Facebook Twitter
ბს-592-566(გ-08) 24 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ს.-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. ს.-მ 18.04.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ნოტარიუს ნ. ხ.-ის მიმართ, რომლითაც სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 21.03.08წ. ¹21/03/08-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა. ა.-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.08წ. განჩინებით ლ. ს.-ის წარმომადგენლის _ ზ. ი.-ის სასარჩელო განცხადება ქ. თბილისის ნოტარიუსის _ ნ. ხ.-ის მიმართ ა. ა.-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 21.03.08წ. ¹21/03/08-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ა.-ის სამემკვიდრეო მოწმობის გამოცემის დავალდებულების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამასთან, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია ისეთი ნორმატიული დოკუმენტი, როგორიცაა დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნოტარიუსის მიერ შესასრულებელი სანოტარო მოქმედების შინაარსის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არის კერძოსამართლებრივი – სამოქალაქო კოდექსის ნორმებით მემკვიდრეობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის გზით ნოტარიუსის მიერ სრულდება სანოტარო მოქმედება, რომლის მატერიალურ სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის ნორმები. შინაარსობრივად ნოტარიუსის მოქმედება სწორედ აღნიშნული ნორმებით არის დეტერმინირებული, რაც გადამწყვეტია დავის საგნობრივი განსჯადობის განსასაზღვრად, თუმცა ფორმალური თვალსაზრისით, სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ნოტარიუსის დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ განიხილავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომლის კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც არ განაპირობებს მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევას. სასამართლომ აღნიშნა, რომ აუცილებელია ზემოაღნიშნული ნორმის სწორი ინტერპრეტაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტთან მიმართებაში, რომელიც იძლევა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მხოლოდ ის დადგენილება ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. განსახილველ შემთხვევაში კი, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და აქედან გამომდინარე, მისი კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართალწარმოების საფუძველზე. “რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 4.11.97წ. ¹649 ბრძანებულებაში 12.04.05წ. საქართველოს პრეზიდენტის ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელშიც ჩამოყალიბდა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები – ადმინისტრაციულ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადწყვიტოს აღნიშნული საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.08წ. განჩინებით ლ. ს.-ის წარმომადგენლის _ ზ. ი.-ის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რადგან მოსარჩელე არ ითხოვს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას, არ არის დავა სამკვიდროს გაყოფაზე და დავა არ შეიძლება განხილულ იქნეს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად. “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამდენად, სამოქალაქო კოლეგიის მოსაზრებით, ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივ, ანუ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად მიიჩნევა და შესაბამისად, მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7.3 მუხლის თანახმად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფლის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს.-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფორმალური თვალსაზრისით სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას “ნოტარიატის შესახებ” კანონის საფუძველზე. ამასთანავე, დავის საგნობრივი განსჯადობის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ნოტარიუსის მოქმედების სადავოობის დროს სარჩელის განსჯადობის საკითხის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სანოტარო მოქმედების შინაარსის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, მოცემულ შემთხვევაში იმას თუ რა უდევს საფუძვლად “კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნის თაობაზე უარის თქმის შესახებ” ნოტარიუსის დადგენილებებს _ კერძო თუ საჯარო სამართლის კანონმდებლობა.
განსახილველ საქმეზე ლ. ს.-ის სარჩელის საგანია სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება. “ნოტარიატის შესახებ” კანონის 54-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსი უფლებამოსილია, უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება კანონს ან სამართლებრივ აქტებს. ნოტარიუსის უარი თავისთავად არ განაპირობებს განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნებას. ფორმალური თვალსაზრისით, სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას “ნოტარიატის შესახებ” კანონის საფუძველზე. ამასთანავე, დავის საგნობრივი განსჯადობის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ნოტარიუსის სადავო გადაწყვეტილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე კანონიერ მემკვიდრეთა წრის დადგენის აუცილებლობა. ამდენად, ნოტარიუსის სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, სწორად არის თუ არა ნოტარიუსის მიერ გამოყენებული და განმარტებული მოსარჩელესთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის ნორმები. ნოტარიუსის უარი ემყარება სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმებს, საქმის განმხილველმა სასამართლომ მემკვიდრეობითი სამართლის ნორმათა საფუძველზე უნდა დაადგინოს სადავო ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი და აღნიშნულის გათვალისწინებით შეამოწმოს ნოტარიუსის სადავო გადაწყვეტილების მართლზომიერება, რაც გადამწყვეტია დავის საგნობრივი განსჯადობის დასადგენად. აღნიშნული უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართალწარმოების, სახელდობრ, სამოქალაქო სამართალწარმოების მეშვეობით. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ სჭირდება ნოტარიუსის უარის შინაარსის შეფასება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
ის გარემოება, რომ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად განიხილავს, არ განაპირობებს მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციის განმსაზღვრელ ნორმასთან ურთიერთკავშირში, კერძოდ, სზაკ-ის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტთან ერთად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მხოლოდ ის გადაწყვეტილება ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება ემყარება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და აქედან გამომდინარე, მისი კანონიერება სამოქალაქო სამართალწარმოების წესების გამოყენებით უნდა დადგინდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, იგი წარმოადგენს სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და ასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს.-ის სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს ნ. ხ.-ის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.