ბს-1110-1072(კ-08) 1 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ა. ტ-იევი (მოსარჩელე), გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. ტ-იევმა 2007 წლის ოქტომბერში სარჩელი აღძრა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოთხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის ¹107 განკარგულების მე-2 ნაწილის ბათილად ცნობა და საიჯარო ხელშეკრულების აღდგენა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბერის გადაწყვეტილებით ა. ტ-იევის სარჩელი მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ მესამე პირი-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის ¹107 განკარგულების მე-2 ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის ¹107 განკარგულების მე-2 ნაწილი და აღნიშნულ ნაწილში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პროცედურებით და ვადებით განიხილოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რის შემდეგაც გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹131 დადგენილებით მოსარჩელეს გარდაბნის რაიონის ტერიტორიიდან იჯარით გამოეყო 500 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რის საფუძველზეც 2005 წლის 28 ნოემბერს გარდაბნის რაიონის გამგეობასა და ა. ტ-იევს შორის გაფორმდა სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 30 წლის ვადით 500 ჰა მიწაზე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ივლისის ¹1/334 წერილი, რომლითაც მინისტრი ზოგადად ითხოვს გაუქმდეს დაბა ...-ში სამხედრო აეროდრომისა და სასწავლო პოლიგონის ტერიტორიაზე ადრე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები და შემდგომში თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად არ მოხდეს თავდაცვის სამინისტროს მიწების განკარგვა. აღნიშნული წერილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე არ მიიწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში, რითაც დაარღვია ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები. სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ ამ წერილში არ არის მითითებული დანართის შესახებ.
პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ტ-იევის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის ¹107 განკარგულების მე-2 პუნქტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადავო ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 5 ივლისის ¹1/334 წერილის თანახმად, დაბა ...-ში მდებარე სამხედრო აეროდრომსა და სასწავლო პოლიგონს შორის, რომლიც ბოლო წლებში სამხედრო თვალსაზრისით მინიმალურად იყო დატვირთული, მიენიჭა მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგიული როლი. პირადი შემადგენლობის მომზადებისა და სწავლების პროცესის ორგანიზებას კი დიდ პრობლემას უქმნის ის გარემოება, რომ სამხედრო აეროდრომისა და სასწავლო პოლიგონის მნიშვნელოვანი ნაწილი იჯარით გაცემული აღმოჩნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. მოცემული წერილით სახელმწიფოებრივი და სამხედრო-სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ითხოვდა დაბა ...-ში სამხედრო აეროდრომისა და სასწავლო პოლიგონის ტერიტორიებზე ადრე გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას და შემდგომში თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად მიწების განკარგვას. ამავე განკარგულებით დგინდება, რომ არსებული საგეგმო-კარტოგრაფიული მასალებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების შესწავლის საფუძველზე დადგენილი იქნა ...-ის სამხედრო აეროდრომისა და სასწავლო პოლიგონის ტერიტორიებიდან იჯარით გაცემული სასოფლო-სამერუნეო მიწის მდგომარეობა. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹131 დადგენილების პირველი პუნქტი, 1.37 ქვეპუნქტი და მის საფუძველზე ა. ტ-იევთან 2006 წლის 20 სექტემბერს დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება. სააპელაციო პალატამ ასევე დადგნილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის 2007 წლის 3 იანვრის ¹108/2 წერილით ეცნობა გარდაბნის რაიონის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის მთავარ არქიტექტორს 2006 წლის 24 ნოემბრის ¹186 წერილზე აღთაკლიის საკრებულოში “...» ტერიტორიაზე მოქ. ა. ტ-იევის ფერმის განთავსებასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს მფლობელობას, მისი განკარგვა მთლიანად გარდაბნის რაიონის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების პრეროგატივა იყო. გარდაბნის რაიონის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის 2006 წლის 24 ნოემბრის ¹186 წერილით კი დადგინდა, რომ ა. ტ-იევი ფერმის განთავსებას ითხოვდა და სიტუაციური გეგმა შეთანხმებული იყო ა. ტ-იევის საიჯარო მიწის ფართობზე, რომელიც მდებარეობდა გარდაბნის რაიონში აღთაკლიის საკრებულოში “...» ტერიტორიაზე, ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ა. ტ-იევს გაფორმებული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სხვა რაიმე ხელშეკრულება ა. ტ-იევის მიერ მიწის იჯარით ფლობის ფაქტთან დაკავშირებით მხარეთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია, რაც საჭიროებს მის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შესწავლას სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და დაინტერესებული პირის ა. ტ-იევის მონაწილეობით.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს თვითონ უნდა დაედგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სრულად გამოეკვლია მტკიცებულებები; სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო შემთხვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, შესაბამისად თავად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოა ვალდებული მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორცილოს კანონით დადგენილ ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი სამსახურებისა და სპეციალისტების მონაწილეობით. სააპელაციო პალატამ ასევე ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მხარეს სადავოდ არ გაუხდია საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის სხდომის ოქმი ¹16. პალატის მოსაზრებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს გასაჩივრებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის ¹107 განკარგულება და არა საკრებულოს სხდომის ოქმი და მიუთითა «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლით, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩამოყალიბებული, რის გამოც სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, კასატორი თვლის, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არა იმის გამო, რომ დაადგინა, აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, არამედ იმის გამო, რომ მისი მიღება მომხდარია აქტის მომზადებისათვის დადგენილი პროცედურული წესების დარღვევით, რაც კასატორის მითითებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველს არ წარმოადგენს.
კასატორი მიუთითებს, რომ თვით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი, კერძოდ, გასაჩივრებული განკარგულების დანართი, რომელიც შედგენილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტის მიერ, რადგან, მისი აზრით, დასახელებული დანართი უდავოდ ადასტურებს, რომ განკარგულება ა. ტ-იევის ნაწილში მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ. ამასთან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა. ტ-იევის მიერ არ გასაჩივრებულა განკარგულება დანართის ნაწილში, რაც სააპელაციო სასამართლოს ართმევდა პროცესუალურ შესაძლებლობას ემსჯელა გასაჩივრებული განკარგულების დაუსაბუთებლობისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლთან შეუსაბამობაზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილია საკრებულოს სხდომის ოქმი, რომელიც მოსარჩელის მიერ არ არის გასაჩივრებული, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ამ ოქმით დადგენილი გარემოებანი უტყუარი მტკიცებულების სახით უნდა მიეღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹131 დადგენილებით მოსარჩელეს გარდაბნის რაიონის ტერიტორიიდან იჯარით გამოეყო 500 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა, რის საფუძველზეც გარდაბნის რაიონის გამგეობასა და ა. ტ-იევს შორის 2005 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 30 წლის ვადით 500 ჰა მიწის ნაკვეთზე (ს.ფ. 9-13). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 05 ივლისის ¹1/334 წერილით საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო ქართლში ეცნობა, რომ დაბა ...-ში მდებარე სამხედრო აეროდრომსა და სასწავლო პოლიგონს შორის, რომლიც ბოლო წლებში სამხედრო თვალსაზრისით მინიმალურად იყო დატვირთული, მიენიჭა მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგიული როლი. პირადი შემადგენლობის მომზადებისა და სწავლების პროცესის ორგანიზებას კი დიდ პრობლებეს უქმნის ის გარემოება, რომ სამხედრო აეროდრომისა და სასწავლო პოლიგონის მნიშვნელოვანი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იჯარით გაცემული აღმოჩნდა. იმავე წერილში მითითებულია, სახელმწიფოებრივი და სამხედრო-სტრატეგიული სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე შესაბამის სამსახურებმა უნდა გააუქმონ დაბა ...-ში სამხედრო აეროდრომისა და სასწავლო პოლიგონის ტერიტორიებზე ადრე გაფორმებული მიწის იჯარის ხელშეკრულებები და შემდგომში თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად არ განხორციელებულიყო მიწების განკარგვა (ს.ფ. 55).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვაზიანის სამხედრო აეროდრომისა და სასწავლო პოლიგონის ტერიტორიებიდან იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ» გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 სექტემბრის ¹107 განკარგულებით არსებული საგეგმო-კარტოგრაფიული მასალებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების შესწავლის საფუძველზე დადგენილი იქნა ...-ის სამხედრო აეროდრომისა და სასწავლო პოლიგონის ტერიტორიებიდან იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწების მდგომარეობა (დანართი ¹1). ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით კი ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გამგეობის 2005 წლის 5 აგვისტოს ¹131 დადგენილების პირველი პუნქტის 1.37 ქვეპუნქტი და მის საფუძველზე ა. ტ-იევთან 2006 წლის 20 სექტემბერს დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 4-8). ს.ფ. 59-60-ზე წარმოდგენილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკითხებში სპეციალისტის მიერ შედგენილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის წერილით (¹1/334, 05.07. 2007წ) მიღებული რუკის მიხედვით დავა ...-ში სამხედრო აეროდრომისა და სასწავლო პოლიგონის ტერიტორიიდან (დიდი ნაწილი_ყოფილი აღთაკლის ბალანსზე რიცხული) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ, დანართი ¹1; ამ დანართის მე-2 პუნქტში მითითებულია ა. ტ-იევის, მცხ. სოფ. ..., იჯარით გაცემული 500 ჰა_ყოფილი აღთაკლის საკრებულოს ბალანსზე რიცხული (სასწავლო პოლიგონი) მიწის ნაკვეთის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა ზემოაღნიშნული ნორმა, რადგან სასამართლომ არ დაასაბუთა რატომ იყო შეუძლებელი, თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მოტივებზე იმის შესახებ, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საკმარისი იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის მოცულობა სადავო მიწის «სამხედრო სტატუსის», ასევე იჯარის ხელშეკრულების საგნის მიმართ სამხედრო სტრატეგიული ინტერესის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს, პირველ ყოვლისა, თვითონ უნდა დაედგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, გამოეკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში თვითონ უნდა დაეკითხა სპეციალისტები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულ ინკვიზიციურობის პრინციპზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.