ბს-679-647(გ-07) 26 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. მ-მა მოპასუხე ნოტარიუს მ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2006 წლის 27 ივნისის დადგენილების ბათილად ცნობა;
ბ. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება ა. ლ-ს დანაშთ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში.
გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის მიერ ქმედების განხორციელების აკრძალვა და სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმა ა. ლ-ს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2007 წლის 5 ივლისს გარდაიცვალა მოსარჩელის ძმა _ ა. ლ-ა. მას საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში. ვინაიდან ა. ლ-ს პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყოლია, მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით შეიტანა განცხადება სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ბიძამისის ქონებაზე ნოტარიუს მ. ბ-თან, რაზედაც ნოტარიუსმა უკანონოდ უთხრა უარი.
ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ აწ გარდაცვლილ ა. ლ-ს შესაძლოა ჰყოლოდა, პირველი რიგის მემკვიდრე. ნოტარიუსის აღნიშნული უარი უსაფუძვლოა, რადგან ა. ლ-ს შვილი არ ჰყოლია, იგი იყო მარტოხელა და იმყოფებოდა აღრიცხვაზე სოციალურ საკითხთა სამსახურში, არც ნათესავებისა და ახლობლებისათვის არ ყოფილა ცნობილი მისი შესაძლო პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა.
მოსარჩელის აზრით, ნოტარიუსის უარი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე წარმოადგენდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მითითებულ ადმინისტრაციულ აქტში საერთოდ არ არის მსჯელობა იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რაც გახდა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი (ს.ფ. 1-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით ა. მ-ის სარჩელი ნოტარიუს მ. ბ-ის მიმართ, სანოტარო აქტის ბათილად ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნასთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, ა. მ-ის სარჩელი არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა კატეგორიას. სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ მიღებული დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული დადგენილება კი არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ აქტს. იგი გამომდინარეობდა სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან. ნოტარიუსის უარი, ან მის მიერ ქმედების განხორციელება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნოტარიუსი საერთოდ უარს აცხადებდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელებაზე. როდესაც აღნიშნული დასაბუთებული იყო სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმებით, მაშინ იგი განეკუთვნებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას (ს.ფ. 14-15).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას და ა. მ-ის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
მოსარჩელე სადავოდ ხდის სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილების კანონიერებას. ამასთან, დავა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რადგან მოსარჩელე არ ითხოვს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას, არ არის დავა სამკვიდროს გაყოფაზე და შესაბამისად, იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.
“ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამდენად, ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივ, ანუ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად მიიჩნევა და შესაბამისად, მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარება.
სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს. სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (ს.ფ. 18-20).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს მ. ბ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ნოტარიუსის მოქმედების სადავოობის დროს სარჩელის განსჯადობის საკითხის განსაზღვრისათვის, შესაბამისად, ამოსავალია სადავო სანოტარო მოქმედების შინაარსის უშუალო მატერიალურსამართლებრივი საფუძველი _ კერძო სამართლის თუ საჯარო სამართლის კანონმდებლობა.
მოცემულ საქმეზე ა. მ-ის სარჩელის საგანია სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება. ნოტარიუსის სადავო დადგენილებით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე პირველი რიგის მემკვიდრეთა არსებობის ფაქტის დადგენის აუცილებლობა, სამოქალაქო კოდექსის 1421-1426-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
ამდენად, ნოტარიუსის სადავო დადგენილების კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, სწორად არის თუ არა გამოყენებული და განმარტებული ნოტარიუსის მიერ მოსარჩელესთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, რაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართალწარმოების _ სამოქალაქო სამართალწარმოების მეშვეობით. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ სჭირდება ნოტარიუსის უარის შინაარსის შეფასება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიზნად ისახავს თავის დაცვას ნოტარიუსისაგან არა როგორც საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტისაგან, არამედ მისი ინტერესია, როგორც მემკვიდრემ, სრულად განახორციელოს მემკვიდრეობის ნორმებით მინიჭებული უფლება _ სამკვიდროს მიღება. აღნიშნული უფლების რეალიზაციაზე კი მას ნოტარიუსის მხრიდან უარი ეთქვა მხოლოდ კერძოსამართლებრივი საფუძვლით _ სამოქალაქო კოდექსის ნორმებით მემკვიდრეობის შესახებ.
ის გარემოება, რომ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი ნოტარიუსის დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ განიხილავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, არ განაპირობებს მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელია ზემოაღნიშნული ნორმის სწორი ინტერპრეტაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტთან ერთობლიობაში, რომელიც იძლევა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტი. ამდენად, “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მხოლოდ ის დადგენილება ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება ემყარება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და აქედან გამომდინარე, მისი კანონიერება შემოწმებას ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ის სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს მ. ბ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.