Facebook Twitter
¹ბს-598-568(კ-07) 20 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ხ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური სუბსიდიების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ საპენსიო დანამატის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ხ.-მ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური სუბსიდიების სააგენტო) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹05/05-10246 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ პენსიაზე 50%-იანი საპენსიო დანამატის დანიშვნისა და 2001 წლის 1 ივნისიდან მიუღებელი საპენსიო დავალიანების ანაზღაურების დავალება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
გ. ხ.-ე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პენსიონერი 1987 წლიდან. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 სექტემბრის ¹550 ბრძანებულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2001 წლის 6 მაისის ¹392 განკარგულებით _ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 1997 წლის ოქტომბრიდან დაენიშნა საპენსიო დანამატი ღირსების ორდენზე 25%-ის ოდენობით, ხოლო 2001 წლის ივნისიდან დაენიშნა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე 25%-იანი საპენსიო დანამატი, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 50%-ისა. მოპასუხის ბრალით ვერ იღებდა დანამატს სრულად. ამ დანაკლისი 25%-იანი დანამატის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რაზეც მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით დანიშნული პენსია გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე მუხლი თავის დროზე არასწორად იქნა განმარტებული, კერძოდ, საპენსიო ორგანომ არასწორად ჩათვალა, რომ 50%-იანი დანამატი პენსიონერს უნდა დანიშვნოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენს ერთდროულად ფლობდა. სინამდვილეში მითითებული 41-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტში მოიაზრებოდა ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებული პირი, რომელსაც უფლება ჰქონდა მიეღო პენსიის 50%-იანი დანამატი, ნაცვლად 25%-ისა. სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლებშიც განიმარტა, რომ ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოებულ პენსიონერს უნდა მიეღო პენსიის 50%-იანი დანამატი, ნაცვლად 25%-ისა.
«სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად ვერ მიიღო პენსიის თანხა, მაშინ მას პენსიის მთლიან თანხას შეუზღუდავად მისცემენ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ვალდებული იყო, გ. ხ.-სათვის აენაზღაურებინა 2001 წლის 1 ივნისიდან გაუცემელი საპენსიო დანამატი (ს.ფ. 1-5).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹05/05-10246 ადმინისტრაციული აქტი, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა გ. ხ.-სათვის მიუღებელი 25%-იანი საპენსიო დანამატის ანაზღაურება 2001 წლის 1 ივნისიდან.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუშვებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოს უარის არარსებობის გამო, რადგან საქმეში წარდგენილი იყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 22 აგვისტოს ¹05/05-10246 წერილი, რომლითაც გ. ხ.-ს უარი ეთქვა ღირსების ორდენის გამო კანონით გათვალისწინებული პენსიის გაუცემელი 25%-ის გაცემაზე.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად დანიშნული პენსიები გაუდიდდებათ ვახტანგ გორგალის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირებს პენსიის ოდენობის 50%-ით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა კატეგორიაში მოიაზრებიან ის პირები, რომლებიც დაჯილდოებული არიან ვახტანგ გორგალის ერთ-ერთი რომელიმე ხარისხის ორდენით და ამ მუხლით დაწესებული პენსიის მომატების აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს პირის ვახტანგ გორგალის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოება. აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლეოდა დანარჩენი ქვეპუნქტების შედარებითი ანალიზი, ამავე მუხლის «ბ» ქვეპუნქტში მითითებულ სხვა ორდენებში არ მოიაზრებოდა «ა» ქვეპუნქტში მითითებული ვახტანგ გორგასლის ორდენი, რადგან «ა» ქვეპუნქტი ამომწურავად ჩამოთვლიდა, თუ რა სახის ორდენები უნდა ჰქონდეს პირს მიღებული, რათა მასზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები. «ბ» ქვეპუნქტში საუბარი იყო სხვა ორდენებზე, ხოლო მათში არ შეიძლება მოაზრებულ იქნეს ის ორდენი, რომელზეც უკვე მითითებული იყო წინა პუნქტში. ამასთან, კონტექსტში: «სამივე ხარისხის ორდენი» _ სიტყვა «სამივე» ნიშნავდა ხარისხს და არა ორდენთა რაოდენობას.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სადავოდ ქცეული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2006 წლის 22 აგვისტოს წერილი იმის შესახებ, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან მოქმედი «სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად დანიშნულ პენსიებს ეწოდა კომპენსაციები და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით დანიშნული პენსია გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა, კანონს ეწინააღმდეგებოდა, რადგან «სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად სწორედ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კომპეტენციას წარმოადგენდა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, განახლება, გადაანგარიშება და შეწყვეტა, ხოლო ამავე კანონის 46-ე მუხლის თანახმად კი პენსიებს ეწოდა კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, რომელთა გაცემა უნდა გაგრძელდეს.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ გ. ხ.-ს ღირსების ორდენზე კანონით გათვალისწინებული 25%-იანი საპენსიო დანამატი დაენიშნა დაჯილდოების დღიდან, ხოლო ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე _ 2001 წლის ივნისიდან და იგი იღებდა გადიდებულ პენსიას არა 50%-ის, არამედ _ 25%-ის ოდენობით. «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, პენსია ამ კანონით დადგენილი დანამატითა და მომატებით გაიცემა სრულად, შეუზღუდავად, ხოლო 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად არ მიიღო პენსიის თანხა, მაშინ მას პენსიის თანხას შეუზღუდავად მისცემენ (ს.ფ. 37-40).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, 2006 წლის 26 ივლისის განცხადებით გ. ხ.-ე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს სთხოვდა გაეცა ცნობა, თუ რომელი რიცხვიდან იღებდა იგი პენსიაზე დანამატს 50%-ის ოდენობით და რომ ღირსების ორდენზე ფაქტობრივად რაიმე დანამატი, არც ვახტანგ გორგასლის ორდენის მიღებამდე და არც მის შემდეგ არ აუღია. ფონდმა მოსარჩელეს 2006 წლის 22 აგვისტოს კანონით გათვალისწინებული წესის სრული დაცვით უპასუხა. მათ სასამართლოს სთხოვეს ემსჯელა გ. ხ.-ის მოთხოვნაზე და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება, კერძოდ, დაევალებინა მოპასუხე გამოეცა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
აპელანტის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. გ. ხ.-მ ვახტანგ გორგასლის ორდენზე გათვალისწინებული 25%-ის დანიშვნის შესახებ შეიტყო 2001 წლის მაისიდან, ანუ საპენსიო დანამატის დანიშვნის დღიდან. მას ფონდის ქმედება სადავოდ არ გაუხდია. სასამართლოს სარჩელით მიმართა 2006 წელს, პენსიის დანიშვნიდან მეხუთე წელს.
საპენსიო დანამატის დანიშვნას ადმინისტრაციული ორგანო ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან 1 თვის ვადაში.
აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის ვადა 3 წელს შეადგენდა, რაც მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა (ს.ფ. 51-52).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს გ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიმართვამდე 12 თვის საპენსიო დანამატის 25%-ის გადაანგარიშება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ხ.-ე საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 სექტემბრის ¹550 ბრძანებულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 მაისის ¹392 განკარგულებით _ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ამ უკანასკნელ ორდენზე დაენიშნა 25%-იანი საპენსიო დანამატი, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 50%-ისა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ითვალისწინებს საპენსიო ორგანოს მიერ პენსიის მიმღებზე დარიცხული თანხის დროულად გაუცემლობას. დადგენილი იყო, რომ გ. ხ.-ზე 2005 წლის 1 იანვრამდე არ ყოფილა დარიცხული საპენსიო დანამატი 50%-ის ოდენობით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამავე კანონის 50-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემოდა წარსული დორისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გ. ხ.-ს «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 41-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, უნდა მიეღო 50%-იანი საპენსიო დანამატი, ვინაიდან ვახტანგ გორგალის სამივე ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პირებს პენსიაზე დანამატი განესაზღვრათY50%-ის შესაბამისად. მას ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა საპენსიო ორგანოსათვის პენსიის მომატების უფლებით მისი დანიშვნის მომენტიდან, რაც არ განახორციელა 2005 წლამდე.
ზემოთ დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ გ. ხ.-ს მიუღებელი საპენსიო დანამატის მიღების უფლება გააჩნდა «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, 12 თვის უკან დახევით.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის სხდომის ოქმის თანახმად, გ. ხ.-მ საპენსიო ორგანოს მიმართა 2006 წლის 26 ივლისს, რის საფუძველზეც მას განესაზღვრა საპენსიო დანამატი 50%-ის ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ გ. ხ.-ს მიუღებელი საპენსიო დანამატის გაცემის შესახებ უარი ეთქვა 2006 წლის 22 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საპენსიო დანამატი უნდა მიცემოდა საპენსიო დანამატის გაცემის შესახებ პირველი მიმართვიდან 12 თვის უკან დახევით (ს.ფ. 82-86).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას ერთი საფუძვლით _ სარჩელის ხანდაზმულობით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით, ანუ მიიჩნია, რომ გ. ხ.-ის სარჩელი არ იყო ხანდაზმული. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ფარგლებს. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
სააპელაციო სასამართლო დავის გადაწყვეტისას არასწორად დაეყრდნო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 50-ე მუხლს. მითითებული ნორმა ადგენს, რომ თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღვის პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. გ. ხ.-ე ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა 2001 წლის 6 მაისს, ე.ი. მან მიიღო პენსიის მომატების უფლება მომდევნო თვიდან _ 1 ივნისიდან. გ. ხ.-მ პენსიის მომატების მოთხოვნით მიმართა საპენსიო ორგანოს და მისი ამ განცხადების საფუძველზე 2001 წლის 1 ივნისიდან ვახტანგ გორგალის III ხარისხის ორდენზე დაუნიშნეს საპენსიო დანამატი 25%-ი, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 50%-ისა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გ. ხ.-ს საპენსიო ორგანოსათვის პენსიის მომატების მოთხოვნით 2005 წლამდე არ მიუმართავს, რაც არასწორია. სწორედ 2005 წელს არ მიუმართავს გ. ხ.-ს საპენსიო ორგანოსათვის განცხადებით პენსიის მომატების თაობაზე, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ხარისხის ორდენით დაჯილდოებულ პენსიონერსაც უნდა მიეღო პენსიის 50%-იანი დანამატი, ნაცვლად 25%-ისა, რის შემდეგაც საპენსიო ორგანოებმა მოახდინეს პენისონერთათვის პენსიის მომატება.
კასატორი უთითებს «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ პენსიონერმა საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად არ მიიღო პენსიის თანხა, მაშინ მას პენსიის მთლიან თანხას შეუზღუდავად მისცემენ. კასატორის მოსაზრებით, მან სწორედ საპენსიო ორგანოს მიზეზით ვერ მიიღო დროულად პენსიის თანხა, რომელიც სრულად უნდა გაიცეს (ს.ფ. 93-97).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, გ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქმეზე დადგენილია, რომ გ. ხ.-ე საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 მაისის ¹392 განკარგულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. აღნიშნულის გამო მას 2001 წლის ივნისიდან დაენიშნა პენსიაზე 25%-იანი დანამატი.
«სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის იმ დროისათვის მოქმედი 41-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტი ითვალისწინებდა, რომ ვახტანგ გორგასლის სამივე ორდენით დაჯილდოებულ პირებს პენსიები გაუდიდდებათ პენსიის ოდენობის 50%-ით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ზემოაღნიშნული 41-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის ნამდვილი შინაარსი გულისხმობს ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულ პირს და შესაბამისად, ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი ორდენით დაჯილდოებულმა პენსიონერმა უნდა მიიღოს პენსიის 50%-იანი დანამატი, ნაცვლად 25%-ისა. მოსარჩელე გ. ხ.-ს პენსიაზე 50%-იანი დანამატი დაენიშნა 2005 წლის იანვრიდან.
საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საპენსიო ორგანოს არ ევალებოდა გ. ხ.-სათვის 50%-იანი დანამატის ანაზღაურება. ის გარემოება, რომ საპენსიო ორგანომ მოსარჩელეს თავიდანვე არ დაუნიშნა 50%-იანი დანამატი, განპირობებული იყო იმით, რომ იმ დროისათვის საპენსიო ორგანო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 41-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტს განმარტავდა მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით და არა მისი ნამდვილი შინაარსით, როგორც ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით იქნა ინტერპრეტირებული. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნორმის განმარტება მოახდინა იმის შემდგომ, რაც მოსარჩელე გ. ხ.-ს დაენიშნა საპენსიო დანამატი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მოსარჩელეს პენსიაზე 50%-იანი დანამატი 2001 წლის ივნისიდან (პენსიაზე დანამატის დანიშვნის დღიდან) არ ეკუთვნოდა. «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის 41-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტს ის შინაარსი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით იქნა განმარტებული, ჰქონდა თავიდანვე, აღნიშნული შინაარსი მითითებულ ნორმას არ შეუძენია უზენაესი სასამართლოს მიერ ნორმის სწორი განმარტების მომენტიდან.
ამდენად, გასაცემი პენსიის ოდენობის სწორად განსაზღვრის ვალდებულება საპენსიო ორგანოს წარმოეშვა საპენსიო დანამატის დანიშვნისთანავე და არა პენსიონერის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით შეცდომის გასწორებისათვის მიმართვის მომენტიდან, რის გამოც საკასაციო სასამართლო არამართებულად მიიჩნევს ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის გამოყენებას და უკუქცევით 12 თვის სხვაობის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო იმავდროულად აღნიშნავს, რომ საპენსიო ორგანოს მიერ პენსიის გაცემა განეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის მიმართაც დადგენილია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. გ. ხ.-მ საპენსიო ორგანოს მიუღებელი საპენსიო დანამატის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2006 წლის 26 ივლისს. შესაბამისად, ხანდაზმულობის გათვალისწინებით მას უფლება აქვს მოითხოვოს სხვაობის ანაზღაურება 3 წლის უკანდახევით. ამასთან, დადგენილია, რომ მას სხვაობა ანაზღაურებული აქვს 2005 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად, ასანაზღაურებელი დარჩა პერიოდი 2003 წლის 26 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე, რა ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2003 წლის 26 ივლისიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე პენსიის 25%-იანი დანამატის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.