¹ბს-623-593(კ-07) 13 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 17 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მა. ბ.-მ მოპასუხეების _ აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კომპანია «ა.-ს», მესამე პირის _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან საოჯახო ნომრის აღდგენა, აღნიშნული ნომრის ერთიან კომპიუტერულ სიაში შეყვანა, მისი რეგისტრაცია, რეგისტრირებული სიის კომპანია ,,ა.-სათვის» გადაგზავნა საკომპენსაციო თანხის _ 7000 აშშ დოლარის გასაცემად და კომპანია «ა.-სათვის» აღნიშნული თანხის გაცემის დავალება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მა. ბ.-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ცხოვრობს ბათუმში, სასტუმრო «...-ში» და მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი 1993 წლიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 1996 წელს კომპიუტერიზაციის დროს, მოსარჩელე რეგისტრირებულია ერთიან კომპიუტერულ სიაში და მინიჭებული აქვს ცალკე საოჯახო ნომერი ¹..., რასაც ადასტურებს 1999 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ერთიანი კომპიუტერული მონაცემები, ასევე დევნილის მოწმობა, სადაც დაფიქსირებულია მისი კუთვნილი საოჯახო ნომერი.
2006 წელს განხორციელებული პრივატიზაციის დროს, კერძოდ, როდესაც კომპანია «ა.-მ» შეისყიდა «კ.-ის» 100% და სასტუმრო «...-ის» აქციათა პაკეტი, აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარემ 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების მე-4 მუხლის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრა, რომ კომპანიას უზრუნველეყო იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის გადახდით.
მოსარჩელემ მიმართა აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ საკომპენსაციო თანხების გამცემ შტაბს, სადაც აღმოჩნდა, რომ მისი საოჯახო ნომერი გაუქმებულია და იგი მიწერილია ¹... საოჯახო ნომერზე.
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას და ითხოვა განემარტათ, თუ რის საფუძველზე მოხდა საოჯახო ნომრების გაერთიანება, მაგრამ პასუხი არ მიუღია. აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი საოჯახო ნომრების გაერთიანებისათვის (ს.ფ. 1-2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით მა. ბ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა მა. ბ.-ს შეყვანა საოჯახო ნომრით ¹... საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში, მასვე დაევალა დარეგისტრირებული და შესწორებული სიის გადაგზავნა კომპანია «ა.-სთვის» (სს «კ.-ები») მოსარჩელეზე საკომპენსაციო თანხის გასაცემად, კომპანია «ა.-ს» დაევალა საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების სანაცვლოდ მა. ბ.-ზე აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის გაცემა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის დევნილი 1993 წლიდან, ცხოვრობდა სასტუმრო «...-ში», მინიჭებული აქვს საოჯახო ნომერი ¹... საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რასაც ადასტურებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ერთიანი კომპიუტერული მონაცემები და დევნილის მოწმობა. მოპასუხემ აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანების საფუძველზე შეადგინა სასტუმრო «...-ში» მცხოვრებ იმ დევნილთა ოჯახების სია, რომლებზეც სასტუმროს შენობიდან გამოსახლების ნაცვლად გათვალისწინებული იყო საკომპენსაციო თანხის მიცემა 7000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული სია გადაეგზავნა კომპანია «ა.-ს» (სს «კ.-ს»), რათა მას გაეცა აღნიშნული სიის საფუძველზე დევნილთა თითოეულ ოჯახზე საკომპენსაციო თანხა მათ მიერ დაკავებული ფართის გამონთავისუფლების სანაცვლოდ. სიაში სასტუმრო «...-ში» მცხოვრებთა შორის მითითებულია მა. ბ.-ა, მაგრამ მას არა აქვს მითითებული საოჯახო ნომერი ¹... და იგი მიწერილია დედის, მა. ბ.-ს საოჯახო ნომერზე ¹....
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომ აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საოჯახო ნომრების გაუქმება და გაერთიანება არ ხდება და მოპასუხეს არა აქვს აღნიშნულის უფლება. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ მიერ არ მომხდარა საოჯახო ნომრების გაერთიანება, ვინაიდან მოსარჩელეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან გადაგზავნილი ე.წ. თერთმეტლარიანი სიის თანახმად, ამჟამადაც გააჩნია ცალკე საოჯახო ნომერი ¹... და შესაბამისად, ამ საოჯახო ნომრით ხდება მასზე ყოველთვიური დახმარების გაცემა. ამის მიუხედავად მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ იყო ზემოაღნიშნული საოჯახო ნომერი მათ მიერ შედგენილ საკომპენსაციო სიაში (ს.ფ. 95-98).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
აპელანტის განმარტებით, აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის ¹15 ბრძანებით განისაზღვრა სასტუმრო «...-ში» დროებით მცხოვრებ დევნილთა გამოსახლების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გაცემა 7000 აშშ დოლარის ოდენობით. აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეადგინა იმ დევნილთა ოჯახების სია, რომლებსაც გამოსახლების სანაცვლოდ უნდა მიეღოთ საკომპენსაციო თანხა.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა კანონი, კერძოდ, «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილთა გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დევნილთან იდება წერილობითი შეთანხმება.
საქმეში წარდგენილია მა. ბ.-ს მიერ მიცემული მინდობილობა მზ. ბ.-ს მიიმართ, რომელიც დამტკიცებულია ნოტარიულად და აქვს იურიდიული ძალა. აღნიშნულ მინდობილობაში პირდაპირაა მითითებული, რომ მა. ბ.-ა მინდობილობას აძლევს მზ. ბ.-ს, რომ მისი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის სახელით, ხელი მოაწეროს დროებით მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, კომპენსაციის მიღების თაობაზე წერილობით შეთანხმებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აპელანტის აზრით, ვინაიდან მა. ბ.-სა და მზ. ბ.-ს არსებობდა წერილობითი შეთანხმება საკომპენსაციო თანხის მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ დარღვეულა მა. ბ.-ს კანონიერი უფლება (ს.ფ. 106-107).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებით აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ «იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ სიებს საოჯახო ნომრების მიხედვით ადგენს მხოლოდ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, რის გამოც ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან, იხელმძღვანელონ ამ სიით.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მა. ბ.-ს მიერ მზ. ბ.-სათვის მინდობილობის მიცემა არ ნიშნავდა იმას, რომ მა. ბ.-ს არ ჰქონდა უფლება, მიეღო მის საოჯახო ნომერზე ¹...-ზე გათვალისწინებული შესაბამისი თანხა. 2006 წლის 30 ივნისს ხელშეკრულება გაფორმდა მზ. ბ.-სა და სს «კ.-ს» შორის, სადაც მითითებულია, რომ საკომპენსაციო თანხა გაიცა ოჯახის წარმომადგენელზე საოჯახო ნომრით ¹... და არსად არ არის მითითებული, რომ აღნიშნული საკომპენსაციო თანხა გათვალისწინებულია იმ ოჯახზეც, რომლის სარეგისტრაციო ნომერია ¹... და რომელიც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს მა. ბ.-ს (ს.ფ. 145-151).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორის მითითებით, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთებისა და გამოკვლევის გარეშე დაადგინა, რომ მოსარჩელე მა. ბ.-ა ცალკე ოჯახია, დაეყრდნო რა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემულ საოჯახო ნომერს, რომელსაც სულ სხვა სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების შესაბამისად, წარმოადგენს დევნილთა რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და არა ოჯახის.
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს ოჯახთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და რომელთა შესაბამისადაც, ოჯახი არის ქორწინებაზე ან ახლო ნათესაობაზე დაფუძნებული ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან საერთო ოჯახური ყოფით, ურთიერთდახმარების, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საერთო გრძნობით, ადამიანთა ამ მცირე ჯგუფში კი საქართველოს კანონმდებლობა აერთიანებს: ცოლს, ქმარს, შვილებს და ერთად მცხოვრებ სხვა ახლო ნათესავებს, რომელთა ერთად ცხოვრება და ერთმანეთის მიმართ უფლებებისა და მოვალეობების არსებობა მიიჩნევა ოჯახის მთავარ ნიშნად, კონკრეტულ საქმეში კი, მოსარჩელე მა. ბ.-ა ცხოვრობდა სასტუმრო «...-ში» თავის შვილთან მზ. ბ.-სთან ერთად და გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ საერთო უფლებები და მოვალეობები. აქედან გამომდინარე, ისინი განხილულია, როგორც ერთი ოჯახი და შესაბამისად, მათზე გაიცა საკომპენსაციო თანხა მზ. ბ.-ს წარმომადგენლობით, თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო კომპანია ,,ა.-სა" და აჭარის ა/რ-ის მთავრობას შორის. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის ერთ-ერთი პუნქტი განსაზღვრავს დევნილის ოჯახის წარმომადგენელს ანუ პირს, ვის სახელზეც გაიცემა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა დევნილის ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის მიერ, ამ ოჯახის საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, კერძოდ, მე-4 პუნქტის «ა" ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, «საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილთა გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დევნილთან იდება წერილობითი შეთანხმება (ს.ფ. 166-170).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.