¹ბს-972-932(კ-07) 12 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
30.07.03წ. თ. ხ.-მ და ზ. მ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 28.06.94წ. მომხდარი ნ. წ.-ის განზრახი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე და აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის უკანონოდ დაკავებულები და დაპატიმრებულნი იყვნენ ორ-ორი თვის განმავლობაში, 1995 წლის 3 მარტიდან 4 მაისამდე. აღნიშნული დროის განმავლობაში მოპასუხე გ. კ.-მ, გ. კ.-მ, მ. ა.-მ და გ. კ.-მ, რომლებიც მუშაობდნენ ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე, წინასწარ შედგენილი გეგმისა და შეუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის მოთხოვნის უხეში დარღვევით, პროკურატურის გამომძიებელთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად დააკავეს ისინი და მათ მიერ შედგენილი იქნა ჩხრეკისა და დაკავების ყალბი ოქმები და სხვა დოკუმენტები, რის შემდეგაც მოსარჩელეები მოთავსებულები იქნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაშინებით, მუქარით, შანტაჟით, ცემით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ელექტროდენის წყაროზე შეერთებით, დახვრეტის იმიტაციით და სხვა მტანჯველი საშუალებებით არასწორი ახსნა-განმარტების დაწერა აიძულეს. მკაცრი იზოლაციის პირობებში ყოფნამ, წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობამ სულიერად დათრგუნა ისინი. ერთ-ერთმა მათგანმა, ზ. მ.-მ, თვითმკვლელობა სცადა, თუმცა სისრულეში ვერ მოიყვანა. მოსარჩელეთა განცხადებით, ზემოაღნიშნული პირების მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებული ჩვენებების საფუძველზე წაეყენათ ბრალი სსკ-ის 206 მუხლითა და 253.3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა, საიდანაც 04.05.95წ. განთავისუფლდნენ, ხოლო 05.08.95წ. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა იმ დროს მოქმედი სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო. მოპასუხეების მიმართ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე და ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის III ნაწილით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 10.08.2000წ. განჩინებით საბოლოო სასჯელად განესაზღვრათ: გ. კ.-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, გ. კ.-ს ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, მ. ა.-ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, გ. კ.-ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მითითებული ფიზიკური პირების უკანონო ქმედების შედეგად ზნეობრივი და ფიზიკური ტანჯვა იმდენად ძლიერი იყო, რომ იმოქმედა მათ ჯანმრთელობაზე, ნერვულ სისტემაზე. ზ. მ.-ს მიყენებული აქვს სხეულის მრავლობითი დაზიანებები და სახეზე დარჩა წარუშლელი კვალი. მათ მიერ მკვლელობის ჩადენის შესახებ ინფორმაცია პრესასა და ტელევიზიაში მრავალჯერ გამოქვეყნდა. მოსარჩელეებმა 20 000 ლარის ოდენობით მორალური და 12 000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.03.04წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა მ. ა.-ი (ს.ფ. 111). ამავე სასამართლოს 17.03.04წ. განჩინებით შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო საქმეში ჩაება მესამე პირად (ს.ფ. 159).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 06.10.04წ. გადაწყვეტილებით თ. ხ.-ისა და ზ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გ. კ.-ს, გ. კ.-ს, გ. კ.-ს მორალური ზინაის საკომპენსაციოდ სოლიდარულად 2000 ლარის გადახდა დაეკისრათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ხ.-მ, ზ. მ.-მ, გ. კ.-მ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ხ.-ისა და ზ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გ. კ.-ს, გ. კ.-ს, გ. კ.-ს სოლიდარულად დაეკისრათ თ. ხ.-ისა და ზ. მ.-ის სასარგებლოდ 400 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება და მორალური ზიანის ანაზღაურება თ. ხ.-ის სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით და ზ. მ.-ის სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეები თ. ხ.-ი და ზ. მ.-ი ნ. წ.-ის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში 1995 წლის 3 მარტიდან დაკავებული იყვნენ და უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ ორი თვის განმავლობაში. ქალაქ თბილისის პროკურატურის 05.08.95წ. დადგენილებით თ. ხ.-ისა და ზ. მ.-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო. წარმოებით შეწყდა საქმე ზ. მ.-ის მიმართ, საქართველოს რესპუბლიკის სსკ 252-ე მუხლის III ნაწილის ეპიზოდში ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.05.97წ. განაჩენით გ. კ.-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187.3 მუხლით, 195.2 მუხლით, 109 და 191 მუხლებით და საჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლის თავისუფლების აღკვეთა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 10.05.2000წ. განაჩენით გ. კ.-ი გამართლებული იქნა 192.1, 17,192.2, 194-ე მუხლის II და III ნაწილებით და 191-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებებში. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187.3 მუხლით, 195.2 მუხლით და 109-ე მუხლით. სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. გ. კ.-ი გამართლებული იქნა 192.1, 17,192.2, 194-ე მუხლის II და III ნაწილებით და 191-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებებში. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187.3 მუხლით, 195.2 მუხლით და 109-ე მუხლით. სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. გ. კ.-ე გამართლებული იქნა 192.1, 17,192.2, 194-ე მუხლის II და III ნაწილებით და 191-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებებში. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187.3 მუხლით, 195.2 მუხლით და 109-ე მუხლით. სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. აღნიშნულ განაჩენში აგრეთვე მიეთითა, რომ სამოქალაქო სარჩელის საკითხი დარჩა ღიად, რათა დაზარალებულებს მისცემოდათ სარჩელის სამოქალაქო წესით წარდგენის საშუალება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 10.08.2000წ. განჩინებით აფხაზეთის ავტონომიურო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 10.05.2000წ. განაჩენი და გნჩინება შეიცვალა, გ. კ.-ის განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195.2 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილი ბრალდება და 187.3 მუხლით დანიშნული სასჯელი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა. გ. კ.-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195.2 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილი ბრალდება და 187.3 მუხლით დანიშნული სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. გ. კ.-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195.2 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილი ბრალდება და 187.3 მუხლით დანიშნული სასჯელი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.05.97წ. განაჩენის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 10.05.2000წ. განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 10.08.2000წ. განჩინების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ. კ.-ი, როგორც თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს ნ. წ.-ის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ამავე სამმართველოში მუშაობდნენ ინსპექტორები გ. კ.-ე და გ. კ.-ი. გ. კ.-ე, გ. კ.-ი გ. კ.-ის ხელმძღვანელობით სისტემატიურად, პირადი მოტივით ამეტებდნენ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას სასურველი შედეგის მისაღებად. გ. კ.-ი, გ. კ.-თან, გ. კ.-თან ერთად, დაკავებული პირების მიმართ, მათ შორის მოსარჩელე ზ. მ.-ის მიმართ აღიარებითი ახსნა-განმარტებისა და ჩვენების მიღების მიზნით იყენებდა ფიზიკურ ძალადობას, მუქარას. ისინი ჩადიოდნენ დაკავებულების ღირსების შეურაცხმყოფელ სხვა მოქმედებებს. ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას თ. ხ.-ზე, რიგ შემთხვევაში გ, კ.-ი სახეს იმოსავდა ნიღბით და ჩადიოდა მათი ღირსების შეურაცხმყოფელ სხვა მოქმედებებს, ხოლო გ, კ.-ე იყენებდა ტანჯვა-წამების სასტიკ მეთოდს, რაც გამოიხატებოდა დაზარალებულების მიმართ ისეთი ქმედების ჩადენაში, რითაც არსებითად ზიანდებოდა ამ მოქალაქეების უფლებები და კანონიერი ინტერესები. აიძულებდა დაკავებულებს მიეცათ წინასწარი გამოძიებისათვის მათთვის სასურველი ჩვენება მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ. მათ მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად ზემოხსენებულმა პირებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, ხოლო ზ. მ.-მა თვითმკვლელობაც კი სცადა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ფიზიკური პირების მიმართ წარმოებულ სასამართლო პროცესებში მოსარჩელეები თ. ხ.-ი და ზ. მ.-ი მონაწილეობდნენ დაზარალებულების სტატუსით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა 1997წ. სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო, ვინაიდან მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 10.08.2000წ. განჩინებით, ამდენად, 1997წ. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენდა და მოსარჩელეებმა სასამართლოს 30.07.03წ., სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში მიმართეს.
სააპელაციო პალატამ სსკ-ის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადგენილი ფაქტებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.05.97წ. განაჩენით, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 10.05.2000წ. განაჩენის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 10.08.2000წ. განჩინების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო მოსამსახურეების გ. კ.-ის, გ. კ.-ის, გ. კ.-ის ბრალეული მოქმედებების შედეგად მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი, რაც სკ-ის 413.2 მუხლისა და 1507-ე მუხლის I და III ნაწილების შესაბამისად ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს სასარჩელო განცხადებაში მითითებული მატერიალური ხარჯების გაწევა, გარდა ოთხასი ლარის ოდენობით ადვოკატის საზღაურის გადახდისა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უნდა ანაზღაურებოდათ 400 ლარის ოდენობით მატერიალური და სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 377.5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია, არ გაუსაჩივრებია თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 06.10.04წ. გადაწყვეტილებასთან ერთად იმავე სასამართლოს 17.03.04წ. განჩინება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი ეთქვა სათანადო მოპასუხით, თბილისის შსს მთავარი სამმართველოთი შეცვლაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაში იყო შესული, რის გამოც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც მოპასუხეები გ. კ.-ი, გ. კ.-ე და გ. კ.-ი მუშაობდნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გდაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც დაზარალებულებად მონაწილეობდნენ მოსარჩელეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2000 წლის 10 აგვისტოს. თ. ხ.-სა და ზ. მ.-ს ზიანის ანაზღაურების უფლება წარმოეშვათ 2000 წლის 10 აგვისტოდან. კასატორმა აღნიშნა, რომ სკ-ის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანი ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოსარჩელეებს სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში უნდა წარედგინათ 2003 წლის 10 აგვისტომდე. მათ კი, კასატორის განცხადებით, სარჩელი 2003 წლის სექტემბერში შეიტანეს სასამართლოში.
კასატორმა მიუთითა, რომ სკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. კასატორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ვინაიდან აღნიშნული სამინისტრო აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს და თანხის დაკისრების შემთხვევაში მას უნდა დაკისრებოდა მისი ანაზღაურება. კასატორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.10.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს განესაზღვრათ ვადა დასაშვებობის შესახებ მოსაზრებების წარმოსადგენად. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.