Facebook Twitter
ბს-1099-1048 (გ-06) 19 მარტი, 2007წ.
თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. გ-მა მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 26 სექტემბრის ¹01-631/პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, მიუღებელი 2 თვის ხელფასისა და 2006 წლის 2 ოქტომბრიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის _ თვეში 300 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ასევე, მოპასუხის უკანონო მოქმედებით მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაცია.
მოსარჩელის მითითებით, იგი არის 36 წლის სამუშაო სტაჟის მქონე სასამართლო ექსპერტი-ფსიქიატრი, ამ თანამდებობაზე მუშაობს 1970 წლიდან. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹01-572/პ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ექსპერტი-ფსიქიატრის თანამდებობიდან და დაინიშნა აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2006 წლის 29 სექტემბერს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის უფროსმა განუცხადა, რომ 2 ოქტომბრიდან სამსახურში აღარ მისულიყო, რადგან გათავისუფლებული იყო სამუშაოდან.
მოსარჩელის აზრით, მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მიღებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნის იგნორირებით. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ იმავე კოდექსის 38-ე მუხლი, ამასთან, გასაჩივრებული ბრძანება დაუსაბუთებელია და არ დგინდება, კონკრეტულად, რა გახდა მასთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველი (ს.ფ. 2-3).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, მოსარჩელის მიერ მის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო. ამავე განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე, საქმე მოპასუხე იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (ს.ფ. 19-22).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, მოსარჩელე ვერ ჩაითვლებოდა საჯარო მოსამსახურედ. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი აწესრიგებდა საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავდა მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. მითითებული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს განეკუთვნებოდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. ასეთს კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არ წარმოადგენდა. მისი დებულების თანახმად, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹705 ბრძანებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მმართველობითი ფუნქცია არ გააჩნდა და დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებლად ახორციელებდა დებულებით დადგენილ მიზნებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამდენად, სასამართლოს აზრით, გათავისუფლების ბრძანება ვერ ჩაითვლებოდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მხარეთა შორის დავის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ექვემდებარებოდა. ამასთან, სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის ანაზღაურება წესრიგდებოდა სამოქალაქო კოდექსით და, ამდენად, დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსჯადს არ წარმოადგენდა (ს.ფ. 26-27).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის სარჩელი უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელის დავის საგანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლის _ აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ... განყოფილების უფროსის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ აღინიშნება.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამ შემთხვევაში ნ. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულსამართლებრივს.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ ნ. გ-სა და მის დამქირავებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის შრომითი ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამ შემთხვევაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონიდან და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე დავაც ვერ გადაწყდება აღნიშნული კანონის საფუძველზე.
მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის მითითებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება უშუალოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სუბიექტად. ვერც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მიიჩნევა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.
საკასაციო სასამართლო შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ნ. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. ნ. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კოდექსის ნორმებია. სადავო აქტით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმ ნაწილში, რომ საქმე დარგობრივი განსჯადობის მიხედვით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას საქმის ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით განსჯად სასამართლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიჩნევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და აჭარის ა/რ-ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, მოსარჩელის მიერ მის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო, რამდენადაც აღნიშნული მოპასუხის მიმართ მოსარჩელეს მოთხოვნა არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს თავიდანვე არ გააჩნდა მოთხოვნა ერთ-ერთი მოპასუხის მიმართ, შესაბამისად, აღნიშნული მოპასუხე თავიდანვე არასათანადოს წარმოადგენდა საქმეზე და სარჩელიც არასწორად იქნა მოსარჩელის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით ამ მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოში წარდგენილი.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლო არ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არასწორად ითხოვს მისთვის საქმის განსჯადობით განსახილველად დაქვემდებარებას.
რამდენადაც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას აღნიშნული საქმე არ გადაუცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის და ამ სასამართლოებს შორის დავა არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე უნდა დაუბრუნდეს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.