Facebook Twitter
ბს-814-776(კ-07) 7 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 1 ივნისს ც. ა-მა, თ. ნ-მა, პ. დ-მა და დ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ არიან საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლები, მუშაობდნენ საქართველოს კონტროლის პალატის რაიონულ და რეგიონალურ სტრუქტურებში სახვადასხვა თანამდებობებზე. კონტროლის პალატიდან გათავისუფლების შემდეგ, მათ არ მიუღიათ სახელფასო და სამივლინებო დავალიანება. მოსარჩელეთა განცხადებით, აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს საქართველოს კონტროლის პალატას, საიდანაც პასუხად 2006 წლის მარტში აცნობეს, რომ მათ, როგორც კონტროლის პალატის ყოფილ თანამშრომლებს, გადავადებული აქვთ შრომის ანაზღაურება, კერძოდ: ც. ა-ს _ 1496.50 ლარი, თ. ნ-ს – 2192.84 ლარი, პ. დ-ს – 1215.00 ლარი და სამივლინებო დავალიანება _ 636.20 ლარი, ხოლო, დ. ქ-ს - 1350.00 ლარი და სამივლინებო დავალიანება _ 1636.50 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, მათ მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება არ მომხდარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები _ ც. ა-ი, თ. ნ-ი, პ. დ-ი და დ. ქ-ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდნენ, მოპასუხეებს _ საქართველოს კონტროლის პალატასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკისრებოდათ მათი კუთვნილი სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეების – ც. ა-ის, თ. ნ-ის, პ. დ-ისა და დ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დაეკისრა თ. ნ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 2192.84 ლარის, დ. ქ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1350.00 ლარის და სამივლინებო დავალიანების _ 1636.50 ლარის, პ. დ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1215.00 ლარის და სამივლინებო დავალიანების _ 636.20 ლარის და ც. ა-ის სასარგებლოდ _ 1496.50 ლარის ანაზღაურება.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს კონტროლის პალატამ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით იყო გამოტანილი. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს კონტროლის პალატაში და მოპასუხეს წარმოადგენდა საქართველოს კონტროლის პალატა, რომელთანაც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოსარჩელეები. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი არასათანადო მოპასუხის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენდა მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას.
აპელანტი თვლიდა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, რადგან ეს ნორმა არ აწესრიგებს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემის წესს. აღნიშნული საკითხი რეგულირდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით, რომლის თანახმად: “2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად”, ანუ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით, ხოლო შემდეგ ეს საკითხი დაარეგულირა “საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონმა, რომლის მე-40 მუხლის შესაბამისად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად გათვალისწინებული იყო 140 519,8 ათასი ლარი, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელებულიყო ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად: “წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებსა და უწყებებს 2006 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველეყოთ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანებების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა დადგენილი ფორმის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მხოლოდ, აღნიშნულის შემდეგ განხორციელდებოდა საბიუჯეტო დავალიანებათა დაფარვა”.
ამასთან, აპელანტი მიიჩნევდა, რომ სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრა დაუბეგრავი თანხის გადახდა, ხოლო საქართველოს კონტროლის პალატის ცნობაში კი პირდაპირ არის მითითებული მოსარჩელეებზე ხელზე გასაცემი თანხის ოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმას.
მეორე აპელანტის _ საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანება გამოიწვია 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ შესრულდა გაუცემელი ხელფასებისა და სამივლინებო დავალიანებათა დაფარვა. “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია.
აპელანტი მიიჩნევდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია კონტროლის პალატასთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების დაკისრებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს კონტროლის პალატას ც. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1496,50 ლარის, თ. ნ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 2192,84 ლარის, პ. დ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1215,00 ლარის და სამივლინებო დავალიანების _ 636,10 ლარის, დ. ქ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1350 ლარის და სამივლინებო დავალიანების _ 1636,50 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 20 მარტის ¹407/17 წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ნ-ზე დარიცხული გადავადებული შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2192,84 ლარს, საიდანაც ხელზე მისაღები ჰქონდა 1744,81 ლარი, ხოლო სამივლინებო დავალიანება არ ერიცხებოდა; საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 20 მარტის ¹406/17 წერილის თანახმად, დ. ქ-ზე დარიცხული გადავადებული შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1350 ლარს, საიდანაც ხელზე მისაღები ჰქონდა 1120,10 ლარი, ხოლო სამივლინებო დავალიანება შეადგენდა 1636,50 ლარს; საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 20 მარტის ¹403/17 წერილის თანახმად, პ. დ-ზე დარიცხული გადავადებული შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1215,00 ლარს, საიდანაც ხელზე მისაღები იყო 1010,35 ლარი, ხოლო სამივლინებო დავალიანება შეადგენდა 636.10 ლარს; საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 20 მარტის ¹404/17 წერილით ც. ა-ზე დარიცხული გადავადებული შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1496,50 ლარს, საიდანაც ხელზე მისაღები ჰქონდა 1197,96 ლარი, ხოლო სამივლინებო დავალიანება არ ერიცხებოდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატის 2005 წლის 20 მარტის ¹407/17; 406/17; 403/17; 404/17 წერილებში მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატა აღიარებდა მოსარჩელეების ც. ა-ის, თ. ნ-ის, პ. დ-ის, დ. ქ-ის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების არსებობა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შესაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა ან საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოსა (ხელფასის) და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების გაუცემლობის საფუძველი.
აქვე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მუშაკის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ორგანოს, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში და რომელსაც გააჩნდა მუშაკის სახელფასო და სამივლინებო დავალიანებები. შესაბამისად, მოსარჩელეთა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება დაეკისრა საქართველოს კონტროლის პალატას.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება _ არსებული სახელფასო და სამივლინებო დავალიანებების საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ერთდროულად დაკისრების ნაწილში იურიდიულად არ იყო დასაბუთებული და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას, შესაბამისად, საქმეზე მიღებული უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანებები გამოწვეული იყო 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. ასევე, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული თანხები, საიდანაც საქართველოს კონტროლის პალატას არანაირი ასიგნება არ მიუღია.
კასატორი განმარტავდა, რომ “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, კონტროლის პალატა წარმოადგენდა საბიუჯეტო დაწესებულებას, რის გამოც, მას დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნდა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას საქართველოს კონტროლის პალატას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.