Facebook Twitter
¹ბს-18-18(კს-08) 28 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “ს. ს. ს-ო”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციას დაევალა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 4 თებერვლის ¹43 და საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 21 მაისის ¹138 ბრძანებების შესასრულებლად სანაოსნოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 1999 წლის 1 აპრილისათვის გადახდილი თანხების ჩათვლის განხორციელება დარიცხული გადასახადების ანგარიშში და აღნიშნულზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა; სანაოსნოს უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს მოეხსნა ყადაღა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარის ყველა გადაწყვეტილება (განკარგულება, აქტი), რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების აღსრულებასთან და შეეხებოდა 2002 წლის 12 ივლისსა და 9 აგვისტოს გამართულ აუქციონებსა და მათ შედეგებს, მათ შორის 2002 წლის 15 ნოემბრის განკარგულებას საქმის აცილებისა და პ. ს-თვის გადაცემის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი შპს “დ-ის” 2002 წლის 10 ივნისის აუდიტორული დასკვნა; ბათილად იქნა ცნობილი სასამართლო აღმასრულებელ პ. ს-ის ყველა განკარგულება, რომლებიც მის მიერ იყო მიღებული, თ. დ-ის 2002 წლის 15 ნოემბრის განკარგულებით გადაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003 წლის 27 იანვრის ¹5 დადგენილება; შპს “ს. ს. ს-ოს” სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 2,5 მილიონი აშშ დოლარის (4 175 000 ლარის) გადახდის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი შპს “ს. ს. ს-თვის” 711 888 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ს. ს. ს-ომ”, ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. მოგვიანებით, შპს “ს. ს. ს-ომ” ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც უარი განაცხადა სარჩელის იმ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სააღსრულებო განკარგულებებისა და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003 წლის 27 იანვრის ¹5 დადგენილების იმ ნაწილს, რომლითაც სანაოსნოს კუთვნილი შენობა საგადასახადო დავალიანების ანგარიშში გაიტანეს აუქციონზე და ნატურით გადაეცა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო შემდგომში ბალანსიდან ბალანსზე _ ქ. ბათუმის მერიას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შპს “ს. ს. ს-ოს” ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღე და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, შპს “ს. ს. ს-ოს” მიერ არ იყო წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ასლები მოწინააღმდეგე მხარეებისათვის გადასაცემად და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 15 000 ლარს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ შპს “ს. ს. ს-ოს” და მის წარმომადგენელს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შპს “ს. ს. ს-ოს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა ამავე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებდა საჩივრის შემტან პირს, შეევსო ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავდა ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეტყობინების ბარათით საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ, დასტურდებოდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინების ასლი შპს “ს. ს. ს-ოს” ჩაჰბარდა 2007 წლის 8 ნოემბერს, მაგრამ განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს. ს. ს-ომ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების უზრუნველყოფა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხარვეზის შევსების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინება შპს “ს. ს. ს-ოს” ჩაჰბარდა 2007 წლის 8 ნოემბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის ათვლა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც გათვალისწინებულია მისი დასაწყისი. ხარვეზის დაწესების შესახებ განჩინებით განსაზღვრული ვადის დენა აპელანტისათვის დაიწყო 9 ნოემბერს. შესაბამისად, აღნიშნული თხუთმეტდღიანი ვადა იწურებოდა 2007 წლის 23 ნოემბერს.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის “ნ” ქვეპუნქტის თანახმად, 23 ნოემბერი, გიორგობის დღე, არის უქმე დღე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 23 ნოემბრის მომდევნო დღეები კი იყო დასვენების დღეები _ შაბათ-კვირა, ხოლო პირველი სამუშაო დღე ორშაბათი _ 26 ნოემბერი.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს “ს. ს. ს-ომ” ხარვეზი შეავსო 2007 წლის 26 ნოემბერს, შეამცირა თავის სასარჩელო მოთხოვნა, უარი განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 4175000 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე და შესაბამისად, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად, 2007 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩააბარა ფოსტას.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შპს “ს. ს. ს-ოს” დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ბაჟის გადახდის ქვითართან ერთად ჩაჰბარდა 2007 წლის 3 დეკემბერს, რაც დასტურდება შეტყობინების ბარათზე საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ დასმული შტამპით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გონივრულ ვადაში არ დაელოდა საფოსტო გზავნილის მიღებას და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტი ტერიტორიულად იმყოფებოდა ქ. ბათუმში.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს “ს. ს. ს-ოს” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 28 თებერვალს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “ს. ს. ს-ოს” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) საკასაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით შპს “ს. ს. ს-ოს” სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესდა საპროცესო ვადა _ 15 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ დაწესებულ ვადაში მას სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტ.VI, ს.ფ.6-8).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინების ასლი ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა აპელანტს _ შპს “ს. ს. ს-ოს” (ტ.VI, ს.ფ. 10). შეტყობინების ბარათით საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გზავნილი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინების ასლი) ადრესატს ჩაჰბარდა 2007 წლის 8 ნოემბერს (ტ. VI, ს.ფ. 15).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს “ს. ს. ს-ომ” დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც უარი განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 4175000 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა ფოსტის მეშვეობით (ტ. VI, ს.ფ. 38-41). საკასაციო სასამართლოს საფოსტო გზავნილზე დასმული შტამპით დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული გზავნილი ბათუმის ფოსტას ჩაჰბარდა 2007 წლის 26 ნოემბერს (ტ. VI, ს.ფ. 41).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დინება იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 8 ნოემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გამოთვლა უნდა დაიწყოს 2007 წლის 9 ნოემბრიდან. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაუწესდა ვადა 15 (თხუთმეტი) დღე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას შეეძლო განჩინებით დაწესებული ხარვეზი შეევსო 2007 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით. საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის “ნ” ქვეპუნქტის მიხედვით, უქმე დღეა 23 ნოემბერი _ გიორგობის დღე. რაც შეეხება 24-25 ნოემბერს, იყო შაბათ-კვირა, ანუ არასამუშაო დღეები. აქედან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2007 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2007 წლის 26 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც არსებობს აღნიშნული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “ს. ს. ს-ოს” კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. “ს. ს. ს.-ოს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.