¹ბს-875-837(კ-07) 11 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “თ.-ის” დირექტორი ი. მ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ზედმეტად გადახდილი მიწის გადასახადის კორექტირება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს “თ.-ის” დირექტორმა ი. მ.-მ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – გორის საგადასახადო ინსპექციის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზედმეტად გადახდილი გადასახადის ჩათვლა გადასახადის ნარჩენი დავალიანების დასაფარავად და არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადში არასწორად დარიცხული საურავის შემცირება /იხ. ს.ფ. 1/.
საქმის გარემოებები:
შპს “თ.-ს” საკუთრებაში აქვს 3,6 ჰა მიწის ფართობი გორის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულოს ტერიტორიაზე. 1998 წლიდან მოსარჩელე აღნიშნულ ფართობზე იხდის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადს, 1 ჰა-ზე 390 ლარს. აღნიშნულ ფართზე მდებარეობს სარკინიგზო ჩიხი, რომლის სიგრძე შეადგენს 270 მეტრს, რომლის განსხვავების ზოლის ჩათვლით მიწის ფართობი შეადგენს 8100 მ2, რომელზედაც 1998 წლიდან 2004 წლამდე დარიცხულია მიწის გადასახადი 1895, 8 ლარის ოდენობით (0,81 ჰა 390X6). მიწის გადასახადი გადახდილი აქვს მოსარჩელეს – შპს “თ.-ს”.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 28-ე ნაწილის თანახმად, აღნიშნული მიწის ფართობი გათავისუფლებულია მიწის გადასახადისაგან, გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზის ჩიხი ეკუთვნის შპს “ს.-ს,” ხოლო მიწის გადასახადი გადახდილი აქვს შპს “თ.-ს”. /იხ. ს.ფ. 1/
რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა არ ცნო შპს “თ.-ის” სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე არ ცნო შპს “თ.-ის” სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 22, 23/.
რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “თ-ის” დირექტორის – ი. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის საგადასახადო ინსპექციასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალათ მოეხდინათ შპს “თ.-ის” მიერ მიწის ფართობზე ზედმეტად გადახდილი თანხის _ 1516,32 ლარის კორექტირება და თანხის ჩათვლა დებიტორულ დავალიანებაში, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
შპს “თ.-ს” საკუთრებაში გააჩნია 3,6 ჰა მიწის ფართობი, გორის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულოს ტერიტორიაზე. 1998 წლიდან მოსარჩელე აღნიშნულ ფართობზე იხდიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გადასახადს, 1 ჰა-ზე 390 ლარს. აღნიშნულ ფართზე მდებარეობს შპს “ს..-ის” ჩიხი, რომლის სიგრძე შეადგენს 270 მეტრს.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი და განმარტა, რომ ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითად საქმიანობასთან, მათ შორის - ლიანდაგებისა და სალიანდაგო დისტანციების, სავაგონო და სალოკომოტივო დეპოების, რკინიგზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა _ ნაგებობებისა და კომუნიკაციების, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის მიერ დაკავებული მიწები.
რაიონული სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან რკინიგზის ჩიხი ეკუთვნის შპს “ს.-ს”, ხოლო მიწის გადასახადი გადახდილი ჰქონდა შპს “თ.-ს”, აღნიშნული გადასახადი უნდა ჩათვლილიყო საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში, ხოლო გადახდილი თანხა, გასხვისების ზოლების სიგანეთა ნორმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის წერილის თანახმად, შეადგენდა 1516,32 ლარს. რაიონული სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ზედმეტად ჰქონდა გადახდილი მიწის გადასახადი, რაც უნდა ჩაითვალოს დებიტორულ დავალიანებაში /იხ.ს.ფ. 24, 25/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
გადასახადისაგან თავისუფლდება მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობისათვის, მათ შორის _ ლიანდაგებისა და სალიანდაგო დისტანციების, სავაგონო და სალოკომოტივო დეპოების, სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის მიერ, გარდა სამედიცინო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სავაჭრო, სპორტული და უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტების მიერ დაკავებული მიწებისა. აგრეთვე, მიწის გადასახადისაგან არ თავისუფლდება რკინიგზის ვაგზლის შენობის ქვეშ არსებული მიწის ფართობები.
აპელანტის მითითებით, გადასახადისაგან თავისუფლდება მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობისათვის, ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტების მიერ დაკავებულ მიწებს, გადასახადისაგან არ თავისუფლდება.
აპელანტის განმარტებით, სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რკინიგზის ჩიხი დაზიანებულია, უმოქმედოა და ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოუყენებელია”, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ “რკინიგზის ჩიხი” არ არის მიწის ის ფართობი, რომელიც უშუალოდ არის დაკავებული რკინიგზის ძირითადი საქმიანობისათვის, ხოლო რაც შეეხება შპს “თ.-ის” საკუთრებაში არსებულ მიწას, განხილულ უნდა იქნეს, როგორც უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტის მიერ დაკავებული მიწა და დაიბეგროს გადასახადით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. /იხ. ს.ფ. 28, 29/
სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებით აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექცია შეცვალა მისი უფლებამონაცვლით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციით.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ - შპს “თ.-ს” დირექტორმა ი. მ.-მ არ ცნო გორის საგადასახადო ინსპექციის საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება /იხ. ს.ფ. 56, სხდომის ოქმი/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
შპს “თ.-ს” საკუთრებაში გააჩნია 3,6 ჰა მიწის ფართობი გორის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს ტერიტორიაზე. 1998 წლიდან მოსარჩელე აღნიშნულ ფართობზე იხდის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადს, 1 ჰა-ზე 390 ლარს. აღნიშნულ ფართზე მდებარეობს შპს “ს.-ის” სარკინიგზო ჩიხი, რომლის სიგრძე შეადგენს 270 მეტრს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 28-ე ნაწილით განსაზღვრულია გადასახადისაგან მიწის იმ ფართობების გათავისუფლება, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობის სავაგონო და სალოკომოტივო დეპოებისა და სალიანდაგო დისტანციების მიერ და გამოიყენება ძირითადი საქმიანობისათვის, აგრეთვე არაფუნქციონირებადი რკინიგზის სადგურების მიერ დაკავებული მიწები, რომლებიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შპს “თ.-ის” წარმომადგენლის მოთხოვნა მიწის ფართობებზე ზედმეტად გადახდილი თანხის _ 1516,32 ლარის კორექტირებისა და აღნიშნული თანხის დებიტორულ დავალიანებაში ჩათვლის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობისათვის /იხ.ს.ფ. 60-63/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სადავო პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 28-ე ნაწილით მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი საქმიანობის სავაგონო და სალოკომოტივო დეპოებისა და სალიანდაგო დისტანციების მიერ და გამოიყენება ძირითადი საქმიანობისათვის, აგრეთვე არაფუნქციონირებადი რკინიგზის სადგურების მიერ დაკავებული მიწები, რომლებიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავებული სარკინიგზო საქმიანობის ძირითადი საქმიანობისათვის და ამდენად, უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტების მიერ დაკავებული მიწები ასეთის გადახდისაგან არ თავისუფლდება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლები /იხ. ს.ფ. 90-92./
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.
მოწინააღმდეგე მხარის შპს “თ.-ის” დირექტორმა ი. მ.-მ არ ცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ, სხდომის ოქმი/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საქმის სასამართლოს სხდომაზე განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეული არ ყოფილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად მოქმედი კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ შპს “თ.-ს” საკუთრებაში გააჩნია 3,6 ჰა მიწის ფართობი გორის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს ტერიტორიაზე. 1998 წლიდან მოსარჩელე აღნიშნულ ფართობზე იხდის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადს, 1 ჰა-ზე 390 ლარს. აღნიშნულ ფართზე მდებარეობს შპს “ს.-ის” სარკინიგზო ჩიხი, რომლის სიგრძე შეადგენს 270 მეტრს.
საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 276.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმით დადგენილია შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, მითითებული ნორმის “დ” პუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია მიწის ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითად საქმიანობასთან, მათ შორის, ლიანდაგებისა და სალიანდაგო დისტანციების, სავაგონო და სალოკომოტივო დეპოების, რკინიგზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის მიერ, გარდა სამედიცინო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სავაჭრო, სპორტული და უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტების მიერ დაკავებული მიწებისა. მიწის გადასახადისგან აგრეთვე არ თავისუფლდება რკინიგზის ვაგზლის შენობის ქვეშ არსებული მიწის ფართობები.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასლებით დასტურდება, რომ შპს “თ.-ის” საკუთრებაში არსებულ მიწის ფართზე მდებარეობს “ს.-ის” სარკინიგზო ჩიხი, რომლის სიგრძე შეადგენს 270 ლარს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 276.1. “დ” პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სწორად იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ შპს “თ.-ის” მიერ გადახდილ მიწის გადასახადზე, რომელშიც გაანგარიშებულ იქნა სარკინიგზო ლიანდაგით დაკავებული მიწის ფართობი, უნდა მომხდარიყო მიწის გადასახადის კორექტირება სარკინიგზო ჩიხის მიერ დაკავებული ფართობის პროპორციულად, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად შეადგენს 1516,32 ლარს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ ის ფართობები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სარკინიგზო საქმიანობასთან და ამდენად, უშუალოდ რკინიგზის ფუნქციონირებასთან კავშირში არმყოფი ობიექტების მიერ დაკავებული მიწები ასეთის გადახდისაგან არ თავისუფლდება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს “თ.-ის” საკუთრებაში არსებულ მიწაზე გადის სარკინიგზო ჩიხი, რომელიც დაკავშირებულია სარკინიგზო საქმიანობასთან. ამასთან, დავის არსს არ ცვლის ის გარემოება, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რკინიგზის ჩიხი უმოქმედოა, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 276.1. მუხლის “დ” პუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, რკინიგზის ჩიხის უმოქმედობის პირობებშიც მიწის ის ნაკვეთი, რომელიც დაკავშირებულია სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითად საქმიანობასთან, გათავისუფლებულია მიწის გადასახადისაგან.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 1-ლი მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ეს კოდექსი განსაზღვრავს სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირებისათვის ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, მის ადგილსა და როლს საქართველოს ეკონომიკის და სოციალურ სფეროში, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისათვის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას. ამავე კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლები (რაზედაც აპელირებს კასატორი) განსაზღვრავს სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მნიშვნელობას და მისი ექსპლუატაციისათვის განსაზღვრულ პირობებსა და წესებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობასთან არ გააჩნია სამართლებრივი კავშირი. ამდენად, კასაციის აღნიშნული მოტივი, როგორც უსაფუძვლო ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2. მუხლის საფუძველზე, სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციას დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.