Facebook Twitter
¹ბს-216-205(კს-07) 10 აპრილი, 2007წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ტ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნომბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კ. ტ-ემ 2005 წლის 6 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 3 აპრილის ¹889 ბრძანების მისი გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიის 2005 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 3 აპრილის ¹889 ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის ....-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ..... მსუბუქი ქვეითი ასეულის .... მსუბუქი ქვეითი ოცეულის ..... მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის ..... (შტატი ¹....) კ. ტ-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნისა და კონტრაქტის შეწყვეტის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვისა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნის ნაწილში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა (ს.ფ. 38-41).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 45-47).
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარეები პროცესზე არ გამოცხადდნენ (ს.ფ. 61).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები შემდეგში მდგომარეობს:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეებს სასამართლო უწყებები სხდომის თარიღის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაჰბარდათ, მაგრამ მათ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ გამოუცხადებლობის მიზეზი და არც საქმის გადადების მოთხოვნით მიუმართავთ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი უშვებს შესაძლებლობას, სასამართლომ განუხილველად დატოვოს სარჩელი ორივე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, კერძოდ: სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ერთი და არა ორი მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. ორივე მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვის პირობები უშუალოდ დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ადმინისტრაციული საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად. ამ დებულებიდან კი, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მხარეთა წერილობითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში საქმე განიხილოს მათ დაუსწრებლად. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე თავის დებულებების, მათ შორის, საქმის განუხილველად დატოვებაზე ამავე კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენებას, ამასთან, იგი არ ზღუდავს 29-ე თავის ნორმების, კერძოდ _ 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას (ს.ფ. 62-65).
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოს მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, მხარეთა დაუსწრებლად უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება (ს.ფ. 73-74).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი (“დ” ქვეპუნქტი) და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი, რომლებიც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის გამოყენებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი (“დ” ქვეპუნქტი), ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე და 261-ე მუხლების საფუძველზე დაუშვებელია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რის გამოც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საპროცესოსამართლებრივი შედეგი არ შეიძლება იყოს საქმის განუხილველად დატოვება
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი იმ შემთხვევაში, თუკი თავად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე თავის დებულებები. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი განთავსებულია ამავე კოდექსის 29-ე და არა 26-ე თავში, მაგრამ აღნიშნული, თუნდაც ფორმალური საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით, არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ 275-ე მუხლის (“დ” ქვეპუნქტი) გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლისაგან (“დ” ქვეპუნქტი) განსხვავებულ წესს ადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას გააჩნია მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის მექანიზმი, ამ სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპის გამოყენების მეშვეობით, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებშია განმტკიცებული, კერძოდ: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად, ხოლო, ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებისა, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს მსგავს უფლებამოსილებას არ იცნობს სამოქალაქო სამართალწარმოება, სადაც, დისპოზიციურობის ელემენტის დიდი მნიშვნელობის გამო, დასაშვებია მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელის განუხილველად დატოვება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი (მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა), ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებისაგან, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილისაგან განსხვავებული წესის დამდგენ ნორმას, რის გამოც მისი გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის პირობის არარსებობის გამო 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების საფუძვლების ასევე არარსებობის თაობაზე. მითითებული 27-ე მუხლის თანახმად, მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაძლებლობა, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოითხოვონ მათ დაუსწრებლად საქმის განხილვა. აღნიშნული ნორმა განსხვავდება 261-ე მუხლის მე-2 ნაწილისაგან იმით, რომ მის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ დაუსწრებლად განიხილოს საქმე, მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა ეს მათ, ხოლო 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით მხარეებს ენიჭებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, მოითხოვონ მათ დაუსწრებლად საქმის განხილვა. ამასთან, ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ზემოაღნიშნული 27-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა _ მხარეთა წერილობითი თხოვნა საქმის მათ დაუსწრებლად განხილვის შესახებ, არ გამორიცხავდა სასამართლოს მიერ 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.