Facebook Twitter
ბს-341-323(გ-07) 6 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავა გ. და ნ. ფ.-ების სარჩელთან დაკავშირებით, ნოტარიუსის მიერ გამოცემული დადგენილებების ბათილად ცნობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 30 მარტს გ. და ნ. ფ.-ების კანონიერმა წარმომადგენელმა მ. წ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა ნოტარიუს მ. მ.-ის ¹3 და ¹4 დადგენილებების 1-ლი და მე-2 პუნქტების ბათილად ცნობა და ნოტარიუს მ. მ.-ის დავალდებულება გაეცა სამკვიდრო მოწმობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით გ. და ნ. ფ.-ების კანონიერი წარმომადგენლის - მ. წ.-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ გამოცემული დადგენილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. აღნიშნული დადგენილებები არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტებს და კონკრეტულ შემთხვევაში ნოტარიუსი არ მოქმედებდა, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი, რის გამოც დავა არ მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და მის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. და ნ. ფ.-ების კანონიერი წარმომადგენლის მ. წ.-ის სარჩელი განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ აღნიშნული დავა არ გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან, ვინაიდან, მოსარჩელე არ ითხოვდა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას და არ არის დავა სამკვიდროს გაყოფაზე, რის გამოც დავა ვერ იქნება განხილული სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად: ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ნოტარიატი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება.” იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტებით, ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივ, ანუ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად მიიჩნევა და, შესაბამისად, მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის Yთქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფლის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანანომდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გამოცემული დადგენილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ნოტარიუსის დავალდებულება ქმედების განხორციელებაზე გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და შესაბამისად, სარჩელი განეკუთვნებოდა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას რის გამოც დავა განსჯადობის თაობაზე უნდა გადაეწყვიტა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. და ნ. ფ.-ების სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა სასამართლოების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ გამოცემული დადგენილებების ბათილად ცნობა და ნოტარიუსის დავალდებულება, გასცეს სამკვიდრო მოწმობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის მიერ მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი არ წარმოადგენს დავის ცალსახად ადმინისტრაციული სამართალწარმოებისადმი დაქვემდებარების საფუძველს. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” დებულების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ მართალია, მიჩნეულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მისი კანონიერების თაობაზე წარდგენილი სარჩელი ექვემდებარება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებას, მაგრამ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუშვებელია, წარმოდგენილი მუხლის ცალსახა განმარტება და მიაჩნია, იმისათვის, რომ ესა თუ ის აქტი მიჩნეულ იქნეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, იგი უნდა პასუხობდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აქტი გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული აქტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს განმარტოს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს დავის საგანს, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს, თუ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი _ ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და იგი ვერ განიხილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დეფინირებულ, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის დადგენილება, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, არ შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ზემომითითებულ ელემენტს, რის გამოც, დავა ფიზიკურ პირსა და ნოტარიუსს შორის, როგორც სამოქალაქო, კერძოდ, სამემკვიდრეო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით განსახილველ დავათა კატეგორიას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავა განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. და ნ. ფ.-ების სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.