საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

ლადო ჭანტურია

ლადო ჭანტურია დაიბადა 1963 წლის 14 აპრილს წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში.

1980 წელს დაამთავრა ჯვარის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1985 წელს.

1986-1989 წლებში სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1991-1993 წლებში, როგორც გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის სტიპენდიატმა, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა გეტინგენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქვე დაამთავრა მუშაობა სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც დაიცვა 1994 წელს.

1985-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი და დოცენტი.

1995 წლიდან დღემდე არის ამავე კათედრის პროფესორი.
1992 წლიდან მონაწილეობდა დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოს კანონმდებლობის შექმნაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამოქალაქო კოდექსისა და კერძო სამართლის სხვა კანონების შექმნაში.

1993 წლიდან 1996 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი.
1997 წლის სექტემბრიდან არის საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.

1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

1999-2004 წლებში იყო  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

1996 წელს გერმანიის მაქს-პლანკის საზოგადოების მიერ მიწვეული იყო ჰამბურგში საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტში სამუშაოდ.

1992-1995 წლებში, როგორც საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრი, მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის მომზადებაში. 1991-1996 წლებში სარედაქციო ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში. 1993-1994 წლებში მისი თანაავტორობით მომზადდა კანონი მეწარმეთა შესახებ.

1993-1996 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში. ამ პროექტის ფარგლებში გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით მრავალი კანონპროექტი მომზადდა, რომლებიც მიზნად ისახავენ კერძო სამართლის რეფორმას საქართველოში.

1996 წლიდან არის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი კერძო სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში.

2000 წლიდან თავმჯდომარეობდა ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელ ჯგუფს.
2001-2003 წლებში თავმჯდომარეობდა საქართველოს უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათაშორის კომისიას.
2003 წელს მიიღო ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდია.
არის სამოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ. ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე (მათ შორის ევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მე-7 ყოველწლიური კონფერენციისა, რომელიც ჩატარდა თბილისში), არის მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.