ბს-818-780(კ-07) 24 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე),
ზ. კ-ე (მოსარჩელე)
მოსარჩელეები _ ზ. კ-ე, ე. თ-ი
მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.07წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემა, სანივთე ქონების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
16.11.06წ ზ. კ-ემ და ე. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს: თავდაცვის სამინისტროსათვის ზ. კ-ის სასარგებლოდ 1354.14 ლარის ოდენობით 1998-2005წწ. გაუცემელი ხელფასის, 506,35 ლარის ოდენობით სამხედრო ფორმის ტანსაცმლის საკომპენსაციო თანხის და 620 ლარის ოდენობით ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, სულ 2480,49 ლარის, ხოლო ე. თ-ის სასარგებლოდ 1998-2000წწ. 188.29 ლარის ოდენობით გაუცემელი ხელფასის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე ზ. კ-ემ აღნიშნა, რომ 1998 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 15.07.05წ. რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. სამხედრო სამსახურის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო მოეხდინა მისი სამხედრო ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფა. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის საკომპენსაციო თანხა 29.09.06წ. ¹202 ცნობის თანახმად, 506,35 ლარს შეადგენს. თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნდა 1998-2000წწ. გაუცემელი 1354.14 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება. სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო აენაზღაურებინა ყოფილი თანამშრომლისათვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ბრძანებულების 33-ე და 331 პუნქტის შესაბამისად. მოსარჩელე ე. თ-მა აღნიშნა, რომ 1999 წლის აგვისტოდან 2005 წლის ოქტომბრამდე ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს არ აუნაზღაურებია ე. თ-ვის 1998-2000წწ. გაუცემელი ხელფასი 188.92 ლარის ოდენობით. 10.07.06წ. ე. თ-მა მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. პასუხად ეცნობა, რომ დაფინანსების არარსებობის გამო მიმდინარე წელს ვერ მოხერხდებოდა დავალიანების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.06წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ზ. კ-სა და ე. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. კ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების სახით 1354.14 ლარის, სამხედრო ფორმის ტანსაცმლის საკომპენსაციო თანხის სახით 506.35 ლარის და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობის სახით 620 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელე ე. თ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 188.29 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლო კოლეგიამ საქმეში წარმოდგენილი 29.09.05წ. ¹202 ცნობის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. კ-ძე ს/ნ 06328-ში მსახურობდა 1998 წლის 31 ივლისიდან 2005 წლის 15 ივლისამდე და მასზე გასაცემი ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია სულ შეადგენდა 506.35 ლარს. 26.09.06წ. ¹2516 ცნობის თანახმად, ზ. კ-ის სახელფასო დავალიანებამ 1998-2000წწ. შეადგინა 1354.14 ლარი. ე. თ-ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21242-ს სამხედრო ნაწილში და მისმა სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 188.29 ლარი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეები იყვნენ საჯარო მოსამსახურეები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამჯელო. ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად მუშა-მოსამსახურეს მისი დათხოვნისას საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ბრძანებულების 331 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურების წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი დახმარება ფულადი სარგოს ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. ამ დებულების 33-ე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ზ. კ-ის მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა ერთჯერადი გასასვლელი დახმარება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით. მართალია აღნიშნული ბრძანებულების 611 პუნქტის თანახმად ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ მოცემული არ გულისხმობს მოპასუხე სამინისტროს მთლიანად გათავისუფლებას მოსარჩელე ზ. კ-ის სასარგებლოდ ბრძანებულების 331 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის ვალდებულებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.06წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და თავდაცვის სამინისტროსათვის ზ. კ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარებისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 14.05.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.06წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა გასასვლელი დახმარების ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობის სახით 620 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი მოტივაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ზ. კ-ის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის დაკისრების ნაწილში. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ნორმის შეჩერება არ ათავისუფლებს მოპასუხეს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დახმარების გაცემის ვალდებულებისაგან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 611 პუნქტით ამავე 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრძანებულების 611 პუნქტით განისაზღვრა 331 პუნქტის ძალაში შესვლის დრო _ 2006წ 1 იანვარი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნორმის შეჩერების პერიოდში წარმოშობილ ურთიერთობებზე აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.07წ გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.09.07წ განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 14.05.07წ. გადაწყვეტილება ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.12.07წ განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპალაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. 1998-2000წწ. კვების კომპენსაციის, ჯილდოს, მატერიალური დახმარების და სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში ზ. კ-ის მოთხოვნა თავისი შინაარსიდან და შესრულების პერიოდულობიდან გამომდინარე განეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს და მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა 2006 წელს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში, რითაც ფაქტობრივად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს. არც ერთ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, თუ რომელი კანონის საფუძველზე დააკისრა სასამართლომ სამინისტროს სანივთე ქონების კომპენსაციის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12.3 მუხლის გადაწყვეტილების დროს მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა სანივთე ქონების კომპენსაციის ცნებას. იმავე ნორმით სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეს. სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელეს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი არ გააჩნდა.
კასატორმა ზ. კ-ემ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად განმარტა კანონი, ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით შეჩერებული იქნა 05.11.04წ. ¹493-ე ბრძანებულების 33-ე და 331 პუნქტების მოქმედება 2006 წლის 1 იანვრამდე, რის გამოც 2004-2005წწ. განთავისუფლებულ პირებს გასასვლელი დახმარება არ ეკუთვნოდათ. კასატორი თვლის, რომ საქართველოში მოქმედი არც ერთი საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ იცნობს ნორმის შეჩერების ცნებას. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის რომელიმე მუხლის ან მისი ნაწილის ამოქმედების გადავადების შესაძლებლობას, რაც სამართალურთიერთობის წარმოშობის დროისათვის ნორმის არარსებობას ნიშნავს, აღნიშნული თავისი არსით განსხვავდება ნორმის შეჩერებისაგან. კასატორს მიაჩნია, რომ შეჩერებული ნორმის ამოქმედების შემდეგ, მისი აღსრულება უნდა განხორციელდეს საერთო წესების დაცვით, რაც გულისხმობს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთათვის, მათი განთავისუფლების ვადის მიუხედავად, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურებას. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე, რომელიც ადგენს ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. საქართველოს პრეზიდენტის ¹493-ე ბრძანებულებაც სრულიად იზიარებს და ეყრდნობა ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნას, რაც გულისხმობს სამსახურიდან განთავისუფლებული ყველა სამხედრო მოსამსახურისათვის გასასვლელი დახმარების ანაზღაურებას, მიუხედავად მათი განთავისუფლების დროისა. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე, რაც, კასატორის აზრით, წარმოადგენს ზემოთ მითითებული დახმარების დანიშვნის წინაპირობას.
კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა კანონით, რომლითაც არ უნდა ეხელმძღვანელა და არ იხელმძღვანელა კანონით რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, რითაც დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას. კასატორ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მისი საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების საფუძველზე.
საკასაციო პალატის 16.01.08წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. კ-ის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 2005 წლის 15 ივლისს ზ. კ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ზ. კ-ეს არ მიუღია ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ზ. კ-ემ სარჩელით სასამართლოს 16.11.06წ. მიმართა. საქმის მასალების მიხედვით (ს.ფ. 5) სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება 2004 წელს წარმოიშვა, ამდენად მოცემულ შემთხვევაში დაცულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის საკომპენსაციო თანხამ 29.09.05წ. ¹202 ცნობის მიხედვით 506,35 ლარს შეადგენს. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლის თანახმად სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ანალოგიურ დებულებას ითვალისწინებდა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების მე-5 მუხლი, ბრძანებულების ¹3 დანართით განისაზღვრებოდა სამხედრო მოსამსახურეების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის არსებობდა სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.12.06წ. გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში გაასაჩივრა, რომლითაც დაკმაყოფილდა ზ. კ-ის მოთხოვნა ერთჯერადი დახმარებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სახელფასო დავალიანების სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. კ-ის სასარგებლოდ 1354.14 ლარი დაეკისრა, მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და გადაწყვეტილების ეს ნაწილი შესულია კანონიერ ძალაში. სახელფასო დავალიანებიდან 683.04 ლარს შეადგენდა კვების ანაზღაურება. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსული იქონიოს მსჯელობა კვების კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ზ. კ-ე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 1998-2005 წლებში; 1998 წლის 29 ივლისიდან 2002 წლის 20 თებერვლამდე მუშაობდა I თანრიგის საინჟინრო ბაზაში, ხოლო 2002 წლის 20 თებერვლიდან _ 2005 წლის 15 ნოემბრამდე – ლოგისტიკის ცენტრალურ დეპოში. 15.11.05წ. ზ. კ-ე დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძვეზე, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. კ-ეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 და 33 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა მიეღო გასასვლელი დახმარება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით. ერთჯერადი დახმარების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებაში 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებებით ამავე ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულება ამოქმედდა 2004 წლის 15 ნოემბრიდან. ბრძანებულების 33-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს სახით. საქართველოს პრეზიდენტის 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით ცვლილება იქნა შეტანილი 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებაში, რომლითაც ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, განისაზღვრა ბრძანებულების 331 პუნქტით, ამავე 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულების 611 პუნქტით ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართევლოს პრეზიდენტის 05.11.04წ ¹493 ბრძანებულებით დადგენილი იქნა შტატების შემცირებასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეთა უფლება გასასვლელი დახმარების მიღებაზე, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია სამხედრო ძალებში ნამსახურებ წელთა რაოდენობაზე. 2004 წლის 15 ნოემბრიდან ძალაში შესული ნორმის მოქმედების 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებით სახელმწიფომ განსაზღვრა აღნიშნული უფლების რეალიზების პირობა. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში ნორმის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას (იხ. მაგ. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის 25.2 მუხ., “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 51.4 მუხ., საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხ., საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხ.), ნორმის მოქმედების შეჩერება უფლების დაკარგვის საფუძველს არ ქმნის. ნორმის მოქმედების შეჩერება არ ნიშნავს ნორმით აღიარებული უფლების გაუქმებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა კასატორის უფლება მიეღო ფულადი დახმარება, ნორმის შეჩერებით გადავადდა აღიარებული უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, რაც გულისხმობს არა მარტო უმუშევრის სტატუსის განსაზღვრა-მოწესრიგებას და სამუშაოს პოვნაში რეალურ დახმარებას, არამედ სამუშაოდან დათხოვნის დროიდან კუთვნილი კომპენსაციის, გამოსასვლელი დახმარების მიღების უფლებასაც. საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05წ. გადაწყვეტილებით სადავო საკანონმდებლო აქტის, რომლითაც შეჩერდა კანონის ნორმის მოქმედება, არაკონსტიტუციურად ცნობის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს სწორედ ის წარმოადგენდა, რომ აქტი უსამართლოდ უჭიანურდება და ფაქტობრივად ართმევდა მოქალაქეებს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად კანონმდებელს უფლება აქვს შეაჩეროს ნორმატიუცლი აქტის მოქმედება, რაც არ უნდა ღებულობდეს უსაფუძვლოდ პერმანენტულ ხასიათს და არ უნდა იქცეს კანონის მოქმედების პრინციპად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ურთიერთობა უკავშირდება ნორმის მოქმედების შეჩერებას და არა მის დროში და სივრცეში მოქმედებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართევლოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულება ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურისათვის გასასვლელი დახმარების გაცემას მიუხედავად სამსახურიდან გათავისუფლების დროისა, სხვაგვარი განმარტება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ მოქალაქეთა თანასწორობას, ფიქტიურ ხასიათს აძლევს ნორმით აღიარებულ უფლებას. 2005 წელს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირებისათვის დახმარების გაცემაზე უარის შემთხვევაში 331 პუნქტის მოქმედების შეჩერების ნაცვლად ნორმის ძალაში შესვლის თარიღად 2006 წლის 1 იანვარი განისაზღვრებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებაში 05.11-04წ. ¹493 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად ერთჯერადი (გამომსასვლელი) დახმარების ფულადი სარგო, ზ. კ-ის ნამსახურები წლების მიხედვით, შეადგენს ფულადი სარგოს ხუთმაგ ოდენობას, ანუ 620 ლარს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. კ-ე 1998 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ზ. კ-ე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 15.11.2005წ. რეორგანოზაციასთან დაკავშირებული შტატების შემცირების გამო, ამდენად არსებობს აღნიშნული ბრძანებულების 33-ე, 331 პუნქტებით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის სამართლებრივი საფუძველი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. კ-ემ სასამართლოს 16.11.06წ მიმართა, ვინაიდან ნორმა, რომელსაც ემყარება გასასვლელი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნა, 2006 წლის 1 იანვიდან კვლავ ამოქმედდა, ზ. კ-ის მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების – ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელის აღნიშნულ უფლებას არ ზღუდავს არც ის ფაქტი, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ ¹493 ბრძანებულების 33 და 331 პუნქტები გაუქმებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 21.09.07წ. ¹531 ბრძანებულებით. აღნიშნული ნორმები მოქმედებდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს, მოსარჩელეს კანონმდებლობით მინიჭებული ჰქონდა ერთჯერადი გასასვლელი დახმერის მიღების უფლება სარჩელის აღძვრის მომენტში. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შემდგომი გაუქმება არ წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე და 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.07წ. გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების შესახებ ზ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. კ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით დაეკისროს ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობა _ 620 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.