¹ბს-576-548(კ-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი – თ. თ.-ი; წარმომადგენელი – ჯ. მ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველო; წარმომადგენელი – გ. მ.-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება
დავის საგანი – სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა და შრომის წიგნაკში სათანადო ჩანაწერის განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 18 ოქტომბერს თ. თ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს მიმართ შს ორგანოებში წელთა ნამსახურობაში სწავლის პერიოდის დამატების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1987 წლის 14 სექტემბრიდან მუშაობდა ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ...-ში ...-ად.
2004 წელს შს სამინისტროში ჩატარებული რეფორმის შედეგად გაუქმდა ...-ის სამსახური და იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან. შს ორგანოებში მოსარჩელის წელთა ნამსახურობამ შეადგინა 17 წელი, ერთი თვე და 28 დღე. რასაც დაემატა სამხედრო სამსახური 2 წელი და შეადგინა 19 წელი, 1 თვე და 28 დღე, რის გამოც პენსია არ დაენიშნა, ვინაიდან არ ჰქონდა შს ორგანოებში ნამსახურები 20 ან მეტი კალენდარული წელი.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის აგვისტოში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: ,,სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი, 6 წელს ზემოთ სწავლის ერთი წელი ჩაეთვლებათ 6 თვედ», რის გამოც მან მოპასუხე ორგანიზაციაში წარადგინა დიპლომი ტექნიკუმის დამთავრების შესახებ (1974 წლიდან 1978 წლის 15 ივლისამდე) და მოითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაში შეეტანათ ცვლილება და ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დაემატებინათ ტექნიკუმში სწავლის პერიოდი 3 წელი, 10 თვე და 15 დღე, რაც საბოლოოდ შეადგენდა 23 წელსა და 13 დღეს.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა მისი განცხადება, იმ მოტივით, რომ აღნიშნული კანონის მე-11 მუხლით წელთა ნამსახურობა დათხოვნის დღისთვის უნდა შეადგენდეს 20 ან მეტ კალენდარულ წელს და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაემატებოდა სწავლის პერიოდი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა წელთა ნამსახურობაში სწავლის პერიოდის 3 წლის, 9 თვისა და 15 დღის ჩათვლასა და შრომის წიგნაკში სათანადო ჩანაწერის განხორციელებას.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. თ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლები. ამავე კანონის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ სამხედრო სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ. ამავე კანონის მე-11 მუხლით კი სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
მითითებული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად, თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ ტექნიკუმში სწავლის პერიოდი, მითითებული კანონის თანახმად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს წელთა ნამსახურობის წლებში, ვინაიდან ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წელთა ნამსახურობა სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის შეადგენს 20 ან 20-ზე მეტ კალენდარულ წელს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თამაზ თათრიშვილმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით თ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტა, რომ: ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით იპერატიულად არის განსაზღვრული, თუ რა ჩაითვლება პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს რა შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურიდან უკვე დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს. ეს პუნქტი ითვალისწინებს სასწავლებელში სწავლის პერიოდის შესაძლო და არა სავალდებულო ჩათვლას წელთა ნამსახურობაში.
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლი ითვალისწინებს კომპენსაციის დანიშვნას ამ კანონით გათვალისწინებულ იმ პირთათვის, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის Dდღეს აქვთ წელთა ნამსახურობა 20 წელი და მეტი. აქედან გამომდინარე, კომპენსაციის დანიშვნის უფლება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აქვთ საკმარისი წელთა ნამსახურობა დათხოვნის დღისათვის. 16.2 მუხლი კი გულისხმობს სწავლების პერიოდის შესაძლო ჩათვლას წელთა ნამსახურობაში უკვე დათხოვნილ პირთათვის. ამ პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეთათვის, სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას, არ ხდება სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა. ამდენად, პირებზე, რომლებსაც არ აქვთ დათხოვნის მომენტისათვის წელთა ნამსახურობა 20 წელი მაინც, არ გავრცელდება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება მე-11 მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულ მსჯელობას ადასტურებს მითითებული კანონის 16.4 მუხლით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესი, რომლის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების შესაბამისად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადაყენებული სამსახურიდან.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. თ.-მა.
კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კასატორი თ. თ.-ი 1987 წლის 14 სექტემბრიდან მუშაობდა ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ...-ის სამსახურში ...-ად.
2004 წელს შს სამინისტროში ჩატარებული რეფორმის შედეგად გაუქმდა საგზაო პოლიციის სამსახური, რის შედეგადაც კასატორი 2004 წლის 12 ნოემბერს დაითხოვეს შს ორგანოებიდან. შრომის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, შს ორგანოებში თ. თ.-ის წელთა ნამსახურობამ შეადგინა 17 წელი, 01 თვე და 28 დღე. აღნიშნულს დაემატა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის 2 წელი და საერთო ჯამში წელთა ნამსახურობა განესაზღვრა 19 წლით 01 თვითა და 28 დღით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მცდარი განმარტების საფუძველზე არასწორად უთხრა უარი წელთა ნამსახურობაში სწავლის პერიოდის ჩათვლის თაობაზე, რა მოტივითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლომ კასატორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით დადგენილი წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კასატორზე, როგორც შს ორგანოს თანამშრომელზე, უნდა გავრცელდეს «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათიU ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონი.
მითითებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებას, მიიღონ პენსია წელთა ნამსახურობისათვის, ხოლო წელთა ნამსახურობის პენსიის განმსაზღვრელი პირობა მოცემულია ამავე კანონის მე-11 მუხლში. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პენსიის დანიშვნას ამ კანონით გათვალისიწინებულ იმ პირთათვის, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობა 20 და მეტი კალენდარული წელი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლის წინააღმდეგობრივი შინაარსის თაობაზე და თვლის, რომ მითითებული მუხლის სწორი განმარტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ ნორმის შინაარს, რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების მექანიზმს. ასეთ ნორმას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათიU ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თ. თ.-ის წელთა ნამსახურობა სამსახურში ჩარიცხვიდან თადარიგში დათხოვნის დღემდე არ შეადგენს კანონით განსაზღვრულ 20 წელს, რისი გათვალისწინებითაც მას, მითითებული კანონის საფუძველზე, არ წარმოეშობა პენსიის მიღების უფლება. ხოლო რაც შეეხება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვამდე სასწავლებელში სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის საკითხს, რომელზე მითითებასაც შეიცავს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი, საკასაციო სასამართლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე, ასკვნის, რომ სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლას მნიშვნელობა ენიჭება არა პენსიის დანიშვნის, არამედ პენსიაზე იმ დანამატების დანიშვნისათვის, რომელიც ამავე კანონის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა განსაზღვრული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის სწორ გამოყენებასა და მის მართებულ განმარტებას, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. თ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.