¹ბს-994-951(კს-07) 6 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ლ.-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, მას წარმოებაში ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 1 ივნისის ¹3ბ/1938-05 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ვ. ლ.-ის საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის 18 აპრილამდე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 945,89 ლარის ოდენობით და დარჩენილი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ხელფასის სახით საბოლოო აღდგენამდე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 10 ივლისის წერილის თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის ¹3ბ/699-05 გადაწყვეტილება უკვე აღსრულდა: დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 18 აპრილის ¹78 ბრძანებით ვ. ლ.-ე აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე, ხოლო 2005 წლის 2 ივნისის ¹311-კ ბრძანებით კვლავ გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან საკონკურსო-სატესტაციო კომისიის 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში მითითებული იყო დარჩენილი იძულებითი განაცდური თანხის ანაზღაურება ხელფასის სახით მის საბოლოო აღდგენამდე და კრედიტორი ითხოვდა საბოლოო აღდგენას, სააღსრულებო ბიურომ მოითხოვა განმარტება, თუ რა იგულისხმებოდა «საბოლოო აღდგენაში» და ჰქონდა თუ არა ვ. ლ.-ს კვლავ აღდგენის მოთხოვნის უფლება (ტ. II, ს.ფ. 1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ვ. ლ.-ის საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის 18 აპრილამდე, სახელფასო დავალიანება _ დარიცხული 1212,61 ლარიდან _ 945,89 ლარი და დარჩენილი იძულებითი განაცდური თანხა, ხელფასის სახით, საბოლოო აღდგენამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა განცხადებით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 10 ივლისის წერილის თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის ¹3ბ/699-05 გადაწყვეტილება იმ დროისათვის ნაწილობრივ უკვე აღსრულებული იყო: საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 18 აპრილის 78-კ ბრძანებით ვ. ლ.-ე აღდგენილ იქნა სამსახურში და იგი საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე დაინიშნა. მოგვიანებით, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 2 ივნისის ¹311-კ ბრძანებით ვ. ლ.-ე კვლავ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ ამჯერად სხვა საფუძვლით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების ¹13 ოქმის საფუძველზე, რაც სხვა დავის საფუძველია. ამრიგად, სრულიად გაუგებარია კითხვის არსი: «აქვს თუ არა ვ. ლ.-ს კვლავ აღდგენის მოთხოვნის უფლება,» ვინაიდან ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მოითხოვოს სამსახურში აღდგენა, მაგრამ არა სხვა საქმეზე გამოტანილი სააღსრულებო ფურცლით. მოცემულ შემთხვევაში თუ ვ. ლ.-ე მიიჩნევდა, რომ იგი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 2 ივნისის ¹311-კ ბრძანებით არასწორად იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან, მას შეეძლო აღეძრა ახალი სარჩელი, გაესაჩივრებინა ხსენებული ბრძანება სასამართლოში და მოეთხოვა სამსახურში აღდგენა.
რაც შეეხებოდა მეორე შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება «საბოლოო აღდგენაში,» სასამართლოს განმარტებით, 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ვ. ლ.-ის საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე აღდგენა, შესაბამისად, სანამ ხსენებული პირი აღნიშნულ თანამდებობაზე არ აღდგებოდა, მას უნდა მიეღო იძულებითი განაცდური თანხა. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 18 აპრილის 78-კ ბრძანებით აღსრულდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის ¹3ბ/699-05 გადაწყვეტილება და ვ. ლ.-ე აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე. ამდენად, მას განაცდური უნდა ანაზღაურებოდა 2005 წლის 18 აპრილამდე (ტ. III, ს.ფ. 7-9).
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. ლ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის _ განჩინების მე-2 გვერდის ბოლო სამი აბზაცისა და მესამე გვერდის პირველი აბზაცის გაუქმება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მართალია, სააპელაციო სასამართლომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს უარი უთხრა გადაწყვეტილების განმარტებაზე, მაგრამ სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ გადაწყვეტილება ვ. ლ.-ის ინტერესების საზიანოდ განმარტა და, ფაქტობრივად, მოახდინა მისი გადახედვა, არსობრივად შეცვლა, რითაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება და შეილახა ვ. ლ.-სათვის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის შემადგენელი ნაწილია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა და ასევე, კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებული შრომის უფლება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა მისი საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის 18 აპრილამდე, სახელფასო დავალიანება _ დარიცხული 1212,61 ლარიდან _ 945,89 ლარი და დარჩენილი იძულებითი განაცდურის თანხა ხელფასის სახით საბოლოო ანგარიშსწორებამდე.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი სამუშაოზე აღდგენა არასწორად გააიგივა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებასთან, რომლითაც პირველად იქნა აღდგენილი სამსახურში, კერძოდ: ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹პ141ბ ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ნაწილში გაუქმდა და მოპასუხეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მისი სხვა თანამდებობაზე აღდგენა დაევალა, რაც მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სააპელაციო სასამართლომ 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იძულებითი განაცდურის გადახდა ასევე არასწორად გააიგივა იმავე 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი იძულებითი გაცდენილი დროის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურებასთან, როდესაც განმარტა, რომ ვ. ლ.-ს იძულებითი განაცდური უნდა ანაზღაურებოდა 2005 წლის 18 აპრილიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე. სინამდვილეში, 2005 წლის 18 აპრილი არის ვ. ლ.-ის სამსახურში აღდგენის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილების _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თარიღი. ამ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 18 აპრილის 78-კ ბრძანებით, რომლითაც აღდგენილ იქენა გადაწყვეტილებით დადგენილ სხვა თანამდებობაზე _ საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ად. პარალელურად, 2005 წლის 7 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, ხოლო 2005 წლის 18 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის ¹3ბ/699-05 გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამუშაოზე ვ. ლ.-ის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ამ დროისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების ნაწილი სამსახურიდან მისი განთავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 2 აგვისტოს ¹პ141ბ ბრძანების არაკანონიერად ცნობისა და გაუქმების თაობაზე შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის დაკისრების ნაწილებში სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ხელახლა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2005 წლის 2 ივნისის საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹311-კ ბრძანებით იგი კვლავ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, ამჯერად სხვა მოტივით, ატესტაციასთან დაკავშირებით. 2005 წლის 11 ოქტომბრისათვის, როდესაც სააპელაციო სასამართლო ხელახლა იხილავდა სარჩელს მისი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, სასამართლოსათვის ყველა ეს ფაქტი და გარემოება ცნობილი იყო, საქმეში წარდგენილი იყო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 2 ივნისის ¹311-კ ბრძანება ვ. ლ.-ის ხელახალი გათავისუფლების შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იგი ხელახლა იქნა აღდგენილი სამსახურში _ საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე, რომლიდანაც საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 2 ივნისის ¹311-კ ბრძანებით გათავისუფლდა. რომ არა ეს ბრძანება, სასამართლოსათვის საერთოდ უცნობი იქნებოდა ასეთი თანამდებობისა და მასზე ვაკანსიის არსებობა. შესაბამისად, ის ვერ შეასრულებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის განჩინების სავალდებულო მითითებას ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არსებობის დადგენის შესახებ. ამრიგად, სამსახურში ვ. ლ.-ის ხელმეორედ აღდგენის ლოგიკით იყო განპირობებული თბილისის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების მითითება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ. დადგენილების ეს ნაწილი გაყოფილ იქნა ორ წინადადებად: პირველი წინადადებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება ვ. ლ.-ის პირველი უკანონო გათავისუფლების გამო 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის 18 აპრილამდე და მას აუნაზღაურდა იძულებით განაცდური 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის 18 აპრილამდე _ სახელფასო დავალიანება დარიცხული 1212,16 ლარიდან 945,89 თეთრი, ხოლო მეორე წინადადებით დადგენილ იქნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 18 აპრილიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე _ «დარჩენილი იძულებითი განაცდურის თანხა, ხელფასის სახით, საბოლოო აღდგენამდე.»
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება 2005 წლის 30 ნოემბერს საბაჟო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით. 2006 წლის 1 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა გასცა სააღსრულებო ფურცელი ვ. ლ.-ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. ამდენად, სრულიად ნათელია, რომ მისი სამუშაოზე აღდგენა მოხდა ორჯერ და იძულებითი განაცდურის მისთვის გადახდა დადგინდა ორივე პერიოდისათვის, როგორც 2005 წლის 18 აპრილამდე, ისე _ შემდგომ. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სიტყვები «საბოლოო აღდგენამდე» სწორედ ამ შინაარსს გულისხმობდა და არავითარი ბუნდოვანება მასში არ ყოფილა (ტ. II, 14-18).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ლ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ. ლ.-მ 2004 წლის 23 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ვ. ლ.-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანება ვ. ლ.-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა მისი სხვა თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. გადაწყვეტილება ვ. ლ.-ის სხვა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას. 2005 წლის 29 მარტს გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვ. ლ.-ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 18 აპრილის ¹78-კ ბრძანებით ვ. ლ.-ე აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობაზე, ხოლო 2005 წლის 2 ივნისის ¹311-კ ბრძანებით იგი კვლავ გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების ...-ის თანამდებობიდან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ვ. ლ.-ის საბაჟო დეპარტამენტის ...-ის განყოფილების...-ის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2004 წლის 2 აგვისტოდან 2005 წლის 18 აპრილამდე, ვ. ლ.-ს აუნაზღაურდა სახელფასო დავალიანება დარიცხული 1212,61 ლარიდან _ 945,89 ლარი და დარჩენილი იძულებითი განაცდურის თანხა, ხელფასის სახით, საბოლოო აღდგენამდე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2006 წლის 1 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 11 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განხილულ იქნა ვ. ლ.-ის სარჩელი, რომლის დავის საგანი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება და მითითებული 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად სამუშაოზე აღდგენა. აღნიშნული დავის საგანი არ ყოფილა საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 2 ივნისის ბრძანებით სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება და ამ ბრძანების არაკანონიერად ცნობის შედეგად სამუშაოზე აღდგენა. მხოლოდ ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოტანისას ცნობილი იყო ვ. ლ.-ის სამუშაოზე აღდგენისა და საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 2 ივნისის ბრძანებით სამუშაოდან კვლავ გათავისუფლების თაობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ საბაჟო დეპარტამენტის აღნიშნული ბრძანების კანონიერების საკითხი განიხილა და დავის საგანი ავტომატურად შეიცვალა. სარჩელის დავის საგნის ასეთ ავტომატურ შეცვლას არ იცნობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა, ხოლო ის გარემოება, რომ ვ. ლ.-ე საქმეზე ითხოვდა საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 2 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნულის შედეგად სამუშაოზე აღდგენას, არ დასტურდება საქმის მასალებით. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინების მოტივები ჩამოყალიბებულია საქმის გარემოებების სწორი შეფასების საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას ადგილი არ ჰქონია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ლ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.