Facebook Twitter
ბს-538-514(კს-07) 15 ნოემბერი, 2007წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ნ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 25 იანვარს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა მოვალის, ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველოს კუთვნილი ქონების _ ........... ქ. ¹42-ში მდებარე შპს “ტ-ის” ადმინისტრაციული შენობის (ნარჩენი ღირებულებით 12753 ლარი), ფინური შენობის (ნარჩენი ღირებულებით 19391 ლარი), ბოქსების (ნარჩენი ღირებულებით 510 ლარი), 0,85 ჰა მიწის ნაკვეთის (ნარჩენი ღირებულებით 2693 ლარი, სულ _ 35430 ლარის ოდენობით) დაყადაღება-რეალიზაციის გზით.
განმცხადებლის მითითებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მის სასარგებლოდ 37349,24 ლარის გადახდა დაეკისრა, რაზეც 2003 წლის 5 ნოემბერს ამოწერილ იქნა სააღსრულებო ფურცელი და გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცელთან ერთად სისრულეში მოსაყვანად იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ზესტაფონის სასამართლო აღმასრულებელ გ. დ-ეს გადაეცა. 2007 წლის 10 იანვარს განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 11 აგვისტოს ¹171 მიმართვით მოვალეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, მაგრამ ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველოს 2005 წლის 1 ნოემბრის პასუხით, მოვალემ შეუძლებლად მიიჩნია ვალდებულების შესრულება იმ მიზეზით, რომ არ გააჩნდა საკუთარი ანგარიში. განმცხადებლის მოსაზრებით, ვინაიდან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28.1 მუხლის თანახმად, ფულით ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას, სააღსრულებო სამსახური ვალდებული იყო გადაუდებელი ღონისძიების სახით აღეწერა და დაეყადაღებინა მოვალის კუთვნილი ქონება, რომელიც შემდგომში შეიძლებოდა, მიქცეული იძულებით აღსასრულებლად. სასამართლო აღმასრულებელმა სრულიად უსაფუძვლოდ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28.5 და 92-ე მუხლებზე მითითებით საქმე სააღსრულებო დეპარტამენტში გადააგზავნა, რითაც ხელი შეეშალა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული, განმცხადებლის მოსაზრებით, ხელს უშლიდა მისი კანონიერი უფლების უზრუნველყოფას, რის გამოც მიზანშეწონილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263.1 მუხლით განსაზღვრული აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა. განმცხადებელი ითხოვდა გადაწყვეტილების აღსრულებას მოვალის საკუთრებაში არსებული იმ ქონების დაყადაღება-რეალიზაციით, რომელშიც პირდაპირ და უშუალოდ განივთებული იყო მისი ფული. 1993 წელს მრავალდარგოვანი სახელმწიფო საწარმო “ტ-ის” ძირითადი ქონების პრივატიზების დროიდან დღემდე. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით შპს “ტ-ი” დაფუძნებულია მისი მოვალის მიერ 100%-იანი ქონებრივი წილით სწორედ სახაზინო საწარმო “ტ-ის” ქონებაზე და ფუნქციონირებს იმ ქონებით, რომელშიც ნ. ნ-ის ფულია განივთებული, იმავე ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (ს.ფ. 2-3).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ს.ფ. 42).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით ნ. ნ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. ნ-ემ პრივატიზაციის წესით შეიძინა “ტ-ი,” მაგრამ მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრივატიზება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, ნ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალტის 2003 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პირივატიზების სამმართველოს ნ. ნ-ის სასარგებლოდ 37349,24 ლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ ვინაიდან ვერ მოხდა თანხის ამოღება, ნ. ნ-ემ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა იმ თვალსაზრისით, რომ “ტ-ის” ობიექტები გადაეცეს კუთვნილი თანხის სანაცვლოდ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 921-ე მუხლის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ^იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 3 თვის შემდეგ, ან მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი უარს განაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფაზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი (ს.ფ. 52-53).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა განცხადებით დასაბუთებულ მოთხოვნას, როდესაც გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, თითქოს, ნ. ნ-ე მოითხოვს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას იმ თვალსაზრისით, რომ “ტ-ის” ობიექტები გადაეცეს დავალიანების სანაცვლოდ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. განცხადების როგორც შინაარსში, ისე მოთხოვნით ნაწილში, ცალსახად და არაორაზროვნადაა აღნიშნული, რომ განმცხადებელი მოითხოვს აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას იმ საწარმოს ქონების ნაწილის დაყადაღება-რეალიზაციის გზით, რომელშიც პირდაპირ და უშუალოდ განივთებულია მისი ფული, შპს “ტ-ში” ნ. ნ-ის ფულის განივთების რეალობას კი სასამართლო არ უარყოფს და არც სადავოდ მიიჩნევს.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ იმსჯელა განცხადებაში აღნიშნულ მოთხოვნაზე უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით, არ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28.1 მუხლი და არასწორად გამოიყენა ამავე კანონის 921-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ იძულებითი აღსრულების წესები და შესაძლებლობები ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გზით, რა ფორმითაც, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება პარლამენტის მასშტაბით საკითხის გამოკვლევისა და გადაჭრის გარეშე (ს.ფ. 57).


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ნ. ნ-ის კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნ. ნ-ეზე, როგორც კრედიტორზე, 2003 წლის 5 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველოს მის სასარგებლოდ 37349,24 ლარის გადახდა დაეკისრა (ს.ფ. 10). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 11 აგვისტოს ¹171 მიმართვით მოვალეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე (ს.ფ. 13). საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ზესტაფონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 1 ნოემბრის პასუხით კრედიტორმა უარი განაცხადა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებაზე იმ მოტივით, რომ სამმართველოს არ გააჩნდა ანგარიში (ს.ფ. 14), რის შემდეგაც იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს (ს.ფ. 15).
2007 წლის 25 იანვარს ნ. ნ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა მოითხოვა შპს “ტ-ის” კუთვნილი ქონების დაყადაღება-რეალიზაციის გზით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით შეცვალოს აღსრულების საშუალება და წესი. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მასზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორი არის ნ. ნ-ე, ხოლო მოვალე _ ქონების მართვისა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველო. აღსრულების საშუალებისა და წესის შევცლის სახით კრედიტორი ითხოვს შპს “ტ-ის” ქონების იძულებითი წესით გასხვისებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა ნიშნავს აღსრულების ერთი სახის მეორე სახით შეცვლას, რა დროსაც იცვლება მხოლოდ აღსრულების ფორმა და არა _ კრედიტორი და მოვალე.
მოცემულ შემთხვევაში ქონება, რომლის დაყადაღებასა და რეალიზაციას ითხოვს ნ. ნ-ე, არის შპს “ტ-ის” საკუთრება. აღნიშნული საწარმო, საქმეში წარმოდგენილი ზესტაფონის რაიონის გამგეობის სხდომის 1997 წლის 16 მაისის ¹66 დადგენილებით, შექმნილია ყოფილი მრავალდარგოვანი საწარმო “ტ-ის” ბაზაზე, როგორც სახაზინო საწარმო “ტ-ი,” ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ნოემბრის დადგენილების თანახმად, სახაზინო საწარმო “ტ-ი” გარდაიქმნა შპს “ტ-ად” სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით (ს.ფ. 23; 27-28). ამდენად, სრულიად ცალსახაა და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს “ტ-ი” დღეისათვის წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო იურიდიულ პირს და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობების დამოუკიდებელ მონაწილეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი დამფუძნებელი. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც განმცხადებელი ითხოვს შპს-ის ქონებაზე აღსრულების მიქცევას, იგი არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შპს “ტ-ი” სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება და შპს “ტ-ის” ქონებაზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა გამოიწვევდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის სრულიად სხვა სუბიექტით შეცვლას, რის შედეგადაც სახეზე იქნებოდა არა აღსრულების წესისა და საშუალების, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლა, რაც დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია არსებითად სწორი განჩინება, რის გამოც კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 აპრილის განჩინება.
3. ნ. ნ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.