Facebook Twitter
ბს-259-245(კს-07) 11 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

Nნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი(მოსარჩელე) _ სს «.... ბანკის» ლიკვიდატორი

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია

მესამე პირები _ საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

14.06.05წ. სს «..... ბანკის» ლიკვიდატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 24.01.05წ. მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის 21.01.05წ. ¹53 შEტყობინება. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 31.12.04წ. ¹846 განკარგულებით სს «.... ბანკს» გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია, დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი. «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11.07.03წ. ¹159 ბრძანებით დამტკიცებული «კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის» შესაბამისად, ეროვნულ ბანკში არსებული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშები გარდაიქმნება სალიკვიდაციო ანგარიშებად. ბანკში შეწყდა პროცენტისა და საურავების დარიცხვა დეპოზიტებისა და სხვა ვალდებულებებზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას ბანკის მიმართ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება განხორციელდებოდა კანონით განსაზღვრული თანამიმდევრობით. მოსარჩელის აზრით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრული გირავნობის უფლება და 87-ე მუხლის შესაბამისად ქონების დაყადაღება და რეალიზაცია ვერ მოხდებოდა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ, ვინაიდან გირავნობის უფლება 85-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სახელმწიფოს უფლებას. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის თავისებურებები სპეციალურად იყო დადგენილი კანონით. მოსარჩელის განმარტებით, ლიკვიდატორის უფლებები და ვალდებულებები დადგენილი იყო განსაკუთრებული პროცედურებით. ლიკვიდატორი ვალდებული იყო კრედიტორთა დაკმაყოფილება განეხორციელებინა კანონით დადგენილი რიგითობით. მოსარჩელის განმარტებით, 24.01.05წ. მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის 21.01.05წ. ¹53 შეტყობინების შესაბამისად ვერანაირ ღონისძიებებს ვერ გაატარებდა. უკანონო იყო 2004 წლის 31 დეკემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.7%-ის ოდენობით საურავის დარიცხვა. შეტყობინების მიხედვით 6 706 094. 65 დავალიანებიდან მხოლოდ 462 416 ლარი შეადგენდა ძირითად თანხას, 6 243 678.11 ლარი შეადგენდა სანქცია-საურავს. საურავის საურავი და სანქციის სანქცია კი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დაუშვებელი იყო. ბანკის ლიკვიდატორმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო სადავო თანხის დაკისრების საფუძველი. შესაბამისი დოკუმენტაცია ვერც საგადასახადო სამსახურმა მიაწოდა და ვერც სს «.... ბანკში» არსებულ დოკუმენტაციაში მიაკვლია. ერთადერთი სავარაუდო საფუძველს, მისი აზრით, ქმნიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.1004წ. განჩინება. ბანკს მიღებული ჰქონდა 2004 წლის ნოემბრის ბოლოს ¹11/4183 წერილი, რომლითაც ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე მოპასუხე ორგანიზაცია ითხოვდა ბანკისაგან 2 516 085 ლარის გადახდას. აღნიშნული თანხა შედგებოდა 1 925 335 ლარის ოდენობით საქართველოს კონტროლის პალატის 23.03.01წ. აქტის შესაბამისად დაკისრებული საურავისაგან და 590 750 ლარის ოდენობით საქართველოს კონტროლის პალატის 05.03.02წ. აქტით დაკისრებული თანხისაგან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ არ აღიარებდა 6 706 094.65 ლარის გადახდის ვალდებულებას და ლიკვიდაციაში მყოფ სს «.... ბანკის» მიმართ 6 706 094.65 ლარის ოდენობით გირავნობის უფლების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 15.06.05წ. განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად იქნენ ჩაბმული საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავალინების დაანგარიშება მოხდა სწორად. დავალიანება აღიარებულია საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად. საგადასახადო გირავნობის უფლება არ გამოიყენება 85-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე დროს ქონების გაყიდვისას უქმდება გირავნობის რეგისტრაციის შემდგომ წარმოშობილი უფლებები, მაგრამ ძალაში რჩება უფლების წარმოშობამდე არსებული სხვა გირავნობის ან იპოთეკის უფლებები. ამასთან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელის 2 მილიონამდე ოდენობით დავალიანების არსებობა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ თანხაზე დარიცხვით მოხდა გადასახდელი თანხის გაზრდა 6 მილიონამდე.
სააღსრულებო ბიურომ და ეროვნულმა ბანკმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ სადავოდ არ ხდიდნენ თანხის ოდენობას, მაგრამ აღნიშნეს, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სპეციალური კანონი ,,კომერციული ბანკების შესახებ" და აღნიშნული კანონით დადგენილი რიგითობის წესი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 14.07.05წ. განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის მარტის და 2002 წლის მარტის თვეში საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შედგენილი აქტების საფუძველზე სს ,,.... ბანკს" საურავის სახით გადასახდელად დაერიცხა შესაბამისად 1295335 და 590750 ლარი. აღნიშნული დავალიანება სადავოდ იქნა გახდილი სს ,,.... ბანკის" მიერ და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი იქნა აღძრული სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 07.08.03წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ძალაში იქნა დატოვებული კონტროლის პალატის გასაჩივრებული აქტები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაეკისრა 1 295 335 ლარი და 590750 ლარის ოდენობით საურავის გადახდა. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.10.04წ. განჩინებით. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 31.12.04წ. ¹846 განკარგულებით სს ,,.... ბანკს" გააუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი. 24.01.05წ. მოსარჩელემ მიიღო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციის ¹53 შეტყობინება ,,.... ბანკის" მთელი ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის თაობაზე 6243678.11 ლარის დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის უპირატესი გამოყენების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლი ითვალისწინებდა აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო გირავნობის უფლების გამოყენებას. მითითებული მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებდა შემთხვევას, როდესაც საგადასახადო ორგანო არ იყო უფლებამოსილი გამოეყენებინა საგადასახადო გირავნობის უფლება. გადასახადების დაბეგვრისას საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლი უპირატესობას ანიჭებდა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებას. სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონის უპირატესი გამოყენების ვალდებულება, საგადასახადო კოდექსის ნორმები სპეციალური ნორმები იყო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გადახდევინების განხორციელებისას, ხოლო ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონი კომერციულ ბანკებთან დაკავშირებული ურთიერთობისას. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონი განსაზღვრავდა ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში უფრო გვიან მიღებული ნორმის გამოყენების წესს და საერთოდ არ ითვალისწინებდა ასეთ დროს სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის გამოყენების უპირატესობას. საქართველოს საგადასახადო კანონი წარმოადგენდა უფრო გვიან მიღებულ კანონს ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონთან შედარებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ წარმოადგინა სადავო თანხის დაკისრების საფუძველი. წარმოდგენილი ინფორმაციით და თანდართული ამონაწერით პირადი აღრიცხვის ბარათიდან დადგინდა, რომ «.... ბანკს» ერიცხებოდა დღგ-ს ძირითადი თანხა 467972.11 ლარის ოდენობით, საურავი _515895,33 ლარის ოდენობით. სხვა გადასახადში 1923084 ლარის ძითადი თანხა, საურავი-3800007.87 ლარი. ამასთან 2006 წლის მარტის მდგომარეობით სალდირებული დავალიანება შეადგენდა 7936939 ლარს. მოსარჩელემ ვერ წარმოდგინა მტკიცებულებანი, რომელბიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ განხორციელდა საურავზე საურავის დარიცხვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.08.03წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «.... ბანკის» ლიკვიდატორმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი და დაევალა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აპელანტმა 23.02.07წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის 15.02.07წ. ¹ქი/774 და ¹ქი/775 ბრძანებებით ბანკის ქონებაზე და სალიკვიდაციო ანგარიშზე ყადაღა იყო დადებული. ყადაღას საფუძვლად დაედო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტები. აღნიშნული ბრძანებებით ბანკს აეკრძალა ქონებისა და თანხების განკარგვა, რის გამოც სს «.... ბანკი» მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. თუმცა ამ შესაძლებლობის შემთხვევაშიც ბანკს მცირე თანხების გადახდის საშუალება ექნებოდა. განმცხადებელმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. განჩინებით სს «.... ბანკის» ლიკვიდატორის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი, რომელიც დადგენილ ვადაში მხარემ არ შეავსო, მითითებული გარემოება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს «.... ბანკის» ლიკვიდატორმა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სს «.... ბანკში» წარდგენილი იყო ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 15.02.07წ. ¹ქი/774 და ¹ქი/775 ბრძანებები ბანკის ქონებაზე და სალიკვიდაციო ანგარიშზე ყადაღის დადების თაობაზე. ყადაღის საფუძველი იყო საგადასახადო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნული ბრძანებებით ბანკს აეკრძალა ქონებისა და თანხების განკარგვა, რის გამოც სს «... ბანკმა» სააპელაციო საჩივრის ხარვეზი ვერ გამოასწორა.
კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სს «.... ბანკის» გაკოტრების პროცესში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების ზუსტი და რეალური ოდენობის დადგენას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ბანკის სხვა კრედიტორული დავალიანებების, მათ შორის, საანაბრე და საპენსიო დავალიანებების დაფარვისათვის. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «.... ბანკის» ლიკვიდატორის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ან შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა გადაუვადდებათ იურიდიულ პირებს, თუ სახელმწიფო ბაჟი აღემატება მხარის ყოველთვიური შემოსავლების 5%-ს.
საქმეში დაცულია ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 15.02.07წ. ¹... და ¹.... ბრძანებები ბანკის ქონებაზე და სალიკვიდაციო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე. აღნიშნული ბრძანებებით ბანკს აეკრძალა ქონების და თანხების განკარგვა, რის გამოც არსებობს ბანკის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ობიექტური წინაპირობა. სააპელაციო პალატამ ხსენებული გარემოებების შეფასების გარეშე განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. ასეთ პირობებში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე დაუსაბუთებელი უარის ტოლფასია(იხ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 31.07.07წ. გადაწყვეტილება საქმეზე საფეხბურთო კლუბი «...» საქართველოს წინააღმდეგ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს «.... ბანკის» ლიკვიდატორის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «.... ბანკის» ლიკვიდატორის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. განჩინება;
2. საქმე სს «.... ბანკის» ლიკვიდატორის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.