ქ. ბათუმში, .... ქუჩის ¹2/20-ში მდებარე შენობას კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 30 მარტის ¹3/33 ბრძანების საფუძველზე მიენიჭა ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, თუმცა აღნიშნული შენობა, რომლის მისამართად მითითებულია იმნაძის ქუჩა ¹2/20-ი, არ შეიძლებოდა გაიგივებულიყო სადავო ობიექტთან, რომლის მისამართია .... ქუჩა ¹2, (ყოფილი .... ქ. ¹2). ამავე დროს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 24 აგვისტოს ¹1-16/677 ¹9 ნებართვის თანახმად: ,,ობიექტი მდებარეობდა საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში და მისი გავლენა არ აისახება კულტურული მემკვიდრეობის გარემოზე".
სასამართლოს დასკვნით, ასევე უსაფუძვლოა მ. შ-ის მოსაზრება მისი ბინის ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის ნორმების დარღვევის შესახებ, რაც დასტურდებოდა სამეცნიერო-კვლევითი ფირმა შპს ,,....” მიერ გაცემული დასკვნებით, ხოლო, რაც შეხებოდა მ. შ-ის ბინაში ნესტის საკითხს, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ არსებული მიშენება არ გამოიწვევდა მოდავე მხარის ბინაში ტენიანობის დონის ამაღლებას, რადგანაც ტენიანობა მ. შ-ის ბინაში მანამდეც მაღალი იყო, ვინაიდან ბინა მიწის დონიდან გარკვეული მანძილით დაბლა მდებარეობდა, რაც იწვევდა ბინის ნესტიანობას.
სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ი. ც-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს (ი. ც-ეს) დაევალა ბინის რეკონსტრუქცია -გაფართოებასთან დაკავშირებული მიშენების ფასადის მხარის კედლის უკან შეწევა 70 სმ-ით და განმარტა, რომ, საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე მ. შ-ის მოთხოვნას ადმინისტრაციული აქტების გაუქმებასთან ერთად წარმოადგენს ი. ც-ის მიერ ბინის რეკონსტრუქცია-გაფართოებასთან დაკავშირებული მინაშენის დემონტაჟი (მოშლა) და არა კედლის უკან შეწევა, ამგვარი მოთხოვნა მოსარჩელეს არ დაუყენებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. ,,ა" მუხლი და განმარტა, რომ ქ. ბათუმის მერიის ¹201 განკარგულებით შექმნილი კომისიის გასაჩივრებული დასკვნა თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც ზემოთ მითითებული კომისია ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენდა, მის მიერ მიღებული აქტი იყო სარეკომენდაციო, ფაკულტატური ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც არ წარმოშობდა რაიმე უფლება-მოვალეობებს, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, იგი ვერ იქნებოდა მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, ქ. ბათუმის მერიის ¹201 განკარგულება, ქალაქის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 29 აგვისტოს ¹1-12/908 ნებართვა და ქალაქ ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2003 წლის 8 ოქტომბრის მშენებლობის ნებართვა, როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, არანაირ პირდაპირ ან უშუალო ზიანს არ აყენებდა მოსარჩელე მ. შ-ს და, შესაბამისად, მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან მოსარჩელე მ. შ-მა სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, გაზარდა სასარჩელო კერძოდ, სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2003 წლის 09 ოქტომბრის მშენებლობის ნებართვის გაუქმება, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური საფუძვლები /იხ.ს.ფ. 345-352/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 361-366/.
კასაციის მოტივი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 9 ოქტომბერს ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ გასცა მშენებლობის ნებართვა, რომლის თანახმად ი. ც-ეს ნება დაერთო ეწარმოებინა საცხოვრებელი ბინის რეკონსტრუქცია-გაფართოება და მხედველობაში არ მიიღო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული ზემოთ აღნიშნული სამმართველოს მიერ. ასევე საქმეში პირველ და სააპელაციო ინსტანციებში რამდენიმეჯერ იყო წარდგენილი სხვადასხვა ორგანოების მიერ 2003 წლიდან გაცემული უამრავი სხვადასხვა დოკუმენტაცია, რომლებიც ასევე ადასტურებს ც-ების უნებართვო და უკანონო მშენებლობა-რეკონსტრუქციას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქალაქ ბათუმის არქიტექტურისა და მშენებლობის სამმართველოს 2003 წლის 9 ოქტომბრის ,,უნომრო" მშენებლობის ნებართვა ისე ჩათვალა კანონიერად, რომ საქმეში წარმოდგენილ საწინააღმდეგო დოკუმენტებს საერთოდ შეფასება არ მისცა და არ გაითვალისწინა კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ აღნიშნული დოკუმენტი ყალბია და მას იურიდიული ძალა არ აქვს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია 105.2 მუხლის მოთხოვნები. აგრეთვე, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დარღვეულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის მოთხოვნები. ზემოთ აღნიშნულ ადმინისტრაციულ აქტს გამომცემი ორგანოს მიერ არა აქვს მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, რაც ცხადყოფს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ყალბია. აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე და 52-ე მუხლის მოთხოვნები.
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფირმა ,,...." თავის დასკვნაში იმსჯელა მხოლოდ დამხმარე სათავსისა და იქ არსებული ინსოლაციისა და განათებულობის ნორმების დარღვევის შესახებ მაშინ, როცა მათი დებულების თანახმად, ასათვლელი წერტილები უნდა აეღოთ საცხოვრებელი ფართიდან. ამგვარი ქმედებით დარღვეულია დებულება, რომლითაც ხელმძღვანელობენ აღნიშნული ფირმები შესაბამისი დასკვნების გაცემისას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ სახლი არის არქიტექტურული ძეგლი და მისი ასეთი სახეცვლილება და დამახინჯება, არის კანონის უხეში დარღვევა, ასევე სააპელაციო სასამართლომ არაობიექტურად განიხილა საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილი და მას სათანადო შეფასება არ მისცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ბინის მესაკუთრე მოვალეა, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობა, აგრეთვე, საერთო საკუთრება, რომ ამით არ შელახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოებული მშენებლობის შედეგად კი შეილახა კასატორის, როგორც საერთო საკუთრების ერთ-ერთი მესაკუთრის უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ /იხ. ს.ფ./.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საკასაციო საჩივრის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394. “ე” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, ქ. ბათუმის მერიის ¹201 განკარგულება, ქალაქის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 29 აგვისტოს ¹1-12/908 ნებართვა და ქალაქ ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2003 წლის 8 ოქტომბრის მშენებლობის ნებართვა, როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, არანაირ პირდაპირ ან უშუალო ზიანს არ აყენებდა მოსარჩელე მ. შ-ს და, შესაბამისად მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა, რის გამოც სასამართლომ აღარ იმსჯელა არსებითად გასაჩივრებული აქტის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.4. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ზემდგომი (მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო) სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ან არსებითი განხილვის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში ვალდებულია, საქმე განსახილველად დაუბრუნოს განსჯად სასამართლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო იმ პირობებში თუ მიიჩნევდა, რომ მ. შ-ის სარჩელი ამ ნაწილში იყო დაუშვებელი, საქმე სარჩელის დასაშვებობის შესახებ მსჯელობისათვის უნდა დაებრუნებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის საერთო განსჯადობის წესით განსახილველად, მოპასუხეების ადგილსამყოფლის მიხედვით, მით უფრო იმ პირობებში, რომ მხოლოდ საქალაქო /რაიონული/ სასამართლოა უფლებამოსილი, განიხილოს სარჩელის დასაშვებობა განმწესრიგებელ სხდომაზე. ამასთან, განმწესრიგებელი სხდომის ჩატარებისას სასამართლო შეზღუდულია კანონით განსაზღვრული პროცედურებით, კერძოდ, განმწესრიგებელი სხდომა უნდა ჩატარდეს სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ასევე სარჩელის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე გამოტანილი განჩინება მხარეთა მიერ შესაძლებელია გასაჩივრდეს დამოუკიდებლად, კერძო საჩივრის შეტანის გზით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო აქტები არ ზღუდავს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს კასაციის მოტივს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 208.3. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ- საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 219.1. “ა” პუნქტის თანახმად, ბინის მესაკუთრე მოვალეა, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე საერთო საკუთრება, რომ ამით არ შელახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ ზიანი.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ. შ-ს, როგორც საერთო საკუთრების ერთ-ერთ თანამესაკუთრეს, იმ პირობებში თუ მიიჩნევდა, რომ საერთო საკუთრების ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ წარმოებული მშენებლობის საფუძველზე ირღვეოდა მისი უფლებები, უფლება ჰქონდა სადავოდ გაეხადა საერთო საკუთრებაში არსებულ ეზოში ერთ-ერთი მეზობლის მიერ ნაწარმოები მშენებლობის კანონიერება, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტებით არ ილახება მ. შ-ის, როგორც საერთო საკუთრების ერთ-ერთი მესაკუთრის უფლებები, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნების დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის თაობაზე, რამდენადაც გაურკვეველია, თუ რა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მივიდა სასამართლო ამგვარ დასკვნამდე, რომელი კონკრეტული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დაადგინა სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები და რომელი ნორმის საფუძველზე გამოიტანა ზემოაღნიშნული დასკვნები.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა არასრულყოფილად, შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სადავო ობიექტს მინიჭებული ჰქონდა ისტორიისა და კულტურის უძრავ ძეგლთა სტატუსი, კერძოდ, საქართველოს კულტურის მინისტრის მ/შემსრულებლის 2006 წლის 14 აპრილის ¹16/03/1313 წერილით დასტურდებოდა, რომ ქ. ბათუმში .... ქუჩის ¹2/20-ში მდებარე შენობას კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2006 წლის 30 მარტის ¹3/33 ბრძანების საფუძველზე მიენიჭა ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული შენობა, რომლის მისამართად მითითებულია .... ქუჩა ¹2/20-ი, არ შეიძლებოდა გაიგივებულიყო სადავო ობიექტთან, რომლის მისამართია ... ქუჩა 2, (ყოფილი .... ქ. ¹2).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა, გაურკვეველია, თუ რომელი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე მივიდა სასამართლო ამგვარ დასკვნამდე, იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გარემოების დასადგენად /შენობა, რომლის მისამართად მითითებულია ... ქუჩა ¹2/20-ი, არ შეიძლებოდა გაიგივებულიყო სადავო ობიექტთან, რომლის მისამართია იმნაძის ქუჩა 2 (ყოფილი .... ქ. ¹2)./ არ ჩაუტარებია არც ერთი საპროცესო მოქმედება, კერძოდ არ გამოუთხოვია, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არ ჩაუტარებია ადგილობრივი დათვალიერება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის გაზრდილი მოთხოვნის _ ქ. Bბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს 2003 წლის 9 ოქტომბრის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულობის თაობაზე, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3. მუხლის თანახმად /კოდექსის 2005 წლის რედაქცია/, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისათვის განსაზღვრულია ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის დენა იწყება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მხარისათვის გაცნობის მომენტიდან, ხოლო სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად ვალდებულია თავისი ინიციატივით შეამოწმოს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1 მუხლის შესაბამისად, როდის გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლომ განსაზღვროს, როდიდან უნდა აითვალოს სარჩელის ხანდაზმულობის ვადა.
საკასაციო სასამათლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას მტკიცებულების სახით დაეყრდნო მხოლოდ სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ფირმა შპს “....” მიერ მომზადებულ ინსოლაციისა და ბუნებრივი განათებულობის ანგარიშს, რომელიც სასამართლოში წარდგენილი იქნა მხარის ი. ც-ის წარმომადგენლის მიერ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ უსარგებლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, საკუთარი ინიციატივით არ მოუპოვებია მტკიცებულებები. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები და სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც სასამართლომ სსსკ-ის 162-ე მუხლის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით უნდა დანიშნოს ექსპერტიზა შპს “....” დასკვნაში აღნიშნული გარემოებების დაზუსტების მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.