¹ბს-999-956(კ-07) 13 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 10 ნოემბერს ზ. ღ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 20 ოქტომბრის ¹5619 წერილის და საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2006 წლის 17 ოქტომბრის ¹05/78 წერილის ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემის დავალება, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის მისთვის ომისა და სამხედრო ვეტერანის სტატუსის აღდგენისა და ვეტერანის მოწმობის გაცემის დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1992 წლის 28 აგვისტოს გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ჩაირიცხა ¹... რეზერვისტთა ბატალიონში რიგით მსროლელად. ბატალიონის ძირითად შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობას იღებდა ლესელიძე-გაგრის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში. აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიიღო სხვადასხვა სახის ჭრილობა. ბრძოლებში მიღებული ჭრილობების გამო 1993 წლის 11 მარტს მიენიჭა მე-2 ჯგუფის ინვალიდის სტატუსი, ხოლო 2002 წლიდან მუდმივად დაუდგინდა III ჯგუფის ინვალიდობა და დაენიშნა ომის ვეტერანის პენსია. ამასთან, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ნამდვილად მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში აფხაზეთის რეგიონში.
2006 წლის ივლისის თვეში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა შეწყვიტა მოსარჩელისათვის ინვალიდობის პენსიის გაცემა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულებით დამტკიცებული ახალი ნიმუშის მოწმობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 20 ოქტომბრის ¹5619 წერილის თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა ცნობის გაცემაზე, ხოლო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2006 წლის 17 ოქტომბრის ¹05/78 წერილით, იმ მიზეზით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არ იყო წარდგენილი ე.წ. «ყვითელი ცნობა» საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ზ. ღ.-ს უარი ეთქვა ვეტერანის მოწმობის გაცემაზე.
მოსარჩელის აზრით, ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონო და დაუსაბუთებელია. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2004 წლის ¹175 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის «დ» პუნქტის შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი საბუთები, საბრძოლო მოკვლევა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნები, საპენსიო მოწმობა და სასამართლოს გადაწყვეტილება სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გაეცათ ვეტერანის მოწმობა (ს.ფ. 2-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ღ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის 2006 წლის 20 ოქტომბრის ¹5619 და საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2006 წლის 17 ოქტომბრის ¹05/78 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ზ. ღ.-ის მიმართ გაეცა ცნობა მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში _ აფხაზეთში მონაწილეობის შესახებ, დაევალა საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს, აღედგინა ზ. ღ.-სათვის ომისა და სამხედრო ვეტერანის სტატუსი და გაეცა ვეტერანის მოწმობა.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა შემდეგი მოსაზრებებით:
საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა ¹... ... ...-ით ზ. ღ.-ე წარმოადგენდა ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს და სარგებლობდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით.
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის ფილიალის 2006 წლის 17 აგვისტოს ¹17084 ცნობით იგი იმყოფებოდა აღრიცხვაზე აღნიშნული ფონდის ...-ის ფილიალში, როგორც აფხაზეთის ომის მონაწილე და იღებდა ინვალიდობის III ჯგუფის პენსიას უვადოდ.
საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ყოფილი ...-ე რეზერვისტთა ბატალიონის მეთაური ს. მ.-ი, ყოფილი ...-ე რეზერვისტთა ბატალიონის შტაბ-ბინის უფროსი ზ. ს.-ი, ყოფილი ...-ე რეზერვისტთა ბატალიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი გ. კ.-ე ადასტურებდნენ, რომ ზ. ღ.-ე 1992 წლის 28 აგვისტოს გაწვეულ იქნა ნაძალადევის რაიონის კომისარიატის მიერ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს ...-ე რეზერვისტთა ბატალიონში რიგით მსროლელად. მოსარჩელე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობდა ლესელიძე-გაგრის მიმართულებებზე წარმოებულ ბრძოლებში. 1992 წლის 2 ოქტომბერს «გრებეშიკზე» მოწინააღმდეგის შემოტევისას დაიჭრა მარცხენა ბარძაყის არეში, ბარძაყის ძვლის მრავალნამსხვრევითი მოტეხილობებით.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ ზ. ღ.-ე 1992 წლიდან მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში აფხაზეთის რეგიონში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), ასევე თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე მოქმედება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სადავო წერილის თანახმად, დეპარტამენტის 1992-1993 წლების საარქივო მასალებში არ მოიპოვებოდა ბრძანებები ზ. ღ.-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვის და ამორიცხვის შესახებ. იქვე მითითებული იყო, რომ იგი გადიოდა მხოლოდ ...-ის რაიონის კომისარიატის მიერ გაწვეულ ...-ე ბატალიონის რეზერვისტთა სახელობით სიაში, რიგითი ნომრით «...». თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო ზ. ღ.-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც არ იყო სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ მოსარჩელე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, რაც მოპასუხემ არ გაითვალისწინა (ს.ფ. 36-40).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იმ ნაწილში, რომლითაც მას დაევალა ზ. ღ.-ის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში _ აფხაზეთში მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში მოსარჩელის განცხადების შესაბამისად ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლითაც დადგინდა, რომ საარქივო მასალებში მის მიმართ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2004 წლის 20 ივლისის ინსტრუქციის თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ხდება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ. არც აღნიშნულ ინსტრუქციაში და არც სხვა სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული, რომ იმ პირთა მიმართ, რომელთა მონაცემებიც (ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები ან სხვა რაიმე დოკუმენტი) თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება, სამინისტრო ვალდებულია ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა და გასცეს შესაბამისი ცნობა. ამასთან, მოსარჩელესთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტრომ ერთხელ უკვე მოახდინა საქმის ადმინისტრაციული წარმოება, გადაამოწმა არსებული საარქივო მასალები და გასცა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2006 წლამდე ჰქონდა ვეტერანის სტატუსი, ასევე შესაბამისი ვეტერანის მოწმობა, რასაც მხოლოდ მოქმედების ვადა ამოეწურა. ნიმუშის შეცვლის გამო, ხელახალი რეგისტრაციის განხორციელება კი სწორედ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციაა, უფრო მეტიც, ვეტერანის მოწმობას გასცემს მხოლოდ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ 2006 წელს თავდაცვის სამინისტრო ვერ გამოსცემდა 1992-1993 წლებში მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებებს და უკვე ვეტერანის სტატუსის მქონე პირზე ვერ აწარმოებდა მოკვლევას, რადგან მხარეს ვეტერანის მოწმობა უკვე გააჩნდა და იგი ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს სადავოდ არ გაუხდია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ საკითხი შესწავლილი და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო ვეტერანთა დეპარტამენტში და არა თავდაცვის სამინისტროში (ს.ფ. 49-50).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა ვერ გააბათილა ის სამართლებრივი დასკვნები, რომელიც მოცემულ საქმეზე დადგინდა საქალაქო სასამართლოს მიერ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ს.ფ. 76-80).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტად, რადგან იგი გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...
პირადი შემადგენლობის დებულების მე-6 მუხლის «ტ» პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, საარქივო მასალების გამოკვლევის გზით.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ 2006 წლის 20 ოქტომბრის ¹5619 ადმინისტრაციული აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემულ აქტად. ასეც რომ ყოფილიყო, აღნიშნული არ შეიძლებოდა გამხდარიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული აქტის ბათილობის საფუძველი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს იმ ნორმებზე მითითებას, რომლის საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციული აქტი, ხოლო 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი აქტის ბათილობას ითვალისწინებს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე (ს.ფ. 103-106).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.