Facebook Twitter
¹ბს-998-952(კ-06) 11 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.06წ. განჩინების გაუქმებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანების 516.81 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000 წლის სექტემბრიდან 2003 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში ..... თანამშრომლის თანამდებობაზე. 2003 წლის ოქტომბერში საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოსარჩელის მითითებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის მიმარ ერიცხება სახელფასო დავალიანება 516,81 ლარის ოდენობით, რომელიც დღემდე არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.06წ. გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლდ დაესკირა სახელფასო დავალიანების 516,81 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.06წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.05.06წ. გადაწყვეტილება.
საააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ა-ი 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში უფროსი ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობზე. 2003 წლის ოქტომბერში საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. ა-ის მიმართ სახელფასო დავალიანების ოდენობა შეადგენს 516.81 ლარს.
სააპელაციო პალატის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 2.2 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მის მიმართ გამოიყენება მითითებული კანონის ნორმები. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო- ხელფასი. ხოლო მე-14.1 მუხლის თანამხად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას, საწარმოსგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა მითითებულ ნორმათა მოთხოვნები, ვინაიდან გათავისუფლების დღიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დღემდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გ. ა-ის მიმართ საბოლოო ანგარიშსწორება არ მომხდარა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, იმის თაობაზე რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან დასახელებული მუხლი და ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგეს სახელფასო დავალიანების დაფარვის წესის კანონიერება და შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა აღნიშნულზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.11.06წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 –ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”, ანუ ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად გათვალისწინებულია 140 519, 8 ათასი ლარი, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით. მართალია მოცემულ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანების დაფარვის წესის კანონიერება, მაგრამ სახელფასო დავალიანების გასტუმრება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანუ მითითებული ნორმების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლოს სადავო საკითხის მიმართ გააჩნია ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეს არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.