ბს-04-04(კს-08) 3 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. პ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. პ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვლის განჩინებებზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მ. პ.-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261.1. მუხლი და განმარტა, რომ 2007 წლის 17 იანვარს მ. პ.-ის მიერ შეტანილი კერძო საჩივარი, რომლის განხილვასაც ითხოვდა განმცხადებელი, არ მოიპოვებოდა საქმეში და შესაბამისად არ წარმოადგენდა დავის საგანს. აღნიშნული კერძო საჩივარი იხილებოდა სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობის მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა იმ დავის საგანზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობის განხილვაში იმყოფებოდა /იხ.ს.ფ. 92-95/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. პ.-მ, რომელმაც მოითტხოვა სააპელციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის წარმოებაში მიღება, შემდგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რამდენადაც მოსარჩელემ სასამართლოსაგან მოითხოვა მ. პ.-ის 2007 წლის 19 მარტისა და 2007 წლის 11 ოქტომბრის კერძო საჩივრების ერთ წარმოებად გაერთიანება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 261.1. მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე უნდა მიეღო ახალი გადაწყვეტილება, რომელითაც შეცვლიდა სასამართლოს წინმსწრებ განჩინებებს.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს არ გამოუტანია განჩინება მისი წარმომადგენლის 2006 წლის 25 სექტემბრის განცხადებაზე ხარვეზის შევსების შესახებ, რის გამოც სსსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად მ. პ.-ის სარჩელი ითვლება წარმოებაში მიღებულად. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუტანია განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის 2007 წლის 17 იანვრის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება და სააპელაციო სასასამრთლოს განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა 2007 წლის 19 მარტის კერძო საჩივართან ერთად მისი რწმუნებულის მიერ 2007 წლის 17 იანვარს წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვას /იხ.ს.ფ. 108-112/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. პ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი არ ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტისა და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 თებერვლის განჩინებით მ. პ.-ის წარმომადგენელ ბ. ბ.-ს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. პ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალების მიხედვით, 2007 წლის 13 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. პ.-მ, რომლითაც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მისი წარმომადგენლის 2007 წლის 17 იანვარს შეტანილ კერძო საჩივარზე.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნათა გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებები და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწტყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური წინაპირობები, რამდენადაც 2007 წლის 17 იანვრის კერძო საჩივარი, რომლის განხილვასაც ითხოვდა მ. პ.-ე, სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობის მიერ იხილებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობის განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობთ გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში. ამასთან, სასამართლო შეზღუდულია მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე იმსჯელოს იმ მოთხოვნებზე, რომელიც დავის საგანს არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასამართლოს არ გამოუტანია განჩინება მისი წარმომადგენლის 2006 წლის 25 სექტემბრის განცხადებაზე ხარვეზის შევსების შესახებ, რის გამოც სსსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად მ. პ.-ის სარჩელი ითვლება წარმოებაში მიღებულად. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუტანია განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის 2007 წლის 17 იანვრის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად მ. პ.-ის წარმომადგენლის 2006 წლის 25 სექტემბრის განცხადებაზე ხარვეზის შევსების შესახებ, საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 29 სექტემბერს გამოიტანა განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ /იხ.ს.ფ.20/, ხოლო სარჩელის მიღებაზე უარი მოსარჩელეს ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ მითითებლი ხარვეზი მხარეთა მიერ საპროცესო ვადაში არ იქნა შევსებული.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასამართლომ არ იმსჯელა 2007 წლის 17 იანვრის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მ. პ.-ის წარმომადგენლის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და განცხადება არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო /იხ.ს.ფ.48-50/. ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის მოტივების გაზიარების პროცესუალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა იმ მოთხოვნებზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობის წარმოებაში მყოფ საქმეში წარმოადგენდა დავის საგანს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს ახალი გადაწყვეტილება მ. პ.-ის კერძო საჩივართან დაკავშირებით, ამასთან შეცვალოს მოცემულ საქმეში წინმსწრები განჩინებები, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი (საბოლოო) გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების პირობებში სსსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, მაშინ, როცა კერძო საჩივრით კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ, რომელზედაც ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სასამართლოს მიერ პროცესუალურად შეუძლებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. პ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. პ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.