ბს-580-558(კ-08) 12 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – მ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (მოპასუხეები)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ჯ-მა 2007 წლის 16 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმართ და მოითხოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 13 თებერვლის ¹9 ბრძანების ნაწილობრივ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის 2007 წლის 15 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2007 წლის 4 თებერვლის გაფრთხილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1996 წლიდან 2007 წლის 15 მარტამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა საშტატო თანამდებობებზე. 2007 წლის 15 მარტიდან გათავისუფლებული იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბეჭდური გამოცემების ელექტრონული არქივის .......-ის თანამდებობიდან, 2007 წლის 15 მარტის ¹99 ბრძანების საფუძველზე. მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით უშუალოდ მიადგა ზიანი, ვინაიდან, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 13 თებერვალს ბრძანება ¹9-ის საფუძველზე გაუქმდა ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად კი მითითებულია პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის 32/3 ბრძანება, ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების, საშტატო განრიგის და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ. მოსარჩელე თვლის, რომ ზემოაღნიშნული აქტები უკანონოა, ვინაიდან არ არის დასაბუთებული მათი მიღების აუცილებლობა, სამართლებრივი მიზანშეწონილობა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია იმის თაობაზე, თუ რამდენად საჭირო იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის გაუქმება. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მიღებულია არაუფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, ასევე არაუფლებამოსილი პირის მიერაა მიღებული 13 თებერვლის ბრძანება, ვინაიდან ბ. გ-ა წარმოადგენს პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და არა გენერალურ დირექტორს; საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტის მიხედვით გენერალური დირექტორი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ეროვნული ბიბლიოთეკის საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს და ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს, ამავე დებულების მე-8 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამდებობის პირები არიან: გენერალური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე, სამეცნიერო მეთოდური საბჭოს მდივანი, დეპარტამენტის დირექტორები და მათი მოადგილეები, განყოფილების უფროსები. მოსარჩელის მითითებით, არც კანონით და არც დებულებით გათვალისწინებული არ არის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შტატი ან მისი ფუნქციები. ამდენად, მოსარჩელე თვლის, რომ ბ. გ-ას არ ჰქონდა კანონიერი უფლება მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო უფლებამოსილი დაემტკიცებინა არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული ბრძანება. მას მიაჩნია, რომ სამუშაოდან მისი გათავისუფლების ბრძანება სრულად არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტისათვის დამახასიათებელ აუცილებელ რეკვიზიტებს, კერძოდ გათავისუფლების ბრძანებაში არ არის მითითებული ბრძანების გასაჩივრების წესი. მ. ჯ-მა სარჩელში ასევე მიუთითა, რომ ბ. გ-ას 2007 წლის ¹9 ბრძანების შესაბამისად გაუქმდა ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი და მასში შემავალი ბეჭდური გამოცემების ელექტრონული არქივის განყოფილება გარდაიქმნა საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების განყოფილებად და დაექვემდებარა საბიბლიოთეკო რესურსების განყოფილებას, რომელმაც მოიცვა გაუქმებული საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციები. მ. ჯ-ი თვლის, რომ მის მიერ დაკავებული თანამდებობა არ გაუქმებულა, მხოლოდ შემცირდა, ასევე დარჩა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და .......-ის თანამდებობაც უცვლელია, თუმცა შემცირებისას დაირღვა მისი უფლებები, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და არ მიეცა საშუალება გაევლო ტესტირება _ რაც წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის დარღვევას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულება, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები. ბრძანების ამოქმედების თარიღად მითითებულ იქნა 2007 წლის 15 მარტი. მოცემული ¹32/3 ბრძანების საფუძველზე, იმავე დღეს, გამოცემულ იქნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ¹9 ბრძანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურული რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლითაც გაუქმებულ იქნა ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე 2007 წლის 14 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაფრთხილებული იქნა 2007 წლის 15 მარტიდან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო 2007 წლის 15 მარტს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ¹99/კ ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების პოზიცია მასზედ, რომ “საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 260-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო მიეღო ბრძანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ. ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისობაში მოეყვანა ეროვნული ბიბლიოთეკის საშტატო ერთეული, რიცხოვნობა და სტრუქტურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ¹32/3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებასთან, საშტატო განრიგთან და თანამდებობრივ სარგოებთან. ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3 ბრძანება და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სადავო ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელებული იქნა არამარტო დაწესებულების რეორგანიზაცია, არამედ შემცირებულ იქნა შტატები 520 ერთეულიდან 476 ერთეულამდე. მოცემული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლისა და 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების მოტივით მოსარჩელე თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. ამასთან, დაცული იქნა ამავე კანონის 108-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა _ თანამდებობის შემცირებისას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა წერილობითი სახით ერთი თვით ადრე.
სასამართლომ განმარტა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე და 127-ე მუხლების თანახმად, მოხელე ექვემდებარება თანამდებობაზე აღდგენას და იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა არაკანონიერად. სასამართლომ იქვე მიუთითა, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ არ დასტურდება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნა, შესაბამისად უსაფუძვლოდ ჩათვალა მ. ჯ-ის სარჩელი თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამრათლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხს.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სადავო 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3 ბრძანება და საქართველოს ეროვული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის 2007 წლის 13 თებერვლის ¹9 ბრძანება გამოცემულ იქნა კანონის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ,,საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს დებულება. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 260-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისობაში მოექცია ეროვნული ბიბლიოთეკის საშტატო ერთეულის რიცხოვნობა და სტრუქტურა პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 23 თებერვლის ¹32/3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებასთან, საშტატო განრიგთან და თანამდებობრივ სარგოებთან. ამიტომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო აღნიშნული ის მიზანი, თუ რას ემსახურებოდა ამ უკანასკნელის გამოცემა და მისი მიღების აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია 520 ერთეულიდან შტატების შემცირება 476 ერთეულამდე. სადავო ბრძანება სწორედ შტატების შემცირების საფუძველს დაეყრდნო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის და 97-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე. გარდა ამისა, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე უფლებამოსილმა პირმა დაიცვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართევლოს კაონის 108-ე მუხლის დანაწესები და გასათავისუფლებელი პირი გააფრთხილა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოდავე მხარე არამართლზომიერად მიიჩნევს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსულებლის უფლებამოსილების შეზღუდვას, გამოეცა გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მაშინ როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი და ასევე, ამავე დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად თანამდებობის პირს წარმოადგენს გენერალური დირექტორი. თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 14 დეკემბრის ¹165/ ბრძანება, რომლითაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დიტექტორი ზ. ა-ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დირექტორის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, რომელსაც ასეთის შემთხვევაში უფლებამოსილება გააჩნდა გამოეცა თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მით უფრო რომ ის აღიჭურვა ყველა იმ უფლებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გენერალური დირექტორის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2007 წლის 13 თებერვლის ¹9 ბრძანების შესაბამისად გაუქმდა ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი და მასში შემავალი ბეჭდური გამოცემების ელექტრონული არქივის განყოფილება გარდაიქმნა საქართველოში ნაბეჭდი ელექტრონული გამოცემების განყოფილებად და დაექვემდებარა საბიბლიოთეკო რესურსების განყოფილებას. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო ახალი დებულება, რომლითაც განისაზღვრა ეროვნული ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანა და ფუნქციები. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის "ლ" პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს ეროვნული ელექტრონული ბიბლიოთეკისა და ციფრული მემკვიდრეობის არქივის შექმნა, ასევე ინტერნეტის გამოყენება საბიბლიოთეკო პროცესებსა და მკითხველთა მომსახურებაში, ქართული ინტერნეტის სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლების შედგენა და გამოქვეყნება, ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდის სრულყოფა და ორგანიზაციული მხარდაჭერა, მაშინ როცა აღნიშნული ფუნქცია გააჩნდა გაუქმებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. კასატორი მიუთითებს, რომ გაუგებარია რას დააფუძნა ადმინისტრაციულმა ორგანომ ტექნოლოგიების დეპარტამენტის გაუქმება, მაშინ როცა ეროვნულ ბიბლიოთეკას ახალი დებულებით იგივე ფუნქციების განხორციელება ევალება რომელსაც ადრე ასრულებდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. კასატორის მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაფინანსების შემცირება არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტში იგივე თანხებია გათვალისწინებული, რაც საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის გაუქმებამდე იყო გათვალისწინებული. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბ. გ-ამ გამოსცა ბრძანება ¹13 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოხელეთა ატესტაციის შესახებ, რომელიც ჩატარდა 2007 წლის 10,11,12 და 13 მარტს. ატესტაციის ჩატარებიდან ორი დღის შემდეგ ბ. გ-ამ გამოსცა ბრძანება, რომლითაც იგი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვა შედეგად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ. ჯ-ის გათავისუფლების ბრძანება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტისათვის დამახასიათებელ აუცილებელ რეკვიზიტებს, კონკრეტულად არ არის მითითებული ბრძანების გასაჩივრების წესი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაა, რომლის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის გარემოება, რომ მას არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ატესტაციაში, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის დარღვევაა, რადგან რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები; მას კი არ მისცეს უფლება მონაწილეობა მიეღო ატესტაციაში. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოებმა არ იმსჯელეს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის გაუქმების აუცილებლობაზე, მის მიზანშეწონილობაზე მაშინ, როდესაც ახალი დებულებითაც ეროვნულ ბიბლიოთეკას გააჩნია ის ფუნქცია, რაც გააჩნდა ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმის შესახებ, რომ ანალოგიურ საქმეზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბ. გ-ას 2007 წლის 15 მარტის ბრძანებები და მოპასუხე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3 ბრძანების საფუძველზე მიღებული და დამტკიცებული იქნა ახალი დებულება დანართი ¹1, 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3 ბრძანება და მასთან ერთად საშტატო განრიგის დანართი ¹2 და თანამდებობრივი სარგო დანართი ¹3, რომლის ამოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 15 მარტიდან. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული იქნა 2007 წლის 13 თებერვლის ¹9 ბრძანება, რომელსაც საფუძვლად დაედო ჯერ არ ამოქმედებული საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგო, რასაც მოჰყვა ¹9 ბრძანების ამოქმედება ¹1, ¹2 და ¹3 დანართების ამოქმედებამდე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს არ იქნა გათვალისწინებული საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 97-ე, 108-ე მუხლები, ასევე ამავე კანონის 81-87 მუხლები. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას. ასევე ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების დარღვევას. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე და 2007 წლის 18 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება ¹794კ, რომლითაც მართალია მოსარჩელენი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, მაგრამ მათ მიეცათ იძულებითი განაცდური სამსახურში იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ აღნიშნულ შემთხვევაში ფაქტობრივად აღიარა თავისი თანამშრომლების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი, არ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოსცა ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეებს ანალოგიურ დავაზე აუნაზღაურდათ განაცდური, ხოლო მისი საქმის განხილვისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. (იხილეთ 2007 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება ¹794-კ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოყვა შედეგად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულება, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები. ბრძანების ამოქმედების თარიღად მითითებულ იქნა 2007 წლის 15 მარტი. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 2007 წლის 13 თებერვალს მიიღო ¹9 ბრძანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურული რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლითაც გაუქმდა მთელი რიგი სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის ის დეპარტამენტიც, სადაც მ. ჯ-ი მუშაობდა, კერძოდ, ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 260-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო მიეღო ბრძანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ; ხოლო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაბამისობაში მოეყვანა ეროვნული ბიბლიოთეკის საშტატო ერთეული, რიცხოვნობა და სტრუქტურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ¹32/3 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებასთან, საშტატო განრიგთან და თანამდებობრივ სარგოებთან. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3 ბრძანება და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სადავო ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ს.ფ. 128-ზე მოცემულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 9 იანვრის ¹01/9 მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის რეორგანიზაციასთან, მისი სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით აუცილებელია სტრუქტურაში განხორციელდეს მთელი რიგი ცვლილებები, კერძოდ, უნდა გაუქმდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რადგან ის პრაქტიკულად ვერასოდეს ვერ ახორციელებდა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ავტომატიზაციას, თანამედროვე ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, როგორც ეს ამ დეპარტამენტის ძირითად ამოცანად იყო განსაზღვრული წინა სტრუქტურაში. ეროვნული ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად კი საკმარისია მხოლოდ კომპიუტერული ტექნიკისა და მომხმარებელთა ასისტირების განყოფილება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის გაუქმება ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება კასატორის მიერ მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება ¹3/933-07, რადგან ერთიან სასამართლო პრაქტიკას განსაზღვრავს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
მართალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ,,საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე” 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3 ბრძანების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 15 მარტი, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი 2007 წლის 13 თებერვლის ¹9 ბრძანებით განსაზღვრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურული რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციისა და საშტატო ერთეულების რიცხოვნების შემცირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, რის გამოც იგი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიღებულად არ უნდა ჩაითვალოს.
ს.ფ. 67-ზე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მ/შ-ს 2007 წლის 14 თებერვლის წერილი, რომლითაც მ. ჯ-ი გაფრთხილებულ იქნა 2007 წლის 15 მარტიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე; მ. ჯ-ი ამ წერილს გაეცნო 2007 წლის 15 თებერვალს; ხოლო ს.ფ. 5-ზე მოცემულია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მ/შ 2007 წლის 15 მარტის ¹99/კ ბრძანება იმავე დღიდან მ. ჯ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხემ მ. ჯ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ აცნობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის I ნაწილის პირველი წინადადების მოთხოვნათა დაცვით. ამ ნორმის თანახმად მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე მ. ჯ-ის მითითება იმის შესახებ, რომ იგი სამსახურიდან არაუფლებამოსილი პირის ბრძანებით იქნა გათავისუფლებული. ს.ფ. 26-ზე მოცემულია ზ. ა-ის გათავისუფლებისა და ბ. გ-თვის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების დაკისრების შესახებ პარლამენტის თავამჯდომარის 2006 წლის 14 დეკემბრის ¹165/3 ბრძანება; საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი და ასევე, ამავე დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად თანამდებობის პირს წარმოადგენს გენერალური დირექტორი. ამდენად, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების მომენტისათვის აღჭურვილი იყო ყველა იმ უფლებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გენერალური დირექტორის მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საშტატო განრიგი შემცირდა 520 ერთეულიდან 476 ერთეულამდე და აღნიშნული მ. ჯ-აც სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ჯ-ის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად სწორად იქნა მითითებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლი; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის, ე.ი. 2007 წლის 15 მარტისათვის მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლი პირველი და მესამე ნაწილისაგან შედგება, ამ მუხლის მეორე ნაწილი 2005 წლის 23 დეკემბერს იქნა ამოღებული. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას; ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
საკასაციო პალატა მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მ/შ-ის მიერ 2007 წლის 22 თებერვალს მიღებულ იქნა ბრძანება ატესტაციის ჩატარების შესახებ და ატესტაციის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 13, 14 და 15 მარტი, მ. ჯ-მა განცხადებით მოითხოვა დაეშვათ ატესტაციაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ატესტაციაში მონაწილეობის მიღებაზე მ. ჯ-თვის დაუსაბუთებლად რომც ეთქვათ უარი, აღნიშნული ვერ გახდება მისი სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების უკანონოდ მიჩნევის საფუძველი, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებულია, რომ დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები. საკასაციო სასამართლო ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე თვლის, რომ შტატების შემცირებით რეორგანიზაციის დროს ატესტაციის შედეგების გათვალისწინება არ არის სავალდებულო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის და მის დისკრეციას წარმოადგენს ატესტაციაგავლილი მოხელის სამუშაოზე დატოვების საკითხის გადაწყვეტა. მით უფრო საყურადღებოა ის გარემოება, რომ იგი ატესტაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების მიღებამდე, 2007 წლის 15 თებერვალს ადმინისტრაციამ გააფრთხილა 2007 წლის 15 მარტიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. ჯ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტისათვის დამახასიათებელ აუცილებელ რეკვიზიტებს, კონკრეტულად არ არის მითითებული ბრძანების გასაჩივრების წესი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაა. ს.ფ. 5-ზე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 15 მარტის ¹99/კ ბრძანება მ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე და 108-ე მუხლების, ,,საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 13 თებერვლის ¹32/3 ბრძანების და ,,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურული რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციის და საშტატო რიცხოვნობის შემცირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 13 თებერვლის ¹9 ბრძანების საფუძველზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბეჭდური გამოცემების ელექტრონული არქივის .........-ი მ. ჯ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2007 წლის 15 მარტიდან. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიეცა მ. ჯ-ს კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის I ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისათვის და გამოცემისათვის დადგენილი წესების დაცვით და მისი გამოცემისას რაიმე სახის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სწორად მიიჩნია დადგენილად, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჯ-ს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.