¹ბს-619-589(კ-07) 27 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ნ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ პენსიის დანიშვნა მოქმედი პროკურორის ხელფასის ოდენობით, პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ნ.-მ მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილი პენსიის აღდგენა თვეში 1430 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის მასზე გადმოსაცემად სახალხო ბანკში ჩარიცხვა, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურება 6960 ლარის ოდენობით (2006 წლის იანვარ-მაისის შემცირებული პენსია).
მოსარჩელის მითითებით, იგი 1952-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს _ თბილისის პროკურატურაში თბილისში შს ორგანოებში ...-ის განყოფილების უფროსად. «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 40.10 მუხლის საფუძველზე დაენიშნა კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობის სამისდღეშიო პენსია 747,50 ლარის ოდენობით. პენსიას 2006 წლის იანვრამდე იღებდა, რის შემდეგაც მოპასუხემ იგი 560 ლარამდე შეუმცირა. 2006 წლის 1 ივნისს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და სასამართლო ორგანოების ჩარევის გარეშე უკანონოდ შელახული უფლების აღდგენა, მიყენებული მატერიალური ზარალის _ 5 თვის უკანონოდ შემცირებული პენსიის ანაზღაურება მოითხოვა, ამასთან, განუმარტა, რომ მის ქმედებას არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი: თუ მოპასუხე «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონით ხელმძღვანელობდა, მისი მოქმედება მაინც ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული, ვინაიდან მითითებული კანონით ამოღებულ იქნა მე-40 მუხლის მე-4, მე-6, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები, რაც იმას ნიშნავდა, რომ კანონმდებელმა საჭიროდ არ ჩათვალა, 2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი «პროკურატურის შესახებ» კანონის მე-40 მუხლით პროკურატურის მუშაკებზე დარიცხული პენსიის გაუქმება, შეცვლა ან გადაანგარიშება, ხოლო ასეთის შემთხვევაში, შესაბამის მუხლსაც შეიტანდა მასში. მოპასუხემ განუმარტა, რომ «საქართველოს კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის ¹2549-რს კანონის 36.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან 36.2 მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდა, შესაბამისად, კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდა, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა. 36.2 მუხლში სხვა საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალთან ერთად მითითებული იყო «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონი. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად დადგინდა კომპენსაციის _ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი _ 560 ლარი და 41.1 მუხლით კომპეტენტურ ორგანოებს დაევალათ უზრუნველეყოთ ამ კანონის 36.2 მუხლით დანიშნული კომპენსაციების ოდენობის ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა, რის საფუძველზეც უკვე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა დადგინდა 560 ლარამდე.
მოსარჩელის მითითებით, 2005 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ,» რომლითაც განისაზღვრა სრულიად ახალი წესი, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პენსიაში გასული პირები, მათ შორის, პროკურატურის მუშაკები კომპენსაციის (სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის) დანიშვნით. ახალი კანონის შესაბამისად, კომპენსაცია (პენსია) დაენიშნათ იმ პირებს, მათ შორის, პროკურატურის მუშაკებს, რომელთაც შეუსრულდათ საპენსიო ასაკი და გავიდოდნენ პენსიაში 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ. ამ კანონში არსად ყოფილა მინიშნებული, რომ მას მიეცა უკუქცევითი ძალა ან პროკურატურის მუშაკებზე 2006 წლამდე დარიცხული პენსია (კომპენსაცია) უნდა ყოფილიყო შეცვლილი, გადაანგარიშებული ან ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი.
მოსარჩელის მითითებით, «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» კანონის 2.2 მუხლის თანახმად, კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ახალი საფუძვლით შემოღება ან არსებული საფუძვლების გაუქმება, აგრეთვე, მისი მიღების უფლების მქონე პირთა წრის გაფართოება ან შემცირება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონში ცვლილებების ან დამატების შეტანის გზით, ხოლო კანონის 36.2 მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია (სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია) არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 თავების მიხედვით და «ა» პუნქტიდან «თ» პუნქტამდე ჩამოთვლილია ის კანონები, რომლებზეც ვრცელდება 2.2 მუხლი, «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონი «ე» ქვეპუნქტშია მითითებული. ამდენად, ახალ კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ «პროკურატურის შესახებ» კანონით პროკურატურის პენსიონერებზე, რომლებსაც დაენიშნათ პენსია 2006 წლის 1 იანვრამდე, არ გავრცელდება ახალი 2006 წლის 27 დეკემბრის კანონის მოქმედება.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ ახალ კანონს უკუქცევითი ძალა მიანიჭა, რისი უფლებაც მას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5.1 მუხლიდან გამომდინარე, არ ჰქონდა (ს.ფ. 1-5).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. ნ.-ს «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 40.10 მუხლის თანახმად დაენიშნა ხელფასის სრული ოდენობის პენსია, რასაც იგი 2006 წლის იანვრამდე იღებდა, ხოლო 1 იანვრის შემდეგ «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონით მას დაუდგინდა 560 ლარი.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, «პროკურატურის შესახებ» საქართველოს კანონის 40.10 მუხლი, რომლის საფუძველზეც პროკურატურის მუშაკებს პენსია ენიშნებოდათ, ამოღებულ იქნა 2005 წილს 23 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, რაც 2006 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. 2005 წლის 27 დეკემბრის «სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ» საქართველოს კანონის 36.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს ეწოდა, შესაბამისად, კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, რომლის გაცემაც უნდა გაგრძელებულიყო, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა (სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა), ხოლო 36.2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია (სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია) არ ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას. «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკდემიური სტიპენდიების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3, მე-4 მე-5 და მე-6 თავებით განისაზღვრა კომპენსაციების (სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების) გადაანგარიშების წესი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოსარჩელეს კომპენსაცია (პენსია) დანიშნული ჰქონდა მითითებული კანონის ამოქმედებამდე, მასზე არ გავრცელდა კომპენსაციის (სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის) გადაანგარიშების ახალი წესი, თუმცა ხსენებული კანონის მე-7 მუხლით განისაზღვრა კომპენსაციის (სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის) მაქსიმალური ზღვარი _ 560 ლარი. ამდენად, «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 40.10 მუხლის ამოღებისა და «სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ კანონის მე-7 მუხლით განისაზღვრა რა კომპენსაციის (აკადემიური სტიპენდიის) მაქსიმალური ზღვარი, მოპასუხემ სწორად დაადგინა გ. ნ.-ის უკვე დანიშნული კომპენსაცია 560 ლარამდე, რითაც მოხდა არა კანონისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, არამედ სამართლებრივი ურთიერთობის ახლებურად მოწესრიგება (ს.ფ. 49-52).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ.-მ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 55-63).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ გ. ნ.-ზე გაცემულ კომპენსაციისა და «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ სამისდღეშიო პენსიას შორის არსებული განსხვავების ანაზღაურება ყოველთვიურად 870 ლარის ოდენობით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა გ. ნ.-ის სასარგებლოდ სამისდღეშიო პენსიის გაცემა მოქმედი პროკურორის ხელფასის (1430 ლარი) სრული ოდენობით
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაამყარა:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. ნ.-ი 1952 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. «პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ» 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის შესაბამისად 2003 წლის 2 დეკემბრიდან დაენიშნა სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლებოდა მოქმედი პროკურორის თანამდებობრივი სარგოს შეცვლასთან ერთად. 2004 წლის 30 ივნისს «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, აღნიშნული კანონის 40.10 პუნქტის შესაბამისად, პროკურატურის იმ მუშაკთა სამისდღეშიო პენსია, რომელთაც ჰქონდათ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი, განისაზღვრა ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება პროკურორის ხელფასის შეცვლასთან ერთად. «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანულმა კანონმა 2004 წლის 29 დეკემბერს კვლავ განიცადა ცვლილება და მისი მე-401 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 25 წელზე მეტი ნამსახურობის მქონე მუშაკის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით. ზემოაღნიშნული მუხლების ამოქმედების შემდეგ, 2005 წლის 1 იანვრიდან გ. ნ.-ის სამისდღეშიო პენსიის ოდენობამ შეადგინა 747.50 ლარი.
«პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონით «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლიდან 2006 წლის 1 იანვრიდან ამოღებულ იქნა მე-10 პუნქტი. ამავე დროს, 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონით პროკურატურის მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი მოექცა ამ კანონის რეგულირების სფეროში. გ. ნ.-ზე 2006 წლის 1 იანვრიდან შეწყდა სამისდღეშიო პენსიის გაცემა და «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 და 41-ე მუხლების შესაბამისად, მას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ კომპენსაციის სახით განესაზღვრა ყოველთვიურად 560 ლარი.
გ. ნ.-ი გათავისუფლებდამდე მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში თბილისის შს ორგანოებში ..-ის განყოფილების უფროსად. საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 იანვრის ¹2 ბრძანებით 2006 წლის იანვრიდან ქ. თბილისის პროკურატურაში განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1430 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონით შესული ცვლილებით 2006 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა აღნიშნული კანონის 40.10 მუხლი და ამ კანონის რეგულირების სფეროდან საერთოდ ამოღებულ იქნა პროკურატურის მუშაკთა საპენსიო უზეუნველყოფა. მიუხედავად ამისა, 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ დათქმას მისი უკუქცევითი ძალის შესახებ, ე.ი. აპელანტი, რომელიც წარმოადგენდა 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაში გასულ პროკურორს, კვლავ ექვემდებარებოდა «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 40.10 მუხლით დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს, განსხვავებით 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ პენსიაში გასული პროკურორებისაგან, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონით დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს ექვემდებარებიან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონი შეიცავს გარკვეულ მუხლებს, რომლებიც ამ კანონის მოქმედებას არა მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, არამედ «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით 2006 წლის 1 იანვრამდე რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობაბზე ავრცელებს, კერძოდ: აღნიშნული კანონის 36.1 მუხლის თანახმად, «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს 2006 წლის 1 იანვრიდან ეწოდება კომპენსაცია და გრძელდება მათი დანიშვნა, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული პენსიები კანონის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 თავების მიხედვით გადაანგარიშებას არ ექვემდებარება, ხოლო კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 2006 წლის 1 იანვრიდან კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, ამ კანონის 36.2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების, მათ შორის, «პროკურატურის შესახებ» საქართველოს კანონით დანიშნული პენსიების (კომპენსაციების) ოდენობების შესაბამისობა ამ კანონის მე-7 მუხლთან, რომლის თანახმად კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება 560 ლარს. ამრიგად, «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლს არ შეუცვლია «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 40.10 მუხლის შესაბამისად გაცემული სტიპენდიების გაანგარიშების წესი, ანუ ამ პენსიების ოდენობის დაანგარიშება კვლავ გრძელდება «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 40.10 მუხლის შესაბამისად, ე.ი. ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორის ხელფასის შეცვლასთან ერთად (ახალი კანონის მიხედვით კი, პროკურატურის მუშაკთა პენსიის ოდენობა პროკურატურის ორგანოებში მუშაობის სტაჟზე დათხოვნის მომენტისათვის მათი თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლით განისაზღვრება). ამასთან, აღნიშნულმა მუხლმა შეცვალა პენსიის დასახელება და მას უწოდა კომპენსაცია, ხოლო ამავე კანონის 41-ე მუხლმა აღნიშნულ პენსიას დაუწესა მაქსიმალური ზღვარი _ 560 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული პენსიების დაანგარიშება კვლავ გრძელდება აღნიშნული კანონის 40.10 მუხლით გათვალისწინებული წესით, ანუ ეს პენსიები კვლავ უნდა გაიცეს ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორის ხელფასის შეცვლასთან ერთად, მაგრამ ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს, რითაც სახეზეა წინააღმდეგობა «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 40.10 და «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველ პუნქტებს შორის, რომელთაგან პირველი 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაში გასულ პროკურორებზე გასაცემი პენსიებისათვის არანაირ მაქსიმალურ ან მინიმალურ ზღვარს არ აწესებს, ხოლო მეორე ამ პენსიას უწოდებს კომპენსაციას და განსაზღვრავს მის მაქსიმალურ ზღვარს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ორგანული კანონი უპირატესი ძალის მქონეა და მართალია, «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონი გარკვეული კატეგორიის პირთა საპენსაციო უზრუნველყოფის საკითხებთან მიმართებაში წარმოადგენს სპეციალურ და უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს, მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იერარქიიის ერთი და იმავე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას და არა იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე მდგომ აქტთა შორის წინააღმდეგობის დროს (ს.ფ. 95-102).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მითითებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ გ. ნ.-ი კვლავ მიეკუთვნება «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 40.10 მუხლით დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს, რითაც არასწორადაა განმარტებული «სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 36.2 მუხლი, რომელშიც მითითებულია, რომ ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 თავების მიხედვით გადაანგარიშებას არ ექვემდებარება ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია. ეს ნორმა გულისხმობს, რომ უკვე დანიშნული კომპენსაცია გადაანგარიშდება პროცენტულად, თანამდებობრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, 2006 წლიდან დანიშნული პენსიების (კომპენსაციების) მსგავსად კანონის მითითებულ თავებში დადგენილი წესით და არა იმას, რომ არ შემცირდება მათი ოდენობა, რადგან მათი მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 560 ლარით და ასევე კანონის 36-ე მუხლში მითითებულია, რომ ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დამატებასთან ერთად) ეწოდება შესაბამისად კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდება, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა (სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა).
კასატორის განმარტებით, «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 40.10 მუხლი, როგორც ეს თვით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის მითითებული, დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს _ ამოღებულია, ამდენად, გაურკვეველია, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ პენსიის დაანგარიშება და გადაანგარიშება კვლავაც გრძელდება ამ მუხლის საფუძველზე. ასევე გაურკვეველია, რა წინააღმდეგობაზეა საუბარი «პროკურატურის შესახებ» ორგანულ კანონის ამოღებულ 40.10 მუხლსა და «სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველ პუნქტებს შორის, რადგან თავის დროზე «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 40.10 მუხლი სწორედ იმ საფუძვლით იქნა ამოღებული, რომ იგი წინააღმდეგობაში არ მოსულიყო ახალ კანონთან. ამრიგად, ნორმატიულ აქტებს შორის იერარქიაზე მსჯელობა უსაფუძვლოა, რადგან ასეთს შეიძლება ადგილი ჰქონოდა ორგანული კანონისა და კანონის არსებულ რედაქციებთან მიმართებით და არა _ ორგანული კანონის არარსებულ, ამოღებულ მუხლსა და კანონის ამაჟამად მოქმედ მუხლს შორის (ს.ფ. 108-109).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. ნ.-ი 1952 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. «პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ» 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის შესაბამისად 2003 წლის 2 დეკემბრიდან დაენიშნა სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლებოდა მოქმედი პროკურორის თანამდებობრივი სარგოს შეცვლასთან ერთად. 2004 წლის 30 ივნისს «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, აღნიშნული კანონის 40.10 პუნქტის შესაბამისად, პროკურატურის იმ მუშაკთა სამისდღეშიო პენსია, რომელთაც ჰქონდათ სპეციალობით მუშაობის არანაკლებს 25 წლის სტაჟი, განისაზღვრა ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება პროკურორის ხელფასის შეცვლასთან ერთად. «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანულმა კანონმა 2004 წლის 29 დეკემბერს კვლავ განიცადა ცვლილება და მისი მე-401 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 25 წელზე მეტი ნამსახურობის მქონე მუშაკის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით. ზემოაღნიშნული მუხლების ამოქმედების შემდეგ, 2005 წლის 1 იანვრიდან გ. ნ.-ის სამისდღეშიო პენსიის ოდენობამ შეადგინა 747,50 ლარი; გ. ნ.-ი გათავისუფლებდამდე მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში თბილისის შს ორგანოებში ...-ის უფროსად. საქართველოს გენერალური პროკურორის 2006 წლის 18 იანვრის ¹2 ბრძანებით 2006 წლის იანვრიდან ქ. თბილისის პროკურატურაში განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1430 ლარის ოდენობით.
«პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ¹2448-რს ორგანული კანონით «პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლიდან ამოღებულ იქნა მე-10 პუნქტი (პროკურატურის მუშაკისათვის სამისდღეშიო პენსიის დანიშვნა) და ხსენებული ¹2448-რს ორგანული კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს ¹2549-რს ახალი კანონი და პროკურატურის მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი მოექცა ამ კანონის რეგულირების სფეროში. ხსენებული ახალი კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, რა დროიდანაც გ. ნ.-ს შეუწყდა სამისდღეშიო პენსიის გაცემა და «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად, მას საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ განესაზღვრა სახელმწიფო კომპენსაცია, ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 27 დეკემბერს მიღებული «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონით შეიცვალა და ახლებურად დარეგულირდა იმ პირთა საპენსიო უზრუნველყოფა, რომლებზეც გავრცელდა აღნიშნული კანონი. ისინი დაექვემდებარნენ ერთიან სახელმწიფო სოციალურ უზრუნველყოფას სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის სახით, კერძოდ, ხსენებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე, მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის «დ», «ე» და «თ» ქვეპუნქტების მიხედვით, კომპენსაცია არის პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, კომპენსაციის მიმღები პირი _ რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანო კი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
დასახელებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს. მაშასადამე, გ. ნ.-ზე, როგორც პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ პირზე, ვრცელდება ხსენებული კანონის მოქმედება.
«სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით. აღნიშნული ნორმიდან ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის სახეს, რომელიც ენიშნება მხოლოდ ხსენებული კანონით განსაზღვრულ პირებს იმავე კანონით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-7 მუხლით დადგინდა კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი, რომლის მიხედვითაც, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. აქედან გამომდინარე, პირს არ შეიძლება დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარზე მეტი ოდენობით იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მანამდე შესაბამისი კანონის საფუძველზე იღებდა პენსიას, რომლის ოდენობა აღემატებოდა 560 ლარს.
«სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონი, ისევე, როგორც «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონი, წარმოადგენს საჯარო სამართლის, ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს. კანონმდებელს, «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, შეუძლია კანონით ახლებურად დაარეგულიროს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობა და ამა თუ იმ ნორმატიულ აქტს მიანიჭოს უკუძალა, რომლითაც შეიძლება, ფაქტობრივად, გაუარესდეს კიდეც პირის მდგომარეობა, ხოლო ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს იმ ნორმატიული აქტისათვის უკუძალის მინიჭებას, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ახალი კანონით, კერძოდ, «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონით განხორციელდა პენსიის ოდენობის ზედა ზღვრის შეზღუდვა კონკრეტული თანხის მითითებით, რაც შეუძლებელია, სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონის მოქმედება, როგორც წესი, ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა კანონის იურიდიულ ძალაში შესვლის შემდგომ. «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის ¹2549-რს კანონს, რომელიც 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, არ დაუდგენია და არ დაუმძიმებია იურიდიული პასუხისმგებლობა. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივად, საერთოდ გამორიცხულია მითითება კანონისათვის ნამდვილი უკუძალის მინიჭებაზე, ვინაიდან სახეზე არ არის წარსულში მომხდარი და წარსულშივე დასრულებული ფაქტობრივი ურთიერთობები, ანუ ნამდვილი უკუძალა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სწორად განმარტა «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონი, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-7 და 36-ე მუხლები. ამასთან, «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მითითება ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნების შესახებ, გულისხმობს ამ კანონის ამოქმედებამდე სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, «პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დანიშნული პენსიის უფლების შენარჩუნებას და მისი გაცემის გაგრძელებას, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა. კომპენსაციის ოდენობასთან მიმართებაში იმავე კანონის მე-7 მუხლმა მისი მაქსიმალური ზღვარი ცალსახად განსაზღვრა 560 ლარით, ხოლო დასახელებული კანონის 41-ე მუხლის მიხედვით, კომპეტენტურ ორგანოს _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს იმპერატიულად დაევალა აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციის ოდენობის ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც გულისხმობდა გ. ნ.-სთვის ადრე დანიშნული პენსიის ოდენობის 560 ლარამდე _ კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვრამდე _ შემცირებასა და კორექტირებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის ნორმა შეეხება იმ პირებზე კომპენსაციების გაცემის გაგრძელებას, რომელთაც იმავე კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით, ამ კანონის მიღებამდე დაენიშნათ პენსია, რომლის მიღებას არ ითვალისწინებდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» კანონი, რის გამოც აღნიშნული მუხლი არეგულირებს სხვა სამართლებრივ ურთიერთობას და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 36-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამისი ორგანული კანონით დანიშნული პენსიის მიღების უფლების შენარჩუნებას ხსენებული კანონის მე-7 მუხლით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის იმპერატიული ნორმიდან გამომდინარე, არ გააჩნდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული დისკრეციული უფლებამოსილება და იგი სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა გ. ნ.-თან მიმართებაში, რომელსაც სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა მოქმედი კანონმდებლობის სრული შესაბამისობით. გარდა ამისა, მართალია, გ. ნ.-ს სამისდღეშიო პენსია მოქმედი პროკურორის ხელფასის ოდენობით დაენიშნა «პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, მაგრამ 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებული ¹2448-რს ორგანული კანონით «პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან ამოღებულ იქნა მე-40 მუხლის მე-10 და მე-401 მუხლის მე-5 პუნქტები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაენიშნა პენსია. ამდენად, ხსენებული ორგანული კანონის შესაბამისი ნორმა აღარ არსებობს და ამ შემთხვევაში არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიის დარღვევაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ «პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი ეწინააღმდეგება «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველ პუნქტებს, რომელთაგან პირველი 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაში გასულ პროკურორებზე გასაცემი პენსიებისათვის არ აწესებდა არანაირ (მაქსიმალურ ან მინიმალურ) ზღვარს, ხოლო მეორე მათგანი ამ პენსიას უწოდებს კომპენსაციას და განსაზღვრავს მის მაქსიმალურ ზღვარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) უნდა ეწოდოს შესაბამისად _ კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდეს, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციისა/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის III, IV, V და VI თავების მიხედვით. ხსენებული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ კანონის ამოქმედებიდან, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დანიშნული კომპენსაციების ოდენობების ამ კანონის მე-7 მუხლთან შესაბამისობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზე არ არის ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო აქტებს შორის კოლიზია, ვინაიდან «პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი 2006 წლის 1 იანვარს ხსენებული კანონიდან უკვე ამოღებული იყო, როდესაც ამოქმედდა «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი.
«სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველი პუნქტების გარდამავალი დებულებების შემცველი ნორმებით ახლებურად მოწესრიგდა ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება და განისაზღვრა ამავე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები, კერძოდ, ცალსახად დადგინდა, რომ ხსენებული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული საკანონმდებლო აქტებით უკვე დანიშნულ პენსიებს დაერქვა კომპენსაცია, ხოლო მანამდე დანიშნული პენსიების გაცემა უნდა მოხდეს ამავე კანონის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის სახით. რაც შეეხება «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტს, იგი არ ვრცელდება ამ შემთხვევაზე, ვინაიდან, ჯერ ერთი, მასში საუბარია უკვე დანიშნულ კომპენსაციაზე და მეორეც, ხსენებულ პუნქტში მითითებული თავებით დადგენილია კომპენსაციის დანიშვნა «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, ანუ «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამკრძლავი ნორმა არ შეეხება მასში მოხსენიებული კანონებით ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნულ პენსიას, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ხსენებული ქვეპუნქტის ნორმას წინ უძღვის იმავე მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული ნორმა, რომელიც (ამ მუხლის მე-2 პუნქტზე გადასვლამდე) აკონკრეტებს ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული პენსიის ტრანსფორმირებასა და მისი გაცემის წესს, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის III, IV, V და VI თავებით განსაზღვრული კომპენსაციის გაანგარიშების სპეციალურ წესებზე მითითების მართებულობასა და ამ წესების გავრცელებას «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შესაბამისი საკანონმდებლო აქტით უკვე დანიშნულ პენსიაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 41-ე მუხლების პირველი პუნქტები არ შეესაბამება «პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტს, რომელიც კვლავ მოქმედებს 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაზე გასულ პროკურატურის მუშაკებთან მიმართებაში და, შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება «პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-10 პუნქტს.
«სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დანიშნული პენსიების შესახებ ერთიან საკანონმდებლო აქტს, რომელშიც მოხდა ხსენებული აქტებით გათვალისწინებული პენსიების ერთად თავმოყრა, მათ ეწოდა ახალი ტერმინი _ სახელმწიფო კომპენსაცია და განისაზღვრა ამ კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი. «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონმა საკანონმდებლო წესით ჩაანაცვლა ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც პენსია ჰქონდათ დანიშნული იმ პირებს, რომლებზეც გავრცელდა «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება და სწორედ ამიტომ იქნა ამოღებული «პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონიდან მე-40 მუხლის მე-10 პუნქტი, რომელიც ამჟამად აღარ მოქმედებს 2006 წლის 1 იანვრამდე პენსიაზე გასულ პროკურატურის მუშაკებთან მიმართებაში, რაც თავისთავად გამორიცხავს ზემოხსენებულ საკანონმდებლო ნორმათა კოლიზიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ხოლო გ. ნ.-ის სარჩელი _ უსაფუძვლო, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.