ბს-879-841(კ-07) 21 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. და ლ. ფ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 დეკემბერს დ. და ლ. ფ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერის მიმართ თანხის გადარიცხვის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2005 წლის 3 ივლისს მიღებულ იქნა დადგენილება ¹103, რომლითაც საკრებულომ ქ. თბილისის 2005 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დ. ფ-ას მკურნალობისათვის გამოყო 25000 ლარი, მაგარამ აღნიშნული თანხის გადარიცხვა ქ. თბილისის მერიამ არ უზრუნველყო.
დ. ფ-ა არის მძიმედ დაავადებული, კერძოდ, მას აქვს კრონის დაავადება, რომელიც უმძიმესი დაავადება და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.'
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი რეგულირდება ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 25 მარტის ¹5-1 გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულოს საფინანსო _ საბიუჯეტო მუდმივი კომისია იხილავს ქ. თბილისის მერის მიერ წარმოდგენილ წინადადებას და წარუდგენს საკრებულოს დასკვნას ღონისძიების დაფინანსების მიზანშეწონილობის თაობაზე. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მერი იღებს ფონდში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილებას, ე.ი. ქ. თბილისის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საკრებულო, ანუ სწორედ საკრებულო წყვეტს თანხის განკარგვის მიზანშეწონილობას, ვინაიდან თანხების კონკრეტულ ღონისძიებაზე განკარგვის გადაწყვეტილების მიღება სწორედ მისი პრეროგატივაა. ქ. თბილისის მერი კი საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისი მოქმედება.
ამასთან, განმცხადებლების მითითებით, “საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მერია ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას. ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერი უზრუნველყოფს ქ. თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ _ განმკარგულებელ საქმიანობას. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, მერი ვალდებული იყო, აღესრულებინა საკრებულოს დადგენილება და გადაერიცხა თანხა, რაც დღემდე არ განხორციელებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ ქ. თბილისის მერიას დავალებოდა მიეღო გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში ცვლილებების შეტანის თაობაზე ლ. ფ-თვის სარეზერვო ფონდიდან 25 000 ლარის გადაცემის თაობაზე.
მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის მოტივით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. და ლ. ფ-ების სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 25 მარტის ¹5-1 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის შესაბამისად, არის ორი ძირითადი მიმართულება: ა. ქ. თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მომხდარი სტიქიური უბედურებით ან ავარიებით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიულად გატარება; ბ. სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევები. სასარჩელო მოთხოვნა მიეკუთვნება “ბ" პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას. ამავე გადაწყვეტილების მე-3 მუხლის თანახმად, სარეზერვო ფონდს განკარგავს ქ. თბილისის მერი, ხოლო მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების ღონისძიების დაფინანსების მიზანშეწონილობის თაობაზე, საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მერი იღებს ფონდში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილებას. ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 3 ივლისის ¹103 დადგენილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ ქ. თბილისის მერი ითხოვს ნებართვას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ქ. თბილისის საკრებულოს 2005 წლის 3 ივლისის ¹103 დადგენილება არ მიეკუთვნება ქ. თბილისის მერის მიერ სავალდებულოდ შესასრულებელ დადგენილებათა რიცხვს. ქ. თბილისის მერი მოქმედი კანონმდებლობით ვალდებულია, სარეზერვო ფონდის განკარგვამდე თანხმობა ითხოვოს ქ. თბილისის საკრებულოსაგან. თანხმობის მიღების შემდეგ ქ. თბილისის მერი ერთპიროვნულად წყვეტს დააფინანსოს თუ არა ესა თუ ის ღონისძიება სარეზერვო ფონდიდან.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. და ლ. ფ-ებმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2005 წლის 3 ივლისს მიღებულ იქნა ¹103 დადგენილება, რომლითაც საკრებულომ ქ. თბილისის 2005 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დ. ფ-ას მკურნალობისათვის გამოუყო 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს ეს დადგენილება მიღებულ იქნა ივლისში, დღემდე თბლისის მერმა არ უზრუნველყო ამ თანხის გადარიცხვა.
თბილისის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი რეგულირდება ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 25 მარტის ¹5-1 გადაწყვეტილებით. ამ გადაწყვეტილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქ. თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო მუდმივი კომისია იხილავს ქ. თბილისის მერის მიერ წარმოდგენილ წინადადებას და წარუდგენს საკრებულოს დასკვნას. ღინისძიების დაფინანსების მიზანშეწონილობის თაობაზე საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მერი იღებს ფონდში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილებას, ე.ი. ქ. თბილისის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საკრებულო, ანუ სწორედ საკრებულო წყვეტს საბიუჯეტო თანხების განკარგვის მიზანშეწონილობას, ვინაიდან საბიუჯეტო თანხების კონკრეტულ ღონისძიებაზე განკარგვის გადაწყვეტილების მიღება სწორედ მისი პრეროგატივაა. ქ. თბილისის მერი კი, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი მოქმედება, კერძოდ, აღასრულოს ეს დადგენილება. აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ: “მერი იღებს გადაწყვეტილებას თანხის გაცემის თაობაზე" რაც იმპერატიული მოთხოვნაა და ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მუხლით უკვე განსაზღვრულია თუ რა გადაწყვეტილებას იღებს მერი, ეს უნდა იყოს მხოლოდ თანხის გამოყოფა.
ამასთან, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მერია ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს აღასრულებელი ორგანოს ფუნქციას. ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მერი უზრუნველყოფს ქ. თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. მერი, როგორც აღმასრულებელი ორგანო, ვალდებული იყო აღესრულებინა საკრებულოს დადგენილება და გადაერიცხა მოსარჩელისათვის თანხა, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა. მართალია, აღნიშნული მუხლის რედაქცია შეცვლილია 2005 წლის 1 ივლისს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონით, თუმცა ამ ცვლილების მოქმედება გადადებულია ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ანუ 3 ივლისს, ისევე როგორც დღეს, კვლავ მოქმედებდა ძველი რედაქცია.
საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მიხედვით, ქ. თბილისის ბიუჯეტში არის სარეზერვო ფონდი, რომელიც ხმარდება გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსებას. ამავე კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლი. ქ. თბილისის მმართველობის ორგანოს კომპეტენცია კი არის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, ბიუჯეტის შესრულება და საკრებულოსათვის ამის თაობაზე ანგარიშის წარდგენა, ანუ ქ. თბილისის მერი და მთავრობა ბიუჯეტს ასრულებს იმ სახით, რა სახითაც მიიღო ეს საკრებულომ, მას არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეცვალოს ბიუჯეტი, ყველა ცვლილება შეთანხმებული უნდა იყოს საკრებულოსთან, შესაბამისად ბიუჯეტი უნდა შესრულდეს იმ სახით, რა სახითაც საკრებულო დაამტკიცებს მას. სარეზერვო ფონდის შემთხვევაშიც, როგორც ქ. თბილისის ბიუჯეტის ნაწილის მიმართ ხდება, მერმა უნდა აღასრულოს იმ სახით, რა სახითაც შეთანხმებული იყო ეს საკრებულოსთან.
ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “თ" ქვეპუნქტის მიხედვით, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მერი უზრუნველყოფს საკრებულოსა და მთავრობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულებას.
აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება აღნიშნულ გარემოებებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მერი ვალდებულია, აღასრულოს საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება. შესაბამისად, იგი ვალდებულია, აღასრულოს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2005 წლის 3 ივლისს მიღებული ¹103 დადგენილება.'
ამასთან, აპელანტების განმარტებით, სასამართლო თუ გაიზიარებდა მოპასუხის მითითებას, რომ მერი არ არის ვალდებული აღასრულოს საკრებულოს დადგენილება და ამ ტიპის დადგენილების აღსრულება მერის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაშინ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა და ემსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ლ. ფ-თვის თანხის გამოყოფის საკითხი თავად მერის ინიციატივა იყო, ანუ სწორედ მერმა მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას და საკრებულოს თანხის გამოყოფის მოთხოვნით (საკრებულოს 2003 წლის 25 მარტის ¹5-1 გადაწყვეტილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი), რასაც მოჰყვა საკრებულოს დადგენილება, ამიტომ მერის ამ წერილობითი მიმართვის მიმართ მოქმედებს კანონიერი ნდობის უფლება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით (ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ამ მუხლის ძველი რედაქცია, ვინაიდან 2005 წლის 24 ივნისის ცვლილებები და დამატებები ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ძალაში შევიდა 2005 წლის 15 ივლისს, მერის წერილი და საკრებულოს დადგენილება უფრო ადრე იყო გამცემული). ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაიცვას პირის კანონიერი ნდობის უფლება, რომლის საფუძველზეც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება რაიმე ქმედების განხორციელების შესახებ. მერის წერილი არის დაპირება თანხის გამოყოფის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას პირის კანონიერი ნდობის უფლება, მერი ვალდებული იყო აღესრულებინა საკრებულოს დადგენილება და გაეცა აღნიშნული თანხა. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ან თავად დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედების შემთხვევაში არ წარმოიშობა კანონიერი ნდობის უფლება, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ საკრებულოს დადგენილების აღსრულება მერის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაშინ მას სწორედ კანონიერი ნდობის საფუძველზე უნდა აღესრულებინა ეს დადგენილება და გაეცა შესაბამისი თანხა, ვინაიდან ვალდებული იყო დაეცვა პიროვნების კანონიერი ნდობის უფლება. რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინებით დ. და ლ. ფ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 2003 წლის 25 მარტის ¹5-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის პირველი მუხლის შესაბამისად, ფონდი იქმნება სპეციალურ წყაროდ თბილისში შექმნილი მოულოდნელი სიტუაციებისათვის თავის გართმევის მიზნით. ფონდი გამოიყენება იმ გაუთვალისწინებელი და აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად, რომელთა განსაზღვრა შეუძლებელია ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცებამდე. ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, სარეზერვო ფონდის ხარჯვის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: ა) ქ. თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მომხდარი სტიქიური უბედურების ან ავარიებით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიულად გატარება და ბ) სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევები.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის საკრებულოს მიერ გამოყოფილი თანხების გადარიცხვის თაობაზე არ გულისხმობს ზემოაღნიშნული ნორმის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევას.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მხარის აპელირება ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის თაობაზე, არ გაიზიარა, რადგან დავის წარმოშობის დროს არსებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის რედაქციის შესაბამისად, კანონიერი ნდობის უფლება არ არსებობს იმ შემთხვევაშიც, თუკი სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. და ლ. ფ-ებმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორები საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდნენ იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. და დ. ფ-ების საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ლ. და დ. ფ-ების საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 9 ოქტომბერს დ. და ლ. ფ-ების წარმომადგენელმა მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, მათი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ლ. და დ. ფ-ების საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ლ. და დ. ფ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლ. და დ. ფ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ლ. და დ. ფ-ებს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.