¹ბს-28-28(გ-07) 28 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ხ-ის სარჩელისა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნა წ ი ლ ი:
Q 2006 წლის 26 ოქტომბერს მ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ¹01-629/პ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ბრძანება მიღებული იყო შრომის კანონთა კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით და არ დგინდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.
აღნიშნულიდან გამოდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ¹01-629/პ ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
საქალაქო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე _ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც არასათანადო მოპასუხის, საქმიდან ამორიცხვის თაობაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელე მ. ხ-ი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაც გამოცემული იყო აღნიშნული სამსახურის მიერ და შესაბამისად, აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოცემულ საქმეში იყო არასათანადო მოპასუხე.
ამავე სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მ. ხ-მა მიუთითა, რომ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ არანაირი მოთხოვნა არ გააჩნდა, რის გამოც უარი თქვა მის მიმართ სარჩელზე და მოითხოვა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ შეწყდა საქმის წარმოება და ამავე განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა უფლებამოსილ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადგილსამყოფელი მდებარეობდა ქ. თბილისში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის – მ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად ედო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 38-ე მუხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობა, რაც არ გამომდინარეობდა საჯარო კანონმდებლობიდან და შესაბამისად, სარჩელი განსახილველად უნდა დაქვემდებარებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას საქმის სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე და მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს ¹70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით, სამინისტროს მმართველობის სფეროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას და კომპეტენციას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზაცია წარმოადგენს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹705 ბრძანებით დამტკიცებული “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დებულებით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები და ფუნქციები, რომლის შესაბამისადაც, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაგან დელეგირებული აქვს მისი უფლებამოსილებანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზების სფეროში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით ადმინისტრაციულ ორგანოდ ჩაითვლება ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. სასამართლოს განმარტებით, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე მ. ხ-ი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად ითხოვს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ¹01-630/პ ბრძანების ბათილად ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მ. ხ-ის მიერ სარჩელით აღძრული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამასთან, საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობა რეგულირდება “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით, რომელიც განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და აღნიშნული კანონიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 იანვრის განჩინებით საქმე მ. ხ-ის სარჩელის გამო განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე წამოჭრილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, მოსარჩელე მ. ხ-ის მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მიერ, მ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული 26.09.06წ. ¹01-630/პ ბრძანების ბათილად ცნობა. მითითებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 38-ე მუხლი.
განსჯადობის თაობაზე მიღებული განჩინებების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასამართლოთა შორის ძირითად დავას იწვევს ის გარემოება, თუ რომელ სამართლებრივ კრიტერიუმებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა დავის სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისას.
საკასაციო სასამართლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასების ნაწილში ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას და ადასტურებს, რომ სსიპ _ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ა” პუნქტის შესაბამისად მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ორგანოს. მაგრამ, იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნული სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნებისას არ ემყარება ფორმალურ კრიტერიუმს, დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების რეგულირების სფეროს. საგულისხმოა, რომ კანონმდებელმა, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია და გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბრძანების ბათილობა, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 38-ე მუხლი (ამასთან, მოსარჩელე არ მიეკუთვნება საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მასთან მიმართებაში დაუშვებელია საჯარო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაზე საუბარი), ამდენად, დავა გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რაც პრინციპულად გამორიცხავს მითითებული დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დაქვემდებარების შესაძლებლობას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.